ბერი დაიბადა და გაიზარდა კიკლადების არქიპელაგის კუნძულ პაროსზე. ამ კუნძულის მკვიდრები კეთილი ზნე-ჩვეულებით გამოირჩევიან. მამა იოსების მშობლები უბრალო და ღარიბი ადამიანები იყვნენ. ამის გამო ბავშვები იძულებულები იყვნენ მცირე ასაკიდან გასულიყვნენ სამუშაოებზე, რათა პურის ფული მოეპოვებინათ. მისი მამა, გიორგი, ახალგაზრდა გარდაიცვალა და ამიტომ ვერ შეძლო ოჯახი სრულად უზრუნველეყო. ამგვარად, ბავშვების სიღარიბეს ობლობაც დაემატა, რაც უსახსრო ოჯახებისთვის არცთუ იშვიათი მოვლენაა. ბერის დედა, მარიამი, ღმერთის ჭეშმარიტი მხევალი იყო, ყველა ბუნებრივი და შეძენილი სათნოებით შემკული. მას სახარებისეული სიტყვა შეიძლება მივუსადაგოთ: „აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს”. ამ კურთხეულ ადამიანს ისეთი უბრალო და სრულყოფილი გული ჰქონდა, რომ ძალიან ხშირად ზებუნებრივ მოვლენებს ხედავდა, თანაც დარწმუნებული იყო, რომ სხვებიც იმავეს ხედავდნენ. საღმრთო ხილვების ღირსი განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა ხოლმე, როდესაც ეკლესიებში მიდიოდა, წირვა-ლოცვაზე იქნებოდა თუ უბრალოდ, დასალაგებლად.
როდესაც დედამ შეიტყო ჩვენი მოძღვრის სახლიდან წასვლა, რათა მონაზონი გამხდარიყო, თავისიანებს უთხრა: ბერი რომ გახდებოდა, მისი დაბადების დღიდანვე ვიცოდიო, შემდეგ კი ასეთი რამ უამბო:
-როდესაც ჩემი ფრანცისკო დაიბადა (ეს იყო ბერის საერო სახელი) და ჯერ კიდევ ლოგინში ვიწექი, ხოლო ახალშობილი ჩვილი გვერდში მეწვა, უეცრად ჭერი აიხსნა და ლამაზი, ფრთებიანი ახალგაზრდა ჩამოვიდა. ისეთი ბრწყინვალე იყო, რომ თვალს ძლივს ვუსწორებდი. იგი ჩემ გვერდით დადგა და აპირებდა, ბავშვი წაეყვანა. როდესაც შევეწინააღმდეგე: რას შვრები, შე კაი კაცო, ჩვილს მართმევ-მეთქი? დამაჯერებლად მომიგო, სწორედ ამისთვის მოვედი და ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებულიო. იმისთვის, რომ დავერწმუნებინე, უბის წიგნაკი მიჩვენა, რომელშიც ბრძანება ეწერა, ბავშვი წაეყვანა. მაგრამ რადგან არ ვუთმობდი, ძვირფასი ჯვრის ფორმის სამკაული მომცა და ჩვილი წაიყვანა.
ამ ხილვის შემდეგ მარიამი დარწმუნებული იყო, რომ ფრანცისკო ქრისტეს გზას შეუდგებოდა.
ჩვენი მოძღვარი სიჭაბუკემდე სოფელში ცხოვრობდა და წვრილ-წვრილი ოჯახური საქმეებით იყო დაკავებული. როდესაც სრულ ასაკს მიაღწია, პირეაში გაემგზავრა და ლავრიოში მუშაობდა მანამ, სანამ საზღვაო საჯარისო სამსახურში არ გაიწვიეს. ამის შემდეგ დანაზოგი ფული შეკრიბა და საკუთარი პატარა საქმე წამოიწყო. თავიდან იაფ ნივთებს ყიდდა, მოგვიანებით კი ვაჭარი გახდა. ჩვეულებრივ, სხვადასხვა ბაზრობებზე დადიოდა და ამგვარად საკმაოდ დიდი თანხა შეაგროვა, რაც ბრწყინვალე ეკონომიკურ მომავალს უქადდა. აქტიური ადამიანი იყო, მაგრამ ადამიანურობაც ახასიათებდა. ყოველთვის სძულდა უსამართლობა და მზაკვრობა. რამდენჯერაც მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ არაპატიოსანი ხერხებით გამდიდრებულიყო, არ დაჰყვა ცდუნებას.
ამასობაში ოცდასამი წლის გახდა. ძირითადად დედაქალაქში მოღვაწეობდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სულიერი წიგნების კითხვა. მასში ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებდა წმიდა მამების ცხოვრებანი, განსაკუთრებით, მკაცრი ასკეტებისა. მისივე სიტყვების თანახმად, მონაზვნობისკენ შემდეგმა მოვლენამ უბიძგა:
ერთხელ მესიზმრა, რომ სასახლის წინ უნდა ჩამევლო. უეცრად სამეფო დაცვის ორი ოფიცერი გამოვიდა და სასახლეში ამიყვანა. ვერ გავიგე, რა ხდებოდა და გავაპროტესტე. მაშინ თანამგზავრებმა ზრდილობიანად მომიგეს, უშიშრად გავყოლოდი, რამეთუ ასეთი იყო მეფის ნება. ერთ საოცარ დარბაზში ავედით, რომელიც ყველა ამქვეყნიურ შენობას აღემატებოდა. იქ ქათქათა თეთრი და ძვირფასი ტანსაცმელი ჩამაცვეს და მითხრეს, ამიერიდან აქ იმსახურებო. ამის შემდეგ მეფის წინაშე წარსადგენად წამიყვანეს.
იმწუთას გამომეღვიძა, მაგრამ ნანახმა და გაგონილმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სხვა არაფრის კეთება შემეძლო, ვერც სხვა რამეზე ვფიქრობდი. სამუშაო შევაჩერე და განუწყვეტლივ ჩაფიქრებული ვიყავი. ჩემ შიგნით ცოცხლად ჩამესმოდა ბრძანება: „ამიერიდან აქ იმსახურებ“. მთელი ჩემი მდგომარეობა, შინაგანიცა და გარეგანიც, შეიცვალა. ამქვეყნიური აღარაფერი მაინტერესებდა, მაგრამ არც ის ვიცოდი, რა ვნახე და რა უნდა გამეკეთებინა. ამასობაში ჩემი ორი ნაცნობი სულიერი გოგონა მიხვდა, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი და ერთი წიგნი მათხოვეს, რომელიც იმ დიდი წმიდანების ცხოვრებებს შეიცავდა, რომელთა ხსენებაც ზაფხულში უწევს. წიგნს ასეც ერქვა „კალოკერინი“.
ეს წიგნი დიდი მოშურნეობით წავიკითხე და მან ისეთი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, რომ მას მერე ამქვეყნიურზე აღარ მიფიქრია. ქალაქსა და ხმაურში ყოფნა უკვე ჭირდა. დავიწყე ქალაქგარეთ სიარული, ის ადგილები მაშინ ჯერ კიდევ დაუსახლებელი იყო. სხვადასხვა გარეუბნებში გავდიოდი, ძირითადად კი პენტელიში. ვცდილობდი ჩემი მაშინდელი მწირი ცოდნის შესაბამისად, ასკეტურად მეცხოვრა, ბევრი მარხვითა და ღამისთევით. ღამღამობით ზოგჯერ ხეებზეც ავდიოდი და მთელ ღამეს იქ ვატარებდი, რათა მესვეტე მამებისთვის მიმებაძა. ზოგადად, ვცდილობდი, ჭირთათმენის ის გზები გამომეცადა, რომლებსაც წიგნებში ვკითხულობდი. სწორედ მაშინ დავიწყე იმ უდაბნოებზე ფიქრი, სადაც სულიერი მამები მოღვაწეობდნენ. ვფიქრობდი ათონზეც, რამეთუ დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ ისეთ ასკეტებს შევხვდებოდი, წიგნებში რომ წერია.
ერთხელ ათენში შემთხვევით ვინმე მთაწმიდელ ბერს შეხვდა კარიესიდან და სთხოვა, უკან რომ დაბრუნდებოდა, ისიც თან წაეყვანა. ამგვარად მოხვდა ფრანცისკო ათონზე. ამასობაში მთელი თავისი დანაზოგის ნაწილი მოწყალებად გასცა, ნაწილი კი თავისიანებს დაუტოვა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ათონზე უნდა დარჩენილიყო, თანაც ყველაზე მკაცრ და მიუვალ ადგილებში.
თავდაპირველად კატუნაკებში გაჩერდა, დანიელების კურთხეულ საძმოში. იმხანად ბერი დანიელი, საძმოს დამაარსებელი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იგი გახლდათ ღმრთისმოშიში, ნაკითხი, გონიერი, ასკეტურ მოღვაწეობაში დიდად გამოცდილი და აგრეთვე, უაღრესად ტკბილი და მანუგეშებელი ადამიანი. ჩვენს ბერს, როგორც თვითონ გვეუბნებოდა, მთელი ცხოვრება გაჰყვა კეთილი მოგონებები ამ საძმოს და განსაკუთრებით, ღირსი ბერის შესახებ. მაგრამ მხურვალე საღმრთო მოშურნეობა გახდა მიზეზი იმისა, რომ დიდი ხანი არ დარჩენილა ბერ დანიელთან, არამედ ნანატრი მდუმარებისა და მკაცრი მოღვაწეობის ძიებას შეუდგა.
იმხანად ათონზე განთქმული იყო ბერ კალინიკე დაყუდებულის სახელი, რომელიც კატუნაკების უდაბნოში ცხოვრობდა და შინაგან სულიერ მოღვაწეობას ეწეოდა. სწორედ მას მიაშურა მოშურნე ფრანცისკომ. სურდა მასთან დარჩენილიყო და მისგან სარგებელი მიეღო, მაგრამ წადილი არ აუსრულდა, რამეთუ იმ კურთხეულ ბერს, მიუხედავად თავისი დიდი სულიერებისა, რატომღაც არ სურდა, ვინმესთვის გაენდო მდუმარებისა და იესოს ლოცვის საიდუმლოები, რაშიც თვითონ ასე წარემატა. როდესაც მხურვალე ფრანცისკომ სთხოვა, ის მაინც მიეთითებინა, თუ საიდან და როგორ დაეწყო მოღვაწეობა, ბერმა კალინიკემ თავისი პასუხით კიდევ უფრო მეტად გაუცრუვა იმედი: მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ დაკავდები ამითო. ამის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი ვიგლასკენ გაეშურა, რომელიც დიდ ლავრასთან უფრო ახლოს მდებარეობს, რათა იქ მკაცრად ეღვაწა.
ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი რამეები ხდება, რაც ადამიანთა უმრავლესობას უაზრობად მიაჩნია. მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდება ხოლმე საღმრთო განგების მიერ ჩაფიქრებული უფრო შორი მიზანი. მრავალი წმიდანის ბიოგრაფიაში ვხვდებით ისეთ მოვლენებს, რომლებიც უცნაურად ეჩვენებათ კრიტიკული სულის ადამიანებს, ეს „უცნაურობები” კი ხშირად უფრო დიდი მოღვაწეობისა და წარმატებების საბაბი ხდება ხოლმე.
წიგნიდან “წმინდა იოსებ ისიქასტი” – ბერი იოსებ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2022