aimilianos igoumenos simonopetras color

გონება ლოცვის საშუალებით აღიტაცება – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

რაც დრო გადის, ვგრძნობ ლოცვის კვალდაკვალ როგორი სულიერი აღტაცება მეუფლება. {აღტაცებაში იგულისხმება უხილავ სამყაროსთან მოღვაწის გონების აქტიური ურთიერთობა და თანაზიარობა (რედაქტორის შენიშვნა)}. უკვე გითხარით, რომ ეს ჩემი მინიშნება მეტისმეტად პირობითია, ანუ მიახლოვებითია და წააგავს მომლოცველთა ჯგუფის წინამძღოლის ზედაპირულ საუბარს, რომელიც ცდილობს ჩვენი სავანის ღირსშესანიშნაობების დემონსტრირების დროს მოასწროს და თავის მონათხრობში წმინდა მთის დანარჩენი ცხრამეტი მონასტრის შესახებაც  ჩაატიოს ინფორმაცია.

ლოცვის დროს ჩვენი გონება აღტაცებაში მოდის. მართალია, ვერ ვგებულობთ ეს სხეულთან ერთადაა თუ მის გარეშე, მაგრამ ღმერთისკენ აღტაცება ნამდვილად ხდება. ვგრძნობთ მის აღმასვლას, ანუ ვგრძნობ გონება როგორ გამოდის (გამოეყოფა), გამოეცლება და მილივლივებს. ასეთია ლოცვა!

ის ხომ ღვთისადმია მიძღვნილი, ამოტომაც ვარქმევთ  აღტაცების პროცესს, ამოიმართება ჩვენი არსებიდან და ღვთისაკენ გაემართება. ეს სწრაფვა მანამდე გრძელდება, სანამ გონება ღმერთს არ შეუერთდება. ამ მოვლენას ღმერთი აძლევს ბიძგს და თვითონვე წარმართავს, ოღონდ ეს რომ მოხდეს, საჭიროა გონებამ ისწავლოს ღმერთთან თანამყოფობა-თანაარსებობა. ეს ყველაფერი არა გარეგნულად , არამედ  შიგნით, ჩვენს არსებაში აღესრულება.

რა მშვენიერია ის წამები, როცა „უწინარეს ათოთხმეტისა წლისა“(2კორ. 12:2) მოციქულმა პავლემ თავისი გონების ამგვარი აღტაცება განიცადა; მშვენიერია წმინდათა მიერ განცდილი ეს საოცარი წამები და …ძალიან მნიშვნელოვანია რომ იგი მეც გამოვცადო. განვიცადო არა მარტო ჩემი გონების აღტაცება, როცა ის მიილტვის, მიისწრაფის ღვთისაკენ, არამედ ისიც, როცა ღმერთი თავად მიიტაცებს ჩემს გონებას და ეს უნდა მოხდეს ღვთის მადლითა და ძალით ჩვენს შინაგან არსებაში, ანუ  გულში.

ამნაირი განზომილებით თუ შევხედავთ, ადამიანი ამ დროს ჰგავს ცეცხლს. მგზნებარეა მისი სული და ზესწრაფვა. თვითონაც ანათებს და მისი ადგილ-სამყოფელიც. საკუთარ შინაგან არსებაში ღმერთის თანამყოფობის წყალობით ადამიანი ამჩნევს და აკვირდება ღვთაებრივ ნათელს. სწორედ ეს არის ღმერთთან მისტიური კავშირის მშვენიერი წამები, ამ დროს აღესრულება ჭეშმარიტი ლოცვა.

ამ დროს აღწევს მიზანს ლოცვა! თითქოს გავცურე ჩემი ნავსადგურიდან, რათა სანუკვარ მიზანთან მივსულიყავ. დიდხანს ვიყავი გზაში და ავისრულე საწადელი-მივაღწიე ლოცვის ნავთასაყუდელს! ღმერთი აგვიტაცებს სულიწმინდის მეშვეობით და ჩვენი ნება-სურვილის თანხმობით. ეს პროცესი გულში მიმდინარეობს. აქ უერთდება ღმერთს სული და გონება. თავისი უძირო მადლით აქ მშთანთქავს ღვთაებრივი ცეცხლი. მეც ცეცხლად მაქცევს და ვუერთდები მას, როგორც-წვეთი ოკეანეს. ასე მიჩნდება ღმერთთან მისტიური ერთიანობის განცდა, რომელიც თან ახლავს იდუმალ, მისტიურ ცხოვრებას. ასე გავხდები უფლის სიცოცხლის მონაწილე და თანაზიარი. თავის მხრივ, ისიც ჩემი ბუნების, ჩემი პიროვნების თანაზიარი ხდება და ამგვარად ვერთიანდებით – მე და ღმერთი ვმთლიანდებით.

ღმერთი ზეგავლენას ახდენს ჩემზე და ვერთიანდებით ერთ პიროვნებად, ოღონდ, არა ღვთის შვილად, არამედ მავედრებელ ადამიანად. მეორდება ის ,რაც ოდესღაც ქრისტეში მოხდა, ანუ როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწობის მეშვეობით გაერთიანდა ორი განსხვავებული ბუნება და ერთ პიროვნებად იქცა-ღვთის სიტყვის ერთ იპოსტასად-ქისტედ იქცა. ჩვენს შემთხვევაშიც მსგავსი პროცესი ხდება. დღედაღამ მლოცველი და უბიწო ცხოვრებით გაწმენდილი ჩემი გატანჯული სული, ბოლოს და ბოლოს ახერხებს გახდეს ღმერთთან „ერთ ხორც“ (შესაქმე. 2:24) და „ერთ სულ“ (1კორ.6:17). ოღონდ, რათქმა უნდა, არა „ღვთის სიტყვად“, არამედ-მავედრებელ წმინდანად.

ამგვარად, სულ მეტად და მეტად ვუახლოვდებით და ვითავისებთ ისეთი ადამიანის თვისებებს, რომელიც ღმერთს შეუერთდა, ანუ განიღმრთო. წინასწარმეტყველის გამოთქმას თუ გამოვიყენებთ-ღვთაებრივ ადამიანად იქცა: „როდესაც სულიწმინდა მოვა და ჩვენში დამკვიდრდება, მისი ვაჟები და ასულები გავხდებით“, „ჩვენგანაც გადმოადენს მაცოცხლებელი წყლის მდინარეებს“, სულიწმინდა იცოცხლებს, იმოქმედებს და ილოცებს ჩვენში. ეს ის საათია, უფრო სწორედ, დროის ის გაელვებაა, როცა ჩვენზეც გავრცელდება უფლის წინასწარმეტყველება: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“ (ფს.81:6). ამიტომაც გვიწვევს, გვეპატიჟება, შვილებს გვიწოდებს…ჩვენც ვეძახით, ვემუდარებით, რომ განღმრთობაში შეგვეწიოს-ის ხომ იმედოვნებს და სწორედ ამას ელის ჩვენგან.  

მამებო! დღეს მცირეოდენი ვისაუბრეთ ლოცვის შესახებ. ვთქვით, თუ რა გზით და მიმართულებით მოძრაობს ან სად უნდა მიგვიყვანოს. იცით-კი, რისთვის შეგვკრიბა აქ ღმერთმა? იმისთვის, რომ წმინდანები გავხდეთ!  მაშ მითხარით: თუ ბევრ სხვა რამეს შევძლებთ, მაგრამ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ, შედეგად რას მივიღებთ? მაშინ ეს მონასტერი სულის საწრთობი წმინდა სავანე, უფლის სამკვიდრებელი და სულიწმინდის წიაღი კი არა, ერთი ჩვეულებრივი იურიდიული პირი იქნება, ხოლო ჩვენ-იქ მცხოვრები საბრალო არსებები ერთ ადგილს გავტკეპნით, ერთ წრეზე ვიტრიალებთ, მუდამ ქვევით დაგვქაჩავს ხორციელ სურვილთა ბორკილები, ვერ მივაღწევთ მიზანს, სულს ვერ გამოვიწრთობთ, იმ იმედებს ვერ გავამართლებთ, რომელსაც ღმერთი ჩვენზე ამყარებდა.

მიპასუხეთ, რატომ უნდა დავუშვათ ეს? თუ აქ მოსვლის მიზანს ვერ მივაღწევთ, რაღა მოგება უნდა მივიღოთ! რათქმა უნდა -არავითარი! მაშ ვებრძოლოთ ჩვენს თავს, ვივარჯიშოთ ვნებების დათრგუნვაში, მღვიძარებაში, მარხვაში. შევისწავლოთ საკუთარი სულიერი შესაძლებლობები, სული გამოვიწრთოთ. ღმერთი უნდა გვწყუროდეს, სული უნდა გავუხსნათ მას; იქნებ ღირსგვყოს, შეგვიწყალოს და მოწყალების კარი გაგვიღოს. მოდი პირველსაწყისი მიზნის მისაღწევად ჯერ ის გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. კვლავ ვიღვაწოთ, ვიბრძოლოთ. ღმერთისთვის ვიბრძლოთ! ეს ბრძოლა თქვენიც არის და ჩემიც. მე რომ მდიდარი ვყოფილიყავ, თქვენც აუცილებლად გაგამდიდრებდით, მაგრამ ღარიბი ვარ, ისევე როგორც თქვენ. მაშინ, მოდი ამ მცდელობაშიც ერთად ვიყოთ, ერთად ვიბრძოლოთ!

ისევ იმ თემას დავუბრუნდები, რითიც დავიწყე. ლოცვის სწავლა უნდა ვცადოთ, უნდა შევძლოთ თორემ ქვეყნის სასაცილო გავხდებით. თავს გავიმასხარავებთ, უფალს გავარისხებთ! ამიტომ გთხოვთ ეხლაც და მომავალშიც ხშირად ვისაუბროთ ამ საკითხზე, ვილოცოთ, დათმენა ვისწავლოთ. ღმერთთან შესახვედრად ვიბრძოლოთ. როგორც ხორციელი გული ფანცქალებს შეყვარებულის დანახვისას, ჩვენც ისე უნდა აგვიფრთხიალდეს გული ღმერთთან შეხვედრის მოლოდინით.

გთხოვთ, გემუდარებით, შემომიარეთ-ხოლმე სააღმსარებლოში, სენაკში. გულმოდგინედ ავუყვეთ სულიერი ასკეზის საფეხურებს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება გამოიწრთოთ, ღირსეულ მონაზვნებად ჩამოყალიბდეთ, სულიწმინდის სავანედ იქცეთ. უნდა განეწყოთ ყოველივე ზედმეტის მოსაშორებლად და ღმერთი შეიყვაროთ. მე ვერ შევძლებ თქვენს დახმარებას, თუ ჩემთან მიწიერ ხრწნილებას დამორჩილებული და ხორციელ საზრუნავში ჩაფლულები მოხვალთ. ყოველდღიური ცხოვრებისეული პროზით გატაცებულთან საერთო ენის გამოძებნა გამიჭირდება, იმიტომ , რომ ჩვენი ინტერესების სფეროები არ დაემთხვევა, ამის ძალა არ შემწევს!

დავუშვათ ასეთი შემთხვევა: მოხვედი და მეკითხები: „როგორ დავგეგმო, რა სქემით ავაგო ჩემი ლოცვითი ღვაწლი?“ მე კი ვიცი, რომ ამ დროს სხვა რამით ხარ აფორიაქებული: საძმო ტრაპეზზე მშიერი დარჩი, რადგან მცირე საკვები გერგო, ან-ვერ შეგამჩნიეს და გვერდი აგიარეს; ვიღაც უხეშად შეგეპასუხა; რაღაცას იმედოვნებდი, მაგრამ არ შეგისრულდა, ოჯახიდან უსიამონვნო ამბავი შეგატყობინეს, მუცელი გტკივა… და ა.შ. შენ ყველაფერზე დარდობ გარდა ლოცვისა. ეს მდგომარეობა იმას ჰგავს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის, ცისა და მიწის გაერთიანება რომ სცადო!

ჩემო სულიერო შვილებო, უნდა გვახარებდეს იმის შეგრძნება, რომ ეს ჩვენი მონსატერი სხეულის მოსასვენებელი ადგილი არ არის. არ შეიძლება აქ მოვიკალათოთ და ცხოვრება მოვიწყოთ. იმის გაცნობიერება უნდა გვახარებდეს, რომ სულის წრთობისა და აღზრდის ადგილას ვართ. სხეული ყოველთვის მიწიერისკენ იწევს, ქვევით გვექაჩება, ჩვენ აქ ისეთი წრთობა უნდა მივიღოთ, რომ სული ცეცხლოვანი სვეტივით  აენთოს და უფალთან ასასვლელად მიისწრაფოდეს!


წყარო: https://azbyka.ru

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ