2009 წლის დასაწყისში ბერმა უკვე იცოდა, რომ ცხოვრების უკანასკნელი წელიწადი დაუდგა. როდესაც ეუბნებოდნენ, მომავალ შეხვედრამდეო, პასუხობდა, ზეცაშიო. წმინდა პანტელეიმონმა იგი მუცლის სნეულებისგან განკურნა. ეს წმინდანი, როგორც მისი ოჯახის მფარველი, სიკვდილისთვის მას ორი წლით ადრე ამზადებდა. 2007 წლის 1/14 ივლისს მოძღვარი ერთ-ერთმა ჩვენმა ძმამ მოინახულა. ბერმა უთხრა: „წმინდა პანტელეიმონი ჩვენი ოჯახის საფუძველი და საყრდენი იყო და არის. მის სახელს ჩვენი საგვარეულოს ყველა თაობის წარმომადგენელი ატარებდა. მან დღესაც ერთი საჩუქარი მომიძღვნა: დედაჩემი მომიყვანა, რომელმაც ალერსიანად მითხრა – მოდი; მოდი ჩვენთანო“.
გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე, როდესაც ჯერ კიდევ კარგად იყო, უკანასკნელად მოვინახულე და მისგან ძმებზე ზრუნვის უკანასკნელი რჩევები მივიღე. მან მითხრა „არანაირ კანონს არ გიწესებ, როგორ მოიქცე და ძმებს როგორ მოექცე. მხოლოდ ერთ რამეს მივაქცევ შენს ყურადღებას: სინდისს ნურასდროს გადააბიჯებ. ნურასდროს შეგეშინდება ან მოგერიდება ვინმესი, დაძალების შემთხვევაშიც კი, ნურასოდეს დაუშვებ, ისეთი რამ გააკეთო, ან ისეთ რამეზე აკურთხო, რასაც შენი სინდისი ეწინააღმდეგება. თუ ასე მოიქცევი შებც ცხონდები და ძმებსაც დაეხმარები“. ამის მერე დამლოცა, როგორც ახასიათებდა და განსაკუთრებით ბოლო წლებში ამბობდა ხოლმე: სიმი თითით თავზე ჯვარი გვსახავდა და პატარა ლოცვას ამბობდა, რომელსაც იმწუთას იგონებდა, კონკრეტული ადამიანისა და ვითარების მიხედვით. მე ასე დამლოცა: „სულო წმინდაო, რომელიც მამისაგან გამოხვალ, რომელიც წმინდა მოციქულებში დაემკვიდრე და მებადურები ბრძენებად და მასწავლებლებად წარმოაჩინე, მოდი და განანათლე შენი მონა, ჩვენი მამა, მღვდელმონაზონი ეფრემი, და მიანიჭე მას გონიერება, სიმართლე, უბიწოება, ვაჟკაცობა, მოშურნეობა, ღმერთის სიყვარული, ხოლო საბოლოოდ კი სიწმინდე და განღმრთობა. მიეცი მას სიბრძნე და გარჩევის უნარი, რათა სასუფევლის მშვიდ ნავსაყუდელში მიუძღვეს ამ სავანის სულიერ სამწყსოს. მიეცი მას მოთმინება და ამტანობა, რათა დაუღალავად იტვირთოს ძმების სისუსტები, რათა არცერთი მათგანი არ წარწყმდეს. ამინ“. სურდა ლოცვა გაეგრძელებინა, მაგრამ ძალა აღარ ეყო.
ბერი 1 ივლისს იყო დაბადებული. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი კვიპროსელმა მომლოცველებმა მოინახულეს. ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი კუციოფისმა, შემდეგი რამ გვიამბო: „მონასტერში ყოფნისას გადავწყვიტეთ ბერის სენაკს ვწვეოდით, რადგან ზოგიერთი ჩვენგანი მას იცნობდა. ძმა, რომელიც ბერს უვლიდა, მხოლოდ ბევრი ხვეწნის შემდეგ დაგვთანხმდა, ხუთიოდე წუთით მაინც გვენახა. გვითხრა, რომ ბერი ავად იყო. შევედით რამდენიმე წუთით და ფეხზე მდგომებს (არც დავმსხდარვართ) ეს გვითხრა: „სამწუხაროდ, ავად ვარ და ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია.
აი, რამდენიმე წიგნი და კასეტა – აიღეთ, მოისმინეთ, წაიკითხეთ… მე აქ ვარ და წმინდა უვერცხლოებს ველოდები, რომ ერთად წავიდეთ“. 24, 25 ან 26 ივნისი იქნებოდა. წმინდა უვერცხლოების დღესასწაული ჩვენი კალენდრით რამდენიმე დღეში იყო. ცოტა გავიკვირვეთ ნათქვამი, მაგრამ გავჩუმდით. რას ნიშნავდა, წმინდა უვეცხლოებს ველოდებიო? დავბრუნდით ლარნაკაში. იქ მაცხოვრის საკათედრო ტაძართან ახლოს ერთი პატარა ეკლესიაა, სადაც მამა კლეანთე ყოველ ორშაბათს წირავს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თარიღი ზუსტად არ მახსოვს, მ. კლეანთემ პანაშვიდი გადაიხადა და ვინმე ბერი იოსები მოიხსენია. სეფისკვერის ასაღებად რომ მივედი, შევეკითხე: „ის მიცვალებული, ვისაც ახლა პანაშვიდი გადაუხადეთ, მამა იოსებ ვატოპედელი ხომ არ არის?“ კიო, მომიგო. როდის გარდაიცვალა-მეთქი, ვკითხე. პირველ ივლისსო. ამის თქმა იყო და რამდენიმე წუთით ენა ჩამივარდა. ვერაფერი ვთქვი. სამიოდე კვირის წინ ვიყავით მასთან და გვითხრა, წმინდა უვეცხლოებს ველოდებიო“.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020