ლოცვა

თუ კარგად ლოცულობ, ღმრთისმეტყველი ხარ – არქიმანდტრიფი ეფრემ არიზონელი

გევედრებით, ილოცეთ პავლე მოციქულის მოწოდების თანახმად: „მოუკლებლად ილოცევდით“ (1 თეს. 5,17). წმინდა მამები ამბობენ: „თუ ღმრთისმეტყველი ხარ, კარგად ლოცულობ და თუ კარგად ლოცულობ – ღმრთისმეტყველი ხარ“. მართლაც, მეუდაბნოე მღვიძარე მამები გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ღვაწლით, საქმით, ჭვრეტით, მღვიძარებისა და ლოცვის ზნეობრივი და სულიერი ფილოსოფიით ადამიანის გონება იწმინდება, ნათლდება და სრულყოფილი ხდება, ამის შედეგად კი ღმრთისმეტყველების ნიჭს იძენს. საუბარია არა გნოსეოლოგიურ, ანუ განსჯით ღმრთისმეტყველებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის ღმრთისმეტყველები ფლობენ, არამედ იმ ღმრთისმეტყველებაზე, რომელიც წარმოიქმნება და ამოხეთქავს ღმრთაებრივი წყაროდან, საიდანაც ჭეშმარიტი ღმრთაებრივი ღმრთისმეტყველების მდინარეები უწყვეტად მოედინება.

წმინდა მამები ამბობენ, რომ გონება, რომელიც განშორებულია ღმრთის ჭვრეტას, პირუტყვს ან მხეცს ემსგავსება. ამის საპირისპიროდ, ლოცვის, სწორედ გონიერი ლოცვის მეშვეობით ადამიანის გონება განიღმრთობა და ღმრთაებრივი ელვარებით ბრწყინავს.

ადამიანის ცხონება დამოკიდებულია ლოცვაზე, რომელიც მას აახლოებს და აერთიანებს ღმერთთან. ბუნებრივია, ღმრთის სიახლოვეს მყოფი ზნეობრივ გზას არ გადაუხვევს, რადგან ყურადღებით დგამს ყოველ ნაბიჯს; თუმცა ყურადღების მიუხედავად, ეშმაკი მუდმივად ჩასაფრებულია, რომ სისუსტის მომენტში დაგვიჭიროს და მოტყუებით გადაგვიყვანოს თავის გზაზე, რომელიც მუდამ ციცაბო დაღმართია.

ამიტომ, ჩემო საყვარელო შვილებო, ჩვენი მოვალეობა და აუცილებელი მოთხოვნაა, მუდამ ჩვენი ტკბილი იესოს უწყვეტი ლოცვით ვიყოთ აღჭურვილნი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკებს იერიში მიაქვთ, თავს ესხმიან ლოცვას და ცდილობენ გონებაგაფანტულობის მეშვეობით ის უნაყოფო გახადონ. ლოცვის დროს საბრალო ადამიანის გონებას ათასგვარი ფიქრი მოიცავს, ლოცვის ნაყოფი რომ მოსტაცოს და მხოლოდ მისი ძვლები, ანუ შრომა და მცდელობა დაუტოვოს მლოცველს.

ამიტომ, წარმატებიც ლოცვის მსურველი, სანამ ლოცვას დაიწყებს, მოვალეა გონებიდან განაგდოს ყოველგვარი საზრუნავი და გულისსიტყვა.

გონებამ კი, როგორც ზედამხედველმა, დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური ბაგით წარმოთქმულ სიტყვებს, რომ ლოცვა ღმრთის შეწევნისა და მადლის ნაყოფის მომცემ წყაროდ იქცეს. მამები ამბობენ, რომ სატანა მუდამ ეკალი და ლოდი საცდურისა იქნება წმინდა ლოცვისთვის იმიტომ, რომ ლოცვა მას ძალიან აწუხებს და წვავს.

ასე რომ, შვილებო, თავი აიძულეთ ლოცვისთვის და მომიხსენეთ მეც, თქვენი მოძღვარი, რომ უფალმა შემიწყალოს.

Share