UTA 1347

მწუხარება უფლისათვის – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

“უფლისათვის მწუხარებას  სიხარული მოაქვს ადამიანისათვის და რწმენაში განამტკიცებს მას”, – გვმოძღვრავს აბბა ისაია. ვთქვათ, მე შევცოდე, როგორც წმინდა მარიამ მეგვიპტელმა, მთელი ორმოცი წელი, დღევანდელ დღემდე, გარყვნილებაში ვიცხოვრე, მაგრამ ახლა ვამბობ: “შევცოდე, უფალო, შევიცვლები”. როგორ მივხვდე, რომ ვმწუხარებ? თუკი  ჩემს ცოდვებზე ვაგრძელებ ფიქრს, მაშინ ეს აზრი დემონისგანაა. თუკი სინანულზე ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ მე უფლის ნების აღსრულება მსურს და მაშინვე სიხარული მეუფლება მისი ნების აღსრულების მოლოდინისაგან. ჩემ თავს მე მაშინვე უმწიკვლოთა და სპეტაკთა გვერდით ვაყენებ, მათ შორის, ვინც მოინანია და ვუერთდები წმინდანთა დასს.

ასე რომ, სატანური, დემონური მწუხარება, უფლისათვის მწუხარებაში ნუ შეგეშლება. უფლისათვის მწუხარება  – სიხარულია, რადგან შენ პირისპირ ხედავ ღმერთს, რომლისთვისაც ცოცხლობს შენი გული, და მაშასადამე, შენში მეფობს უფალი იესუ ქრისტე. ეს არის ჭეშმარიტი მწუხარება[1, 386]. თვითგვემა, რომელიც ადამიანში მარტოობის განცდასა და იმედგაცრუებას იწვევს, ასევე სინდისის ქენჯნა საკუთარი ცხოვრებისა და ცოდვების გამო, სინამდვილეში ეშმაკისგანაა, რადგან უფლისათვის მწუხარება არ თრგუნავს ადამიანს, არ ამძიმებს, არ გვემს, არ ლახვრავს მეხითა და ელვით, და არ ჩაჰყავს ის ჯოჯოხეთში. ის მას ნუგეშს, კადნიერებას, სიმშვიდესა და სიმამაცეს ანიჭებს და აბრუნებს ჭეშმარიტების გზაზე. ის მას ეუბნება: “ნუ გეშინია, კვლავ განაგრძე სვლა” – წინ, თავიდან დაიწყე ყველაფერი. მას არ აინტერესებს დაცემა, ის მას ივიწყებს და სულს კვლავ ქრისტესაკენ სწრაფვისკენ უბიძგებს. რადგან მან უწყის, რომ უძლურია ადამიანი და არაფერი ძალუძს გარდა შეცოდებისა და ამიტომაც განაძლიერებს მას. სატანური მწუხარება კი ადამიანში შფოთს, სევდას, უხასიათობას, დათრგუნულობას იწვევს და კვლავ იმავე ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებს. დემონური მწუხარება –  ნიშანი და შედეგია მოუნანიებლობისა, საშინელი ეგოიზმისა, ის ჩვენში დამალული დემონის გამოვლინებაა. უფლისათვის მწუხარება კი პირიქით, მოდის როგორც დილის ცვარი, როგორც მეგობრული თანადგომა, როგორც ღიმილი, როგორც განსვენება, გვაძლევს ძალას, სიხარულს და მხნეობას. თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს არაფერი ჩაგვედინოს, თითქოს ახლა ვიწყებდეთ  ცხოვრებას. ამიტომაც ამბობს აბბა ისაია: “ყურადღებით იყავი და მწუხარებას ნუ დანებდები”. მხოლოდ უფლისათვის მწუხარებას ესწრაფე, რამეთუ ის – ზეიმია გულისათვის, რომელიც სინანულითა და  ღმრთაებრივი სიცოცხლით ხარობს


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

Share