იოსებ ვატოპედელი

გონების დაცვა და ევქარისტიის საიდუმლოება – ბერი იოსებ ვატოპედელი

მამანო და ძმანო, რამდენადაც ძალები შეგვწევს, ვეცადოთ, რომ გონება ჩვენი ღვაწლის მიზნისკენ წარვმართოთ, რადგან სწორედ გონებაა ჩვენი მთავარი წარმმართველი. თავისუფალი გონება ღმრთის ნების შემეცნებისა და აღსრულების აუცილებელი წინაპირობაა. ,, მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი’’(45:10) და კვლავ: ,, რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე’’(ინ. 14:21). ეს ისეთი ადამიანია, რომელიც გულმოდგინედ შეისწავლის ღმრთის სიტყვას და მასში ჩაღრმავებას ცდილობს.

ასე რომ, ამ მიზნის მისაღწევად გონება უმთავრესი საშუალებაა. ქრისტეს მცნებების აღსრულება კი არ გვაჭირვებს, არამედ ჩვენი სულის მთავარი მტრის მზაკვრობა და ბოროტება. ის მუდამ ცდილობს, რომ სხვადასხვა საცდურებით ჩვენი სულიერი მოვალეობის აღსრულებაში ხელი შეგვიშალოს. მხოლოდ გონების დაცვა და ყურადღება გაგვათავისუფლებს დაზიანების საფრთხისაგან. ამიტომაც მუდამ შეგახსენებთ, რომ  გონება მოუკლებლად და დაუღალავად დაიცავით იესუს ლოცვის საშუალებით! როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს: ,,გონება, რომელიც სხვადასხვა გარეგნულ საგნებზე არ განიფანტება, გულში ბრუნდება და იქ იწყებს ღმერთის ძიებას’’. განა ჩვენი დამარცხებები საკუთარი ზრახვების მიმართ არასწორი ურთიერთდამოკიდებულების ნაყოფი არ არის? ეს ზრახვები ხომ თავდაპირველად გონებაში ჩნდება და ცოდვის საქმით აღსრულებას უძღვის წინ?

ძმებო, კიდევ და კიდევ შეგახსენებთ: თუკი გსურთ, რომ უხილავ ბრძოლაში გაიმარჯვოთ, მთელი თქვენი ძალები გონების დაცვის ღვაწლისკენ უნდა იყოს წარმართული. უფალი შეგვახსენებს: ,, რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს’’(მთ. 12:30). როგორ შევძლებთ მუდამ ქრისტესთან ყოფნას, თუ ჩვენში არ არის მისი მუდმივი ხსოვნა და თუკი მოუკლებლად არ მოვუხმობთ მის წმინდა სახელს? მამებმა გვიანდერძეს: ,,ჩვენში ქრისტეს ხსოვნა სუთქვაზე უხშირესი უნდა იყოს’’.  ასევე: ,, ქრისტეს სახელით ამათრახე სულის მტრები’’.

გონების დაცვის გარდა სხვა რა მიზანი უნდა ჰქონოდა ჩვენს ღირს მამას(წმ. იოსებ ისიქასტს) რომელიც უდიდესი მოწამეობრივი ღვაწლით მყუდროებასა და სრულ განმარტოებაში იმყოფებოდა,საკუთარ გონებას აიძულებდა, რომ მოუკლებლად ქრისტეში ყოფილიყო და მხოლოდ მისი ჭვრეტით დაკავებულიყო და ყოველგვარ ადამიანურ ნუგეშს მოკლებულს, საკუთარი დაცემული ბუნება უმკაცრესი ღვაწლით დაემორჩილებინა? ჩვენ, რომლებიც ამ ფესვიდან(წმ. იოსებ ისიქასტი) მოვდივართ, თუკი ვერ გავაცნობიერებთ გონების დაცვის მნიშვნელობას, რაც სულიერ ცხოვრებაში წარმატების უმთავრესი საფუძველია, პასუხს ვაგებთ ქრისტეს წინაშე!

გონების ყურადღების შესახებ ჩემი ასეთი ჯიუტი საუბარი იმითაა გამართლებული, რომ ჩვენი მონაზვნური ღვაწლი სწორედ ამ საქმიანობისკენაა მიმართული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი უმზაკვრესი მტრის ჩანაფიქრები: ,, რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი’’(2.კორ. 2:11). წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ მივიღებთ საღმრთო მადლს და სულიერ ცხოვრებაში მოშურნეობას? მადლის საყდარი ჩვენი გონებაა. თუ გონება დაბნელებული, დატყვევებული ან გაბოროტებულია, მადლი ზურგს აქცევს მას. მადლის გარეშე კი ადამიანი ჩვეულებრივი მკვდარია და ხრწნის კანონებს ექვემდებარება. მადლის გარეშე ადამიანის გულში ხრწნილებისა და სიკვდილის სამეფო მკვიდრდება. ,, ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ’’(2.კორ. 6:17) გამოსვლაში ცხოვრების წესის ცვლილება იგულისხმება და არა ადგილისა. ამ შემთხვევაში ჩვენი გონება ახალი ცხოვრებისა და აზროვნების წესის წინამძღოლი ხდება.

ხშირად გვისაუბრია ასეთი სულიერი საქმიანობის ნაყოფების შესახებ. ეხლა განვიხილოთ წმინდა საიდუმლოებებთან ზიარების მნიშვნელობის საკითხი. სწორედ ზიარებაა ჩვენი მოწოდების აღსრულება.

მუდამ გახსოვდეთ ქრისტეს უსაზღვრო სიყვარული ჩვენს მიმართ! მან წყვდიადში კი არ დაგვტოვა, არამედ: ,, რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, – მადლითა ხართ თქუენ გამოჴსნილ, და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ’’(ეფ. 2:5-6). ეს მხოლოდ ევქარისტიის მიერ აღესრულება. საღმრთო საიდუმლოებებს ზებუნებრივი თვისებები გააჩნა. საიდუმლოება გრძნობისმიერი, ხილული ფორმით უხილავი მადლის გადაცემას ნიშნავს. თუმცა, თუ ადამიანს არ აქვს რწმენა და არ ეძებს ქრისტეს, საიდუმლოება მექანიკურად არ იმოქმედებს.

ყველაზე დიდი ლმობიერების მომნიჭებელი საიდულოება, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით ვერც ამ ცხოვრებაში და ვერც მომავალში – ევქარისტიაა, რომელიც ქრისტეს უსაზღვრო და ყოვლისმომცველი სიყვარულით მოგვენიჭა.

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ახლობელი ადამიანების მიმართ ნამდვილი სიყვარულის გამოხატულებად ჩახუტება ან პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად ,,წმინდა ამბორისყოფა’’ ითვლება. უფალმა ამ ფორმებსა და სიმბოლოებზე აღმატებული რამ მოგვცა. მისთვის მხოლოდ ჩახუტება და ამბორისყოფა არ იყო საკმარისი და მან ჩვენთან გაცილებით სიღრმისეული პიროვნული ერთობა დაამყარა. მან კეთილინება საკუთარი ყოვლადწმიდა ხორცისა და ყოვლადპატიოსანი სისხლის ჩვენთვის მოცემა, რათა მისი სხეულის ნაწილნი ვყოფილიყავით და ჩვენს ძარღვებში მის წმინდა სისხლს ედინა. ამიტომაც გვიწოდებს საკუთარ მეგობრებს, ძმებს და ზეციურ მამასთან მიგვაახლებს: ,, ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა’’(ეფ. 2:19).

თუკი ამ მიუწვდომელი საიდუმოების არსი მუდამ ჩვენს გონებაში იქნება, მაშინ აღარ დაგვჭირდება სხვა თეორიები და დამხმარე საშუალებები, რათა ჩვენი ჯვრისმტვირთველობა გავაგრძელოთ. განა შესაძლებელია განკაცებული ღმერთის ყოვლისმომცველი სიყვარულის აღწერა? მას მამობრივი სიყვარულით შევყავართ თავის ღმერთკაცობრივ ყოფიერებაში შემდეგი სიტყვებით: ,, მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის’’(ინ. 6:35). ,, ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა’’(ინ. 50-51).

,, ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.

რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.

და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა.

ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ.

რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე’’(ინ. 6:53-58).

ღმერთშემოსილი პავლე ამის შესახებ სიღრმისეული განცდით საუბრობს: ,, რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს’’(1.კორ. 11:26).

თუკი ევქარისტიის შესახებ ქრისტეს ეს სიტყვები მუდამ ჩვენს ცნობიერებაში იქნება და მუდამ გვემახსოვრება, მაშინ ეს ჩვენთვის ღმრთის მადლის მოხვეჭის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება იქნება. საღმრთო მოშურნეობა კი ჩვენი მოვალეობების აღსრულებაში დაგვეხმარება.

როგორც უკვე ვახსენეთ, ეკლესიის საიდუმლოებები ყოვლადძლიერი ხასიათისაა, მაგრამ თუკი ქრისტეს მცნებების ზედმიწევნით აღსრულებაში არ ვვარჯიშობთ, მაშინ საიდუმლოებებში ჩვენი მონაწილეობა მხოლოდ გარეგნული იქნება და ვერ დაგვეხმარება. ,, გლოცავ თქუენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით, ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთარს სიყუარულითა’’(ეფ. 4:1-2). თავის დროზე თანაგრძნობის მნიშვნელობაზე გესაუბრეთ და აგიხსენით, თუ როგორ ესათნოება უფალს ეს სათნოება. არ უგულვებელჰყოთ ის, რადგან ჭეშმარიტია ქრისტეს სიტყვა: ,, რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ’’(მთ.7:2). ჩვეულებრივ, ჩვენი ურიცხვი უძლურებანი მაშინ ვლინდება, როდესაც ძალისხმევა და შრომაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ საბრალო ფიზიკურ მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული, მაგრამ თუ ყურადღებით ვიქნებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ნაკლოვანებები სიყვარულითა და თანგრძნობით აღმოივსებიან. ჩვენი ღმერთი ხომ სრული სიყვარულია და მას ჩვენში მაშინ მოვიზიდავთ, როდესაც ის ხედავს, რომ მოყვასის ნაკლოვანებებს სიყვარულით ვითმენთ ისე, როგორც ის გვითმენს ჩვენ. თუკი მცნების თანახმად მტრები უნდა გვიყვარდეს, მაშინ რამდენად უფრო დიდი სიყვარული უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ძმების მიმართ!

როდესაც სრული გაფანტულობის მდგომარეობაში აღმოჩნდებით, გაიხსენეთ გონების დაცვის შესახებ რასაც გესაუბრებოდით. ბრძოლის გარეშე ეს არ მიიღწევა, რადგან გაფანტულობის წყარო არამხოლოდ ჩვენი მეოცნებეობაა, არამედ ეშმაკის მზაკვრობაც. იესუს ლოცვით ქრისტეს სახელის მოუკლებელი მოხმობის გარდა, გაფანტულობის გადალახვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საშუალება ქრისტესა და წმინდანების ცხოვრების გახსენებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს მუდამ ვახსენებდეთ ღირს მამათა ცხოვრებას, რადგან ისინიც ჩვენსავით ქრისტეს ეძებდნენ და მათაც ჩვენნაირი ბრძოლა და განსაცდელები ჰქონდათ.

თუკი ეს მაგალითები მუდამ გემახსოვრებათ, მაშინ ისინი თქვენს ზნეობრივ კრიტერიუმებს აამაღლებენ და რწმენას განამტკიცებენ. აღარ მიეცემით სასოწარკვეთას, რომლისკენაც ხშირად გიბიძგებთ ხოლმე ეშმაკი.

მოთმინებისა და სულგრძელების ყველაზე დიდი მაგალითი – ჩვენი უფალი, იესუ ქრისტეა. მას დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ, მაგრამ ის ითმენდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვითაც შეეძლო მათი გაჩერება. განა საკმარისი არაა ქრისტეს სულგრძელებისა და სიყვარულის გახსენება იმისათვის, რათა დავაცხროთ ჩვენში გაღიზიანება, მრისხანება და სიჯიუტე? განა შურისძიების წყურვილის დასაოკებლად საკმარისი არ არის ქრისტეს სიტყვების გახსენება, როდესაც ის ჯვრიდან თავის ჯვარმცმელებს მიუტევებდა?

დიახ, ჩემო ძმებო, ამ უხილავ ბრძოლაში, რომელიც მოუკლებლად გვაწუხებს, სერიოზული თავდაცვაა საჭირო. ამისთვის საჭიროა პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში დიდი გულმოდგინება. გულმოდგინენი იყავით დღის განრიგის აღსრულებაში. არასდროს დაარღვიოთ ის! არ დაგავიწყდეთ თუ როგორ ზედმიწევნით აღასრულებდნენ წმინდა მამები ქრისტეს მცნებებს და თავიანთ დღის განრიგს მუდამ ზუსტად იცავდნენ.

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share