წმ.სილოან ათონელი e1605109786225

წმინდა სილუან ათონელი – შეიყვარე უფალი, რომელმაც პირველმა შეგვიყვარა და ჩვენთვის ევნო

ადამიანებს არ სურთ სიმდაბლის შესწავლა და თავიანთი სიამაყის გამო არ შეუძლიათ სულიწმინდის მადლის მიღება. ამიტომ იტანჯება მთელი ქვეყნიერება. ხოლო ადამიანებმა რომ უფალი შეიცნონ და გაიგონ, როგორი გულმოწყალე, მდაბალი და სათნოა იგი, ერთ საათში მთელი სამყარო შეიცვლებოდა და ყველას უდიდესი სიხარული და სიყვარული დაეუფლებოდა. მოწყალე უფალმა სინანული მოგვცა, რომლითაც ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. სინანულით ვღებულობთ ცოდვათა მიტევებას, სინანულის გამო მოდის სულიწმინდის მადლი და შევიცნობთ ღმერთს.

თუ ვინმემ სიმშვიდე დაკარგა და იტანჯება, მოინანიოს და უფალი მისცემს თავის მშვიდობას. თუ რომელიმე ერი, ან სახელმწიფო იტანჯება, ყველამ უნდა მოინანიოს და ღმერთი ყველაფერს გამოასწორებს.

ჩვენი ბრძოლა იქითაა მიმართული, რომ თავი დავიმდაბლოთ. მტრები სიამაყის გამო დაეცნენ და ჩვენც ამისკენ გვიბიძგებენ. მაგრამ ჩვენ, ძმანო, თავი დავიმდაბლოთ და მაშინ უფლის დიდებას აქვე, დედამიწაზევე ვიხილავთ, რადგან უფალი მდაბალთ აძლევს სულიწმინდით თავისი თავის შეცნობის ძალას.

სული, რომელმაც ღმერთის სიყვარულის სიტკბოება იგემა, მთლიანად გარდაიქმნება და სრულიად სხვაგვარი ხდება. მას უყვარს თავისი უფალი და დღე და ღამე მისკენ ისწრაფის მთელი ძალით. იგი გარკვეული დროის განმავლობაში ღმერთში განისვენებს, შემდეგ კი ადამიანებისთვის წუხილს იწყებს.

მოწყალე უფალი სულს ხან ღმერთში განსვენებას მიჰმადლებს და ხან კი მთელი ქვეყნიერების გამო წუხილს და იმის სურვილს უჩენს, რომ ყველა ადამიანმა მოინანიოს და სამოთხეში მოხვდეს. ადამიანი, რომელმაც სულიწმინდის სიტკბოება იგემა, ყველას იმავეს უსურვებს, რადგან უფლის სიტკბოება ადამიანს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდეს. ამ სიტკბოებისგან მას ადამიანებისადმი სიყვარული უჩნდება, რომელიც გულიდან გამოდის.

შეიყვარე უფალი, რომელმაც პირველმა შეგვიყვარა და ჩვენთვის ევნო.

მთავარი ფოტო: წმინდა სილუან ათონელის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)