DSC0786

სიკვდილზე გამარჯვება – წმინდა იოანე კრონშტადტელი

ძმებო, რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ეკლესია ღმრთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასრულებას, უწოდებს არა გარდაცვალებას, როგორც ამას, როგორც წესი, ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში ვამბობთ ხოლმე, არამედ მიძინებას, ეს კი, იგივეა რაც განსვენება  და მშვიდი ძილი და იგი არა თუ გლოვობს და   ტირის მის საფლავზე, არამედ, პირიქით, გალობს მხიარულ და სადღესასწაულო საგალობლებს მისი აღსასრულის ჟამს? ის, რომ ყოვლადკურთხეული დედა ღმრთისა სინამდვილეში ისე არ გარდაცვლილა, როგორც ჩვეულებრივ გარდაიცვლებიან ხოლმე ადამიანები, არამედ, უმძიმესი მწუხარებებით აღსასვე ცხოვრების შემდეგ, ცოტა ხნით მშვიდი ძილით მიიძინა, და რომ მისი საფლავი, რომელიც ზეციური საუფლოს კარებს წარმოადგენდა მისთვის,  უამრავ სიხარულს მალავს ქრისტიანთათვის; მისი საფლავიდან, ისევე, როგორც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის საფლავიდან, ზეციური უხრწნელების მონაბერს შევიგრძნობთ, ან, უკეთ რომ ვთქვათ – ეს საფლავი, უცილობლად გვპირდება უკვდავებას სულისა და უხრწნელებას სხეულისა, ანადგურებს რა ჩვენში, შიშს სიკვდილისა.

დიდება სიკვდილის მძლეველს, უფალსა იესუს! უფლის განკაცებამდე, სიკვდილი საშიში იყო ადამიანისათვის, ვინაიდან იგი შეუქცევადად იტაცებდა თავის ნადავლს და მისგან თავის დასაღწევი არანაირი საშუალება არ ჩანდა, რამეთუ, ცოდვა, რომლითაც სიკვდილი იყო ძლიერი, ზღვის მოქცევასავით იღვრებოდა და ამ წყალმოვარდნის შეჩერება არაფერს შეეძლო; ამასთანავე, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სიკვდილის მიერ მიტაცებული ადამიანები ტყვეობაში იმყოფებოდნენ იქ, სადაც ისინი, როგორც წესი, სიკვდილის შემდეგ ხვდებოდნენ ხოლმე. მართალია, იყო ორი-სამი შემთხვევა, როდესაც ადამიანთაგან ორს, არ განუცდია სიკვდილი, ერთმა კი, ლოცვითა და ცრემლით გამოითხოვა დრო მაშინ, როდესაც  სიკვდილს მასზე უკვე თავისი  მომაკვდინებელი ხელი ჰქონდა აღმართული და მას არ ჰქონდა უფლება კიდევ თხუთმეტი წელი შეხებოდა მას. მაგრამ, რაღა იყო ეს ორი-სამი მაგალითი მილიონობით გარდაცვლილ ადამიანთან შედარებით?! იგივე, რაც წვეთი ოკეანეში. ამასთანავე, ბოლო მაგალითი, აღარ გახლდათ ნუგეშის მიმცემი ადამიანებისათვის, რამეთუ, მეფე ეზეკიამ სრულებით კი ვეღარ შეძლო სიკვდილისაგან თავის დახსნა, არამედ მისგან მხოლოდ განსაზღვრული დრო გამოითხოვა, პირველი ორი კი – ენოქი და ელია – შეუდარებლად ითვლებოდნენ თავიანთი წმინდა ცხოვრების გამო, რისთვისაც ისინი ცოცხლად იქნენ აღტაცებულნი ზეცად. 

რას ვხედავთ ახლა, უფლის განკაცებისა და მისი შიშსა და სიკვდილზე გამარჯვების შემდგომ? სიკვდილის მთელი საშინელება გაქრა; იგი, თითქოსდა ემსგავსა მშვიდ ძილს, რომლის შემდგომაც საყოველთაო აღდგომის მხიარული დილა გათენდება. იმისდა მიხედვით, თუ როგორ იმარჯვებს თითოეული ჩვენგანი ცოდვაზე, რომელიც ჩვენში ცხოვრობს, რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ (2 პეტრ.1.3), – ქრება შიში სიკვდილისა და ცოდვის დამარცხების მოზეიმენი, სიხარულით ხვდებიან სასიკვდილო სარეცელს და კი აღარ კვდებიან, არამედ მართლაცდა იძინებენ მშვიდი ძილით.

 “ახლა კი, – ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, – უფალმა დაამხო ჯოჯოხეთის ბჭენი და თვით სიკვდილის სახეც გაანადგურა. თუმცა, რაღას ვამბობ: სიკვდილის სახე? მან სიკვდილს სახელიც კი შეუცვალა, რამეთუ, ამიერიდან მას აღარ ეწოდება სიკვდილი, არამედ განსვენება და ძილი”.

სიკვდილზე გამარჯვების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელია. მან მხოლოდ მცირე ხნით, მოსასვენებლად მიდრიკა სხეული საფლავისაკენ. ვამბობთ “მცირე ხნით” იმიტომ, რომ გადმოცემის თანახმად, მისი გარდაცვალებიდან მესამე დღეს, ვეღარ ნახეს საფლავში მისი ყოვლადწმინდა სხეული – იგი იქნა აღდგენილ და ზეცად აღყვანებულ, სადაც სულთან ერთად იწყო ზეციური ნეტარებით ტკბობა. ღმრთისმშობლის კვალდაკვალ, ვხედავთ მოციქულებსა და მოწამეებს, რომლებიც სიხარულით ეგებებიან სიკვდილს, როგორც ჩინებულ მეგობარს, რომელიც, ამქვეყნიური, სწრაფწარმავალი სიკეთეებისა და მწუხარებების სანაცვლოდ, ზეციური სასუფევლის მარადიულ სიხარულს უძღვნის. მათ შემდეგ, ვხედავთ წმინდანებს, რომლებიც ასევე სიხარულით უმზერდნენ სიკვდილს, ხედავდნენ რა მასში, მიწიერი ღვაწლისა სასრულსა და ზეციური დიდების საწყისს. წმინდა ეკლესია, ცდილობს ჩვენშიც ჩანერგოს ამგვარი უშიშრობა სიკვდილის მიმართ, მოგვიწოდებს, საკუთარ თავში ცოდვის თანდათანობით ამოძირკვით, გავნდევნოთ შიში და საკუთარ გარდაცვლილებს ძველებურად აღარ უწოდებს მკვდრებს, არამედ მიძინებულებს, ესე იგი ჩაძინებულთ, რამეთუ, მომავალ საუკუნეთა მარადიული ცხოვრება, ახლა  გარდაუვალია ჩვენთვის და ჩვენი უფლება მასზედ იმდენად უდავოა, რომ არ შეგვიძლია და არც უნდა ვუყურებდეთ სიკვდილს სხვაგვარად, არამედ როგორც ძილს. დიდება უსასრულოდ სახიერ უფალს! ადრე გარდაცვლილს, დიდხანს და უნუგეშო ცრემლებით გლოვობდნენ ხოლმე, აუცილებელიც კი იყო გარდაცვლილის ცხედართან ცრემლთა ღვრა. შვილო – ამბობს ღვთივგაბრძნობილი ბრძენი, – მკვდარს ცრემლები დაადინე და მძიმე სატანჯველში ჩავარდნილივით ატირდი…მწარე იყოს დატირება და მხურვალე – გოდება; და იგლოვე, როგორც ეკადრება, ერთი ან ორი დღე, რომ არ დაგძრახონ, და გაიქარვე დარდი(ზირ. 38, 16-17).

ახლა კი, დასაფლავებულის გლოვის ნაცვლად, ვგალობთ “ალილუია” ან “აქებდით უფალსა”, ვუგალობთ და ვადიდებთ ღმრთაებრივ სიბრძნესა და სახიერებას, რომელმაც სიკვდილი უკვდავებაში გადამყვანად აქცია. ძმებო!  ზეცასთან თანაზიარობისაკენ მოხმობის ხილვა, ღმრთისმშობლის ყოვლადღირსეული და დიდებული მიძინების ხატზეა სახილველი, როგორ მშვიდად მიიძინებს იგი. როგორ სიმშვიდესა და ზეციურ სიხარულს ირეკლავს მისი სახე! ეს, მართლაც რომ ძილია, მცირე გადასასვლელი მიწიდან ზეცაში. ვისწავლოთ ჩვენც და სათნოებებში წვრთნითა და მანკიერებათა მოძულებით, საკუთარი სიკვდილი, მშვიდობიან ძილად ვაქციოთ. სანამ ჩვენში ბატონობს ცოდვა, მანამ საშიში იქნება სიკვდილი ჩვენთვის, რამეთუ ჭეშმარიტად სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს (ფს. 33,22). ცოდვაა მიზეზი სიკვდილისა.  რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ, სიკუდილი არს (რომ.6,23). დაე, მთელი ძალით ვებრძოლოთ ცოდვას ჩვენში, როგორც მიზეზს სიკვდილისა. თავიდან მისი დამარცხება გაგვიჭირება, შემდგომ კი, ეს ბრძოლა, გახდება მსუბუქი და ტბილი, რამეთუ, მწუხარებათა გამრავლების კვალდაკვალ, რომელიც ცოდვასთან ბრძოლას ახლავს,  ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი (2 კორ. 1,5) და უფალი, რომელმაც გვითხრა, რომ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს (მათ. 11,30), მართლაც მსუბუქსა და ცხოველმყოფელს გახდის მოღვაწეთა შრომას. ამასთანავე, მეტად ფასობს ის, რაც შრომით მიიღწევა და მისით ვხარობთ და ვტკბებით. ჩვენ ღვაწლისთვისა ვართ შექმნილნი და არა სიამ-ტკბილობისა და უმოქმედობისათვის. დიახ, დასასრულის არმქონე ზეციური დიდება, უდავოდ ღირს მთელი ცხოვრების მანძილზე იძულებით შრომად. ეს შეუდარებელი ნეტარებაა, ეს დიადი სამეფო უფასოდ არ მოგეგება. სასუფეველი ცათაჲ, თქმულა, იიძულების; ანუ ძალით მოიპოვება და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი (მათ. 11,12). იმიტომ ხომ არ ვავლენთ უდებებას საკუთარ თავში ვნებებისა და მანკიერი მიდრეკილებების წინაამდეგ ბრძოლისას, რომ ჩვენში სუსტია მომავალი, საუკუნო ცხოვრების რწმენა? მაგრამ, ის ხომ ისეთივე უდავოა, როგორც ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება. ნუთუ ის, ვინც დასაბამი მისცა ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებას, არ მოგვცემს სავსე, სრულყოფილ სიცოცხლეს ზეცაში?! დიახ, ეს გარდაუვლად მოხდება და უფრო დაუჯერებელია არ მოხდეს, ვიდრე მოხდეს. და ამას გვიდასტურებს უტყუარი სიტყვანი უფლისა, რომელიც ამბობს: ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა (იოან. 5, 28-29). ძმებო! საფლავს მიღმა არსებული მარადიული სიცოცხლე, არანაირ ეჭვს არ იწვევს. მაგრამ, ამავდროულად, არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ იგი ორმხრივი იქნება: მართალთათვის – ნეტარი, მძიმე ცოდვილთათვის – მტანჯველი. სიკვდილი ზღვარია ახლანდელსა და მომავალ ცხოვრებას შორის და ჩვენ არ ვიცით, შორს არის იგი ჩვენგან თუ ახლოს. დაე, მუდამ მზად ვიყოთ ამ ორი სიცოცხლის საშინელ ზღურბლზე დასადგომად. ამინ.


წყარო: http://Azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©  

სტატია თარგმნა ქრისტინე დოლბაიამ

Share