efrem arizoneli 8

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – სიფხიზლით შრომა აუცილებელია ადამიანის სრულყოფისთვის

ისიხასტმა მამებმა ბევრი იღვაწეს, რომ ლოცვის საშუალებით ღმრთის მადლი მოეპოვებინათ. ამიტომ ჩვენ, მათ შვილებს, მუდმივი მადლიერება გვმართებს, რომ გვიჩვენეს გზა, რომელსაც სული ღმერთთან ერთობამდე მიჰყავს. გიკვირს და ამბობ: ‘’განა შესაძლებელია ადამიანებმა, განსაკუთრებით კი მონაზვნებმა და სამღვდელოებამ, სულიერად იცხოვრონ და დაიკმაყოფილონ სულიერი მოთხოვნილება ლოცვის გარეშე, რომელიც ჩვენი ეკლესიის ისიხასტმა მამებმა საკუთარი გამოცდილებით გადმოგვცეს?’’

წმინდა გრიგოლ პალამამ, მდუმარების, მღვიძარების და განსაკუთრებით კი, უწყვეტი ლოცვის დიდმა მნათობმა, ლოცვის შესახებ ყველაზე დიდი და სრული მეთოდოლოგიური სწავლება დაწერა. მას ‘’ისიხასტთა კორიფე და წინამძღოლი’’ ეწოდა.
ამ დიდმა მამებმა გვასწავლეს, რომ როცა ადამიანის სულს უწმინდური, ამპარტავნული, ეგოისტური, მკრეხელური და სხვა ცოდვის გულისსიტყვები მოიცავს, ლოცვასა და უარყოფასთან ერთად უნდა ეცადოს გულისწყრომითა და რისხვით განდევნოს ისინი. ბოროტი წარმოსახვებისა და გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ რისხვა არ კმარა; ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, მისთვის აუცილებელია განუწყვეტლივ ილოცოს და უფლის სახელს მოუხმოს: ’’უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’.

მეთოთხმეტე საუკუნიდან დაწყებული, წმინდა მამებმა თანდათან ჩამოაყალიბეს და სისტემაში მოიყვანეს გონიერი ლოცვა. მათ დაგვიტოვეს ნაშრომები ლოცვის შესახებ და საჯაროდ განაცხადეს, რომ მღვიძარება, სიფხიზლით შრომა აუცილებელია ადამიანის სრულყოფისთვის.

წმინდა მამათა თანახმად, ქრისტეს სახელს აღმადგინებელი ძალა აქვს, იესუს ლოცვას შესწევს ძალა, აღადგინოს უკიდურესად დაცემული სული, რომელიც დაუძლურდა, უდებება მმოიცვა და ცოდვაში ჩავარდა. სულიერების მქონე ადამიანის ცხოვრებაში არსებობს დღეები, წუთები, როცა შინაგან სიცარიელეს, სულიერ უძლურებას გრძნობს; რაღაც აკლია, რაღაც შინაგანი აქვს დაკარგული და არ იცის, როგორ დაუბრუნდეს საკუთარ თავს, როგორ დაიბრუნოს სულის პირვანდელი ძალა და მადლი; არ იცის, დაკარგული სისავსე როგორ მოიპოვოს.

ასეთ შემთხვევაში წმინდა მამები გვასწავლიან: ხელახლა დაიწყე და იმეორე იესუს ლოცვა, ან ბაგით ან გონებით, და დაკარგული სისავსე დაგიბრუნდება. ადამიანი მას კვლავ მოიპოვებს, ოღონდაც თავი აიძულოს ლოცვისთვის. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანმა არ შეწყვიტოს ლოცვა. ‘’მაგრამ შრომის დროს, – იკითხავს ვინმე, – გონება ხომ აქეთ-იქით დაქრის’’. თუმცა ასეთ დროსაც თავისუფლად შეიძლება წყნარად, და ბალი ხმით ბაგეებით ლოცვა, რომ სულს მადლის უწინდელი შეგრძნება დაუბრუნდეს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ