მეუფე ათანასე19

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ლოცვის ნაყოფები უსაზღვროა

დასაწყისსში იესუს ლოცვა ბაგეებით წარმოითქმება. როდესაც მარტონი ვართ არ გაგვიჭირდება ლოცვის მრავალჯერ ჩურჩულით ან სულაც ხმამაღლა წარმოთქმა. მრავალჯერ იმიტომ, რომ ყოველი ლოცვა – იმ კლდეზე დარტყმაა, რომელიც ჩვენს გულში აღმართულა, იმ კლდეზე, რომელიც ჩვენი გულია. ხანდახან ადამიანის გული იმდენად მკვრივია, რომ გრანიტს მოგაგონებს და ადამიანი, რომელიც ლოცულობს თითქოს ჩაქუჩი უჭირავს და ამ კლდეს ურტყავს, რომ დაამტვრიოს ეს ქვა. ყოველი დარტყმისას, პატარა ნაწილი ტყდება და ქვა ინგრევა, ის ურტყავს, ურტყავს, ურტყავს სანამ საბოლოოდ არ ჩამოიშლება. და როდესაც ჩამოიშლება ადამიანი ადამიანი ხდება. ასე ავსებს ლოცვით თავის დროს, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

თავიდან რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. მლოცველი ცდილობს ლოცვა მრავალჯერ წარმოთქვას. თუ ხარისხიანად შეუძლია ლოცვა ანუ ყურადღებით და ლმობიერებით ძალიან კარგია, თუ ჯერ არ შეუძლია არ არის ტრაგედია, უბრალოდ ილოცოს. თუ სხვა არაფერი შემიძლია, დაე ჩემი ბაგეები მაინც უხმობდნენ ღმერთს. ესეც რაღაცას ნიშნავს. ეს იგივეა, როცა ვიღაც უფსკრულში ვარდება და თოკს ეჭიდება. უჭირავს თოკი და არ უშვებს და მოვა დრო და ღმერთი შეიწყალებს.

ხშირადაა შემთხვევები, რომ ბევრი ლოცულობს მაგრამ წყვდიადში არიან ჩაფლულნი და გამოსავალს ვერსად ხედავენ, ნუგეშს ვერ გრძნობენ, პასუხს ვერ იღებენ, მათი ლოცვა სულიერი წყვდიადი და ჯოჯოხეთია. ადამიანი, რომელიც თავს ასე გრძნობს, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს, იმიტომ, რომ ის სიმსივნით დაავადებულს ჰგავს, რომელიც ქიმიო თერაპიას გადის, თმები სცვივა, გულისრევა აქვს და ა.შ მაგრამ ესეც განკურნების პროცესია.

ადამიანი საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდეს, იმიტომ, რომ იქ ორი რამ ხდება. პირველი: სულისს იღრმეში ადამიანის თვალისთვის უხილავი, კოლოსალური ეგოიზმი ბუდობს. როდესაც ლოცვა ჩაქუჩივით მოქმედებს შიგნით, წყვდიადი გამოდის, რომელიც მასში ცხოვრობს. ეს ყველაზე მძიმე გამოცდილებაა მათთვის, ვინც ლოცვას იწყებს. იმის მაგივრად რომ სინათლე მოიპოვოს, წყვდიადს აწყდება, იმის ნაცვლად, რომ ღმერთს შეხვდეს, ჯოჯოხეთს ხვდება, იმის მაგივრად, რომ გაცუროს იძირება. ვისაც წმიდა სილუან ათონელის ცხოვრება წაგიკითხავთ გემახსოვრებათ, რომ ისიც ჯოჯოხეთში იძირებოდა, სასოწარკვეთილების, დაღუპვის ჯოჯოხეთში, მაგრამ უფალმა უთხრა:
– ამყოფე გონება შენი ჯოჯოხეთში, მაგრამ სასო არ წარიკვეთო!

ადამიანი აგრძელებს თხრას და რტყმას, ლოცვით მიიწევს თავისი არსების სიღრმეებში და იმედი აქვს, რომ ღმრთის წყალობას ეღირსება.
თავად ქრისტემ გვითხრა სახარებაში, რომ ყველაფერს რასაც ლოცვაში ვითხოვთ მივიღებთ. შუეძლებელია ქრისტე ტყუოდეს! მან გვითხრა: ირეკდეთ და განგეღოს თქუენ. ითხოვეთ და აუცილებლად მიიღებთ, თუ ვერ იღებთ ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უნდა ითხოვოთ, იყოთ მომთმენნი, არ დაკარგოთ კადნიერება – ურტყით თქვენი გულის ქვას და სულიწმინდა აუცილებლად გაარღვევს მას. სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, როდესაც ამ წყვდიადს ხედავთ, როდესაც გონების მოკრებას ვერ ახერხებთ.

ბევრი ახალგაზრდა მოღვაწე ამბობს:
– მეუფეო, ვლოცულობ, მაგრამ გონებას ვერ ვიკრებ, აქეთ-იქით დაეხეტება. არ შემიძლია მისი შეჩერება!
ნუ გეშინიათ! რამდენიმე ხნის მერე, როდესაც ის ამ სივრცეში იძირება, მაგრამ მოთმინებას ავლენს, მისი არსების სიღრმეში იმედი იბადება – ღმრთის წყალობის იმედი. ეს იმედი აყვავებას იწყებს და მის შრომასა და სიმტკიცესთან ერთად ეს სინათლე ნელნელა აჭარბებს წყვდიადს.

ლოცვის ნაყოფები კი უსაზღვროა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ