ლოცვა უსასრულო შემოქმედებაა, უფრო აღმატებული ვიდრე ხელოვნება ან მეცნიერება. მისი საშუალებით ვუკავშირდებით მარადიულ სიცოცხლეს ან სხვაგვარად რომ ვთქვათ: თვითმყოფი ღმერთის სიცოცხლე ამ გზით ჩვენში შემოდის. ლოცვა, უმაღლესი სიბრძნითიქმედებაა, ყოვლისმომცველი მშვენიერება და ღირსება. მისით ხდება ჩვენი სულის აღტაცება, მაგრამ ამ შემოქმედების გზები რთულია. ათასგზის გვექნება განცდა ღვთისკენ ცეცხლოვანი სწრაფვისა და მისი სინათლიდან კვლავ დაშორებისა. ხშირად და მრავალგზის ვგრძნობთ ჩვენი გონების უუნარობას მასთან (ზეაღსვლისას) ამაღლებისას; ზოგჯერ სიგიჟის ზღვარზეც ვმდგარვართ და გულის ტკივილით გამოგვიხატავს ჩვენი დამღუპველი მდგომარეობა: „შენ მომეცი მცნება, რათა მიყვარდე და მეც ის მთელი ჩემი არსებით მივიღე, მაგრამ აი, საკუთარ თავში ვერ ვპოულობ ამ სიყვარულის ძალას… შენ სიყვარული ხარ; მოდი თავად და დამკვიდრდი ჩემში, რაც გვამცნე ყოველივე აღასრულე ჩემში, რადგან შენი მცნება ჩემზე განუზომლად აღმატებულია… ჩემს გონებას არ აქვს უნარი შენი შეცნობისა. ჩემ სულს არ ძალუძს შეაღწიოს შენი სიცოცხლის საიდუმლოებებში… მსურს ყველაფერში შენი ნება აღვასრულო, მაგრამ ჩემი დღეები უიმედო წინააღმდეგობებში იწურება… მეშინია შენი დაკარგვის იმ ბოროტი აზრის გამო, რაც ჩემს გულშია და ამ შიშს ჯვარზე ავყავარ… მოდი და მიხსენი დახრჩობისგან, როგორც პეტრე გადაარჩინე, რომელმაც გაბედა ზღვაზე შენთან შესახვედრად გავლა“ (მათ.14:28-31).
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ლოცვის მოქმედება ძალზედ ნელია: იგი ჩვენი სიცოცხლის ხანმოკლეობას არ შეესაბამება და (თითქოს) გულის სიღრმიდან ღაღადებს: „იჩქარე!“ მაგრამ ქრისტე ყოველთვის არ რეაგირებს ჩვენს მოხმობაზე. ხის ნაყოფის მსგავსად, ის ჩვენს სულს ტოვებს რათა მზისგან არ დაიწვას, გაუძლოს ცივ და მწვავე ქარების დარტყმას, წყურვილით დაიტანჯოს ან წვიმების ნაკადები აიტანოს. თუ ჩვენ მისი კვართის კიდეს ხელს არ გავუშვებთ, კარგ შედეგს მივიღებთ.
ჩვენთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტ ხანს ვიმყოფებოდეთ ლოცვაში, რათა მისმა უძლეველმა ძალამ შემოაღწიოს ჩვენში, გარდავიქმნათ და წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენში არსებულ ყველა დამანგრეველ მოქმედებას. ხოლო, როდესაც გაიზრდება ჩვენში ეს ძალა, მაშინ გამობრწყინდება ჩვენში საბოლოო გამარჯვების იმედის სიხარული.
ლოცვა, რა თქმა უნდა, აღადგენს ჩვენში იმ საღმრთო სუნთქვას, რომელიც „ღმერთმა ადამს შთაბერა“ და რომლის ძალითაც „ადამი ცოცხალ არსებად იქცა“ (დაბ. 2,7). ლოცვით გაცოცხლებული ჩვენი სული იმეცნებს განსაცვიფრებელი ყოფიერების დიდ საიდუმლოს. ეს განსაკუთრებული აღფრთოვანება ჩვენს გონებას ძლიერი ნაკადით ავსებს: „ყოფიერება! რა მშვენიერი საიდუმლოებაა… როგორ არის ეს შესაძლებელი?… ღმერთი მშვენიერია და მისი ქმნილებაც მშვენიერებაა.“ განვიხილოთ ქრისტეს სიტყვების მნიშვნელობა: “მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ (ხალხს) და უხვად ჰქონდეთ” (იოან. 10.10) უხვად! და ეს ჭეშმარიტად ასეა.
კვლავ იგივეს ვიტყვი: ეს ცხოვრება პარადოქსულია, როგორი პარადოქსულიცაა უფლის მთელი სწავლება: ,,ქვეყანაზე ცეცხლის დასანთებად მოვედი და როგორ მინდა, რომ უკვე ენთოს” (ლუკა. 12,49) ჩვენ ყველამ, ადამის ძეებმა, უნდა მივიღოთ საკუთარ გულში ეს ზეციური ცეცხლი და დავწვათ სასიკვდილო ვნებების ფესვები. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ ვიხილოთ ეს ცეცხლი, რომელიც ახალი სიცოცხლის სინათლედ გარდაიქმნა. ჯერ უნდა დაიწვას ჩვენი დაცემული ბუნების ვნებები და შემდეგ მოვიდეს მადლისმიერი განათლება. მოდით, ვაკურთხოთ უფალი მისი სიყვარულის მწველი მოქმედებისთვისაც კი.
ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ თუნდაც „ნაწილობრივ“ (1კორ.13,9) ახლაც ჩვენთვისაც ცნობილია, რომ სხვა გზა არ არის, იმისთვის რათა გავხდეთ „აღდგომის ძენი“ (ლუკა.20,36), ღვთის ძეები, რათა მასთან (ქრისტესთან) ერთად ვმეფობდეთ. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩვენი აღდგენის პროცესი, როგორ ტანჯვასა და აგონიაშიც არ უნდა გაგვატაროს ღმერთმა, – საბოლოოდ ყველაფერი კურთხეული იქნება. თუ სამეცნიერო ერუდიციის შეძენა მრავალწლიან ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს, მაშინ ლოცვის შეძენა შეუდარებლად უფრო მეტს.
როდესაც სახარება და ეპისტოლეები ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდება, შემდეგ ჩვენ ნათლად დავიწყებთ იმის დანახვას, თუ რამდენად გულუბრყვილო იყო ჩვენი წარმოდგენები ღვთისა და მასში ცხოვრების შესახებ. იდუმალია ჩვენთვის გამოცხადების სიბრძნე: ის ბევრად აღემატება ადამიანის წარმოსახვას. „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმნენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს“. (1კორ.2,9) ჩვენთვის საღმრთო სულის მცირედი შეხებაც კი დიდებულია, რომელიც ვერაფერს შეედრება.
ნამდვილი ლოცვა, რომელიც ყოვლიმპყრობელთან გვაერთიანებს, სხვა არაფერია თუ არა სინათლე და ძალა ჩვენთვის ზეციდან გარდამოსული. ის არსობრივად ჩვენს გეგმას შეუცნობელს ხდის. ამ სამყაროში არ არსებობს მისთვის ენერგიის წყარო. თუ მე კარგად ვიკვებები, რათა ჩემი სხეული ძლიერი იყოს, ხორცი ჯანყდება და მისი მოთხოვნილებები იზრდება: ( მას არ აქვს დრო ლოცვისთვის) ხოლო თუ ხორცს ზედმეტი მარხვით დავამდაბლებ, მაშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მცირე ხნით მტკივნეული თავშეკავების დროს, ლოცვისთვის ნაყოფიერი ნიადაგი იქმნება, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ სხეული უძლურდება და სულიერ ცხოვრებაზე უარს აცხადებს. თუ კარგ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, სულიერ კმაყოფილებას განცივდი, ზოგჯერ ახალ ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ გამოცდილებას ვიღებ, მაგრამ ძალიან იშვიათია ჩვენში ღრმა ლოცვითი მისწრაფება. თუ გონებრივად ნიჭიერი ვარ სერიოზული სამეცნიერო მუშაობისთვის ან მხატვრული შემოქმედებისთვის, მაშინ ჩემი წარმატება ამაოების მიზეზად გარდაიქცევა და შეუძლებელი ხდება ლოცვისთვის ღრმა, სულიერი გულის პოვნა. თუ მატერიალურად მდიდარი ვარ და დაკავებული ვარ მთელი არსებით იმით, რომ სიმდიდრესთან დაკავშირებული ძალაუფლება გამოვიყენო, ან ჩემი ზოგიერთი იდეის განხორციელების შესაძლებლობისთვის, ანდაც ჩემი ესთეტიკური ან სულიერი სურვილების დასაკმაყოფილებლად, მაშინ ჩემი სული ვერ აღწევს ღმერთამდე.
ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ ჭეშმარიტი ლოცვა სულიწმიდასთან თანაზიარებაა, რომელიც ჩვენში ლოცულობს; სწორედ მის მიერ შევიცნობთ ღმერთს და ჩვენს სულს მარადიულობის ჭვრეტის მდგომარეობამდე აღამაღლებს. ზეციდან გარდამომავალი მადლის მსგავსად, (ლოცვითი მდგომარეობა) აღემატება ჩვენს მიწიერ ბუნებას, რის გამოც ეწინააღმდეგება მას ჩვენი ხრწნადი სხეული, რომელსაც არ შეუძლია სულიერ სფეროში ზეაღსვლა; ეწინააღმდეგება ინტელექტი, რომელიც უძლურია დაიტიოს მარადისობა, ეჭვებისგან მერყევი ეყრდნობა იმას, რაც აღემატება მის შესაძლებლობას. ლოცვას წინააღმდეგობას უწევს სოციალური ფენა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იგი დიამეტრალურად ეწინააღმდეგება მას. მტრულად განწყობილი სულები ვერ იტანენ ლოცვას. მაგრამ მხოლოდ ლოცვას შეუძლია სამყაროს აღდგენა დაცემულობისგან, მხოლოდ ის დაძლევს მის ინერციას და შეგვეწევა ქრისტეს მცნებების ერთგულად აღსრულებაში.
რთულია ლოცვა, რადგან ჩვენი სულის მდგომარეობები იცვლება, ზოგჯერ ლოცვა ძლიერი მდინარის მსგავსად მიედინება ჩვენში, ზოგჯერ კი გული ლმობიერებას კარგავს, მაგრამ ნებისმიერი ლოცვის სიმძლავრის შემცირება შეიძლება ხანმოკლე იყოს. ლოცვა – ხშირად ნიშნავს ქრისტეს მიმართ ჩვენი გასაჭირის გამოთქმას:
უძლურების, ეჭვების, შიშების, მონატრების, სასოწარკვთილების, – მოკლედ, ყველაფერთან, რაც ჩვენი არსებობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. გამოხატეთ ქრისტეს წინაშე თქვენი შინაგანი მდგომარეობა მიმზიდველი გამოთქმებისა და თუნდაც ლოგიკური თანმიმდევრობის გარეშე… ხშირად ღმერთთან მიმართვის ეს გზა ლოცვითი საუბრის დასაწყისი ხდება.
ზოგჯერ ჩვენ ღვთის სიყვარულის ტალღებში აღმოვჩნდებით, რომელსაც ჩვენი მიამიტობის გამო ცალმხრივად მივიღებთ, ისევე როგორც ჩვენი მისდამი სიყვარულს. ვერ გავბედე იმაზე ფიქრი, რომ ყველაფრის უსაზღვროდ დიდ შემოქმედს შეეძლო ჩემზე შეეჩერებინა ყურადღება, ასეთ უმნიშვნელოსა და საზიზღარზე. და ვუთხარი: „ხედავ კი ჩემს გულს როგორ სწყურიხარ დღე და ღამ? მიჩვენე შენი სახე; მსურს ვიყო ისეთი, როგორიც გინდა რომ ვიყო და როგორიც ჩამიფიქრე; ისეთი, როგორსაც შეძლებ რომ მიმიღო და შემიყვარო …“. არ ვიცი, ვინ საუბრობდა (ლუკ.9,33); ვერ გავბედე იმაზე ფიქრი, რომ თავად ის ლოცულობდა ჩემში.
ღვთის სიწმიდის და სიმდაბლის ხილვა – სულს ავსებს და ის დიდი კრძალვითა და სიყვარულით, შინაგანად თაყვანს სცემს მას. ასეთი ლოცვა ზოგჯერ ხელთუქმნელ ნათლის ჭვრეტაში გადაიქცევა, რათა შევიცნოთ ღვთისგან ბოძებული ძღვენი, ის მოხილვის შემდეგ, მცირე ხნით გვტოვებს. ღვთისგან მიტოვებულობის გრძნობა უცნაურ შეგრძნებებს ბადებს. ახალგაზრდობაში მხატვარი ვიყავი (მეშინია, რომ ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ მომკვდარა ჩემში). ეს ბუნებრივი ნიჭი შინაგანად მქონდა. შეიძლება დავღლილიყავი, არ მქონოდა ძალა მუშაობისთვის, არ მქონოდა შთაგონება, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ნიჭი ჩემი ბუნებაა. როდესაც ღმერთი განგვეშორება, სულმა არ იცის – დაბრუნდება თუ არა ოდესმე ის. ის ჩვენი ბუნებისგან განსხვავებულია; მისი განშორებით მიტოვებული დავრჩი; და ამ საშინელ სიცარიელეს, როგორც სიკვდილს, ისე განვიცდი. მისი მოხილვით განვიცადე რაღაც მშვენიერი და ენითაღუწერელი, რაც ვერც კი წარმომედგინა თუ არსებობდა. და აი, კვლავ იმ მდგომარეობაში ვიმყოფები, რომელიც ადრე ჩვეულებრივად მეჩვენებოდა, ახლა კი ეს მდგომარეობა მაშინებს: ძალზედ ცხოველურად წარმომიდგება… დიდებული მეფის სახლში ვიმყოფებოდი; ვიცოდი, რომ მისი ნათესავი ვიყავი, მაგრამ აი, ისევ უსახლკარო მაწანწალაზე მეტი არ ვარ.
ამ მდგოარეობის ცვლილების შედეგად შევიცნობთ განსხვავებას ბუნებრივ ყოფასა და მადლის შეხებას შორის. სინანულით აღსავსე ლოცვით განვიცადე ღვთისგან საღმრთო მადლის პირველი მოხილვა, მაგრამ მხოლოდ კიდევ უფრო მხურვალე ლოცვით თუ მაქვს მისი დაბრუნების იმედი. და მართლაც ის მოდის… ხშირად როგორც წესი ის სხვადასხვაგვარად გვევლინება. ასე მუდმივად ვიღებ სულიერ გამოცდილებას: ხან განსაცდელით, ხან სიხარულით, მაგრამ ამით ვიზრდები და ჩემში იმის უნარი ძლიერდება, რომ უფრო ხანგრძლივად ვიმყოფებოდე ლოცვის მიერ ამ გამოუთქმელ სულიერ რეალობაში.
მტკიცე გონებით იყავი ღმერთში და მოვა დრო, როდესაც ქრისტეს სული შენს გულს შეეხება. ეს არის თავად სულიწმიდის მოხილვა. მას ვერაფერს შეადარებ. ის ჩვენს სულს აღიტაცებს და ხელთუქმნელ ყოფიერებაში გადაჰყავს. ჩვენს გულს ისეთი სიყვარულით ავსებს, რომელიც არ ჰგავს ჩვენთვის ნაცნობ სიყვარულს. სწორედ ამ საღმრთო სიყვარულის ნათელი ეფინება ყველა ცოცხალ არსებასა და მთელ სამყაროს.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©