ხატი წმ.ნიკოლოზ კასატკინი

რა უნდა იცოდნენ მათ, ვინც მისიონერულ მსახურებას ეწევიან? – წმინდა ნიკოლოზ იაპონიის განმანათლებელი

წმინდა წერილში ნათქვამია: ‘’შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ’’(ზირ.2:1-3). ყველამ, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ქრისტეს ვემსახუროთ და მისი საქმე გავაგრძელოთ, კარგად ვიცით, რომ ქრისტეს სამსახურში ყოფნა ნიშნავს საკუთარი თავის მუდმივ იძულებას და უდიდეს შრომას. გარდა ამისა, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მსახურებას გამოუთქმელი სიხარული მოაქვს. რადგან ყოვლისხმედველი, ცოცხალი ღმერთი არამხოლოდ ხედავს, არამედ ეხმარება კიდეც მათ, ვინც მას ემსახურება. ეს გზა აღსავსეა მრავალი ხიფათით, განსაცდელითა და მწუხარებით. ამიტომაც გვასწავლის წმინდა წერილი, რომ თუ გვინდა, რომ ქრისტეს ვემსახუროთ, ჩვენი სული განსაცდელებისთვის და ბრძოლისთვის მოვამზადოთ.

არსებობს განსაცდელების კიდევ ერთი სახეობა, კერძოდ კი – საცდურები, რომლებიც უშუალოდ ეშმაკისგან მოდიან და ჩვენს აზრებში წყვდიადი შემოაქვს, ხოლო ჩვენს გულში კი სხვადასხვა სახის უწმინდურება. ამით ცდილობს, რომ შეარყიოს და ქრისტეს განაშოროს ის სული, რომელიც  მისიონერული ღვაწლის გზას ადგას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მუდამ ამ განსაცდელებით, ბრძოლებითა და საცდურებით ვართ გარშემორტყმულნი. წმინდა წერილში ნათქვამია: ‘’ განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა’’(1.პეტ. 5:8).

ყველა მისიონერი, კატეხიზატორი და მღვდელი, ეშმაკის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფება. ის მუდამ უშვებს მათი მიმართულებით ცეცხლოვან ისრებს, რათა როგორმე დაამარცხოს და დასცეს ისინი. მისი ყველაზე საშიში ისრებია – თვითკმაყოფილება და სიამაყე. რადგანაც მრავალი მისიონერი და კატეხიზატორი ახალგაზრდულ ასაკში იწყებენ საქმიანობას და ადამიანები მათ უკვე მასწავლებლებად აღიქვამენ. სწორედ ამიტომ, საერთოდაც არ არის გასაკვირი ის, რომ ეშმაკი ამ ყველაფერს იყენებს და მათში სიამაყეს აღვივებს; ეკლესიის რამდენი მსახური განგმურულა ამ შხამიანი ისრით!

ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდამ ვამზადებდეთ საკუთარ თავს ამგვარი განსაცდელებისთვის. თუ არ მოვემზადეთ, მაშინ მუდამ დაგვამარცხებენ საცდურები. ასეთებს ეშმაკი ადვილად დაამარცხებს.

იმის შესახებ, თუ რა საშუალებები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამ ყველაფრისთვის მოვემზადოთ, წმინდა წერილში ვკითხულობთ:

პირველ რიგში – ‘’ გული დაიმორჩილე’’(ზირ.2:2), ანუ დაიცავი შენი გული, გამოასწორე შენი საქმეები, ეცადე მოიხვეჭო სათნოებები და ასეთი ღვაწლით გაექცევი დაცემას. თუ გემს კარგად მართავენ, აღარ იქნება საშიში აღელვებული ქარიშხალი და მძვინვარე ტალღები, მაგრამ თუ არ მიაქციე ყურადღება, არის დიდი საშიშროება იმისა, რომ კატასტროფა განიცადოს. თუკი ცხენს ვერ მართავ ისე, როგორც საჭიროა, ან ორმოში ჩავარდება, ან წაიქცევა და გადმოგაგდებს. ასევეა ადამიანის გულიც: თუ არ აკონტროლე და დაიმორჩილე, წარმოგიდგენიათ სადამდე შეიძლება მივიდეს?

მეორე: ‘’ მოთმინებით აღიჭურვე’’. ადამიანი ბოროტებისკენაა მიდრეკილი და ამიტომაც, იმისათვის, რომ განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვიდეს, აუცილებელია, რომ ჰქონდეს მზაობა სხვადასხვაგვარი მწუხარების და შრომის დათმენისა. ასევე, თავშეკავებისა და საკუთარი გულის ქრისტესკენ მიმართვისა. თუ არ შეგვიძლია მწუხარებების დათმენა და მძიმე შრომის გაწევა, ვერაფრის გადალახვას ვერ შევძლებთ, რადგან შრომის გარეშე ვინ შეძლებს მტრის დამარცხებას? მესამე: ‘’ მიეახლე მას და ნუ განშორდები’’(ზირ.2:3). მივეწებოთ ქრისტეს და არ განვშორდეთ! ასეთ შემთხვევაში დაცულნი ვიქნებით ნებისმიერი განსაცდელისას და ნავსაყუდელს მიღწეული გემის მსგავსად, აღარ შეგვეშინდება საზარელი ქარიშხლისა.

წყარო: https://www.pravoslavie.ru

მთავარი ფოტო: წმინდა ნიკოლოზ იაპონელის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)