Image 1

იღუმენი ხარლამპე ათონელი – თავისუფლად რომ ივარჯიშო გონებისმიერ ლოცვაში, სინდისი სუფთა უნდა გქონდეს

ლოცვა გულისმიერი მაშინ ხდება, როცა გონება გულის მიერ არის სრულიად შთანთქმული: თუნდაც ბომბები ფეთქდებოდეს, სახლს ცეცხლი წაეკიდოს, თუნდაც ადამიანს ცოცხლად დაწვა ელოდეს, ის მასში დარჩება.

შენთვის გასაგები რომ გახდეს, წაიკითხე წმინდა ირინე ქრიზოვოლანელის ცხოვრება. სატანამ ტანსაცმელზე ცეცხლი შეუნთო, მთელი სხეული ეწვოდა, მაგრამ ის სანთელივით გაუნძრევლად იდგა.

სწორედ ეს არის ნამდვილი ლოცვა, რომელიც ელვასავით აღიწევა ზეცამდე და ღვთის საყდრამდე მიაღწევს: ბაგე განუხსნელად, მდუმარედ მლოცველ მოსეს მოესმა უფლის სიტყვები: “რასა ღაღადებთ ჩემსა მომართ” (გამოსვლათა 14,15). ეს ნიშნავს, რომ ლოცვა შიგნიდან გამოდიოდა და გულიდან გამომკრთალმა ელვამ ზეცამდე მიაღწია.

ახალდამწყების ბაგეებით ლოცვები სხვადასხვა გულისთქმაშია არეული და არ არის წმინდა. აბა, მას როგორ დაერქმევა გულისმიერი? სწორედ ასეთ ლოცვაზე ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: “ღაღადვყავ შენდამი, უფალო” (ფს. 15,22).

ქანანელი როცა ქრისტეს თავის შვილზე შესთხოვდა ბაგეებით, ასევე სიღრმით გულისათაც ევედრებოდა. ეს იყო გულისმიერი ლოცვა. შვილო ჩემო, როცა გონება ღმერთში ჩაიძირება, მაშინ, თუნდაც ბაგეებით წარმოთქვამდე ლოცვას, ასეთ ლოცვას “გულისმიერს” ეძახიან. ის გულის სიღრმეებიდან გამოდის. გული და გონება ღმერთში ერთდება.

არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა: თავისუფლად რომ ივარჯიშო გონებისმიერ ლოცვაში, სინდისი აუცილებლად სუფთა უნდა გქონდეს.
მაგალითად, შენ ცხოვრობ მონასტერში, რომლის თემიც ორმოცდაათი ძმისგან შედგება. შენი ვალია, მათთან მშვიდობითა და სიყვარულით იცხოვრო. თუ სათნო ეყოფი ორმოცდაცხრას და უგულებელყოფ ერთ-ერთ მათგანს, ის ერთი გადასწონის ყველაფერს და ლოცვა არ წაგივა, ეს უგულებელყოფა დაგაბრკოლებს.

ზოგჯერ სხვა არის დამნაშავე, მაგრამ ის არ ჩქარობს შენგან შენდობის თხოვნას. მაგრამ თუ გსურს ლოცვისას ღმერთი შეიძინო, მისი დანაშაული უნდა იტვირთო, სთხოვო შენდობა, მისთვის ილოცო, ყველაფერი გააკეთო მის შესარიგებლად. თუმცა ის თუ ეშმაკით არის შეპყრობილი და გაგირბის, მაშინ დიდი მოთმინებით აღჭურვა გმართებს. ზოგიერთი მკვლელობის დემონით არის შეპყრობილი, რომელიც უბნელებს გონებას. ასეთ ადამიანებთან შეუძლებელია საუბარი, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, გვიყვარდეს ისინი და ვილოცოთ მათთვის.

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©