ლოცვისთვის განსაზღვრულ დროს უფრო მეტი ყურადღებითა და გონების მოკრებით თავი უნდა ვაიძულოთ, ვეცადოთ, გონება გულის ადგილს მივაჯაჭვოთ, რა თქმა უნდა, წარმოსახვის გარეშე. ნელა ვისუნთქოთ და ლოცვა ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” შინაგანი ხმით ვიმეოროთ. გონება, როგორც მცველი, როგორც ზედამხედველი, თვალყურის სადევნებლად დავუყენოთ შინაგან ხმას, რომელიც ლოცვას ამბობს, ამასთანავე იმასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ რაიმე წარმოსახვა არ მიიღოს.
როცა ადამიანი ამ გზით ლოცვას მიეჩვევა, გარკვეული პერიოდის შემდეგ – ეს მის გულმოდგინებაზეა დამოკიდებული – ლოცვაში წარმატებას აღწევს, რა თქმა უნდა, ღმრთის მადლით, რადგან მწამს, რომ ლოცვა მთლიანად ღმრთის მადლზეა დამოკიდებული. ადამიანი ლოცვის ამ ხერხითა და მეთოდით ღმრთის მადლის თანამონაწილე ხდება. მადლი კი ის არის, რითაც უფლის სახელის ხსოვნას მიაღწევს ადამიანი. ამის დასტურია ის, რომ ადამიანი ნებისმიერ სხვა რამეზე ადვილად ფიქრობს, ღმრთის სახელის ხსენებისთვის კი უდიდესი ძალისხმევას ჭირდება.
ეს მცირე შრომა არ არის. თუმცა ერთი შეხედვით ადვილი ჩანს: თავი დახარო, გონება მოიკრიბო და ლოცვას ადევნო თვალყური. მაგრამ თავისი არსით ძნელია, რადგან ბოროტს არ სურს, რომ ვლოცულობდეთ. გონიერი ლოცვა სატანის შეურიგებელი მტერია! ამის გამო არც ისე ადვილია ეშმაკმა მისგან დაწვა და დამდუღვრა აიტანოს და ლოცვას ადამიანის გულში ქრისტეს აღსაყდრებისა და გულის არედან მისი გამოძევების უფლება მისცეს. როგორც ვთქვით ლოცვის მიზანი ადამიანის გულში ქრისტეს დამკვიდრებაა, რაც მოწინააღმდეგისთვის – სატანისთვის – სრულიად მიუღებელია.
წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ