1

მენელსაცხებლე დედები

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

საფლავი – ჩვენი გულია. გული, რომელიც ოდესღაც ქრისტეს ტაძარი იყო, ახლა კი საფლავად იქცა. ნათლისღების საიდუმლოების მეშვეობით გულში ქრისტე მკვიდრდება და ჩვენში მოქმედებას იწყებს. სწორედ ამ დროს იკურთხება ადამიანის გულის ტაძარი. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვაძლევთ ქრისტეს ჩვენში მოქმედების საშუალებას და მუდამ ჩვენი დაცემული ნებისკენ მიდრეკილნი, ვაცოცხლებთ ჩვენში არსებულ ძველ კაცს. ჩვენს გულში ნათლისღებით დამკვიდრებული ქრისტე კვლავ ჩვენში მკვიდრობას, მაგრამ ის უკვე თითქოს ჩვენს მიერ ჯვარცმული და მოკვდინებულია. ქრისტეს ხელთუქმნელი ტაძარი კი ვიწრო და ბნელ საფლავად იქცევა, რომლის შესასვლელიც უზარმაზარი ლოდითაა დაბეჭდილი.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი - სრული
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

ეს ლოდი – ჩვენი სულის სნეულებაა, რომელსაც წმინდა მამები უგრძნობელობას უწოდებენ და რომელიც ჩვენს სხვა სულიერ სნეულებებს ჩვენგანვე ფარავს და ხელშეუხებლად იცავს მათ. ზოგი იკითხავს, ეს რაღა ცოდვაა, ამაზე არც კი გვსმენიაო. წმინდა მამათა მიხედვით, უგრძნობელობა სულიერი შეგრძნებების მოკვდინებაა, ეს არის მატერიალურ საგნებზე სრული მიჯაჭვულობისგან გამოწვეული უხილავი სიკვდილი ნებისმიერი სულიერი საგნის მიმართ. ხანგრძლივი ხორციელი სნეულების შემდეგ, როგორც წესი, ადამიანის სხეული იფიტება, ფიზიკური ძალები ეცლება და როგორც კი ეს სნეულება თავისთვის საკვებს ვეღარ პოულობს, ადამიანის სხეულს გამოფიტულს, უმოქმედოს და ხანგრძლივი ტანჯვისგან თითქოს მოკვდინებულს ტოვებს. ასე ხდება სულის შემთხვევაშიც. ხანგრძლივი გულგრილი, არხეინი ცხოვრება, მუდმივი გართობა, მუდმივი ცოდვილი ცხოვრების წესი, ღმრთის დავიწყება, სახარებისეული მცნებების უგულვებელყოფა ან მათ მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება, ართმევენ ადამიანის სულს სულიერი საგნებისადმი თანაგრძნობის უნარს და კლავენ კიდეც მას. ასეთი ადამიანი კვდება ყოველგვარი სულიერისადმი და მთელი მისი ძალები მხოლოდ დროებითის, მატერიალურის, ცოდვისმიერისა და ამაოსადმი ხდება მიმართული.

ნებისმიერი, ვინც გულწრფელად და საფუძვლიანად მოისურვებს, რომ საკუთარი სულის მდგომარეობა გამოიკვლიოს, მასში აუცილებლად აღმოაჩენს უგრძნობელობის სნეულებას. ის შეიცნობს ამ უგრძნობელობის არსს, მის სიმძიმეს და აღიარებს, რომ ეს სულიერი სიკვდილის გამოვლინებაა. როდესაც ღმრთის სიტყვას ვკითხულობთ, როგორი მოწყინება შემოგვიტევს ხოლმე! როგორ გვიჭირს აღმოკითხულის გაგება და უცნაურიც გვეჩვენება! როგორ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ ამ საკითხავისგან! რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ჩვენი გული მკვდარია ღმრთის სიტყვისთვის.

როდესაც ლოცვაზე ვდგებით, როგორ სიმშრალესა და სიცივეს ვგრძნობთ! როგორ ვჩქარობთ, რომ მალე დავასრულოთ ჩვენი ზედაპირულად აღსრულებული ლოცვა! რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ჩვენ გაუცხოვებულნი ვართ ქრისტესგან: ჩვენ კი გვწამს ღმერთის არსებობის, მაგრამ ეს რწმენა მკვდარია; ღმერთი არ არსებობს ჩვენი შეგრძნებებისთვის და ვერ განვიცდით მას. რა არის მიზეზი მარადისობის დავიწყებისა? განა სიკვდილის პირისპირ არ აღმოვჩნდებით, როგორც ყველა ადამიანი? ის არის მიზეზი, რომ ჩვენ მთელი სულით მივეჯაჭვეთ ამქვეყნიურს და არასდროს არ გვსურს მარადიულ სიცოცხლეზე ფიქრი, დავკარგეთ მისი ძვირფასი წინაგემოსხილვა და მიწიერი ცხოვრებისადმი ცრუ შეგრძნებები მოვიხვეჭეთ. ეს ცრუ შეგრძნებები კი ამქვეყნიურ ცხოვრებას უსასრულოდ წარმოგვისახავს. ჩვენ ამით იმდენად ვართ მოტყუებულნი, რომ ჩვენს ყველა მოქმედებას შესაბამისად წარვმართავთ და სულისა და სხეულის უნარებს ხრწნილებას ვწირავთ მსხვერპლად. საერთოდ არ ვზრუნავთ მომავალი ცხოვრებისთვის და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ სამყაროს მარადიული მაცხოვრებლები გავხდეთ.
საიდან მოედინება ჩვენგან, როგორც წყაროდან, ამაოდმეტყველება, დაცინვა და განკითხვა? რატომ ვატარებთ უამრავ დროს ამაო გართობებში და თანაც ვერანაირ სისავსეს ვიღებთ მათგან? ვცდილობთ, რომ ერთი ამაო საქმე მეორეთი შევცვალოთ და სულ მცირე დროც კი არ გვინდა, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის გამოვყოთ, რათა ჩვენში არსებული ცოდვა და ვნებები დავინახოთ და ვიგლოვოთ? ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ცოდვისადმი თანაგრძნობა მოვიხვეჭეთ, ის რომ გულგრილნი ვართ ნებისმიერი სულიერი ღვაწლისადმი, რომელიც ჩვენში ქრისტეს მსგავს სათნოებებს ამრავლებენ. ეს უგრძნობელობა ჩვენში ამასოფლის სულითან და დაცემულ ანგელოზებთან საკუთარი ნებით თანამშრომლობით შემოდის. ის იზრდება და მტკიცდება საკუთარი დაცემული გონებისა და ნების მიმდევრობით, ღმრთისმსახურების მიტოვებით და ღმრთისადმი უგულო, გულგრილი მსახურებით. როდესაც ეს უგრძნობელობა ადამიანის სულში იმდენად გაიდგამს ფესვს, რომ უკვე მის თვისებად იქცევა, მაშინ ბოროტი სოფლისმპყრობელი ეშმაკები მასზე საბოლო ბეჭედს სვამენ. ეს ბეჭედი კი ადამიანის სულის დაცემულ სულებთან ურთიერთობაში, მათ სრულ გავლენასა და ადამიანზე გაბატონებაში ვლინდება.

,,ვინ გარდაგვიგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?’’ ეს იყო მზრუნველობით, მწუხარებითა და გაურკვევლობით აღსავსე კითხვა. სწორედ ამ მზრუნველობას, ამ მწუხარებასა და გაურკვევლობას გრძნობენ ის სულები, რომლებმაც დაუტევეს ცოდვის მსახურება და ქრისტესთან შესახვედრად გაემართნენ. მათი სულიერი მზერის წინაშე მთელი თავისი საშინელებით წარსდგება უგრძნობელობის სნეულება. მათ სურთ, რომ ლმობიერებით მოუკლებლად ილოცონ, ნებისმიერ სხვა საკითხავზე მეტად, წმინდა წერილში ჩაღრმავებაში ივარჯიშონ, საკუთარი ცოდვილობის მუდმივ ჭვრეტესა და მისგან გამოწვეულ შემუსვრილებაში იმყოფებოდნენ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მათ სურთ, რომ მთელი არსებით ქრისტეს ეკუთვნოდენ, მაგრამ ისინი საკუთარ თავში მოულოდნელ და ამასოფლის სულის მსახურთათვის უცნობ წინააღმდეგობას აწყდებიან: გულის უგრძნობელობას. გულგრილად გატარებული წინა ცხოვრებისგან დაზიანებულ გულში სიცოცხლის კვალს ვეღარ ხედავენ.

გულმოდგინედ ცდილობს გონება დააკავოს სიკვდილის ხსოვნით, საკუთარი ცოდვების ხედვით, მარადიულ სიცოცხლეზე ფიქრით და ცდილობს, რომ ამ სულიერი აზრებით ურტყას თავის გაქვავებულ გულს, მაგრამ ის უგრძნობელი რჩება. თითქოს მარადიულ სიცოცხლეს მის გულთან არანაირი კავშირი არ აქვს. მას ღრმა ცოდვისმიერი შხამით მოწამლულს ძილით სძინავს. ,,ვინ გარდაგვიგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?’’

წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, უგრძნობელობის განადგურებისთვის საჭიროა მოთმინება და მუდმივი, მოუკლებელი მოქმედება მის წინააღმდეგ. საჭიროა გულმოდგინე და ყურადღებიანი ცხოვრების წესი. ასეთი ცხოვრებით ამოიძირკვება ჩვენგან უგრძნობელობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანი მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ დაამარცხებს ამ სულიერ სიკვდილს, არამედ ღმრთის მადლთან თანამშრომლობით. სწორედ ის ანადგურებს ჩვენში ამ სნეულებას. უფლისგან წარმოგზავნილი ანგელოზი(ღმრთის მადლი) მიდის შრომისგან დაღლილი სულის დასახმარებლად, გულიდან ამ უგრძნობელობის ქვას გადააგორვებს, აღავსებს ლმობიერებითა და სულს აღდგომას განაცდევინებს. ლმობიერება გულის გაცოცხლების პირველი ნიშანია. რა არის ლმობიერება? ეს არის საკუთარი დაცემული მდომარეობის, მარადიული სიკვდილის მდგომარეობაში მყოფობის სიღრმისეული განცდა.

უფლის სხეულს ნელსაცხებელი არ სჭირდებოდა, მაგრამ წმინდა მენელსაცხებლე დედებმა, მათი ამ დამოკიდებულებით, სინედრიონისა და საფლავის მცველი მხედრობის შიშის დაძლევითა და მზის პირველი სხივისთანავე ქრისტეს ცხოველსმყოფებელი საფლავისკენ სვლით, ქრისტესადმი გულისმიერი ერთგულება გამოავლინეს. მათ კი ამისთვის გამოუთქმელი ჯილდო მიიღეს: მათ პირველად იხილეს ანგელოზი და ღმერთკაცისა და მასთან ერთად მთელი კაცობრიობის მკვდრეთით აღდგენის უწყება მოისმინეს.

ღმერთს კი არ სჭირდება მთელი ჩვენი ცხოვრების, მთელი ჩვენი შესაძლებლობებისა და ძალების მისთვის მიძღვნა და მისი მსახურება – არამედ ჩვენ. ჩვენთვისაა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი. მივიტანოთ ჩვენი მსახურება, ჩვენი ძალები და შესაძლებლობები ქრისტეს საფლავთან, როგორც ნელსაცხებელი. განვშორდეთ ცოდვას და ამის ფასად შევიძინოთ ეს ნელსაცხებელი – კეთილი მისწრაფება. რადგან შეუძლებელია ერთდროულად ცოდვას და ქრისტეს ვემსახურებოდეთ. არ დავუშვათ, რომ ცოდვამ ჩვენს გულში ქრისტესადემი თანაგრძნობა მოაკვდინოს! არ დავუშვათ, რომ ჩვენზე ხელმწიფება მიიღოს და მისი გავლენის ქვეშ მოვექცეთ.

ის ვინც ამგვარად ემსახურება ქრისტეს და სულიწმიდასთან თანამშრომლობით ცხოვრობს, თავის დროზე გამოცდილებით შეიცნობს ქრისტეს აღდგომას, ქრისტეში სულით გაცოცხლდება და ღმრთისაგან მოწოდებული, სხვებისთვის აღდგომის მქადაგებელი გახდება. ვინც ცოდვას დაემონა, სულში ქრისტესთან კავშირი დაკარგა და დაცემული სულების გავლენის ქვეშ მოექცა, საკუთარ თავს სინანულით უნდა უმკურნალოს. არ გადავდოთ ეს მკურნალობა არც ერთი დღით, რათა მოულოდნელად არ მოგვეპაროს სიკვდილი და არ აღმოვჩნდეთ უუნარონი მარადიულ სიმშვიდესა და დღესასწაულში ცხოვრებისა. ეს მკურნალობა კი მოკლე დროში არ აღესრულება. უფალი თავისი წყალობით უმიზეზოდ კი არ გვაძლევს სინანულის დროს და არც უმიზეზოდ ევედრებოდნენ წმინდა მამები უფალს, რომ მათთვის სინანულისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მიეცა. ცოდვისმიერი შთაბეჭდილებების ამოძირკვისთვის დრო არის საჭირო, საკმაო დრო გვინდა იმისთვისაც, რომ სულიწმიდით აღვივსოთ, განვიწმინდოთ და ქრისტეს მსგავსი სათნოებები მოვიხვეჭოთ.

ასეთ შემთხვევაში, ადამიანში ქრისტე აღდგება და გული, რომელიც იქამდე საფლავი იყო, ცოცხალი ღმერთის ტაძრად იქცევა. ,,აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო’’(ფს.3:8); ამინ.

წმინდა ლუკა ყირიმელ(მკურნალი)

წმინდა მენელსაცხებლე დედებს ძალიან დიდი პატივი ერგოთ, რადგან ჩვენი წმინდა ეკლესია აღდგომის მესამე კვირას მათ ხსენებას აღნიშნავს. რითი დაიმსახურეს მათ ესოდენ დიდი პატივი, რომ ეკლესია ასე განადიდებს მათ? რადგან ისინი თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის უმაღლეს, წმინდა და ნათელ მაგალითს წარმოადგენენ, თუ როგორები უნდა ვიყოთ.

ლუკა ყირიმელი 2
წმინდა ლუკა ყირიმელი

წმინდა ეკლესია მათ ქრისტესადმი გამოუთქმელი სიყვარულისათვის განადიდებს, რაგდან მათ სრულად მიუძღვნეს თავიანთი გული უფალ იესუ ქრისტეს. განადიდებს, რადგან ისინი ქრისტეს რითიც შეეძლოთ ყველაფრით ემსახურებოდნენ: თავიანთი ქონებით, მზრუნველობით და ძალისხმევით. ამით კი ჩვენ გვაძლევენ მაგალითს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ქრისტე და ვემსახურებოდეთ მას.

როგორ ვემსახუროთ მას? ვემსახუროთ მას ყველა გლახაკის, უსახლკაროს და ტანჯულის სახით. ასე რომ, ქრისტემ მენელსაცხებლე დედები ჩვენ, ქრისტიანებს მისაბაძ მაგალითად დაგვიწესა. თითოეულ ჩვენგანს გვამცნო, რომ ზეციური მამასავით სრულყოფილები გავხდეთ. ო, როგორ უზომოდ რთულია ზეციური მამის მსგავსი სრულყოფილების მოხვეჭა!

უფრო მარტივია მენელსაცხებლე დედების მიბაძვა. მიბაძეთ მათ, ისწრაფეთ, რომ მათი მსგავსი გულის სიწმინდე და ქრისტესადმი ისეთი უანგარო სიყვარული მოიხვეჭოთ, როგორიც მათ გულებში ენთო. მიბაძეთ მათ, პირველ რიგში, მარიამ მაგდელინელს, რომელმაც თავისი გულმოდგინე ქადაგებისთვის მოციქულთასწორის სახელწოდება მიიღო;

წმინდა მარიამ მაგდალინელი მისიონერულ მსახურებაში იმდენად გულმოდგინე და სიმამაცით აღსავსე იყო, რომ აღდგომის დღეს რომის იმპერატორ ტიბერიუსის წინაშე წარდგომის არ შეშინებია და ასე მიესალმა: ,,ქრისტე აღდგა!’’.

მან იმპერატორს ქრისტე უქადაგა და მისი სიტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტიბერიუსმა საბოლოოდ ქრისტე ირწმუნა. თქვენ შეიძლება სიტყვიერად ვერ იქადაგოთ, მაგრამ თქვენი ცხოვრების წესით უნდა დაამოწმოთ უფალი იესუ ქრისტე. ამიტომაც, მიბაძეთ წმინდა მენელსაცხებლე დედებს.

წინა წლებში, ამ დღეს, ქალის გულის აღმატებულობაზე ვისაუბრე და რა თქმა უნდა, ამას არც ახლა უარვყოფ და ვიტყვი, რომ ნეტარნი ხართ, რომ დედაკაცად დაიბადეთ! იამაყეთ იმით, რომ ქალად დაიბადეთ და უფალმა სიწმინდისადმი გაცილებით მგრძნობიარე და ფაქიზი გული მოგცათ ვიდრე ჩვენ, მამაკაცებს.

თქვენ ცივი გონებით არ ცხოვრობთ, არამედ გულის გრძნობით. გული კი, გონებასთან ერთად შემეცნების ორგანოა და იმასაც ვიტყვი, რომ გულისმიერი შემეცნება აღმატებულია გონისმიერზე.

ამიტომაც, კურთხეულია უფალი, რომელმაც თქვენ ასეთი ფაქიზი და სიკეთისადმი მგრძნობიარე გული მოგცათ. განა ყველა ქალი ასეთია? არა, რა თქმა უნდა!

უდიდესმა ბრძენმა, მეფე სოლომონმა, გვასწავლა, რომ ყველაფერზე მეტად, ჩვენი გული დავიცვათ, რადგან ისაა ჩვენი მაცოცხლებელი. დავიცვათ ჩვენი გული, რათა განიწმინდოს და მისგან კეთილსურნელების წყარო წარმოდინდეს.

,, შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო. განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე’’(იგ. 4:23-24).

სანამ წმინდა მენელსაცხებლების ღირსეული მიმბაძველები გახდებით, აუცილებლად გჭირდებათ სინანული და გულის განწმენდა. თქვენი გულიდან უნდა ამოძირკვოთ იმ ყოველგვარი ბოროტების კვალი, რაც მენელსაცხებლე დედების გულში არ იყო.

ღირსი ელისაბედის ცხოვრებაში, რომელიც დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო, ვკითხულობთ, რომ ის სიღრმისეულად შეისწავლიდა საკუთარ და თავისი სულიერი შვილების გულს. ამიტომ თქვენც ასე შეისწავლეთ თქვენი გული, შეინანეთ ხანგრძლივად, იესუს ლოცვით და მუხლდრეკებით.

აღასრულე მუხლდრეკა და მოუკლებლად იმეორე: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’.
დაე არც ერთი ჩვენგანი არ იყოს ყალბი!

დაე გავამშვენოთ ჩვენი ,,დაფარული იგი გულისა კაცი’’ .

ჩემო საყვარლებო, დაე ისეთი სიწმინდე გქონდეთ, როგორიც წმინდა მენელსაცხებლე დედებს.

დაე მენელსაცხებლე დედები იყვნენ თქვენთვის ქალური სრულყოფილების მაგალითები.

დაე თქვენს გულში უფალ იესუ ქრისტესადმი უღრმესი სიყვარული დამკვიდრდეს!

ისწრაფეთ, რომ რითიც შეგიძლიათ მას ემსახუროთ, როგორც მენელსაცხებლე დედები ემსახურებოდნენ – ადამიანებისადმი სიყვარულითა და გულმოწყალებით.

წყარო: http://bible.optina.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •