aimilianos igoumenos simonopetras color

ერგასის მოლოდინში – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი) (ნაწილი 2)

შუადღის ხვატში შენ გელის უდაბნო და ინატრებ სიგრილეს. მე ვიქნები ღრუბელი, რომელიც მოგიჩრდილავს შენ. მე განგანათლებ შენ რათა მიცნობდე მე. ღამით სინათლის საჭიროებას განიცდი, მე გაგინათებ შენ.ვიქნები შენთვის ნათლის სვეტი და ამ სინათლის დანახვისას მიხვდები რომ მე ვარ ნათელი , რომ ნათელი ეს ჩემი დიდების ანარეკლია.

და გაქვს ღრუბელი დღისით და ნათელი ღამით – მარადი ღმერთი. წინ მიიწევ – წინ მიგიძღვი, რომ მხედავდე. შეჩერდი? მეც ვჩერდები და ვეშვები შენ წინაშე, რომ მიყურებდე. დგახარ ტაძრის შესავლელთან, რომელშიც მე ვიმყოფებ და გესმი ჩემი, მიემართები შენი მთავარეპისკოპოსისკენ და  ხედავ ნიშნებს ჩემი თანაყოფნისას.

ამგვარად მოდის ღმერთი სიმდაბლით, უქვემდებარებს საკუთარ თავს ღრუბელს, ნათლის სვეტს და ნებისმიერ სხვას … წარმოუდგენელია მისი შრომა, მოთმინება, სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა. იგი აღწევს ყველგან, ემორჩილება და უერთდება ღრუბლებს, ჩვენს ცოდვას, ტირის რათა შეუერთდეს და შეაღწიოს ყველაფერში. ამიტომ ვიცი, არ შემიძლია სიცოცხლე მის გარეშე და ვატარებ მას ჩემში.

ღრუბელი, ტაძარი, ცეცხლოვანი სვეტი, ეპისკოპოსი ყოველივე ეს მოწმობს მის ცხოველმყოფელობაზე. მთელი მისი მარადიული არსებობის მანძილზე მას თითქოს სხვა არაფერი უკეთებია გარდა იმის, რომ მრავალი უტყუარი მოწმობის თანახმად განეცხადებინა თავისი სიცოცხლე ადამიანისთვის იმგვარად, რომ მას შესძლებოდა აღექვა და განეცადა ის, იმდენად რომ მისი სიცოცხლე მეტად აღარ დასცილებოდა ღმრთისას.

მისი ტანჯვის შემდგე დაიწყო მარადიული სიცოცხლე, რომელიც როგორც აღვნიშნეთ მრავალჯერ გამოვლინდა და დადასტურდა. იგია ის ვისაც ვიხილავ, როდესაც ჩამომეხსნება საბურველი [2კორ.3:13-16] და გაიხსნება ჩემ წინაშე დაფარული, ცათა სასუფეველი , სადაც პირისპირ ვიხილავთ ღმერთს [1კორ.13-12].

გამოუცხადა თავისი თავი, მრავალი მოწმობის თანახმად, რომელიც ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ წარმოადგენს ღმერთის შრომას და ჩვენს გულქვაობას, შეზღუდულობას, უუნარობას, ურჩობას იმგვარს, თითქოს ჩვენ გამოკვებას ცდილობდეს და ჩვენ ჯიუტად პირს ვუხურავდეთ, ჩვენი მზერის მიპყრობას ცდილობდეს და შენ თავს იბრუნებდე, რათა არასდროს იხილო და შეიცნო იგი. ამგვარად ექცევა ღმერთს ადამიანი, მე ვილაშქრებ მის წინააღმდეგ, ნაცვლად იმისა რომ გავიცნო, შევიყვარო და მივიღო იგი. ის კი, როგორც მხდალს მუდამ უკან მოგვყვება, იმედით რომ მივიხედებით მისკენ და დავინახავ ჩემს მდევარს , შემწეს და გავაცნობიერებ, ჩემთვის ამგვარად დამახასიათებელ, გაქცევის მიზეზს!

გამოუცხადა თავისი თავი, მრავალი მოწმობის თანახმად. აქ  ჩვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ უფლის გამოცხადების ორ გარემოებაზე, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მათ და ახარებდა ცათა სასუფეველს, შემდგე შეკრიბა ისინი და უბრძანა არ განშორებულიყვნენ იერუსალიმს. ეს  იყო მისი როგორც გზისა და სიცოცხლის ყველაზე მძლავრი და უკანასკნელი გამოცხადება, მას შემდეგ სრულდება ცვალებადობა და იწყება მარადისობა, ის რაც მან აღუთქვა ადამიანს და თითოეულს აქვს შესაძლებლობა მიეახლოს ამ სიცოცხლეს

– “და თუ კი მაინც გულქვა ხარ და ბრმა, უდაბნოში მყოფ ისრაელის ხალხზე უფრო ცოდვილი, მაინც ვიპოვი გზას, რომ ეს ყოველივე გაიგო.”

ეს არის ეკლესიის საიდუმლოება ქრისტეს, მარადიული ღმერთის დროსა და განფენილ სამყაროში შემოსვლა და ამავდროულად მარადისობაში მყოფობა. ორმოცი დღის მანძილზე ეჩვენებოდა მათ და ესაუბრებოდა ღვთის სასუფეველზე.

ჩვენ ვიცით რა მნიშვნელობის მატარებელია რიცხვი ორმოცი ებრაელი ერისათვის. [გამო.16:35] ორმოცი დღე იყო მთაზე მოსე [გამო.24:18;34:28], რაც გამოხატავს სისავსეს, აღსრულებას და ამგვარად ურღვევი კავშირი აქვს ღვთისშემეცნებასთან, რიცხვი ორმოცი იქ ჩნდება სადაც კავშირია ღმერთსა და ადამიანს შორის.

შვიდ დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო, ამგვარად შვიდიც გამოხატავს სისავსეს, მაგრამ უფრო კოსმიურს, ორმოცი კი უკავშირდება ღმერთის სიცოცხლეს, მასთან მიახლოებას. ორმოცი დღე უნდა ემარხულა მოსეს, რომ ეხილა ღმერთი, მიეცა მისთვის რჯული, რომლითაც შეიცნობდნენ ღმერთს და მიეღოთ უწყება ღვთის სამსხვერპლოზე, რომელიც შექმნა მოსემ, რათა მიეღო სიწმინდე. ორმოცი დღე იმარხულა ქრისტემ, რათა ყოფილიყო მუდამ მამასთან და მამის მეოხებით სამუდამოდ დაამარცხა ეშმაკი. ორმოცი დღე იყო ქრისტე უდაბნოში, მამასთან ერთად.

ეს რიცხვი შემთხვევითი არ არის, როდესაც აღნიშნულია რომ ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა, ნიშნავს რომ ეს ზღვარია, ერთი მთლიანობა, რომლის მეშვეობითაც უფალი დაგვენახა, ჩვენთვის მისაწვდომი და გასაგები გახდა.

როდესაც მესმის ხმა, ყველაფერს ვიქმ, რომ მოსაუბრე დავინახო და თუკი მოშორებითაა ვცდილობ მივუახლოვდე. ის  რომ მესმის და ვიხსომებ ნიშნავს იმას რომ ვცოცხლობ. თვალები ერთგვარი კარებია, რომლიდანაც ბოროტი აღწევს ჩვენში, როგორ წმ. წერილშია ნათქვამი [იერ.9:20], მაგრამ იმავ კარიდან აღწევს უფალიც ჩვენამდე, ქრისტე შეიქნა ხილული იმგვარად რომ მხედველთ ის დაენახათ. ღმერთს, ღმერთი სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ხილულია, ხილული ნათელი. მხედველობა ადამიანის შეგრძნების უმძაფრესი ორგანოა, რომელიც მუდმივ განცდებს ანიჭებს მას, ორმოცი დღესაც მხოლოდ იმიტომ ეცხადებოდა ქრისტე, რომ ადამიანებს იგი დაენახათ.

მისი ამგვარი ქმედებაზე რომ ჩვენთვის უფრო საცნაური გამხდარიყო მისი სიცოცხლე ვიტყვი შემდგეს: მე შენ გესაუბრები, მაგრამ შენ მე ვერ მხედავ. მოგმართავ, შენ კი არ მპასუხობ. Მე გეძახი შენ კი სხვას ესაუბრები. Მე ვიღებ შენ ხელს და გეუბნები – “შემომხედე, მე აქ ვარ”, ვიღებ შენს მეორე ხელს და გაბრუნებ ჩემკენ, ვდგავარ შენ წინაშე და გეკითხები: “მხედავ?” – ამას აკეთებს უფალი ადამიანთან, ეცხადება და უახლოვდება მას, რათა სხვა ყველაფერი დანარჩენი გაქრეს და დარჩეს მხოლოდ ის. ორმოც დღეს ამისათვის ეჩვენებოდა იგი ადამიანებს.

“ვიღებ  შენ ხელს და ჩაგხედავ თვალებში და გეკითხები – მხედავ?” -ეს იმდენად ცოცხალი განცდაა რომ გსურს თუ არ გსურს მითმობ შენ ყურადღებას, მპასუხობ, მეხმიანები. ორმოცი სრული დღე და ღამე ღმერთი სხვადასხვა საშუალებებით ავლენდა თავის საღმრთო ძალმოსილებას, რადგან არ შესძლებოდათ შემდეგ ეთქვათ, რომ ღმერთი არ უხილავთ!

რაც უფრო ახლოს გხედავ მით უკეთ მესმის შენი და გცნობ, რამდენადაც გიცნობ იმდენად მესმის შენი, რამდენადაც მესმის შენი იმდენად მიყვარხარ, რამდენადაც მიყვარხარ, იმდენად ვიტანჯები, რამდენადაც ვიტანჯები იმდენად გიახლოვდები შენ, რამდენადაც გიახლოვდები იმდენად შემიძლია გულში ჩაგიკრა. შემილია ღმერთი იმდენად ჩავიკრა გულში, რომ ის ჩემი არსება გახდეს, მეტიც წაიშალოს სხვაობა ჩემსა მას შორის, ვიქცე ახალ ქმნილებად ქრისტეს გამოცხადებად და დაბადებად ჩემში.

შედეგად ის რომ ორმოცი დღე ეცხადებოდა მათ, გვიცხადებს საბოლოო ერთობას, რომელიც გამოხატულია იმდენად ცხადად და საოცრად, რომ ეჭვის საბაბი აღარ რჩება. ჩემ წინაშე გამოცხადებული საღმრთო დიდებულება უკუაგდებს და აქარწყლებს ყოველგვარ ეჭვსა და წინააღმდეგობას. გვიხნის ახალ ხედვას, უფრო მკვეთრს და ნათელს, რომელზე უკეთესიც წარმოუდგენელია, რადგან ყოველივე რასაც იქმს ღმერთი, იქმს შეუდარებლად და უნაკლოდ, მასზე უმჯობესი ვერ იარსებებს.

და ესაუბრებოდა მათ ცათა სასუფეველზე. დაიჭირა შენი ხელი და გეკითხება – ”მხედავ მე?”  რას უპასუხებ?  – “კი უფალო გხედავ, მე შენ გიცნობ, შენ ხარ ჩემი უფალი და ღმერთი ჩემი”.

– “მაშინ მომისმინე.” და ესაუბრებოდა მათ. იმ დროს როდესაც შენ ხედავ ღმერთს, როდესაც განიცდი მას, აღარ აქვს ადგილი არავითარ ეჭვს. ამ დროს შენ გესაუბრება ღმერთი. ის არ ესაუბრება მათ, ვისაც მოსმენა მისი არ სურთ. Როდესაც, ღმერთი ხედავს ყურს, რომელსაც არ ესმის, ამბობს, ყურები აქვთ სასმენელად არ ესმით, მსმენელნი კი თითქოს უყურონი [ესა.6:9-10;ეზეკ.12:2;მთ.13:13;მრკ.8:18], ის გვტოვებს, პატივს სცემს შენს არჩევანს, შენს თავისუფლებას, მაგრამ საკმარისია შენ მისკენ მიიხედო, ისურვო მისი ხმის გაგონება, ისწრაფვო მისკენ, ის იმ წამსვე მოვა შეკითხვით

-გესმის ჩემი? Მესმი.

– მისმინე. მე ვარ ღმერთი სიტყვა და გესაუბრები ცათა სასუფეველზე, მე უნდა შევუერთდე შენს არსებას, მე ვარ ის ვინც სამუდამოდ დაუკავშირდა ადამიანურ ბუნებას და ახლა სამუდამოდ უნდა დავუკავშირდე შენს პიროვნებას. მე ვარ შენი სიცოცხლე, შენი ღმერთი – სიტყვა. მხოლოდ მაშინ წარმოადგენ სრულ ადამიანურ ჰიპოსტასს, როდესაც მე შენთან ვარ, სხვა შემთხვევაში შენ არ არსებობ.

და  ესაუბრებოდა მათ ცათა სასუფეველზე

-კი მაგრამ როგორ ვიქნებით ერთნი? Რა ეშველება იმ მანძილს რომელიც ჩემსა და შენ შორისაა?

-მისმინე და მე გეტყვი შენ. მე  ვევნე, მოვკვდი და აღვსდექი და ავმაღლდი ზეცად, მხოლოდ იმისათვის, რომ შენ გქონოდა ადგილი გამზადებული ცათა სასუფეველში, რომ მომეტანა შენთვის იგი. “გეტყჳ თქუენ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ.”[ლკ. 9:27] და დგება დრო როდესაც ცათა საუფეველი იიძულების.

ეცხადებოდა და ახარებდა ცათა სასუფევლის შესახებ – გასაოცარია.

მას  არ განუმართავს მოწაფეებისთვის არც ტანჯვა, არც საიდუმლოებები, საკუთარი თავიც კი არ განუმარტა, მხოლოდ სულიწმიდით განსწავლა ისინი. “არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.” [იონ.16:7]

ის თავად არ მოწმობს საკუთარი თავის შესახებ, არ უხსნის ადამიანს თავის გულსა ფიქრებს, სულიწმიდა ღმერთი იქმს ამას. თავად ის კი საუბრობს ცათა სასუფეველზე. “ ჩემ შესახებ სულიწმიდა იტყვის, ჩვენ კი რადგან ორნი ვართ ახლა ვისაუბროთ ცათა სასუფეველზე.”

რას ნიშნავს ამაზე საუბარი? რატო მაინც და მაინც ამ მომენტში საუბრობს ქრისტე ცათა სასუფეველზე ? თუ კი საკუთარი თავი შესახებ მოწმობას სულიწმიდა ღმერთს უტოვებს, რატომ იმავეს არ იქმს სასუფევლის უწყების შესახებ? – არა. რადგან აქ არის ღმერთის ხედვის და ჩვენი მასთან შეერთების საიდუმლო.

ცათა სასუფეველი ის არ ის რადაც უფალი განისვენებს, იქ სადაც სუფევს მისი არსება, და არაფერია მასში თავად მის გარდა. ცათა სასუფეველი თავად ღმერთია. ის არის სამეფო, რომელში იგი განისვენებს, მარადიულად, ის უწყვეტ კავშირშია თავის სამეფოსთან. ცათა სასუფეველი არის იქ, სადაც არის უფალი და ისე როგორც, სხეული არ არსებობს სულის გარეშე და პირიქით, ასევე არ არსებობს სასუფეველი ღმერთის გარეშე, ის თავად ღმერთის სხეულია, ქრისტეს სხეული, მისი ეკლესია დედამიწაზე.

ეკლესია თავად არის ცათა სასუფეველი, რომელიც როგორც აღვნიშნეთ ქრისტეს სხეულია. ღმრთის სასუფეველი, ეკლესია, ცათა სასუფეველი ,ქრისტე, მე და სხეული ქრისტესი – ყველაფერი ერთია. სხეული, ეკლესია არის მეუფება, ქრისტე არის მეუფე, ქრისტე არის სული, ქრისტე მჯდომარე საყდარსა ზედა ქერუბიმთა და სერაფიმთა.

ცათა სასუფეველზე , საუბრით ქრისტე გვიცხადებს ადამიანისა და ღმერთის დაურღვეველი შეერთების საიდუმლოებას. “ მე  ვცოცხლობ ეს ნიშნავს ვცოცხლობდე შენში, როდესაც მიმიღებ მე, მე ვიცოცხლებ შენში და შენ ჩემში”. ღმერთი გვიცხადებს ქრისტეს ეკლესიის, როგორც თავისი მისტიკური სხეულის დიდებულების სადღესასწაულო საიდუმლოს. ის შემოიკრებს ყველას თავის გარშემო, როგორც ერთი სხეული და გამოუცხადებს თავის თავს – ცათა სასუფეველს, რომელიც არის იქ, სადაც ცოცხალი ღმერთის მორწმუნენი შეიკრიბებიან.

-” დღეს გამოგიცხადეთ ჩემი თავი, დღეის შემდეგ ჩემს მეუფებას წარმოადგენს ეკლესია, ჩემი გამოვლინება და ცოცხალი ჰიპოსტასები ხართ თქვენ, როდესაც იკრიბებით ერთად, თქვენ ხართ ეკლესია. სულ,  რომ დაივიწყოთ ცეცხლოვანი სვეტები და ღრუბლები რომლებმაც მოგიჩრდილათ და ყველა ჩემი კეთილი საქმე, უარყოთ სიყვარული ჩემი და იმედი, რომელიც მე ჩაგინერგეთ თქვენ და ბოროტს დაემონოთ, მე მაინც ვეცდები ვიპოვო გზა და ადამიანურად აგიხსნათ, რომ არ შეგიძლიათ თქვენ იცხოვროთ ჩემ გარეშე და თქვენ დაბრმავებულნიც კი შეძლებთ მიიღოთ ჩემი სიცოცხლე.

-“ მე ვეძებ უმარტივეს გზას, რათა ჩემი სიცოცხლე იყოს თქვენში და მსურს, რომ მუდამ ვიმყოფებოდე თქვენს სისხლსა და ხორცში.”

და ის პოულობს ამ გზას, აარსებს მარადიულ ეკლესიას და ტოვებს მასში ვეება თეთრ ტილოს სიწმინდითა და უწმინდურით.[საქ.10:11-12], საბოლოოდ ჩამოდის დედამიწაზე რათა შემდგომ ის ცას შეუერთოს, აარსებს ეკლესიას, რომელშიც ვიმყოფებით ჩვენ ყველა.

– “ მე ვპოულობ გზას, რომ შენი ჩემთან ერთობა იყოს ურღვევი, მხოლოდ იმ გამონაკლისით, თუკი თავად უარმყოფ მე და მეტყვი – “უარგყოფ შენ ღმერთო, არ მსურს შენთან ყოფნა, გამეცალე და გამშორდი მე.” – თუ კი ამ სიტყვებს არ წარმოთქვამ, ყველაფრის მიუხედავად ჩემთან ერთად იქნები.”

ეს არის ღმერთის სასუფევლის გამოცხადება, “ მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილნი, უმადურნი, არარაობანი ხართ მე მიგითითეთ, უიოლესი გზა, საჭიროა მხოლოდ ხელი გაიწვდინოთ. თქვენ ორნი და სამნი ჩემი სახელით შეკრებილნი შეძლებთ იყოთ – მე, ქრისტე. “რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა.” [მათ.18:20] რას ნიშნავს “შორის მათსა?” ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე მეოთხე გაჩნდება სამს შორის, არამედ ვიქნები თქვენში, სადაც ხართ თქვენ იქ ვარ მეც. ანუ თქვენ თავად კი არა ხართ, არამედ იქცევით ჩემად.

რა არის საეკლესიო ერთობა ის რაზეც ვსაუბრობთ? თუ კი ქრისტე ისე მიახლოებს თავისთან, რომ ხილული რჩება ორმოცი დღის მანძილზე მაშინ მე სხვა ადამიანთან ურთიერთობით შემიძლია უხილავად ჩავიკრა იგი გულში. თანაც ისე ძლიერად, რომ ვეღარაფერმა განმაშოროს. როგორც ერთმანეთში გადარეული ფოლადი და თიხა, იმგვარად, რომ განურჩეველი იყოს ერთი მეორისაგან და როგორც დამდნარი ფოლადი ახურებს თიხას იგივე მემართება მეც.

ცათა სასუფევლის ხარება სხვა არა არის თუ არა ის რომ “მე ჩემს გამოუთქმელ სიბრძნეში და სიყვარულში, ვიპოვე გზა შენთვის,  მეტ-ნაკლებად უბრალო, რომლითაც შენ მე შემიყვარებ და იქნები ჩემთან.”

ნათქვამია: “უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?”[1ინ. 4:20:]. მეორე ადამიანი იგივე ცხოვრებით ცხოვრობს რითაც მე, უყვარს და სძულს ისევე როგორც მე. ის ჩემი ყოველდღიური მეგზური და თანამუშაკია. და თუკი მე მას არ შევიყვარებ, როგორღა შევიყვარებ ღმერთს, რომელიც უხილავია? ადამიანი ხილულით ამაღლდება უფლამდე.

ეს ის საიდუმლოა, რომელსაც წმიდა წერილის ყოველი მონაკვეთი გვიცხადებს. უფლის ყოველი სიტყვა და საუბარი, რომელიც ისმოდა გენესარეთის ტბის სანაპიროებზე და მთებში, ყველა ეს ერთი მნიშვნელობა აქვს.

და ეს ხილული ადამიანია. ისეთივე ცოდვილი როგორიც შენ, ისეთივე ურჩი და მოღუშული, რომელიც საღმრთო ბუნების თანაზიარია [2პეტ.1:4] და ამავდროულად ზიარი დემონური ძალებისა. ეს ის ადამიანი, რომელიც მე ვარ, მისით შენ მე შემიერთდები. ჩაკიდე ხელი და მოდით ერთად ორივე ცოდვილი.

“და როდესაც მოხვალთ ჩემი სახელით და შეიკრიბებით ღვთისმსახურებაზე, ამ ცხოველმყოფელ შეკრებაზე, რათა გამჟღავნდეს ჩემი სიცოცხლე, მაშინ მე გარდავისახები თქვენში. და რაც არ უნდა მიმოქმედოს თითოეულმა თქვენგანმა ამ ერთობაში, იქნება ჩემთან. შენ მოიწმენდ თვალებს – შემეხები მე, თმაზე ხელს გადაისვამ – მე მეხები, ხელს ჩამოაყრდნობ შენს ფეხს და მიგრძნობმე. გესმის შენი გულისცემა, იდებ მკერდზე ხელს – ეს მე ვპულსირებ – განიცდი სულის ფეთქვას. მოგმართავს ვიღაც და მის სიტყვებში მე მისმენ, ავად ხარ და ჩემს ტკივილებს აყურადებ, ხარობ და ჩემი სიხარულის საიდუმლოს გულისხმაყოფ, რომლისთვისაც მოვედი, რომ შენთვის მომეტანა. ვინაიდან ასეთი მიწიერი ხარ, ვინაიდან ვერ შევძელი შენი ამაღლება და მიწაზე ღმერთად დადგინება, თავად ვეშვები ქვემოთ ხილული გამოვლინებებით, ვმდაბლდები რათა ვიქცე იმად, რაც ხარ შენ. ამგვარად, შენ გსურს ადამიანი, გსურს მიწა, გსურს ხილული, დაე ადამიანში მიპოვო მე. ვაფუძნებ ჩემს ეკლესიას და ვაახლებ შენ ირგვლივ ყველაფერს. მე განგაახლებთ თქვენ და მოგიძღვნით მარადისობას და როგორც ეს სხეული გახდა სული ისევე აღგითქვამთ სულიწმიდას. არის კიდევ რაიმე, რისი მოცემაც შემიძლია?”

აღარ არსებობს ამაზე ცხადი და უბრალო საშუალება ღმერთის დასანახად, მის შესაყვარებლად, მასთან მისაახლოებლად და მის მისაღებად.

“თქვენ ორნი ჩემ გამო შეიკრიბეთ ? ყველა თქვენ ჩემი სახელით იკრიბებით ? – მე თქვენთანა ვარ. მე ვიქცევი ცეცხლოვან სვეტად, გარდავისახები მტრედად [ლუკ.3:22], რა საშუალებას აღარ მივმართე! ახლა ვიქცევი სისხლად და ხორცად. შენ ამბობ რომ ხორცის ჭამა არ შეგიძლია, გიცვლი ხორც პურით, რომელსაც შენ ყოველდღე ჭამ, ის თქვენს მინდვრებში ხარობს და მარტივად მოიპოვებთ. ამ პურს მე გარდავსახავ ქრისტედ. კი, მაგრამ თქვენ არ მიირთმევთ პურს ღვინის გარეშე, რომელიც გამხიარულებთ და გახარებთ თქვენ. ღვინოს, რომელიც გიყვართ თქვენ, მე გარდავსახავ ქრისტედ. შენიშნავდით,  რომ გაძლევთ იმას რაც გიყვართ, რაც არ გძულთ, რაც გწყურიათ. გსურს სასმისი ღვინო? მე ვიქნები სასმისი და რასაც შესვამთ ამ სასმისიდან ვიქნები მე. “ უბრალო და მარტივია გზა ქრისტემდე მისასვლელი.


ქადაგება წარმოთქმული სიმონპეტრას მონასტერში 1977 წლის 26 აპრილი.

წყარო: http://Azbyka.ru

რუსულიდან თარგმნა ნუკი ბენიამ

Share