სანთელი 1

განრღვეულის განკურნება

“მისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა”.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

საჭიროა ჩვენი შინაგანი ტაძრის (გულის) კართან ყურადღებიანი, სინანულის ლოცვა. ამას კეთილგონივრულობა და კეთილკრძალულება გვასწავლის. ყურადღება და გულის შემუსვრილება ეს ის საუნჯეა, რომელიც მონანული ცოდვილების თავშესაფარია. სწორედ ეს არის ჩვენი გულის წმიდათა წმიდაში შემავალი კარი. სწორედ იქ უნდა დავმკვიდრდეთ, რათა ცოდვისგან თავი მოვიზღუდოთ და თავი შევაფაროთ. დაე ამ ,,ბეთეზდაში’’ (გულში) შეიკრიბოს ყველა სულიერი კოჭლობისგან ტანჯული, ყველა სულიერად სნეული, ყველა ბრმა და მუნჯი, ყველა ცოდვისგან დასნეულებული, რომლებიც ელიან ,, წყლისა მის აღმრღუევასა’’ – ანუ საკუთარ თავში ღმრთის მადლის მოქმედებას. როდესაც თავისი მიუწვდომელი განგებულებით ქრისტე ინებებს, სწორედ მაშინ განკურნავს ადამიანს და წმიდათა წმიდაში შემავალ კარს გაუღებს.

“იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა

წმინდა თეოლიპტე ფილადელფიელი

ამასოფლის სულისა და ვნებისმიერი გულისთქმებით ტკბობით დასუსტებული ადამიანის სული განრღვეულია. ის გახდა უძრავი და სულიერი ცხოვრებისთვის უუნარო. ადამიანის სულს სამივე თვისება: გონება, გულისწყრომა და გულისთქმა არაჯანსაღ მდგომარეობაში არიან და რვა მთავარი ვნების მიღმა ვერ გადიან. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის სული ამ განრღვეულის მსგავსად, მრავალი წელია უძლურებაში იმყოფება. შეუძლებელია, რომ ვისი სულიც სნეიულებითაა შეპყრობილი, რვა მთავარი ვნების ტყვეობაში არ იმყოფებოდეს.

“ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის”.

წმინდა ნილოს სინელი

ის მრავალი წლის განმავლობაში რწმენით, მოთმინებით, მამაცურად ებრძოდა ამ საზარელ სნეულებას, სულგრძელად, მადლიერებით იტანდა, საკუთარ დაცემას აღიარებდა და ადამიანად მოსულმა კაცთმოყვარე ღმერთმა თავისი უხვი მოწყალების საბანელში განწმინდა,  განკურნა სულიერი და ხორციელი სნეულებებისგან და ზეცისკენ გაუძღვა.

“ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი”.

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი

ეს სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ ქრისტე მოუწოდებს მას, რომ საკუთარი გონების ბატონი იყოს და დაიცვას იგი ცოდვისმიერი ტკბობისაგან, საკუთარი სხეული სათნოებების მხრებზე იტვირთოს და სახლში წავიდეს, ანუ ზეცისკენ სვლა დაიწყოს.

ცხედარი – ხორცის განსვენებისა და სიამოვნებებით მოდუნების სიმბოლოა. უფალი თითქოს ეუბნება: შენ არ გყავდა ადამიანი – ანუ არ გაგაჩნდა მამაცური განსჯის(სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი) სათნოება, რომელიც საბანელში ჩაგიშვებდა. საბანელი ამ შემთხვევაში სულის განწმენდის სახეა. ახლა კი შენ ღმერთიც იპოვე და ადამიანიც. შენ აღდექი შენი ცხედრისაგან, ან უკეთ რომ ვთქვათ, თავად აიღე სათნოებით სხეული(ხორციელი გულისთქმები) და აწი ის მიწისკენ აღარ მიგიზიდავს.

“ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?  ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას”.

წმინდა ნიკოლოზ სერბი

ჰოი, გაქვავებული გულები! იმის ნაცვლად, რომ უხაროდეთ ადამიანის განკურნება, იმის ნაცვლად, რომ მთელი ქალაქი მოიცვას ცოცხალი და კაცთმოყვარე ღმერთის დიდებამ – ისინი ბრაზობენ ადამიანზე იმის გამო, რომ მან თავის მხრებზე აიღო სარეცელი და სახლში წავიდა! შაბათ დღეს საფლავიდან მკვდარიც რომ აღმდგარიყო, საერთოდ არ იმოქმედებდა მათზე და გაკიცხავდნენ კიდეც შაბათ დღეს რატომ აღდექიო?

“იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას”.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.

,, იესუ მიეფარა’’ . მახსოვს ჩემი თანამედროვე ახალგაზრდა ერის ადამიანები, სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდნენ და იესუს ლოცვაში შრომობდნენ. ეს ძვირფასი საქმიანობა, სამწუხაროდ, ერის ადამიანებშიც და მონაზვნებშიც საკმაოდ დასუსტდა. იესუს ლოცვა კი მოითხოვს სიფხიზლეს, ქრისტეს მცნებებში წვრთნას, ვნებებისგან განშორების მცდელობას. ჩვენ კი გაფანტულობა და გულისთქმებით ტკბობა ავირჩიეთ. იესუ კი ,, მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას.’’

წმინდა ნიკოლოზ სერბი

განკურნებულმა ქრისტეს თვალებში ჩახედა და შეიგრძნო მისი ცხოველსმყოფელი სუნთქვა; შეიგრძნო მისი სასწაულმოქმედი ძალა და მეტიც – მას უფალი უწოდა; ქრისტეც სასწაულის შემდეგ თვალს მიეფარა. ის არის მთესვარი, რომელიც კეთილ თესლს თესავს და ტოვებს მას, რათა დროთა განმავლობაში ნაყოფი გამოიღოს. მან თავისი ძალმოსილებითა და გულმოწყალებით საღმრთო საქმე აღასრულა, მაგრამ თვალს მიეფარა, რათა ხალხისგან განდიდება აერიდებინა, როგორც შემდგომში თქვა: ,, დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო’’(ინ.5:41). მისი განშორების მიზეზი ისიც იყო, რომ ფარისევლებში უფრო მეტი შური არ აღეძრა, როგორც ეს ხშირად ხდებოდა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენთვის მაგალითი მოეცა. კეთილი საქმე მხოლოდ მაშინაა ჭეშმარიტი, როდესაც ის ღმრთის სადიდებლად აღესრულება და კაცთმოყვარება გვამოძრავებს.

“ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

უფლის ამ მცნებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მოდით ზოგადად ცოდვის საკითხს ჩავუღრმავდეთ, რადგან ამ საკითხების განხილვა ჩვენთვის არსობრივად საჭირო და სასარგებლოა.

ყველა ადამიანის წინაშე არის არჩევანი: ან შეეწინააღმდეგოს ცოდვას, ან მის შთაგონებას დაემორჩილოს. ის, ვინც მეორე გზას ირჩევს, თავისუფლებას კარგავს და ცოდვის ძალადობრივ ტყვეობაში აღმოჩნდება. ისინი კი, ვინც ქრისტესთან ერთად ცოდვის წინააღმდეგ იბრძვიან, თავის დროზე დაცემულ ბუნებაზე სრულ გამარჯვებას მიაღწევენ. საკუთარ ცოდვაზე გამარჯვება კი მარადიულ სიკვდილზე გამარჯვებას ნიშნავს.

ამ ღვაწლის არსი კი ცოდვასთან ბრძოლაში, მასთან ,,მეგობრობის’’ გაწვეტაში, საკუთარ სულში, გონებასა და გულში მის დამარცხებაში მდგომარეობს. წმინდა მაკარი დიდი ამბობს: ,,მარადიული სიკვდილი ჩვენი გულის სიღრმეში დაფარულად მკვიდრობს. ადამიანი გარეგნულად ცოცხალია, მაგრამ შინაგანად კი მისითაა მოწყლული. ის, ვინც საკუთარი გულის დაფარულ სიღრმეში სიკვდილი დაამარცხა და სიცოცხლეში გადაინაცვლა, მარადიულად იცოცხლებს და აღარასდროს მოკვდება. მათი სხეული დროებით კი განშორდება სულს, მაგრამ საბოლოოდ, განწმენდილნი, დიდებით აღდგებიან. სწორედ ამიტომ უწოდებენ წმინდანების სიკვდილს მიძინებას’’.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდანებმა მარადიული სიკვდილი დაამარცხეს და საკუთარ თავში მარადიული სიცოცხლე აღმოაჩინეს, ამქვეყნიურ ცხოვრებაში მაინც უამრავ განსაცდელს ხვდებოდნენ. რატომ ხდებოდა ასე? თითქოს ასეთი განსაცდელები ხომ ცოდვილებზე უნდა მოიწეოდეს და წმინდანები რატომ იგვემებოდნენ ასეთი მწუხარებების კვერთხით? წმინდა მამათა სწავლებითა და წმინდა წერილის მიხედვით ეს საკითხი ასე წყდება: მიუხედავად იმისა, რომ მართლებში სულიწმიდის მკვიდრობით მარადიული სიკვდილი განადგურებულია, მაგრამ სანამ ისინი ხორცში არიან, ჯერ კიდევ არ არიან სიკეთეში შეურყეველი დგომის მდგომარეობაში და სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანი ჯერ კიდევ მათ წინაშეა.

სიკეთეში შეურყევლობა ანუ დაუცემელი მდგომარეობა მომავალი, მარადიული სიცოცხლის მდგომარეობაა. ჩვენი მიწიერი სიცოცხლე, ჩვენს ბოლო ამოსუნთქვამდე ერთი დიდი ბრძოლის ველია. პავლე მოციქული ამბობს: ,, აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო’’(1.კორ.9:27). პავლე იმ ხორცზე ამბობს, რომელიც საღმრთო მადლით იყო განწმენდილი, რომელსაც გველის შხამიც კი ვერაფერს ავნებდა და რომლის სამოსელიც კი ჰკურნავდა ადამიანებს. ასეთ სხეულსაც სჭირდებოდა ღვაწლი და ასკეზა, რათა მასში მოკვდინებული ვნებები არ გაცოცხლებულიყვნენ და მარადიული სიკვდილი არ აღმდგარიყო მასში! სანამ ქრისტიანი, სულ რომ სულიწმიდის ჭურჭლად იქცეს, ამქვეყნიურ მოგზაურობაშია, მარადიული სიკვდილი კვლავ შეიძლება აღდგეს მასში და ცოდვამ კვლავ მოიცვას მისი სულიც და სხეულიც. მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ღვაწლი არ არის ხოლმე საკმარისი იმისათვის, რომ დაამარცხო შინაგან სამყაროში ჩაბუდებული დაცემულობა, რომელიც მუდამ ცდილობს, რომ თავისი ხელმწიფება აღადგინოს. ამიტომაც ღმრთისგან შეწევნაა საჭირო. ღმერთი კი მადლით გვეხმარება და თავისი მამობრივი მზრუნბელობით, თითოეულს მადლის დამტევნელობის შესაბამისი განსაცდელით განსწავლის. პავლე მოციქული ამბობს: ,, გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო’’(2.კორ.12:7).

რამდენადაა დაზიანებული ჩვენი ბუნება ცოდვის შხამისაგან, რომ ღმრთის მადლის სიუხვემაც კი შეიძლება, რომ ადამიანში სიამაყეში გააღვივოს და დაიღუპოს. როდესაც პავლე მთელ სამყაროს უქადაგებდა ქრისტეს, მას არც პატივი, არც დიდება არ შეხვედრია. თავისი ქადაგებიას ჭეშმარიტებას ის სასწაულებით ამოწმებდა, ეშმაკი კი ყველგან ხაფანგებს, წინააღმდეგობებს, დამცირებებს, დევნას, თავდასხმასა და სიკვდილ უმზადებდა. როდესაც პავლემ შეიცნო, რომ ეს განსაცდელები ღმრთის დაშვებით ხდებოდა, აღმოთქვა: ,, ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები’’(2.კორ.12:10). საღმრთო განგებულებამ განსაზღვრა, რომ პავლე მოციქულის სული სიამაყისაგან სხვადასხვა მწუხარებებით დაცულიყო.

ყველა წმინდანისთვის მიწიერი ცხოვრების გზა სირთულეებით აღსავსე, ეკლიანი და უამრავი განსაცდელებით აღსავსე იყო. პავლე მოციქული ამბობს: ,, ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ. ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა; ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა’’.

ქრიტესადმი მორჩილებით, მადლიერებითა და ღმრთის დიდებით იღებდნენ ჭეშმარიტი მოღვაწეები ღმრთის განგებულებით დაშვებულ განსაცდელებს. ისინი თვლიდნენ, რომ ეს მწუხარებები მათთვის სულიერად სასარგებლო, საჭირო და აუცილებელიც კი იყო. ამით კი თავიანთი ნება ღმრთის ნებას უმორჩილებდნენ.

სწორედ ასეთი გულის მდგომარეობით და ასეთი აზრებით უყურებდნენ წმინდანები მათზე მოწეულ მწუხარებებს. სულიერი ნუგეში, მხიარულება, სულის განახლება და მარადიული სიცოცხლის განცდა სიმდაბლის ნაყოფებია. რა არის ჩვენი მწუხარებების მიზეზები? ადამიანის ტანჯვის მიზეზები ცოდვაა და ამიტომაც, ნებისმიერი განსაცდელისას საჭიროა, რომ ჩვენი გონების მზერა ჩვენს დაცემულობას მივაპრყათ, ვაღიაროთ ისინი, საკუთარი თავი დავადანაშაულოთ და ამ განსაცდელის ღირსად მივიჩნიოთ .

მწუხარებების სხვა მიზეზიც არსებობს: – ეს არის უძლური კაცობრიობისადმი ღმრთის უსაზღვრო გულმოწყალება. ამით ქრისტე გვიბიძგებს, რომ გამოვფხიზლდეთ, გავიხსენოთ მარადიული სიცოცხლე, გავიხსენოთ ზეციური მამა და მის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა გავაცნობიეროთ. ეს განსაცდელები მეტყველებენ იმაზე, რომ ქრისტეს მუდამ ვახსოვართ, არ უარგვყოფს და მუდამ გვაძლევს სინანულის საშუალებას.

ვინც განსაცდელებს ღირსეულად ითმენს, ის ქრისტეს უახლოვდება, მის წინაშე კადნიერებას იძენს და როგორც პავლე ამბობს: ,, უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი’’(ებრ. 12:7). ქრისტე ყოველგვარი სულიერი სიკეთეებით აღავსებს და მათ ლმობიერ ლოცვას შეისმენს, ვინც ყოველივეს სიმდაბლის სულით ითმენს. სწორედ ეს აღსრულდა ამ განრღვეულზე, რომელიც 38 წლის განმავლობაში უამრავ სხვა სნეულთა შორის იწვა და მათთან ერთად ელოდა ანგელოზის ხელით წყლის მაკურნებელ აღრევას. როგორი მტანჯველი მდგომარეობაა!  

“წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე”.

წმინდა ნიკოლოზ სერბი

მან ქრისტეს შესახებ კეთილსინდისიერად და კეთილგანზრახულად აუწყა მათ. ის აცნობიერებდა ქრისტეს წინაშე პასუხისმგებლობას და თვლიდა, რომ ყველასთვის უნდა განეცხადებინა მისი სახელი. 38 წლის განმავლობაში ასეთ ტანჯვაში მყოფს და მხოლოდ საკუთარ სნეულებაზე მოფიქრალს არც კი წარმოედგინა, თუ როგორი ბოროტება ჩაბუდებულიყო იმ ადამიანებს გულში, ვინც ქრიტეს შესახებ ჰკითხეს. საიდან იფიქრებდა, რომ მის მოკვდინებას მოისურვებდნენ, როგორც შაბათის დამრღვევისას და არა მის განდიდებას, როგორც უდიდესი სასწაულმოქმედისას?

მიაქციეთ ყურადღება: ის წავიდა იუდეველებთან კი არ უთხრა, იესუა ის, ვინც შაბათ დღეს მითხრა, რომ სარეცელი აიღე და წადიო. არამედ უთხრა, რომ იესუა ის, ვინც განმკურნაო. მისი გონება მხოლოდ თავისი მკურნალით იყო დაკავებული, როდესაც იუდეველები მხოლოდ შაბათსა და მის დამრღვევზე ფიქრობდნენ. ის ფიქრობდა, თუ როგორ განედიდებინა უფალი იესუ ქრისტე, ხოლო იუდეველები მის მოკვლაზე ფიქრობდნენ.

ქრისტე კი იუდეველთა უამრავი ხაფანგიდან უვნებელად გამოდიოდა, სიტყვით და საქმით ავრცელებდა თავის სახარებას მანამდე, სანამ არ მოვიდა დრო, იუდეველთა ხელში საკუთარი თავის გადაცემისა, რათა დამცირების მიერ თავისი ჭეშმარიტი დიდება განეცხადებინა და სიკვდილით სიკვდილი მოეკლა. რომელსა შვენის პატივი და დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წყარო: http://bible.optina.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share