უცხო რესურსებიდან 4

გონიერი ლოცვის ღვაწლი ერში – იოსებ ვატოპედელი

ბევრს უჩნდება კითხვა: შეუძლიათ თუ არა, ერში მცხოვრებ ქრისტიანებს იღვაწონ გონიერი ლოცვით? მე ვადასტურებ: დიახ! იმისათვის, რომ გასაგები გახდეს ჩემი განცხადება მათთვის, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, მოკლედ ავხსნი საქმის არსს, რათა თავგზა არ აებნათ იმის გამო, რომ ზოგჯერ გონიერი ლოცვის შეუსაბამო განმარტებას და განსაზღვრებებს ვხვდებით. საერთოდ რომ ვთქვათ, ლოცვა არის ერთადერთი საჭირო და აუცილებელი საქმიანობა ყოველი მოაზროვნე, მგრძნობიერე და გონიერი არსებისთვის (ადამიანისა და ანგელოზისთვის). ამიტომაც გვამცნებს მოციქული ”მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს.5:17).

არ არსებობს მკაცრი განყოფა ლოცვის სახეობებსა და საშუალებებს შორის.  წმინდა მამათა თანახმად, მისი ყოველი სახეობა და საშუალება სასარგებლოა, თუ მასში არ არის დემონური ხიბლი და საცდური. ამ სათნო საქმიანობის მიზანია – მიაპყროს ადამიანის გონება ზეციურს და მიაჯაჭვოს ღმერთს. ამ მიზნის მისაღწევად მამებმა მოიფიქრეს საკმაოდ სასარგებლო საშუალებები და გაამარტივეს ლოცვის პროცესი ისე,  რომ გონება დიდი უბრალოებით და მიზანმიმართულებით მიმართავს ღმერთს და იმყოფება მასში. სხვა სათნოებების აღსრულებისას ადამიანის სხვადასხვა გრძნობები იღებენ მონაწილეობას, ხოლო  ლოცვისას გონება სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა მისი (გონების) დაკავება და დასაქმება, რათა ლოცვამ ნაყოფი გამოიღოს და ღვთისათვის სათნო იყოს.

ioseb vatopedeli 4ჩვენი წმინდა მამები, რომლებმაც სრულიად შეიყვარეს ღმერთი, თავიანთ მთავარ მიზნად ღმერთთან შეერთებას და მასთან მუდმივ მყოფობას ისახავდნენ, ამიტომაც მთელ თავიანთ ძალისხმევას ლოცვისკენ მიმართავდნენ, როგორც მეტნაკლებად სრულყოფილ საშუალებას ამ მიზნის მისაღწევად. აქ არ ვახსნებთ ლოცვის სხვა საშუალებებს, რომლებიც ცნობილია და მისაღებია ყველა ქრისტიანისთვის, გარდა ეგრეთ წოდებული ”გონიერი ლოცვისა”. კეთილმოწრუნე ქრისტიანებისთვის ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, რადგანაც ხშირად გონიერ ლოცვას არასწორად განმარტავენ და ამგვარი განმარტება შეიძლება  ფანტასტიკის სფეროს მივაკუთვნოთ. სიტყვა მივცეთ წმინდა მამებს, რათა გავიგოთ მათგან, თუ როგორ შეიძლება მკაცრად მივსდიოთ ამ სათაყვანებელი სათნოების გზას, როგორია მისი შედეგები, განწმენდიდან – მადლმოსილებამდე. მე უღირსი კი, მხოლოდ იმდენს ვიტყვი, რამდენიც საკმარისია იმისთვის, რომ გაერკვნენ ჩვენი ერში მცხოვრები ძმები და დავარწმუნოთ, რომ მიმართონ ამ გზას.
მამები ამგვარ ლოცვას ”გონიერს” უწოდებენ, რადგანაც ის გონებაში აღესრულება. მას აგრეთვე, ”სიფხიზლეს” უწოდებენ, რაც იგივეს ნიშნავს. მამები ადამიანის გონებას განსაზღვრავენ, როგორც ერთგვარ თავისუფალ და ცნობიერებით განმსჭვალულ არსს, რომელიც არ შემოისაზღვრება და მუდამ რაღაცის წვდომას ცდილობს. ამიტომაც, პირველ რიგში, მათ შეადგინეს რამდენიმე სიტყვისგან შემდგარი, მარტივი ლოცვა – ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, რათა გონების დიდი ძალდატანების გარეშე შეგვძლებოდა მასზე ყურადღების კონცენტრირება. ამასთან ერთად, ისიქასტი მამები გონებას შინაგანისკენ, ჩვენი არსების ცენტრში მიმართავდნენ, რასაც ჩვენ გულს ვუწოდებთ. ის, ვინც გაუნძრევლად იმყოფება გულში და გონებით ქრისტეს უტკბეს სახელსს მოუხმობს, გარკვეული ძალისხმევის შედეგად, ღირსი გახდება  შეიგრძნოს ღვთაებრივი ნუგეში. წმინდა მამათა თანახმად, შეუძებელია ყოვლადკეთილმა ქრისტემ არ მიაქციოს ყურადღება და არ განეცხადოს გულში იმ მოღვაწეს, რომელიც მოუკლებლად და გულმოდგინედ მოუწოდებს მის სახელს. მასაც ხომ ასე ძლიერ სურს ადამიანთა გამოხსნა!
თუმცა, როგორც ნებისმიერი სათნოების მიღწევისას, საჭიროა შესაბამისი საშუალებები და პირობები, ზუსტად ასევე, ლოცვის წმინდა საქმიანობაც სრულიქმნება (ვითარდება) მთელი რიგი აუცილებელი ელემენტების გათვალისწინებით. საჭიროა გარკვეული განმარტოება, უზრუნველობა,  გაქცევა ზედმეტი ცნობისმოყვარეობისგან – ამას მამები უწოდებენ – ”გაიღე სისხლი და მიიღე სული”. ანუ ყოველგვარი თავშეკავება და მისგან შობილი მყუდროების ჩვევა.
გარდა ამისა, აუცილებელია შეუპოვარი შრომა და ჩვევა, რომელიც ვფიქრობ, რომ სრულიად მისაღწევია ერში მცხოვრები ღვთისმოშიში ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებთ ეს კურთხეული საქმიანობა. ლოცვის აღსრულება დღის განსაზღვრულ, თითქმის ერთი და იგივე დროის მონაკვეთში, შესანიშნავი დასაწყისი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით შეუპოვრობას, როგორც ლოცვის ერთერთ ყველაზე აუცილებელ ელემენტს. ტყუილად კი არ გამოყოფს პავლე მოციქული მას თავის სიტყვაში: ”ლოცვასა განეკრძალენით” (კოლ. 4:2). სხვა სათნოებებისგან განსხვავებით, ლოცვა მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას მთელი ცხოვრების განმავლობაში და ამიტომაც, ვახსენებ ყველას, ვინც ამ კურთხეულ სარბიელზე შრომობს, რომ ხელები არ ჩამოყარონ და არ დაიწყონ წარუმატებლობების მოლოდინი.
თავიდან, ჩვენ სირთულეებს და შინაგან წინააღმდეგობას ვაწყდებით, აუცილებელია ლოცვის ჩურჩულით, ან ოდნავ ხმამაღლა წარმოთქმა.
როდესაც ჩამოგვიყალიბდება კეთილი ჩვევა ანუ როდესაც შევძლებთ ლოცვის მარტივად წარმოთქმას,   შესაძლებელი გახდება მისი შიგნით მიმართვა. შესანიშნავი მაგალითია მოცემული წიგნში ”მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან”. ამრიგად, ძალისხმევა და ლოცვის ერთი და იგივე სიტყვებით მუდმივი ვარჯიში, შობს კეთილ ჩვევას, რომელიც შემდგომში მოიტანს შესაძლებლობას გონების გულში დაკავებისა. მაშინ გაცხადდება მადლის იქ მყოფობა.

ისევე, როგორც ყველა სათნოებას გამოაქვს გარკვეული ნაყოფი, ასევე ლოცვა ნაყოფად გვაძლევს გონების განწმენდას და განათლებას და შემდეგ აღწევს სრულყოფილ სიკეთეს – ღმერთთან ერთობას, ანუ განღმრთობას. მამები კიდევ ამბობენ, რომ ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა ეძებოს გზა, რომელიც ”ქალაქამდე” მიიყვანს, მაგრამ რომც ვერ მიაღწიოს გზის დასასრულს, რაღაც მიზეზით ვერ მოასწროს, ღმერთი მაინც მათ შორის აღრაცხავს, ვინც ამ მიზანს მიაღწია.

ჩვენ ყველანი, ქრისტიანები, უნდა ვშრომობდეთ ლოცვაში, განსაკუთრებით ეგრეთწოდებულ გონიერ ლოცვაში. ვინც ამგვარ ლოცვას მიაღწევს, ის დიდ სიკეთეს შეიძენს.
როდესაც გულში ლოცვაა, ადამიანი არ ვარდება საცდურებში, რომლებიც ყოველთვის უცდიან ხელსაყრელ მომენტს. რადგანაც თავად ლოცვის მყოფობა არის სიფხიზლე, ლოცვის არსი კი ღმერთთან ურთიერთობაა, ამრიგად, მღვიძარე და მლოცველი განსაცდელს არ შეხვდება (მათ.26:41).
ამრიგად, მლოცველი ადამიანი წყვდიადში არ ექცევა და უგუნურებით დაბნელებული არ უშვებს შეცდომებს განსჯასა და გადაწყვეტილებებში, არ ვარდება სიზარმაცესა და დაუდევრობაში, რაც წყაროა ყოველგვარი ბოროტებისა. ვნებები და უძლურებები ვერ ამარცხებენ მლოცველს, პირიქით, მისი მოშურნეობა და ღვთისმოშიშება იზრდება, იძენს მზაობას ყოველგვარი კეთილი საქმის აღსრულებისა, ხდება მშვიდი და უბოროტო, ყოველდღიურად იზდება მისი რწმენა და სიყვარული ქრისტეს მიმართ, რაც ყველა სათნოების მიღწევისკენ აღძრავს. შეიძლება მოვიყვანოთ უამრავი მაგალითი თანამედროვე ადამიანებისა, უმეტესად ახალგაზრდებისა, რომლებიც ლოცვის ამ მშვენიერი ჩვევის დახმარებით გადაურჩნენ საშინელ უბედურებებს, სასიკვდილო საფრთხეებს და თავიდან აიცილეს უმძიმესი ცოდვები.

ამრიგად, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ლოცვა არის ყოველი მორწმუნის ვალდებულება, ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ მდგომარეობის მიუხედავად.
ხიბლის საფრთხეები, როგორც ამას ზოგიერთი გამოუცდელი ამბობს, არ არსებობს, თუ ლოცვის ღვაწლი სიმდაბლით და უბრალოებით აღესრულება. ყოველ ჯერზე, როდესაც ვლოცულობთ, აუცილებელია, რომ გონებაში არავითარი წარმოსახვითი გამოსახულება არ იყოს, თუნდაც ქრისტე, როგორი სახითაც არ უნდა იყოს, თუნდაც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, ან ნებისმიერი სხვა სახე ან გამოსახულება. რაიმეს წარმოსახვა იწვევს გონების გაფანტვას.  უფრო მეტიც, წარმოსახული გამოსახულებით, გულისსიტყვებსა და ხიბლს ეხსნება გზა. ადამიანის გონება ლოცვის სიტყვების წვდომით უნდა იყოს დაკავებული, ხოლო თავად ადამიანი მთელი სიმდაბლით ელოდოს ღვთის წყალობას. ამ დროს არავითარი ოცნება, სინათლე, მოძრაობა, კაკუნი, ხმაური არ უნდა მივიღოთ, ჩავთვალოთ, რომ ეს არის დემონური ხრიკები ჩვენი მოხიბვლისა და ხელის შეშლისთვის. დამწყებთათვის ღვთის მადლის მოსვლის ნიშანი არის სულიერი სიხარული და სასიამოვნო ცრემლები, ან შიში საკუთარი ცოდვებისა, რომელსაც სულში სიმშვიდე მოაქვს, რათა გაზარდოს კეთილშობილი მწუხარება. სულიერ ზრდასთან ერთად ადამიანი შეიგრძნობს ქრისტესადმი სიყვარულს, მაშინ წყდება გონების გაფანტულობა, ხოლო გული თბება ღვთის სიყვარულით იმდენად, რომ მოღვაწე თვლის, შეუძლებელია იგივეს კიდევ ერთხეულ გაუძლოს, მაგრამ ამავდროულად სურს და წყურია, რომ მუდამ ამ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, ისე, რომ სხვა არაფერის დანახვა და გაგონება არ სურს.

ჩემი წარმოდგენით,  ყველაფერი ზემოთ ხსენებული ძალიან ნათელი და მარტივია, რომ ნებისმიერ მართლმადიდებელს შეუძლია მიაღწიოს ამ სულიერ სიხარულს და მხიარულებას. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩემს შენიშვნას ყველას, ვისაც ღმერთი უყვარს და საკუთარი სულის ხსნისათვის იღწვის. დაე, დაუყოვნებლივ გამოსცადონ ეს მშვენიერი საქმიანობა და მაშინ ვეღარ მოძებნიან სიტყვებს, რათა მადლობა უთხრან ღმერთს იმ წყალობისათვის, რომელსაც ის აძლევს ყველას, ვინც თუნდაც ცოტათი მაინც შრომობს. ასე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ასეთმა ხალხმა შეიძინონ კადნიერება და ხელები არ ჩამოყარონ, არც სულმოკლეობა გამოიჩინონ, როდესაც მცირე წინააღმდეგობას შეხვდებიან ან გადაიღლებიან.  თანამედროვე ბერებს, ვისთანაც მქონია შეხება, ერში მრავალი მოწაფე ჰყავდათ, მამაკაცები და ქალები, დაქორწინებულები და დაუქორწინებლები, რომლებიც დამწყებთა საფეხურიდან, ქრისტეს მადლით უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს უფრო უბრალო, მარტივი და თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი სულიერი ხელოვნება, როგორც ეს მოკლე ლოცვაა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, რომელსაც დიდი სარგებელი და წარმატება მოაქვს თანამედროვე ცხოვრებისეულ ქაოსში, სულიერი ცხოვრების უარყოფისა და ურწმუნოების პერიოდში.
მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ზის, მოძრაობს, ან რამეს აკეთებს, ან საწოლში წევს, სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს – წარმოთქვას ეს მოკლე ლოცვა. ის, თავის თავში მოიცავს რწმენის აღმსარებლობასაც, ღმერთის მოხმობას, სინანულს და იმედს  – მცირე შრომისა და უმნიშვნელო ძალისხმევის ფასად საყოველთაო მცნების აღსრულებას: ”მოუკლებელად ილოცევდით”.

ჩვენი მამების, თითქმის ვერც ერთ სიტყვაში, ვერ ნახავთ იმას, რომ რომელიმე სხვა სათნოებას ამგვარი ქება დაემსახურებინა, რომ ასეთი მოთმინებითა და მოშურნეობით ეცადათ მისი პრაქტიკაში განხორციელება.
აღვნიშნავ, რომ ჩემი ამოცანა არ არის ცამდე ავიყვანო, ეს სათნოებათა დედოფალი (გონიერი ლოცვა), ჩემი მიზანია – ვუბიძგო და შთავაგონო ყოველი მორწმუნე ლოცვის ღვაწლისკენ, რათა საბოლოო ჯამში ყველამ საკუთარი გამოცდილებით ისწავლოს, რადგანაც ჩემი საუბარი ლოცვაზე ძალიან მოკლეა და არ არის საკმარისი. ამრიგად, მოდით ყველა დაინტერესებული, იმედგაცრუებული, დამწუხრებული, გაურკვევლობაში მყოფი, მცირედმორწმუნე და ყველა ვინც სხვადასხვა განსაცდელში იმყოფებით! ჩვენი უტკბესი იესუ ქრისტე, ჩვენი სიცოცხლე, გვამცნებს: ”თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი” (ინ.15:5).
ასე, რომ როდესაც ჩვენ მუდამ მოვუწოდებთ უფალს, შეუძლებელია მარტოობაში დავრჩეთ და შედეგად, მისი დახმარებით ყველაფერს შევძლებთ. აი, ჭეშმარიტი არსი ფსალმუნის სიტყვებისა: ”მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ” (ფს.49:15).
არა მხოლოდ ”დღესა ჭირისა”, არამედ ყოველთვის, ყოველდღე უნდა მოვუხმოთ მის წმინდა სახელს, რათა ღირს ვიქმნეთ სულიერი განათლებისა, რათა გავხდეთ უფრო მოშურნენი და ამგვარად ყოველგვარი საცდურის საფრთხისაგან გავთავისუფლდეთ. ვისაც სურს დიდი სულიერი სიმაღლის მიღწევა, ჯერ დაე, გაიაროს ეს მოსამზადებელი ეტაპი.W3A1623 1

დასკვნის სახით მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო შთაგონების სიტყვა ყველა მორწმუნისთვის, რომ მათ არა მხოლოდ შეუძლიათ, არამედ ვალდებულნიც არიან,  იღვაწონ იესუს ლოცვით (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) ეგრეთ წოდებული ”გონიერი ლოცვით”, იმის მტკიცე რწმენით, რომ მისგან დიდ სარგებელს მიიღებენ, სულიერი ცხოვრების რომელ ეტაპზეც არ უნდა იმყოფებოდნენ. სიკვდილის ხსოვნა და სიმდაბლე სხვა ზემოთ ხსენებულ დამხმარე საშუალებებთან ერთად გვაახლოებს წარმატებასთან.

წყარო: pravoslavie.ru

Share