ეფრემ არიზონელი

დიდი ტკივილები ჩვენს ცხოვრებაში და ადამიანის სიყვარული – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

ჩემო ძვირფასო შვილებო!

შეუძლებელია, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრება მწუხარებისა და განსაცდელის გარეშე გაატაროს. ტკივილი და მწუხარება მოკვდავი ადამიანების განუყრელი თანამგზავრები არიან. ვის არ ტკენია და ვის არ დაუღვრია ცრემლი ამ ცხოვრებაში?

იობმა, ამ მოთმინების გიგანტმა და ღმრთის ნების მორჩილმა ძველი აღთქმის დიდმა წმინდანმა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღმერთის მოწმობით მთელ დედამიწაზე მასზე დიდი არავინ იყო, ძალიან ბევრი ტკივილი განიცადა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვხედავთ, რომ ერთი მეორის მიყოლებით ატყდება თავს საზარელი განსაცდელები: ერთ ღამეში მისი ყველა შვილი, მთელი ქონება და ჯანმრთელობა დაკარგა. მისი ცოლი, კი ღმერთის გმობისკენ უბიძგებდა. ირგვლივ მხოლოდ უბედურებები! მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: ,, ეს ყველაფერი იმისთვის დავუშვი, რათა სიწმინდემდე მიმეყვანე’’. უფალმა ჩვენთვისაც დაუშვა, რომ იობის სიწმინდე გამოვლენილიყო და ტკივილების დათმენის მაგალითი მოეცა ჩვენთვის. ღმერთის გარეშე ხომ არაფერი ხდება ამ სამყაროში.

ტკივილები და მწუხარებები ახლავს ადამიანის ცხოვრებას. ამ წუთებშიც რამდენი ადამიანი განიცდის აუტანელ ტანჯვას სხვადასხვა განსაცდელებისა და სნეულებების გამო! განა ჩვენ არ გვტკივა? ყველამ თავის ცხოვრებას გადახედოს. რამდენი მწუხარება და ტკივილი გვხვდება ცხოვრებაში: ახლობლების სიკვდილი, სნეულებები, ყოველ ნაბიჯზე მომხდარი უბედური შემთხვევები, რომლებიც სიცოცხლეს გვიმწარებენ!

მწუხარებები პირველმშობლებისგან დაიწყო. თავდაპირველად ისინი წმინდანებად შეიქმნენ; სამოთხეში მეფობდნენ და მთელ სამყაროში ყველაზე მშვენიერი ქმნილებები იყვნენ. ისინი შემოქმედის სიკეთით, სიბრძნით, დიდებულებითა და სიყვარულით შექმნილ სამოთხეში ცხოვრობდნენ, სადაც სასწაულებრივად ტკბებოდნენ სულიწმიდით, რომელიც მათში უხვად მკვიდრობდა. როდესაც მორჩილების მდგომარეობიდან გამოვიდნენ და შესცოდეს, სულიწმიდამ მიატოვა ისინი და სამოთხეც დაკარგეს.

წარმოიდგინეთ პირველმშობლების მწუხარება და ტანჯვა, როდესაც ისინი სამოთხიდან გამოდიოდნენ და დევნილობაში, ანუ ამ ცხოვრებაში მოხვდნენ. ვინმემ რომ გამოგვაგდოს ჩვენი სახლიდან და ქუჩაში დაგვტოვოს, როგორი დარტყმა და უბედურება იქნებოდა ჩვენთვის! ახლა დაფიქრდით, როგორ იტანჯებოდნენ ჩვენი პირველმშობლები. მათ ხომ უკვდავი ცხოვრება დაკარგეს და იქამდე ჯერაც არ იცოდნენ, თუ რა იყო სიკვდილი. სიკვდილი ურჩობის ნაყოფია და მას მოჰყვა მწუხარებებიც და ტკივილებიც. მას შემდეგ, ჩვენ მუდამ ვიმკით დევნილობის შედეგებს.

ასე რომ, ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, თუ რა არის ტკივილი და ამიტომაც, მოდით ვილოცოთ ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც სიკვდილის პირას შიშით აღსავსენი არიან. მათი მწუხარება და ტკივილი გავითავისოთ და ჩვენს ტკივილად ვაქციოთ, რათა ჩვენმა ტკბილმა უფალმა წყალობა მოიღოს მათზე. მეორედ მოსვლამდე, ჯერ კიდევ არის ჟამი ცხონებისა ჩვენთვისაც და იმ სულებისთვისაც, რომლებიც ჩვენს ლოცვას ელოდებიან. მათთვის ჯერ კიდევ არსებობს გადარჩენის იმედი.

ჩვენი მხრიდან მათთვის გაღებულ ამ მოწყალებას ჩვენი კეთილი უფლის თვალებში ძალიან დიდი სულიერი ღრებულება აქვს. მუდამ გავიღოთ ეს მოწყალება და საკუთარმა უღირსობამ არ დაგვაბრკოლოს. ჩვენ ყველანი უღირსები ვართ, პირველ რიგში კი მე. ჩვენ არ ვართ ღირსი, რომ ქრისტემ შეისმინოს ჩვენი, რადგან ჩვენ თავად ვატარებთ საკუთარ თავში მონობას და დაცემულობას. მაგრამ აქ სხვა რამაა მნიშვნელოვანი. ეს სიყვარულის საქმეა და ქრისტეც, მიუხედავად ჩვენი უღირსებისა, თავისი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიიღებს ჩვენს ლოცვას და შეიწყალებს მათ, ვისთვისაც ვლოცულობთ.

ღმერთკაცმა ქრისტემაც, რომელიც დედამიწაზე, ჩვენთან მოვიდა, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო, განიცადა ტკივილი და მწუხარება. მან იტვირთა ტანჯვის ჯვარი და წმინდა ვნებები დაითმინა.

ამის შემდეგ, ვინ უნდა იყოს გამონაკლისი, რომ ცხოვრება ტკივილების გარეშე გაატაროს. ვისაც უნდა, რომ მწუხარებების გარეშე იცხოვროს, დაე ასე იფიქროს: ,,როგორ ვითხოვო ეს უფლება, როდესაც ჩემმა მხსნელმა და ღმერთმა უკანასკნელად ჯვარზე ამოისუნთქა და საშინელ ტკივილებს განიცდიდა?’’როგორც ღმერთმა, მან იცოდა, რომ მის ჯვარს, მის მსხვერპლს, მის უწმინდესი სისხლს ყველა არ მიიღებდა და მათ მიერ ყველა არ გადარჩებოდა. თავისთავად ესეც როგორი მტანჯველია! მან იცოდა, რომ ეშმაკიც მიიღებდა თავის ,,წილს’’, რადგან როგორც ვიცით ,,მცირედნი არიან რჩეულნი’’.

ჩნდება კითხვა: ,, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ადამიანის ცხოვრება, დაბადებიდან სიკვდილამდე ერთი დიდი ტანჯვა ყოფილიყო?’’ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ტკივილი და მწუხარება დაცემის ნაყოფებია და რომ ღმერთი ამ ყველაფერს ჩვენს საკურნებლად იყენებს. ის ცდილობს, რომ სულიერი მკურნალობა გაგვიწიოს, განგვკურნოს და გვაცხოვნოს. ადამიანი იტანჯება ამქვეყნად, რათა იმქვეყნად აღარ დაიტანჯოს. ,, აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა’’. ჩვენ უყურადღებოდ ვცხოვრობთ და ხშირად სწორი გზიდან ვუხვევთ ხოლმე. ქრისტე კი ცდილობს, რომ შეაჩეროს ჩვენი დაღმასვლა. ეს ძალიან მწარე და მძიმეა ხოლმე. ადამიანი ილაშქრებს უბედურებებისა და ტკივილების წინააღმდეგ. მაგრამ მათ მიერ, ყოვლადბრძენი ექიმი – ქრისტე, კურნავს ბოროტებას. დიდი ტკივილის გადატანის შემდეგ, რამდენი ადამიანი შემობრუნდა ქრისტესკენ!

ერთ ქალს ორი პატარა შვილი ჰყავდა. ერთი სამი წლის იყო, მეორე ხუთის. ერთხელაც, უმცროს გოგონასთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, რაღაცამ გაუფანტა ყურადღება და ბავშვს ხელი გაუშვა. ამ დროს კი მოტოციკლით ერთი ახალგაზრდა დაეჯახა ამ პატარა გოგონას. წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე დარტყმა იყო ეს მშობლებისთვის! ამაზე დიდი მწუხარების წარმოდგენა შეუძლებელია! დედა და მამა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ. გამოუვალი მდგომარეობის გამო, ლამის თვითმკვლელობამდეც კი მივიდნენ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ქრისტეს ძიება დაიწყეს. ამ დიდმა ტკივილმა, ისინი აიძულა, რომ ნუგის ძიება დაეწყოთ და მოძღვარი ენახათ. ამ ქალმა დამირეკა და შევხვდით. მე ვუთხარი: ,,შვილო, ღმერთმა ეს ყველაფერი თავისი უსაზღვრო მამობრივი სიყვარულით დაუშვა, რადგან როგორც ჩანს, შენც და შენი მეუღლეც მცდარ გზაზე იდექით. მას კი თქვენი გადარჩენა სურს და დაუშვა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო. გაჰყევი მას, მიიღე მისი წამალი. ვიცი, ძალიან მტკივნეული და მძიმეა, მაგრამ სარგებელს აუცილებლად მოგიტანს!’’. ის დაეთანხმა ჩემს სიტყვებს და მითხრა: ,,მამაო, ყველაფერი ისეა, როგორც თქვით. არც ვიცოდით, საითკენ მივდიოდით. არც ღმერთის გვწამდა. მომხდარმა კი იმდენად შეგვძრა და შეგვარყია, რომ მთელი ჩვენი უწინდელი ცხოვრება მიწასთან გაასწორა’’. კიდევ ვუთხარი: ,,ახლა ქრისტე ,,ახალ სახლს’’ გიშენებთ. ბავშვი კიდევ გეყოლებათ. როგორც ჩანს, ცხონების გზაზე სხვაგვარად ვერ დადგებოდით. თქვენი წინა სახლი არაფრად ვარგოდა და უნდა დანგრეულიყო’’. ახლა ისინი სულიერად ცხოვრობენ, ღვაწლი აქვთ და სინანულის გზაზე დგანან. ასეთი ნაყოფი გამოიღო მათმა ტკივილმა!

ამიტომაც, ადამიანებისთვის სწორედ ტკივილია ყველაზე ძლიერი, ყველაზე მოქმედი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მწარე წამალი.

ამ სამყაროში შემთხვევითი არაფერია. ქრისტეს განგებულების გარეშე არაფერი ხდება. ჩვენ მუდამ ვეწინააღმდეგებით მის განგებულებას და ვდრტვინავთ ხოლმე. ასე იქცევა ურჩი და ჯიუტი ბავშვიც, როდესაც დედა ან მამა მის ყველა სურვილს არ ასრულებს. ის არ უჯერებს არავის, თავისას ითხოვს და თუ ვერ მიიღო რაც უნდა, შეიძლება მშობლებსაც დაუყვიროს, ან სულაც სახლიდან წავიდეს. გონიერი და მორჩილი ბავშვი ასე არ იქცევა: მას ესმის, რომ თუ მშობლები რაიმეს უფლებას არ აძლევენ, ესე იგი ამის მიზეზი არსებობს, ხვდება, რომ ისინი უფროსები არიან და მეტი იციან. შეიძლება დღეს არ არის სასურველის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ხვალ გაჩნდეს. შეიძლება დღეს ფული არ გაქვთ, ბინაში ქირას იხდით, მამა ავადაა და ა.შ მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის, უკეთესი დღეებიც დადგება და აუცილებლად მიიღებ სასურველს. აი ასე ფიქრობს გონიერი შვილი. მაგალითად, მშობლები შვილებს ღამე სეირნობას უკრძალავენ, რადგან იციან, რომ ღამე სეირნობები შეიძლება საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს. თუ ბავშვი გონიერია, მიხვდება, რომ მშობლებს სიყვარული ამოძრავებთ. ურჩი კი დაიწყებს კამათს, მაინც თავისას მოითხოვს და შედეგად ურჩობის სამწუხარო შედეგებსაც მოიმკის.

ასე ვართ ჩვენც: თუ ვეწინააღმდეგებით განსაცდელებს, რომლებიც ქრისტემ ჩვენი ბოროტი ნების მოსაკვეთად დაუშვა, სულიერი სარგებელის ნაცვლად, რაც ღმერთის ნების მორჩილებას მოაქვს, მხოლოდ ზიანს ვიღებთ. ღმერთის უარყოფა და მისი გმობა კი დიდი დანაშაულია! ქრისტე წამალს გვაძლევს! როდესაც ექიმი ოპერაციას აკეთებს, პაციენტი კი ტკივილის გამო სახვევებს იძრობს, ლანძღავს და ურტყავს მას, მაშინ რა ქნას ექიმმა?! მას ხომ არ უნდოდა ეტკინა! მას სურდა, რომ დახმარებოდა და ყველაფერი გაეკეთებინა, რათა გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ პაციენტი, თავისი უგუნურებით, თავად ვნებს საკუთარ თავს.

ასე ვიქცევით ჩვენც, როდესაც განსაცდელებს ვეწინააღმდეგებით. ამიტომაც, სიმამაცით მივიღოთ ტკივილები, მწუხარებები და განსაცდელები, როგორც ქრისტეს ხელით მოცემული წამალი. დავითმინოთ ეს სიმძიმეები და სირთულეები. ვმადლობდეთ ქრისტეს და გვახსოვდეს, რომ ჩვენი ზეციური მამა არასდროს ცდება.

გავიხსენოთ ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტე, რომელიც ჩვენთვის მოკვდა. განა ეს მისი სიყვარულის უტყუარი მოწმობა არ არის? ამიტომაც, მივატოვოთ ყოველგვარი ეჭვი! ჩვენი სიყვარულისთვის ასეთი მსხვერპლი არასდროს არავისთვის გაუღია. მხოლოდ ღმერთმა შესწირა მსხვერპლად ჩვენთვის საკუთარი თავი!

დავითმინოთ ტკივილები და მწუხარებები და ყველა ტანჯული ადამიანისთვის ვილოცოთ. დაფიქრდით, ამ წამებში რამდენი ადამიანი იტანჯება საავადმყოფოებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში. როგორ იტანჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ეშმაკით არიან შეპყრობილები! მათი ცხოვრება ერთი დიდი ტანჯვაა! 

არ გვინდა იმ მიზეზების გამოძიება, თუ რატომ შეემთხვა ესა თუ ის ადამიანს. უბრალოდ ვხედავდეთ მათ მწუხარებასა და ტკივილს და დავფიქრდეთ, თუ რამდენად რთულია დემონური ზემოქმედებისგან გათავისუფლება. ნახეთ, როგორ იტანჯებიან ადამიანები ფსიქიატრიულ კლინიკებში!

ჩვენ კი, რომლებიც ჯანმრთელებად ვითვლებით, არ უნდა დავივიწყოთ ეს ადამიანები და მუდამ ვილოცოთ მათთვის. ვევედროთ ქრისტეს, რათა მიანიჭოს მათ მოთმინება, შეუმსუბიქოს ტკივილები და განკურნოს ისინი; ჩვენ ჩვენი ძმების და დების ტკივილის თანაგრძნობა უნდა შეგვეძლოს. თუ ამას არ ვაკეთებთ, ესე იგი არ გვაქვს სიყვარული! თი დავივიწყებთ მათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს სიყვარულის მიღმა ვართ! ქრისტეს კი მათი გადარჩენა და თავისთან დამკვიდრება უნდა.

დავფიქრდეთ, რამდენი ადამიანი იმყოფება სიკვდილის პირას, როდესაც მათი ხვედრი წყდება, ხოლო მათი სინდისი მშვიდად არაა და აწამებს მათ აზრით: ,,ნუთუ რა მელის?’’ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილი უნდა გახდეს და მაშინ, ღმერთი, რომელიც ხედავს ადამიანის გულს და იცნობს მის შინაგან სამყაროს, რომელმაც იცის თუ რას ნიშნავს სიყვარული, აუცილებლად მიიღებს ჩვენს სიკეთეს და საკუთარ თავს ჩვენს წინაშე ,,მოვალედ’’ ჩათვლის, რათა ან აქ მოგვაგოს იმავეთი, როდესაც დახმარება დაგვჭირდება, ან მომავალ ცხოვრებაში.

ამიტომაც, გავახილოთ სულის თვალები და ვუმზიროთ ჭეშმატირებას, ანუ ქრისტეს. თუ ჭეშმარიტებაში განმტკიცებულნი ვართ, მაშინ არ უნდა გვეშინოდეს. პილატე ეკითხებოდა ქრისტეს, თუ ვინ არის, საიდან მოვიდა და იმასაც ეუბნებოდა, რომ მისი ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა. ქრისტემ კი უპასუხა: ,, არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო’’. ,, ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ’’. პილატემ კი ჰკითხა: ,, რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა…’’. ის ჭეშმარიტების მოსმენის ღირსი არ იყო და არც აინტერესებდა. იმისათვის, რომ ადამიანმა ჭეშმარიტება შეიცნოს, ამის ღირსი უნდა იყოს, ანუ თავად უნდა უნდოდეს ეს, და ჭეშმარიტებაც გაათავისუფლებს ადამიანს სიცრუისა და ტანჯვისაგან. რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება? იმაში, რომ ჩვენ სწორად უნდა გვიყვარდეს მოყვასი: არა ავადმყოფურად, არა პარაზიტულად და არა ანგარებიანად.

დღეს კაცობრიობას სჭირდება ჭეშმარიტი, ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული. ჩვენ რომ ისე გვიყვარდეს, როგორც საჭიროა, არ ვიცხოვრებდით ისე, როგორც ვცხოვრობთ. ჩვენი საქმეები კი ჩვენს უღირს ცხოვრებასა და არაწმინდა აზრებზე მეტყველებენ. ამიტომაც, ჩვენი შინაგანი ლოცვითი ღვაწლის მთავარი ელემენტი მოყვასის უანგარო და გულწრფელი სიყვარული უნდა იყოს. ჩვენ უნდა აღვზარდოთ საკუთარ თავში თანაგრძნობა და როდესაც მოყვასის ტკივილი, ჩვენი ტკივილი გახდება, მაშინ ჩვენც განგვკურნავს ქრისტე.

დაფარე სხვისი ნაკლი და უძლურებები და შენსასაც დაფარავს ქრისტე. მიიღე უსამართლო მოპყრობები, მაგრამ სხვას არ მოექცე უსამართლოდ. ბოროტება სიკეთით დაამარცხე, რადგან სწორედ ესაა ქრისტეს სახარების სული. შურისძიებით არ ვუპასუხოთ ბოროტებას. განა რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ გვიყვარს ისინი, ვისაც ვუყვარვართ? ან იმაში, რომ ვალის დაბრუნებას ვითხოვთ? ყველა ხომ ისედაც ასე იქცევა. შენ კი ყოველგვარი გათვლისა და სანაცვლოს მიღების გარეშე დაეხმარე. უბრალოდ მიეცი და სხვა არაფერზე იფიქრო! გაეცი სიყვარული და არ ელოდო საპასუხოდ არაფერს. თუკი შენი სიყვარულისთვის ჯილდოს ელოდები, მაშინ ჯობია საერთოდ არ გასცე. ქრისტემ ხომ მოგვცა თავისი სიყვარული, ჩვენ კი ბოროტებით ვუპასუხეთ.

მან გასცა სიყვარული, ხოლო სანაცვლოდ შური და ბოროტება მიიღო. გასცა მანანა და ნაღველი მიიღო. მას ხომ არ გაუპროტესტებია ეს! არამედ თქვა: ,,მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან’’. აქედან გამომდინარე, მან მიიღო უსამართლობა, მაგრამ თავად არ მოქცეულა ასე. გასცა სიყვარული და მიიღო სიძულვილი, გასცა კურთხევა და მიიღო ცილისწამება.

ეს არის სახარების სული. ეს არის ქრისტესმიერი ჭეშმარიტება – მოყვასისთვის და მტრისთვისაც თავის გაწირვა! ამ შემთხვევაში, გვირგვინით შემკული შევხდები სიყვარულის ღმერთს – ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს.

ქრისტემ მორჩილების დიდებული მაგალითი გვიჩვენა: ,, დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა’’. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე დიდებული მორჩილია, რომელმაც საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო და რომელსაც ღმერთმა ყველაზე აღმატებული სახელი მიანიჭა. როდესაც დაბრუნდება, მთელი სამყარო და ყველა არსება მოიდრეკს მის წინაშე მუხლს.

ამიტომაც, მივიღეთ რა სწორი სარწმუნოება და ქრისტესმიერი ჭეშმარიტება, შევიყვაროთ მოყვასი ისე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა. თუკი ქრისტეს სიყვარულის მიბაძვაში ვიშრომებთ, ქრისტესთან მოვხვდებით, მის მარადიულ, ზეციურ დიდებაში შევალთ და მასთან ერთად ვიზეიმებთ მარადიულ პასექს, რომელიც არ დასრულდება უკუნითი უკუნისამდე! ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©