მამა ეფრემი scaled

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ლოცვა განაგდებს სასოწარკვეთილებას, უიმედობას, მცონარებას

რისთვის მოვედით აქ? განა იმისთვის არ მოვედით, რომ ღმერთი ვიპოვოთ, იმისთვის არ მოვედით, რომ მისი მადლი ვიპოვოთ, იმისთვის არ მოვედით, რომ მშვიდობა ვიპოვოთ და ვნებებისგან გავთავისუფლდეთ? მაშ ასე, იესუს ლოცვით ყველაფრის განხორციელება შეიძლება. წმინდა მამები ამბობენ, რომ გონება ადვილად შეიბილწება და ადვილადვე განიწმინდება. გული ძნელად შეიბილწება და ძნელად განიწმინდება. გონება, როგორც კი ბოროტისკენ მიიქცევა, მაშინვე შეიბილწება, გული კი სწრაფად არ ხდება სიბილწის მონაწილე. როცა გულში გარკვეული სულიერი მდგომარეობა სუფევს და შემდეგ რაიმე მიზეზის გამო დაკარგავს მას, მაშინ გონება სხვადასხვაგვარად იწყებს შებილწვას, გული კი ადვილად არ იცვლება, რადგან მანამდე ის მადლმა შეცვალა და ბოროტება ძნელად, ნელ-ნელა აღწევს მასში.

იმისთვის, რომ ხორციელმა, ვნებიანმა და ქედმაღალმა გულმა უვნებობას მიაღწიოს, აღარ იგრძნოს ვნებები, საჭიროა ლოცვა. როდესაც ცენტრი განიწმინდება, მაშინ მის გარშემო ყველაფერი წმინდა გახდება. ლოცვა განაგდებს სასოწარკვეთილებას, უიმედობას, მცონარებას და განახლებულ სურვილსა და სწრაფვას შობს ახალი ღვაწლისთვის.

როცა ამას ვიგრძნობთ, მაშინ ნათლად გავაცნობიერებთ ლოცვის ნაყოფს, მის მიზანს. მაშინ მივხვდებით, რომ ცათა სასუფეველი ჩვენს გულშია. ”სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს”.

იქ, გულში ლოცვით ჩატარებული კვლევის, გათხრების შედეგად – გონების გულში ყურადღებით დაკავების მცდელობით – ვიპოვით დაფარულ მარგალიტს. ეს რა მარგალიტია? ეს სულიწმიდის მადლია, რომელიც ნათლისღების დროს მივიღეთ, მაგრამ ჩვენი უმეცრების თუ ვნებებისთვის თავის მიცემის გამო მადლი დაიმარხა.

წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”


მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)