ლოცვა1 1

ბაგისმიერი და ხმიერი ლოცვის შესახებ – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

ლოცვაში წარმატების მსურველთაგან, დაე, ნურავინ გაკადნიერდება და ზედაპირულად ნუ იფიქრებს და იმსჯელებს გონების მოკრებით, ბაგეებით და ხმამაღლა წარმოთმულ ლოცვაზე, როგორც უმნიშვნელო საქმეზე, რომელიც არ იმსახურებს ყურადღებას. თუკი წმინდა მამები, გონების მოუკრებლად, ხმიერ და ბაგისმიერ აღვლენილი ლოცვის უნაყოფობაზე საუბრობენ, ეს არ ადასტურებს იმას, რომ ისინი უარყოფდნენ და სრულიად უკუაგდებდნენ თვით ბაგისმიერ ლოცვას. არა! ისინი ამ დროს მხოლოდ ყურადღებას მოითხოვდნენ. ყურადღებით  ბაგისმიერ და ხმამაღლა წარმოთქმული ლოცვა, გონიერი ლოცვის საწყისი და მიზეზია. ყურადღებიანი ბაგისმიერი და ხმიერი ლოცვაც, გონიერი ლოცვაა. თავდაპირველად, ლოცვის ყურადღებით, ბაგისმიერი და ხმიერი წარმოთქმა ვისწავლოთ – შემდგომ კი, მხოლოდ გონებით, გულის საკანში მყუდროებით ლოცვასაც ვისწავლით.

ბაგისმიერი და ხმიერი ლოცვის შესახებ,  წმინდა წერილშივეა მითითებული; ბაგისმიერი და ხმამაღლა წარმოთქმული ლოცვის მაგალითს, თავად მაცხოვარი გვაძლევს და უფლისაგან ის მემკვიდრეობით გადაეცემათ მოციქულებს . “და გალობაჲ წართქუეს საიდუმლო სერობის დასრულების ჟამს, – ამბობს წმინდა მათე მახარებელი უფლისა და მისი მოწაფეების შესახებ, – და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა”(მთ.26:30). უფალი ყველას გასაგონად ლოცულობს ოთხი დღის გარდაცვლილი ლაზარეს აღდგინებამდეც (იოან.11:41-42). საპყრობილეში დატყვევევბული წმინდა პავლე მოციქული და მისი თანამგზავრი შილა, შუაღამით ხმამაღლა ლოცულობენ და უგალობენ უფალს; დანარჩენი ტყვეები კი მათ ყურს უგდებენ. უეცრად, მათი გალობის პასუხად,  “მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს”(მოც.საქ. 16:26). სამოელ წინასწარმეტყველის დედა, ანა, რომელიც  წმინდა მამებს ხშირად ლოცვის მაგალითად მოჰყავთ, ერთ-ერთი იყო იმ გონიერთაგან, ვინც ამ სათნოებას ფლობდა. “და ბაგენი მისნი იძრვოდეს ოდენ, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა” – ამბობს წმინდა წერილი (1მეფ.1:13).  ეს ლოცვა, არ იყო ხმამაღალი, მაგრამ ის გახლდათ გულისმიერი და ამასთანავე, ბაგეებით გამოთქმული. წმინდა პავლე მოციქული ბაგეებით გამოთქმულ ლოცვას უწოდებს “ნაყოფსა ბაგეთა”და გვმოძღვრავს, “ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა”(ებრ.13:15); მოგვიწოდებს ვიტყოდეთ “თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა” და ლოცვისა და გალობის ხმამაღლა და ბაგისმიერი აღვლენით “უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა”(ეფ.5:19). იგი გმობს უყურადღებობას ლოცვის ხმიერი და ბაგისმიერი წარმოთქმისას. “და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ (გაუგებრად) ჴმაჲ გამოსცეს, – ამბობს იგი –  ვინ-მე განემზადოს ბრძოლად? ეგრეთცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად (ანუ გაუგებრად) სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი”(1კორ.14:8-9).

მართალია, მოციქულმა ეს საკუთრივ მლოცველთათვის და სულიწმინდის გარდამოცემის სხვადასხვა ენებზე გამომთქმელთათვის განაცხადა, თუმცა, წმინდა მამები, სამართლიანად განუკუთვნებენ მას უყურადღებოდ მლოცველებსაც. უყურადღებოდ მლოცველი და ამიტომაც ვერ გამგონე საკუთარ სიტყვათა, განა სხვა ვინაა საკუთარი თავისათვის, თუ არა უცხოელი?

ამაზე დაყრდნობით, ღირსი ნილოს სორელი ამბობს, რომ ხმიერი და ბაგისმიერი ლოცვის უყურადღებოდ წარმომთქმელი, ლოცულობს ჰაერის და არა უფლის მიმართ. “უცნაურია შენი  სურვილი, რომ უფალმა შეისმინოს შენი მაშინ, როდესაც თავადაც არ გესმის საკუთარი თავის!” – ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი, იმოწმებს რა წმინდა მოწამე კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებს. ეს კი, მართლაც ემართებათ წარმოთქმითა და ბაგისმიერ უყურადღებოდ მლოცველთ: მათ მანამ არ ესმით საკუთარი თავის, მანამ ერთობიან უცხო საგნებით და გონებით იმდენად შორდებიან ლოცვას, რომ ხშირად ლოცვის შეწყვეტა  უწევთ, ავიწყდებათ რა, თუ რას კითხულობდნენ; ანაც, აღმოსაკითხი სიტყვების ნაცვლად, სხვა ლოცვის სიტყვების წარმოთქმას იწყებენ, მაშინ, როდესაც მათ თვალწინ გადაშლილი წიგნია. როგორ არ უნდა დაგმონ წმინდა მამებმა ამგავრი უყურადღებო ლოცვა, დაზიანებული და განადგურებული გონებაგაფანტულობისაგან!

“ყურადღება, – ამბობს წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, – იმდენად უნდა იყოს დაკავშირებული ლოცვასთან, რაოდენ დაკავშირებულია   სხეული სულთან, რომელნიც არ შეიძლება იყოს განცალკევებულნი და ერთი გარეშე მეორისა. ყურადღებამ უნდა დაგვაზღვიოს და დაგვიცვას მტრისაგან, როგორც დარაჯმა; დაე, ის პირველი ეკვეთოს ცოდვას და წინ აღუდგეს მაცდურ ზრახვებს, გულისაკენ რომ მიიწევენ; დაე, ყურადღებას თან მოჰყვეს ლოცვა, წამისყოფაში გამანადგურებელი და აღმხოცველი ყველა ბოროტი ზრახვისა, რომლებთანაც, ყურადღებამ პირველი დაიწყო ბრძოლა, – რამეთუ მას მხოლოდ, არ ხელეწიფება მათი მოკვდინება. ამ ბრძოლაზე, რომელიც ყურადღებისა და ლოცვის მიერ წარიმართება, დამოკიდებულია სიცოცხლე და სიკვდილი სულისა. თუკი ყურადღების მეშვეობით წმინდად შევინარჩუნებთ ლოცვას, წარვემატებით. მაგრამ, თუკი მის სიწმინდეზე არ ვიზრუნებთ და უყურადღებოდ დავტოვებთ,  უკეთური ზრახვები წაბილწავენ მას – ჩვენ გავხდებით უვარგისნი და ვეღარ წარვემატებით”.

ხმიერ და ბაგისმირ ლოცვას, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერს, თან უნდა ახლდეს ყურადღება. ყურადღებით აღსრულებული ხმიერი ლოცვის სარგებელი – უთვალავია. ამით უნდა იწყებდეს მოღვაწე. წმინდა ეკლესია პირველად სწორედ მას აწვდის  თავის შვილებს. “მონასტრული ცხოვრების საფუძველი – ფსალმუნებაა”, – ამბობს წმინდა ისააკ სირიელი. ეკლესიამ – წმინდა პეტრე დამასკელის თქმით, – წმინდა და ღვთივსათნო მიზნით შემოიღო  გალობანი და სხვადასხვა ტროპარები, ჩვენი გონების უძლურების გამო, რათა ჩვენ, უგუნურნი და ფსალმუნების სიტკბოებით მიზიდულნნი, თითქოსდა ნების საწინააღმდეგოდ ვუგალობდეთ უფალს. მათ, ვისაც ესმით და იგებენ მათ მიერვე წარმოთქმულ სიტყვებს, გული ულბებათ და ამგვარად, კიბეზე აღსვლის დარად, კეთილ ზრახვებამდე ვმაღლებით.  ღვთიური აზრების შეწყნარების ხარისხი და წარმატებული სვლა ამისაკენ,  ჩვენში ავლენს ღმრთაებრივ სურვილსა და სწრაფვას იმისაკენ, რომ გულისხმა-ვყოთ და მცნებისამებრ უფლისა თაყვანი ვცეთ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა ”. პირი და ენა, რომლებიც ხშირად იწრთობიან ლოცვასა და ღვთის სიტყვის კითხვაში, მოიპოვებენ განწმენდას, ისინი უუნარო ხდებიან ამაოდმეტყველების, სიცილისა და ხუმრობისათვის და სამარცხვინო და უხამსი სიტყვების წარმოსათქმელად. გსურს რომ გონებისმიერ და გულისმიერ ლოცვაში წარემატო? ისწავლე ლოცვის ხმიერ და ბაგისმიერ ყურადღებით აღვლენა – ყურადღებით წარმოთქმული ლოცვა, თავისთავად გადავა გონებისმიერ და გულისმიერ ლოცვაში. გსურს, რომ კაცობრიობის საერთო მტრის მიერ ჩანერგული ზრახვების სწრაფად და მძლავრად  უკუგდება ისწავლო? უკუადგე ისინი ხმამაღლა წარმოთქმული ყურადღებიანი ლოცვით, ლოცვის სიტყვების აუჩქარებლად და გულის შემუსვრილებით წარმოთქმით, მაშინ, როდესაც მარტო იქნები შენს კელიაში. გაიჟღერებს რა ჰაერში ყურადღებით წარმოთქმული და ბაგისმიერ გამოთქმული ლოცვა – შიშის ჟრუანტელი დაუვლით ჰაერის მცველებს, მოდუნდება  კუნთები მათი, დაიშლება და განადგურდება მათი ბადეები! გაიჟღერებს რა ჰაერში ყურადღებით წარმოთქმული და ბაგისმიერ გამოთქმული ლოცვა – და წმინდა ანგელოზნი მიუახლოვდებიან მლოცველთა და მგალობელთ, დგებიან მათ რიგებში და მათ სულიერ საგალობელს უერთდებიან, როგორც ღმრთის რამოდენიმე წმინდანი, მათ შორის, ჩვენი თანამედროვე, ნეტარი წმინდა მამა, სერაფიმ საროველი  გახდა ამის ხილვის ღირსი. უამრავი დიდი წმინდა მამა, მთელი ცხოვრების განმავლობაში იწრთობოდა ხმიერ და ბაგისმიერ ლოცვაში და ამასთან, უხვად იღებდა სულიწმინდისაგან ნიჭებს. მათი წარმატების მიზეზი  გახლდათ ის, რომ ხმანი და ბაგენი მათნი, შეერთებული იყო გონებასთან, გულთან, მთელ სულთან და სხეულთან; ისინი მთელი სულითა და გულით, მთელი ძალით, მთელი არსებით, მთელი ადამიანური რესურსით  წარმოთქვამდნენ ლოცვას. ღირსი სვიმეონ მესვეტე, მთელი ღამის განმავლობაში, ამგვარად კითხულობდა მთელ ფსალმუნნს. წმინდა ისააკ სირიელი, ერთ ნეტარ მამაზე მოგვითხრობს, რომელსაც ლოცვისა და ფსალმუნების დროს, მხოლოდ ერთი “დიდების” აღმოკითხვამდე ეძლეოდა ფსალმუნთა კითხვის შესაძლებლობა, შემდგომ კი, იმდენად ძლიერად მოიცავდა ხოლმე საღმრთო ნუგეში, რომ მთელი დღე წმინდა აღტაცებისა და შეშლილობის მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვეღარ განიცდიდა თავის გარშემო არსებულ დროს. ღირს სერგი რადონეჟელს, დაუჯდომლის კითხვისას, ღმრთისმშობელი ესტუმრა პეტრე და იოანე მოციქულებთან ერთად. ღირსი ილარიონ სუზდალელის შესახებ მოგვითხრობენ: როდესაც იგი ტაძარში დაუჯდომელს კითხულობდა, მის ბაგეთაგან ენითაუღწერელი ძალით, ცეცხლოვანი სიტყვები გამოდიოდა და მოქმედებდა ტაძარში მყოფებზე. წმინდანების ბაგისმიერი ლოცვა, ყურადღებითა და ღვთიური მადლით იყო  გასულიერებული, რომელთა მეშვეობით  გახლეჩილი და დაყოფილი ადამიანური ძალების ერთ მთლიანობად ქცევა ხორციელდება, – ამიტომაც სუნთქავდა მისი ლოცვა ასეთი ზებუნებრივი ძალით და  გასაოცარ ზეგავლენას ახდენდა მსმენელებზე. წმინდანები უგალობდნენ უფალს “აღსარებითა გულისაითა”, ისინი უგალობდნენ და შენდობას სთხოვდნენ უფალსა “დაუდგრომლად”, ყურადღების გაფანტვის გარეშე; ისინი უგალობდნენ მას “მეცნიერებით” (ფსალ.46:8).

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ხანებში, ღირსი მამები და ყველანი, ვისაც კი ლოცვაში წარმატების მიღწევა სურდა, მცირედ ან საერთოდ აღარ აღავლენდნენ ხოლმე საკუთრივ საგალობლებს. ფსალმუნთა გალობაში კი, რომლის შესახებაც წმინდანთა ცხოვრებაშია მოთხრობილი, უნდა მოვიაზროთ ფსალმუნებისა და სხვა ლოცვათა უკიდურესად აუჩქარებლად და განგრძობილად კითხვა. განგრძობილი კითხვა, აუცილებელია ყურადღების შესანარჩუნებლად და გონებაგაფანტულობის თავიდან ასაცილებლად. განგრძობილობისა და გალობასთან მსგავსების გამო, ასეთ კითხვას ფსალმუნთა გალობა(ფსალმოდია) ეწოდება. ისინი სრულდებოდა ზეპირად; იმ ხანის ბერებს წესად ჰქონდათ ფსალმუნნის ზეპირად სწავლა: ფსალმუნთა ზეპირად კითხვა, განსაკუთრებით გვეხმარება ყურადღების მოკრებაში. ასეთი კითხვა – კითხვა აღარ არის უკვე, რამეთუ იგი აღევლინება არა წიგნის მიხედვით, არამედ ფსალმუნთა გალობის სრული გაგებით – ის შეიძლება აღსრულდეს ბნელ კელიაში, თვალების დახუჭვით, იმ მდგომარეობაში, რომელიც გვიცავს გონებაგაფანტულობისაგან. მაშინ, როდესაც განათებული კელია აუცილებელია წიგნის წასაკითხად, თვით წიგნში ცქერაც კი ფანტავს და აშორებს გონებას გულს და გარეთ გაჰყავს. “ისინი გალობენ, – ამბობს წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, – მაშასადამე ლოცულობენ ბაგენი”. “რომელთა უკუე აღარ იგალობონ, – ამბობს ღირსი გრიგოლ სინაიტი – კეთილს იქმან, რამეთუ, არსი წარმატებისა: აღარ მოითხოვს ფსალმუნთა წარმოთქმას, არამედ მდუმარებასა და მოუკლებელ ლოცვას”. საკუთრივ კითხვაში, წმინდა მამები მოიაზრებენ წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ხელნაწერების კითხვას, ლოცვას კი უპირატესად უწოდებენ იესუს ლოცვას, ასევე მეზვერის ლოცვასა და სხვა მოკლე ლოცვებს, უხვად რომ ანაცვლებენ ფსალმუნებას, რომელიც ახალდამწყებთათვის რთულად აღსაქმელია, ამას კი განსამარტად მიესადაგება მოსაზრება, რომ იგი აღმატებულია სულიერ გონზე და მხოლოდ მადლისმიერი გამოცდილებით შეიმეცნება.

ძმებო! ყურადღებით ვიყოთ ჩვენი ბაგისმიერი და ხმიერი ლოცვისას, რომელთაც საეკლესიო მსახურებებსა და კელიაში განმარტოებით აღვავლენთ.  მონასტრულ ცხოვრებაში გაწეულ ღვაწლს, ნუ ვაქცევთ უნაყოფოდ საღმრთო საქმეში ჩვენი უყურადღებობისა და უდებების გამო. ლოცვისას გულგრილობა დამღუპველია! წყეულ იყავნ – ამბობს წმინდა წერილი, – მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით” (იერ.48:10). თვალსაჩინოა ამ წყევლის მოქმედება: სრული უნაყოფობა და წარუმატებლობა, მიუხედავად მრავალწლიანი ბერმონაზვნური ცხოვრებისა. ლოცვითი ღვაწლის საძირკვლად, დავდოთ ყველაზე მთავარი და არსებითი მონაზვნურ ღვაწლთა შორის, ის, რომლისთვისაც არსებობს ყველა დანარჩენი ღვაწლი, ყურადღებიანი ბაგისმიერი და ხმიერი ლოცვა, რომლისთვისაც, გულმოწყალე უფალი, გულმოდგინე, მომთმენ და მორჩილ მოღვაწეს, თავის დროზე მიანიჭებს გონებისმიერ, გულისმიერ და მადლისმიერ ლოცვას. ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share