ძმისადმი ნამდვილი სიყვარული იმით გამოირჩევა, რომ არ განვიკითხავთ მათ, არ ვადანაშაულებთ, მათ უმნიშვნელო შეცდომებს საკუთარივით უგულებელვყოფთ, ყოველთვის ვამართლებთ, არ გვშურს, არ გვახარებს მათი შეცდომები, არამედ მათი სიკეთე, წარმატება გვიხარია და ვლოცულობთ მათთვის. ზემოთთქმულისა და კიდევ სხვა მოწმობებიდან ჩანს ძმების მიმართ ჩვენი ნამდვილი სიყვარული.
ასე რომ, შვილებო, თავი აიძულეთ ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. ეს ბრწყინვალე და ზეციური ქების ღირსი სიყვარული ღმრთის შვილებად გაქცევთ, რადგან ”ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მისთანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.” (1.ინ.4:16)
მაგრამ ამ გასაოცარი სიყვარულის შესაძენად მუდმივად უნდა მოვუხმოთ სიყვარულის ღმერთს, რომ მოგვმადლოს იგი. ლოცვაში წარმოთქმული ღმრთის სახელი, ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, მარადიულ სიცოცხლეს შეიცავს, მარადიული სიცოცხლე კი სიყვარულის ღმერთია! მაშასადამე, ამ ლოცვით მლოცველი ნამდვილ და ღვთისმიერ სიყვარულს მოიპოვებს.
ასე რომ, წინ გასწიეთ! ეს არის სიყვარულის მოხვეჭის გზა და საშუალება. გამხნევდით და თამამად ჩაებით ბრძოლაში. მუდმივად იმეორეთ იესუს ლოცვა ბაგითა და გონებით.
მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)