შეხვერა ქრისტიანობასთან

განღმრთობა – ადამიანის ცხოვრების საზრისი

არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

საკმაოდ რთული და, ამავდროულად, მნიშვნელოვანია პასუხის გაცემა იმაზე, თუ რა არის ადამიანის ცხოვრების საზრისი. თუკი ადამიანი სწორად დაინახავს საზრისს და შეძლებს, რომ იპოვოს თავისი ნამდვილი დანიშნულება, მაშინ ის მიხვდება, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სხვა ადამიანებთან, სამსახურთან, განათლებასთან, ქორწინებასთან, ბავშვების აღზრდასთან და სხვა მსგავს საკითხებთან მიმართებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას წარუმატებლობა მოელის და პასუხგაუცემელი კითხვები გაუჩნდება. მართლაც, რა  აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას, თუ მას არ გააჩნია მიზანი და საზრისი?

წმინდა წერილის პირველივე თავებში ვკითხულობთ: “და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ…” (დაბ. 1:26). ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ მოწმდება ის უსაზღვრო სიყვარული, რომელიც სამება ღმერთს ჩვენ მიმართ აქვს. ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მადლით უნდა განიღმრთოს. ერთი შეხედვით, ადამიანი უბრალო, სხვა ქმნილებების მსგავს ბიოლოგიურ არსებას ჰგავს, მაგრამ ის თავისი ღირსებებით ყველაზე მაღლა დგას და როგორც ამას წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ღვთის უნიკალური შემეცნების უნარით გამოირჩევა. ადამიანი ის განსაკუთრებული და ერთადერთი ქმნილებაა მთელს სამყაროში, რომელსაც შეუძლია, რომ ღმერთი გახდეს.

„ხატებაში” ის თვისებები იგულისხმება, რომლებიც ღმერთმა ადამიანს მისცა და რომლითაც ის დანარჩენი ქმნილებებისგან გამოარჩია. ეს თვისებებია: მოაზროვნე გონება, სინდისი, თავისუფალი ნება, შემოქმედებითობა, ღვთის სიყვარული, ღვთისა და საკუთარი თავის შემეცნების უნარი. ეს ის ღირსებებია, რაც ადამიანს ყველაზე აღმატებულ ქმნილებად და პიროვნულ არსებად აქცევს.

ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი იმისთვისა მოწოდებული, რომ საღვთო თვისებები მოიხვეჭოს, რაც, სხვაგვარად, მის განღმრთობას ნიშნავს. ჩვენი შემოქმედი ყველას მოგვიწოდებს იმისკენ, რომ მადლით ღმერთები გავხდეთ.

ღმერთი ადამიანს განსაკუთრებულ უნარებს აძლევს, რომელთა რეალიზების შემთხვევაში ადამიანი ღვთის მსგავს არსებად გარდაიქმნება და ღმერთთან არა გარეგან ან ზნეობრივ, არამედ რეალურ პიროვნულ კავშირს ამყარებს.

კვლავ თამამად უნდა ითქვას, რომ ჩვენი მიზანი და უმთავრესი საზრუნავი არის მადლით ღმერთობა, ანუ განღმრთობა. ეს არის წმინდა წერილისმიერი ჭეშმარიტება, რომელსაც  ეკლესიის მამებიც მუდამ ხაზს უსვამდნენ და ჩვენც ეს გვმართებს დღეს.

ამასთან ერთად, სამწუხაროდ, ისიც აღსანიშნავია, რომ, ხშირ შემთხვევაში, არამხოლოდ ეკლესიის მიღმა მყოფმა ადამიანებმა, არამედ თვით ეკლესიის წევრებმაც კი არ იციან ან არასწორად ესმით ეს ყველაფერი. უკეთეს შემთხვევაში, ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ქრისტიანობის მიზანი ზნეობრივი სრულყოფილება და უკეთეს ადამიანად ქცევაა. მაგრამ წმინდა წერილი, წმინდა გადმოცემა და წმინდა მამები სხვაგვარად გვასწავლიან. ჩვენი მიზანი ზნეობრივი სრულყოფილება არ გახლავთ და არც ის, რომ უკეთესები გავხდეთ, არც ის, რომ სამართლიანები, თავშეკავებულები ან ყურადღებიანები ვიყოთ.  რა თქმა უნდა, ეს თვისებები აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის თვითმიზანი და ჩვენ მხოლოდ ამისთვის არ შევქმნილვართ. მაშინ, რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი? მიზანი არის განღმრთობა, რაც ღმერთთან არსობრივ, ონტოლოგიურ ერთობას გულისხმობს.

სწორედ ასეთ სიმაღლეზე აყენებს ადამიანს მართლმადიდებლური ანთროპოლოგია. თუკი ავიღებთ სხვადასხვა ფილოსოფიურ ან ფსიქოლოგიურ სისტემებს და ქრისტიანულ ანთროპოლოგიასთან  შევადარებთ, დავინახავთ მათ არასრულყოფილებას და იმასაც, თუ როგორ შეუსაბამობაშია ეს სისტემები ადამიანების მოთხოვნილებებთან, რომელთა ბუნებაშიც ჭეშმარიტების ძიების ძლიერი წყურვილია ჩათესილი.

ადამიანი შეიქმნა იმისთვის, რომ ღმერთი გახდეს და, აქედან გამომდინარე, ის შინაგანად ყოველთვის გრძნობს დგას თუ არა განღმრთობის გზაზე, თუ არ დგას, ის მხოლოდ სიცარიელეს განიცდის. ხშირად ადამიანი ამ სიცარიელის შევსებასა და სიხარულის მოპოვებას სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს, მაგრამ ეს ყველაფერი, საბოლო ჯამში, ამაოა. ადამიანს ძალიან კარგად  შეუძლია საკუთარი  თავის მოტყუება. მას შეუძლია მის გარშემო, ერთი შეხედვით, მრავალფეროვანი და ფანტასტიკური სამყარო შექმნას, რომელიც რეალურად ყველაზე ღატაკი, პატარა, შეზღუდული და ჩაკეტილია. შეუძლია ისე მოაწყოს მთელი თავისი ცხოვრება, რომ საკუთარ თავს ჭეშმარიტ ღირებულებებზე ფიქრის საშუალება საერთოდ არ დაუტოვოს. არიზონა stanthonysmonastery.orgადამიანი უარს ამბობს ფიქრზე და ვერც კი ხვდება, რომ აცდენილია იმ გზას, რომელსაც ის ჭეშმარიტი მიზნისკენ უნდა მიჰყავდეს. ამიტომაც, ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს მანამ, სანამ ჭეშმარიტად უფრო ღირებულზე არ გაამახვილებს ყურადღებას, ისეთზე, რაც საიდუმლოებრივად მშვენიერი და შემოქმედებითია.

შეუძლია კი ადამიანს ღმერთთან ერთობა? შეუძლია, რომ მადლით ღმერთი გახდეს?

წყარო: https://azbyka.ru/

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან: https://www.stanthonysmonastery.org/