UTA 8665

ვილოცოთ ჩვენი მიცვალებულებისთვის! – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი(ვაფიდისი)

შეგვიძლია თუ არა, რომ ჩვენს გარდაცვლილ შვილებთან, მეუღლესთან, საყვარელ მშობლებთან ცოცხალი ურთიერთობა? არსებობს თუ არა რაიმე სახის კავშირი ამ სამყაროსა და მიღმიერ სამყაროს შორის?

ჩემო ძვირფასებო, არსებობს ეს ურთიერთობა! რადგანაც მას შემდეგ, რაც ქრისტე მოკვდა და აღდგა, სიკვდილს ეშინია ეკლესიის, ქრისტესი და ადამიანის, რადგანაც ადამიანი ღმერთის ხატია. არც მოწამეები წავიდოდნენ მოწამეობრივ ღვაწლზე, იმის ცოცხალი განცდა რომ არ ჰქონოდათ რომ სიკვდილი მათთვის ჭეშმარიტ სიცოცხლესთან – ქრისტესთან მიახლების საშუალება იყო. შვილებო, სრული ჭეშმარიტებაა ის, რომ გარდაცვლილები უფრო ცოცხლები არიან, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ხომ დროს ვნებებში, ამაოებასა და უიმედობაში ვატარებთ. ისინი კი, ვინც სათნოებებით იცხოვრეს, ქრისტეს ხედავენ და თავადაც მისი ნათლით აღივსებიან. ამიტომაც ვამბობ, რომ ისინი უფრო ცოცხლები არიან, ვიდრე ჩვენ!

მიწაზე მცხოვრებნიც და ზეცაშიც მყოფნიც ერთი ეკლესია, ერთი სამწყსო და ერთი ოჯახია და ამიტომაც მათ ესმით ჩვენი მიმართვა, ჩვენი საუბარი. ანგელოზებიც და ადამიანებიც, ცოცხლებიც და მკვდრებიც, ცოდვილებიც და მართლებიც – ყველანი ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სხეულის ნაწილები ვართ. იმას, რასაც სხეულის ერთი ნაწილი განიცდის, მთელი სხეული შეიგრძნობს. აქედან გამომდინარე, ზეცისთვის არაფერია დაფარული. უფალი ისმენს ჩვენს ლოცვას! ჩვენი ზეციური მამა მუდამ, ყოველდღიურად და ყოველწამიერად გვაყურადებს! მისი ,,სუნთქვა’’ არამხოლოდ ცოცხლებს ესმით, არამედ გარდაცვლილებსაც. ეს უკანასკნელნი ყოველდღიურად ხედავენ ქრისტეს სიყვარულით აღსავსე თვალებს!

ჩვენ ერთი სხეული და ერთი ეკლესია ვართ. თუკი აქ, მიწაზე ვგრძნობთ იმის საჭიროებას, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ, წარმოიდგინეთ, როგორ სურთ გარდაცვლილებს ჩვენთან ურთიერთობა! ჩვენი მიცვალებულები მუდამ ითხოვენ, რომ მათკენ მივმართოთ ჩვენი გონება და ჩვენი ლოცვები. ისინი მუდამ ცოცხალნი არიან და ელოდებიან ჩვენს ლოცვას! ისინიც არიან ჩვენი საყრდენები. ჩვენ მათთვის ლიტურგიას აღვასრულებთ, პანაშვიდს ვიხდით, ლოცვაში ვიხსენიებთ. ეს ყველაფერი მათ არამხოლოდ ეხმარება, არამედ ამით მიღმიერ სამყაროსთან ცოცხალი ურთიერთობის საშუალება გვეძლევა. როდესაც მიცვალებულებს ვიხსენიებთ, მათ უხარიათ, მხიარულობენ, იმედით აღივსებიან და მოუთმენლად ელიან მეორედ მოსვლის დღეს, რადგან მათ სულებში იმედი ყვავის! იცით, როგორი მადლიერნი არიან ჩვენი ლოცვებისთვის?

ისინი ,, სოფელსა შინა ცხოველთასა’’(ფს.114:8) იმყოფებიან და ცოცხალ ღმერთს ესაუბრებიან და ღმერთიც ესაუბრება მათ. ჩვენ მუდამ ვსტუმრობთ მათ, ვინც გვიყვარს. ასევე ქრისტეც, თითოეულ მიცვალებულს სტუმრობს და თავად ანიჭებს მათ განსვენებას, თავის ჭრილობებს უჩვენებს და ზეციურ მამას სამღვდელმთავრო ლოცვას აღუვლენს მათთვის! ისინიც გვაკვირდებიან,  ვიხსენიებთ, თუ არა მათ.

მიცვალებულთა სულები ხარობენ, როდესაც ხედავენ, რომ ზეცასთან ამგვარი ურთიერთობა გვაქვს. ყველა წმინდანი გვეხმარება, გარდაცვლილებიც გვხედავენ ჩვენ და ჩვენც ვლოცულობთ მათთვის.

კიდევ ერთს დავამატებ. როგორც წმინდა წერილი ამბობს, თუკი გვსურს, რომ ზეცასთან ურთიერთობა გვქონდეს, თუკი გვსურს, რომ შევხვდეთ ქრისტეს, არსებობს ერთი რამ, რაც ჩვენს შინაგან ხმას კიდევ უფრო ძლიერს ხდის. იცით რა რის ეს? მწუხარებები, რომლებიც მიწიერ ცხოვრებაში გვხვდება და რომლებსაც ქრისტესთვის ვითმენთ; ტკივილები, რომლებსაც ღიმილით ვხვდებით, განსაცდელები, რომლებსაც ვიღებთ, სნეულებები, რომლებიც ჩვენს სხეულს არღვევენ და ა.შ. თუკი მიცვალებულთათვის ჩვენი ლოცვა ტკივილითა და ცრემლითაა აღსავსე, ქრისტე მათ განსაკუთრებით იღებს.

ერთხელაც, ერთი მონაზონი, როდესაც უამრავ სახელს იხსენიებდა, დაიღალა და საკუთარ თავს ჰკითხა: ,,განა გადარჩებიან ყველანი, ვისაც ვიხსენიებ? ნუთუ რამეს გრძნობენ? ნუთუ ზეცა გრძნობს იმას, რომ მე ახლა აქ ვდგავარ და მათთვის ვლოცულობ? ნუთუ მიცვალებულები გვეხმარებიან?’’ მან უეცრად ძლიერი დაღლილობა იგრძნო, სტასიდს მიეყრდნო, ოდნავ თვალი მოხუჭა და ცხადში, თუ სიზმარში, გონების აღტაცების მდგომარეობაში მყოფმა, თვალები აღაპყრო და რას ხედავს… მიცვალებულთა უთვალავი სულები! მათთან ერთად წმინდანები და ანგელოზები, ქრისტეს საყდრის წინ კი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი დგას დიდებული სამოსლით შემოსილი. ის ქრისტეს უყურებს და ეუბნება: ,,ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო, ყველასთვის გევედრები. შეისმინე შენი წმინდა ეკლესიის ლოცვა’’. შემდეგ მიცვალებულებმა დაიწყეს გალობა: ,,ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა’’. ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ არამხოლოდ გვიშევ ქრისტე მაცხოვარი, არამედ მოუკლებლად ევედრები მას ჩვენთვის!

აი, ვინ არის ჩვენი მხსნელი, ჩემო ძვირფასებო! მინდა გისურვოთ, რომ მან ყოველდღიურად მოგანიჭოთ მისი სიყვარულის გამოცდილება და ჩვენი ცხოვრება მრავალი კურთხევით აღავსოს. გისურვებთ, რომ შემოვიდეს ქრისტე თქვენს გულებში და გეთქვათ: ,,ღმრთისმშობელმა ქრისტე გვიშვა, მე კი მას, ჩვენს სულთა მაცხოვარს, საკუთარი გულით ვატარებ’’. ამინ. კვირა. 6 ნოემბერი. 1983 წელი.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©