2

იესუს ლოცვა და გარემო პირობები – ნიკოლაი ნოვიკოვი

არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი ამბობდა, რომ ყველა უნდა ისწრაფოდეს მყუდროებაში განმარტოვებისა და ქრისტესთან საუბრისკენ, მაგრამ სიჩუმეში ლოცვა არც ისე მარტივია. ამ კურთხეულ საქმიანობასაც სწავლა სჭირდება. ეს განსწავლა კი დაბრკოლებებისა და შინაგანი ხარვეზების გადალახვაში მდგომარეობს. ის ამბობდა: ,,ხმაურშიც უნდა  ვისწავლოთ  ლოცვა, რათა შემდგომში სრული შინაგანი სიმშვიდე მოვიხვეჭოთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია მყუდრო განმარტოებისკენაც ვისწრაფოდეთ, რადგან სწორედ სიჩუმე გვეხმარება ქრისტესთან საუბარში’’.

ერთხელ, ათონელ განდეგილ მამა პახუმის (1870) ერთმა მეუდებნოემ ჰკითხა: ,,მამაო, ამ სიმაღლე მთაზე ამხელა ტვირთით რომ ამოდიხარ, გონიერ ლოცვას როგორ ინარჩუნებ? მე კიდევ იმდენად ვიღლები, რომ ტვირთის გარეშეც კი ბაგისმიერ ლოცვას ძლივს წარმოვთქვამ’’. მამა პახუმიმ უპასუხა: ,,როდესაც მთაზე ავდივარ, რაც უფრო მეტად მიჭირს, ლოცვა უფრო მტკიცედ მოქმედებს და თითოეულ ნაბიჯზე უფრო და უფრო მტკიცდება იმდენად, რომ ჩემს გულში იესუს ლოცვა გამოუთქმელი ძალით ღაღადებს. რაც უფრო მძიმე ტვირთს ვეზიდები, უფრო მსუბუქად მიედინება ლოცვა და სიმძიმეს ვეღარ ვგრძნობ’’. ნებისმიერ პირობებში აღსრულებული მოუკლებელი იესუს ლოცვის შესახებ ბერძენი მონაზონი გაბრიელა ამბობდა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვებითა და აზრებით აღსრულებული საქმე. გამოცდილი მლოცველი დედა ასწავლიდა: ,,ლოცვა საქმე კი არა, არამედ სულის მდგომარეობაა. სული ყველგან და ყოველთვის ლოცვით მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს, რადგან მისი მშობელი – ღმერთია. ამ მდგომარეობის შენარჩუნებაში კი იესუს ლოცვა გვეხმარება, რომელიც ჩვენს სულს ქრისტეს საღმრთო სახელთან აერთებს’’.

წმინდა მღვდელმოწამე სერაფიმე ჩიჩაგოვი ამბობდა: ,,რასაკვირველია, სულიერი ცხოვრების გზაზე სოციალური მდგომარეობა სხვადასხვა გარემოპირობებს გვიქმნის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ქრისტიანი, როგორ გარეგნულ სიტუაციაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, აუცილებლად უნდა ისწრაფოდეს მოუკლებელი გონიერ-გულისმიერი ლოცვის მოხვეჭისკენ’’. აღსანიშნავია, რომ წმინდა სერაფიმე ამ ქადაგებით მონაზვნებს კი არ მიმართავდა, არამედ ქალაქში მცხოვრებ ერის ადამიანებს.

ის აგრძელებს: ,,ქრისტიანობის არსებობის ყველა ეპოქაში ჩნდებოდნენ ჭეშმარიტი მლოცველები, რომელმაც მოუკლებელ ლოცვას გონიერი ლოცვა უწოდეს… ეს ლოცვა ყოველი ქრისტიანისთვის აუცილებელია და არამხოლოდ მონაზვნებისთვის, როგორც ამას ზოგიერთი არასწორად ფიქრობს. ვისაც სურს, რომ ცოდვას განეშოროს, საკუთარ გულში ქრისტესთან განმარტოვდეს და შეიყვაროს ის, ვერ მიაღწევს ამ ყველაფერს მოუკლებელი იესუს ლოცვის გარეშე. იესუს ლოცვა კი არც ერთ საქმიანობაში არ გვიშლის ხელს. მისი არსი და ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გული ავტომატურად ლოცულობს, ხოლო სხეული შრომობს და თავის საქმეს აკეთებს. ყველას შეუძლია, რომ მოუკლებელ იესუს ლოცვას მიაღწიოს და საკუთარ გულში უფალი იესუ ქრისტე შეუშვას. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ ერში მოუკლებელი ლოცვა მიუწვდომელია და ერის ადამიანებისთვის არც არის ეს აუცილებელი. ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სქემოსანი ბერების საქმეა და არა მათი, ვინც სამსახურში დადის, ოჯახი ჰყავს და მით უმეტეს, თუ გონებრივი საქმიანობითაა დაკავებული. წმინდა სერაფიმე ამის შესახებ ამბობს: ,, გულისმიერი ლოცვა საქმეში კი არ გვიშლის ხელს, არამედ პირიქით, გვეხმარება კიდეც’’.

ქრისტე ხომ გულთამხილავია და ის პირველ რიგში ადამიანის გულს უმზერს. თუკი ვინმე ისეთი საქმიანობითაა დაკავებული, რომ გულისმიერად ქრისტეს სახელს ვერ მოუხმობს, მაშინ უბრალოდ ქრისტეს ხსოვნაც კი საკმარისია და ანაცვლებს ლოცვას. დაე, ქრისტიანთაგან არავინ იფიქროს, რომ მხოლოდ მონაზვნების საქმეა მოუკლებელი ლოცვა – არა, ყველა ქრისტიანი ვალდებულია, რომ ეს მცნება აღასრულოს. წმინდა პავლე მოციქული ხომ არ მოგვცემდა ამ მცნებას უკიდურესად რთული და შეუძლებელი რომ ყოფილიყო. ამიტომაც, ვიშრომოთ სხეულით, ხოლო გულით ქრისტეს ვესაუბროთ… სწორედ ეს არის ანგელოზებრივი ცხოვრების წესი, რადგანაც ანგელოზებს ხმა არ აქვთ და გონებით განადიდებენ ღმერთს მოუკლებლად.

ჩვენს დროშიც არიან ისეთი მისიონერები, რომლებისთვისაც უცხო არაა სწორი სულიერი ცხოვრება და რომლებიც ამგვარ მოღვაწეობრივ სულს თავიანთ სამრევლოებში ნერგავენ. მეოცე საუკუნის შუა წლებში, პეტერბურგელი დეკანოზი ვლადიმერ შამონინი ასე ასწავლიდა თავის სამწყსოს ლოცვითი ცხოვრების შესახებ: ,,მოუკლებელი ლოცვა ყველგან შესაძლებელია. არ შეიძლება ვიფიქროთ ის, რომ ლოცვისთვის გარემოპირობები და განწყობაა საჭირო. თუკი ასე ვიფიქრებთ, მაშინ შეიძლება ვეღარც ვილოცოთ. უმჯობესია მუდამ ლოცვით მდგომარეობაში იმყოფებოდე, რათა როგორც კი მცირე შესაძლებლობა გამოჩნდება, სხვებისთვის შეუმჩნევლად ლოცვაში ჩაიძირო. ამ შემთხვევაში ჩვენ დროს აღარ დავკარგავთ და ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერ დროს შევძლებთ ლოცვას. მამა იოანე კრონშტადტელი უამრავ ადამიანთა შორის იმყოფებოდა და ისე ლოცულობდა. თანაც როგორი ლოცვა ჰქონდა!’’

კიდევ ერთი მოღვაწე მღვდელმონაზონი მოსე (1915-1992) თავის სამწყსოს ამცნებდა: ,,თუკი ავად ხარ, იესუს ლოცვით დაკავდი და სნეულება უკან დაიხევს. თუკი დასვენება გინდა და წევხარ, იესუს ლოცვას არ განეშორო და უკეთ დაისვენებ. ვინც დაკავებულია და საქმეში ეჩქარება – მოუკლებლად იმეორე იესუს ლოცვა და ნახავთ,  თუ როგორ დააჩქარებს ეს საქმეს და გაცილებით მეტს გააკეთებთ მოკლე დროში. ვინმემ გაწყენინა და ბოროტული შეგრძნება გაწვალებს? იესუს ლოცვას არ განეშორო და იგრძნობ, რომ შენს წინაშე რომ აღმოჩნდეს ეს ადამიანი, მყისვე ჩაეხუტებოდი’’.

სამწუხაროდ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ისმის თანამედროვე მქადაგებელთა ბაგეთაგან შთამაგონებელი სიტყვა ისიქაზმის შესახებ. მღვდელმონაზონი მოსე ამბობს: ,,ყველა წმინდა მამა მოუკლებელი იესუს ლოცვისკენ სწრაფვას გვასწავლის. ამ საქმიანობას კი ისინი გვიკრძალავენ, ვინც არასწორ სულიერ გზაზე იმყოფებიან. უნდა გვესმოდეს, რომ წმინდა ზიარების გარდა, იესუს ლოცვაზე მნიშვნელოვანი არაფერია ამქვეყნად. იესუს ლოცვა ყველა ადამიანისთვის შეიძლება და მათ შორის ბავშვებისთვისაც კი. სულიერ რეალობებს ბავშვები ინტუიციურად და ბევრად უფრო უშუალოდ აღიქვამენ, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. რაც უფრო ადრეული ასაკიდან ვასწავლით მათ იესუს ლოცვას, მით უფრო მტკიცე ფუნდამენტი ექნება მათ შემდგომ სულიერ ცხოვრებას. შინაგანი ლოცვა ნებისმიერ პირობებშია შესაძლებელი’’.

ხშირად კითხულობენ: ,,შეიძლება თუ არა, რომ იესუს ლოცვამ დაგვაზიანოს? მან შეიძლება მხოლოდ ეშმაკი დააზიანოს და არა ჩვენ. ეშმაკმაც იცის ეს და ამიტომაც ცდილობს, რომ როგორმე ლოცვას მოგვწყვიტოს. ყველა უნდა ისწრაფოდეს მოუკლებელი იესუს ლოცვისკენ. ზიანს კი ლოცვა კი არ მოგვაყენებს, არამედ საკუთარი სიამაყე.

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სულიერების დონე თანდათანობით ეცემა. მრავალი ადამიანი მიდის ეკლესიაში, მაგრამ არ სურს, რომ თავის იდეურ გზააბნეულობებს განშორდეს. ზოგს ჩანასახის დონეზეც კი არ აქვს სიმდაბლე, ვერ ხედავს საკუთარი დაცემულობის საზომს, არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება სწორი სულიერი ცხოვრებისა და იწყებსნ დიდი მლოცველების ლოცვითი პრაქტიკის განხილვას და ინტერნეტ-ფორუნებში ,,თეოლოგიურ’’ დისპუტებს მოწყობას. ჩვენი სულიერი მდგომარეობა და ლოცვა კი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ცხოვრების წესთან. წმინდა ისააკ ასური ამბობს: ,,როგორც ლოცულობ ისე ცხოვრობ და როგორც ცხოვრობ ისე ლოცულობ’’.

დღეს თანამედროვე ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ მისი სულიერი მზერა ვერ ცდება მიწიერი სამყაროს, რომელიც უამრავ საზრუნავსა და ისეთ პრობლემებს გვიქმნის, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევენ. ასეთი გარემო პირობები აიძულებენ ერის ადამიანს, რომ გაუფანტავი ლოცვისთვის მუდმივ და გამომფიტავ ბრძოლაში ჩაებას. ჩვენ ვიძირებით უწყვეტ, ამაღელვებელ განცდებში, აზრებსა და ჩვენი გულისა და ნების ურთიერთსაპირისპირო მოძრაობებში. ამ დროს ვფიქრობთ, რომ გაცილებით ადვილი იქნებოდა ლოცვა ეს ყველაფერი ხელს რომ არ გვიშლიდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი საზრუნავები და საქმეები უმეტესწილად ბუნებრივია და აუცილებელიც კი ერში ცხოვრებისთვის.

იმისათვის, რომ ეს წინაღობები გადავლახოთ და ამავდროულად მუდმივ ლოცვით მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ, აუცილებელია, რომ საკუთარი თავი შინაგან საქმიანობას, ანუ გონიერ ლოცვას მივუძღვნათ. ამასთან ერთად, შეცდომა იქნება ის მდგომარეობა, თუკი ერში მცხოვრებნი საკუთარ თავს განდეგილებად მიიჩნევენ და მონასტრული ცხოვრების გარეგნულ იმიტაციას შეეცდებიან. ამით ჩვენ ქრისტეს კი არ გავყვებით, არამედ მის კარიკატურულ მიბაძვას დავიწყებთ.

ქრისტეს გაყოლა რეალობის ზურგშექცევას კი არ ნიშნავს, არამედ მის პირისპირ დგომას და მის აღქმას, როგორც ღმრთისაგან დაშვებული მოცემულობისა. ერში ცხოვრებისას იესუს ლოცვის მოხვეჭის მცდელობა ცხოვრებისეულ პირობებთან ბრძოლას კი არ გულისხმობს, რომელიც თავის მხრივ, ღმრთის განგებულებით გვეძლევა, არამედ ძალისხმევას, რომ როგორმე ლოცვის მიერ საკუთარი ცხოვრება გარდავქმნათ და ფერი ვუცვალოთ. ამისთვის კი ლოცვა ჩვენთვის სულიერ საყრდენად უნდა იქცეს, რაც სინამდვილეში ყველასთვის შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მარტივი არ არის და საჭიროა თავგანწირვა და შრომა, მაგრამ ეს იქნება სავსე სიცოცხლე, ლოცვით განსჭვალული ცხოვრება, როდესაც ნებისმიერი სიტუაცია სტუმულს მოგვცემს, რომ ქრისტეს მივმართოთ. ასეთი შინაგანი განწყობა თუ გვექნება, ჩვენი ცხოვრების თითოეული მომენტი და თითოეული გარე გამაღიზიანებელი ჩვენთვის სულიერ გამოწვევად იქცევა და ლოცვისკენ გვიბიძგებს.

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ლოცვა საკმაოდ ხარვეზიანია. დღის განმავლობაში ძლივს ლიცლიცებს და მალევე ქვრება ხოლმე. ამის მიზეზი კი ჩვენშია. ჩვენი სული განმსჭვალულია თვითკმაყოფილებით. ჩვენ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საკუთარ პერსონას და ამასთან ერთად, ზედმეტად ვეყრდნობით საკუთარ თავს. ამ ყველაფრის ფონზე კი ჩვენთვის ქრისტესთან ურთიერთობა ჩვენი ცხოვრების პერიფერიაზე ინაცვლებს. ამ მოვლენის კანონზომიერი ნაყოფი ჩვენი ლოცვის უნაყოფობა და დაუცველობაა. ის ამასოფლის სულის მცირე შემოტევაზეც კი ფერფლივით იფანტება.

იქედან უნდა დავიწყოთ, რომ ამასოფლის სულის აგრესიულობას საკუთარი შინაგანი სიმშვიდე დავუპირისპიროთ, არ ჩავიძიროთ გარემომცველ მღელვარებაში, არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ეს მდგომარეობა ჩვენზე გაბატონდეს. ამისთვის კი პირველ რიგში, საჭიროა შინაგანი მდუმარებისა და გრძნობათა სიმშვიდის მოხვეჭა, ანუ ის მდგომარეობა, რომელსაც ისიქაზმის დასაწყისი ეწოდება და რომელიც ჩვენს გულში სულიწმიდის მკვიდრობაზე მოწმობს. ამ დროს, ადამიანში ისადგურებს სიღრმისეული სიჩუმე, წყდება გულისსიტყვათა ნაკადი, ჩერდება საკუთარ თავთან დიალოგი და დუმდება ჩვენი გული. ამ სიმშვიდემ მთელი ჩვენი შინაგანი სამყარო უნდა მოიცვას, ისევე როგორც მზის სხივები განსჭვალავენ ხილულ სამყაროს. სწორედ ეს არის ისიქია.

,,ყოველი ადამიანის გულთან ვდგავარ და ვრეკ’’ – ქრისტეს ამ სიტყვებს ხშირად განყენებულად აღვიქვამთ და საკუთარ თავს არ განვუკუთვნებთ ხოლმე. მაგრამ ეს კაკუნი თითოეული ქრისტიანის გულში ისმის. კაკუნს კი ჩვენ ვაიძულებთ მას, რადგან კაკუნი ხომ იქ არის საჭირო, სადაც კარი დაკეტილია. ის ხომ არ გვიკეტავს მას, ჩვენ შიგნიდან ვკეტავთ ჩვენი გულის კარს. ქრისტესთვის გულის გახსნას კი საკმაოდ დიდი ღვაწლი სჭირდება, რადგან საჭიროა ჩვენი ეგოიზმის მძიმე ბორკილები მოხსნა. ლოცვა სულითა და ჭეშმარიტებითა არის გონიერ-გულისმიერი ლოცვა და ეს არის განღმრთობისაკენ სავალ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი.

თარგმნილია წიგნიდან: ,,Молитва Иисусова. Опыт двух тысячелетий. Том первый. (Издательский проект ,,Путь умного делания’’. Москва 2018)

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share