კითხვა: წმინდა სოფრონი ამბობს, რომ ქრისტიანი ცხოვრებაში მუდმივ შთაგონებას (έμπνευση) – საღმრთო მობერვას უნდა განიცდიდეს. რას მოიცავს ეს შთაგონება?
პასუხი: „ისინი, ვისაც სულიწმინდა წინამძღვრობს, არასოდეს წყვეტენ თავის დამდაბლებას, ყვედრებასა და ღვთის წინაშე უღირსობის შეგრძნებას“ – ამბობს მამა სოფრონი. რადგანაც სულიწმინდა თავადაა მდაბალი ღმერთი, ადამიანში დამკვიდრებისას, მასაც სიმდაბლეს ასწავლის. ეს სიმდაბლე მეტად იზიდავს საღმრთო მადლს, რომელიც ხდება შთაგონების წყარო. მამა სოფრონი საღმრთო მობერვას „სულიწმინდის ძალმოსილების ადამიანის გულში მყოფობას“ უწოდებს (შდრ. იხილო ღმერთი როგორიც არის გვ. 119), მაგრამ მარადიული კანონის შესაბამისად, „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“ (ლკ. 6:7) და „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. შესაბამისად, საღმრთო მობერვას ჩვენს სიცოცხლეში მაშინ განვიცდით, როდესაც სულიწმინდა შთაგვაგონებს, რომ თავი დავიმდაბლოთ, რათა მისი ჩვენში დამკვიდრება არ დავაბრკოლოთ. და როდესაც სულიწმინდა ჩვენში დაივანებს, ვხდებით ხატნი სულთმოფენობისა, ვსაუბრობთ უცხო სიტყვებით, „უცხო სწავლებებს, უცხო მოძღვრებას“ წმინდა სამების (სულთმოფენობის საკითხავები).
საღმრთო შთაგონება მაშინ გვეწვევა, როდესაც სულიწმინდის ძღვენის მიღებისას ჩვენში მდაბალი ქრისტეს მიმართ სიყვარული აღინთება, რომელიც შემდგომ თავის მადლს უპირობოდ გვიზიარებს და გვათრობს უკიდეგანო საღმრთო სიყვარულით. სულიწმინდა სიმდაბლეს გვასწავლის, სიმდაბლე კი საღმრთო მადლს იზიდავს, რომელიც ქრისტესთან გვაერთიანებს. შედეგად, ქრისტე ჩვენი ცხოვრების საჭეთმპყრობელი ხდება, ყოველივეს იგი წარმართავს, ჩვენს გზამკვლევად სულიწმინდას გვივლენს, რათა პავლე მოციქულის დარად შეგვეძლოს თქმა: „კრული სულითა მივალ იერუსალჱმს, ტროას, ფილიპიას, მაკედონიას… (შდრ. საქ. 20:22). პავლე მოციქული ისე საუბრობს, თითქოს სულიწმინდა, როგორც მხედარი უძღოდეს მას. ეს მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი ისეთ უკიდურეს სიმდაბლეს შეიძენს, როგორსაც ქრისტე გვასწავლის. მსგავსი სიმდაბლე ნიშნავს სიძულვილს საკუთარი დამახინჯებული ბუნებისა, რომელიც მომაკვდინებელი ვნებებითაა შეპყრობილი; სიძულვილს ცოდვებისა, რომელთაც ამ სოფელში ვართ დამონებული, „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა“ (რომ. 3:23). ჭეშმარიტი საღმრთო შთაგონება – ეს არის სიმდაბლის მოპოვება და ჩვენი ხრწნილებისა და ღმრთისაგან განდგომილობის შეცნობა, ქრისტეს სიტყვების სინათლის ფონზე; ყოველივეს ზიზღი, რაც ქრისტეს ჩვენში დამკვიდრებას უშლის ხელს, აღვლენა ყოველი დიდებისა და ტვირთვა ჩვენზე მოწევნული ყველა დამცირებისა, ჩვენივე სულიერი სიღატაკის გამო. ჩვენ განუწყვეტელ საღმრთო მობერვას უნდა განვიცდიდეთ სიმდაბლის ამ უკიდურესობიდან, თანახმად წმინდა სილუანეს ბაგეთაგან წარმოთქმული ღმრთის სიტყვისა: „ამყოფე შენი თავი ჯოჯოხეთში და სასო არ წარიკვეთო“.
კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ქრისტიანმა ევქარისტიულ მსახურებაში ხანგრძლივი დროით არ მიიღოს მონაწილეობა?
პასუხი: ქრისტეს სხეული, ეს საოცარი ერთობა წმინდანებისა, ყოველი ევქარისტიული მსახურებისას, ყოველი ლიტურგიის აღსრულებისას ერთიანდება. ქრისტე მარტო არასდროსაა, ვინაიდან იგი არის ის, ვინც საიდუმლოს აღასრულებს; სადაც ქრისტეა, იქ მყოფობს ყველა მისი ანგელოზი და წმინდანი. სადაც ლიტურგია აღესრულება, გონებისათვის მიუწვდომლად იქ მყოფობს ზეციური ეკლესია, მთელი თავისი დიდებით. აქედან გამომდინარე, როგორ უნდა მოვაკლდეთ ისეთ ევქარისტიულ შეკრებას, რომელშიც ქრისტე თავის ანგელოზებთან და წმინდანთან ერთად მყოფობს, რომელშიც გამზადებულია ყველა ძღვენი დედამიწაზე მის რჩეულთათვის საბოძებლად?! ეს გვეხება მაშინ, თუკი ჩვენს გარშემო ნორმალური პირობებია. განსხვავებული ვითარებაა მაშინ, როდესაც ომია ან უცხო ქვეყანაში ვართ დატყვევებულნი და ლიტურგიაში მონაწილეობის გარეშე ვატარებთ ერთ ან ორ წელს, შესაძლოა მთელ დარჩენილ ცხოვრებასაც… ანდა დღევანდელის მსგავს ვითარებაში, როდესაც პანდემიამ გვაიძულა ვიყოთ იზოლაციაში, ვირუსის შესაკავებლად. საჭიროების გამო, რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების, ამბობს მოციქული (ებრ. 7:12). ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებულ გარემოებაში უფალი მასთან ურთიერთობის სხვა საშუალებებს გვიბოძებს. სადაც არ უნდა ვიყოთ, მოვუხმობთ ქრისტეს სახელს, გონებაში მისი სახარების სიტყვებს აღვიბეჭდავთ და ღმერთთან თანამყოფობით ვიწყებთ ცხოვრებას. მაშინ უფალი ყველაფერს გვიბოძებს, რაც ჩვენი ხსნისათვის საჭიროა.
ძალზე უჩვეულო დროში ვცხოვრობთ. ამასთანავე, უამრავ მორწმუნეს ვიცნობთ, რომლებიც აღსარებაში ამბობენ, რომ ამ პერიოდში დიდძალი საღმრთო მადლი მოიხვეჭეს, მონახეს საკუთარ სახლებში პირადი ლიტურგიის აღსრულების გზა. ფსალმუნთა კითხვით, იესოს ლოცვით და საღრმთო წერილისა და სხვა სულიერი წიგნების მეშვეობით, მრავალმა მორწმუნემ იზოლაცია როგორც დღესასწაული ისე განლია. გარეგანი იძულებითი მდგომარეობისა და საღმრთო წადილის წყალობით, მათ ქრისტესთან ახლო ურთიერთობისას უდრეკი ცხოვრების ძალა შეიცნეს. ღმერთი ყველაფერზე მაღლა დგას და თუ საჭიროება მოითხოვს, საკუთარი სჯულის შეცვლაც ხელეწიფება. რასაც იგი ლიტურგიაზე წმინდა ზიარებით გვიბოძებს, იძულებითი იზოლაციისას უფრო უხვად ძალუძს მიმადლოს მის მაძიებლებს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია გავარჩიოთ – რა არის მართებული ნორმალური ცხოვრების პირობებში და რა – განსაკუთრებულ ვითარებაში.
კითხვა: როგორ განიცდიდა მამა სოფრონი საღმრთო ლიტურგიას?
პასუხი: მამა სოფრონი ათონის მთის მონასტერში ჩვეულ პირობებში ცხოვრობდა, შემდეგ უდაბნოში განმარტოებასა და განსაკუთრებულ მდგომარეობაში მოუხდა ყოფნა. ასევე, დასავლურ სამყაროში – პარიზში სამრევლო მოძღვარი იყო. ამის შემდგომ გახდა უკვე ჩვენი მონასტრის წინამძღვარი, ხოლო ცხოვრების მიწურული განდეგილობაში დაყუდებულმა გაატარა.
კენობიაში მისი ცხოვრება ლიტურგიიდან ლიტურგიამდე გრძელდებოდა. შემდეგ უდაბნოში გავიდა საკუთარი თავის ღრმა სინანულში ჩასაფლობად. ხშირად ხდებოდა, რომ კვირების განმავლობაში გამოქვაბულის კარს არ აღებდა, რომ ვერ გაეგო დღე იყო თუ ღამე. მიწაზე მუხლმოდრეკილი საკუთარ სულიერ სიღატაკეს დასტიროდა, სულიწმინდა კი ამ სიღატაკის შეგრძნებას სულ უფრო მეტად უმძაფრებდა, რათა ღრმა სინანულის მდგომარეობამდე მიეყვანა. „გამოქვაბულში თოკი მქონდა გაბმული, რომელზეც ჩემი ყველა პირსახოცი ცრემლებით დამბალი ეკიდა“ – მითხრა მან ერთხელ.
ასე ცხოვრობდა ის უდაბნოში, ხშირი ლიტურგიის გარეშე. მონასტერში, რომელიც აქ დააარსა, ისევ ნორმალურ პირობებში აღმოჩნდა, ამიტომ წირვა კვლავ მისი ცხოვრების ცენტრი გახდა. ლიტურგიის აღვლენის წინა დღეს, მასთან მიახლოებისას შეუძლებელი იყო ვერ გეგრძნოთ: ქრისტეს ტრაპეზის წინაშე წარდგომის მოლოდინით, იგი სრულიად გარდაიქმნებოდა, გარდაისახებოდა. ასე განიცდიდა მამა სოფრონი ლიტურგიას. წმინდა ზიარების საიდუმლო ყოველთვის მისი ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა, რადგანაც იცოდა, რომ ლიტურგიის ამ სასწაულებრივ ერთობაში ადამიანს უფლება აქვს ღმერთს უთხრას: „შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის“ და უფლისგან პასუხად მიიღოს: „წმიდა წმიდათა“, ანუ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი ხანმოკლე და წარმავალი სიცოცხლე ღმერთის უსასრულო და წარუვალ სიცოცხლეში გაცვალოს. ეს იყო ღირსი სოფრონის ხედვა წმინდა ევქარისტიასთან დაკავშირებით. მან მთელი სერიოზულობით აღნიშნა, რომ ის სრულყოფილი მადლი, რომელსაც ისიქასტი მამები უდაბნოში იხვეჭენ, მორწმუნეებს საღმრთო ლიტურგიაზე შეუძლიათ მიიღონ, თუ მომზადებულნი, სიმდაბლითა და სინანულით მიეახლებიან მას.
კითხვა: ცვლის თუ არა ერთმანეთს ტაძარში ღვთისმსახურება და პირადი ლოცვა?
პასუხი: ერთი მეორესთვის ამზადებს ადამიანს, მეორე კი პირველს სრულყოფს. იმის მიხედვით, თუ როგორ ვემზადებით სენაკში, ვიღებთ შესაბამის ნუგეშსა და ძალას ლიტურგიისას. მათთვის, ვინც საკუთარ სენაკში დროს ქრისტეს სახელის მოხმობასა და ცრემლების ღვრაში განლევს, ლიტურგია მსგავსად „მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ“ (საქ. 2:2) იქნება, რომელიც მათ დაატყვევებს და ქრისტეს ჭეშმარიტი ლიტურგიის სამყაროში გადაიყვანს. მამა სოფრონი ამბობდა ხოლმე: „საწოლიდან წამოხტომის შემდეგ წირვაზე პირდაპირ ნუ მოხვალ, შეეცადე მოემზადო, წინააღმდეგ შემთხვევაში გაშრები“. რა თქმა უნდა თუ ავად ვართ, ან მონასტრის საჭიროებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ სათანადო მომზადებას, დარწმუნებული ვარ უფალი არ დაგვტოვებს იმ მადლის გარეშე, რასაც ჩვეულებრივ გვიბოძებს ლიტურგიისას. მაშასადამე, პირადი მსახურება, პირადი ლოცვა არის მზადება საერთო მსახურებისთვის, რომელიც სულიერ ცხოვრებას სრულყოფს, ეკლესიის წმინდანთა სიცოცხლესა და ძღვენთა სიმდიდრეში შესვლით.
კითხვა: დღეს მსოფლიოში შიში და დაუცველობის განცდა სუფევს, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. როგორ შეგვიძლია ამ კრიზისის დაძლევა?
პასუხი: „მეუდაბნოე მამათა ცხოვრებიდან“, აბბა თეოდორე ამბობს: ზეცა რომ მიწაზე ჩამოიქცეს მაინც არ შემეშინდება, რადგან ღმერთს აღსასრულამდე ვევედრე რომ ყოველგვარი შიშისგან გავეთავისუფლებინე“. “რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო”, უთხრა უფალმა იაკობს, მთელი ღამე მასთან ჭიდილის შემდეგ. რადგან ძლიერი იყავი ღმერთთან ურთიერთობაში, ძლიერი იქნები ადამიანთა და ამ სამყაროს ყველა მოვლენის მიმართაც.
ერთხელ პრესბიტერამ (დედაომ) მამა სოფრონს ჰკითხა: „როგორ გავიგო ვცხონდები თუ არა? მამა სოფრონმა უპასუხა: „ძალიან მარტივია. ჩვენ ახლა ამ ოთახში ვსხედვართ. უცბად კარი რომ გაიღოს და ქრისტე შემოვიდეს, როგორ მოიქცეოდი? იტყოდი „ოჰ, ღმერთო დიდებულო, არა ვარ მზად!“ თუ „მოდი უფალო, ღმერთო ჩემო, დიდება შენდა!“ თუ ჩვენი რეაქცია იქნება შემდეგი: „დიახ უფალო, მოდი და მიიღე დიდება, რომელიც შენ გეკუთვნის სამყაროს დასაბამიდან!“, – მაშინ არ უნდა გვეშინოდეს.
ქრისტემ ჩვენ სიყვარულითა და სახიერებით შეგვქმნა, ამ სიცოცხლეშიც სიყვარულით გვასაზრდოებს, ჩვენი ხსნისათვის საშინლად იტანჯება და სამარცხვინოდ კვდება ჯვარზე, რათა ჩვენ, მისმა მტრებმა, ვიცოცხლოთ. იგივე ქრისტე განუწყვეტლივ ზრუნავს ჩვენზე, თავისი სახელის მადლით, მისი სიტყვის ნათლითა და სისხლისა და ხორცის ძალით ევქარისტიის საიდუმლოში. უკანასკნელ ჟამს, დაბრუნდება დიადი მადლის სისავსით, სიყვარულითა და სახიერებით, რათა სამყაროს კიდეთაგან შეგვკრიბოს და ზეცაში აღგვიყვანოს არწივის ფრთებზე მსხდომნი, წარგვიძღვეს საკუთარ სამეფოში, როგორც ამას ესაია წინასწარმეტყველი ბრძანებს (ესა. 40:31); უკეთ რომ ვთქვათ – ანგელოზები იქნებიან ის არწივები, რომლებიც სამყაროს დასალიერიდან ერთგულ მორწუნეებს მოუყრიან თავს, რათა ქრისტესთან ერთად მარადიულად დამკვიდრდნენ მამისა, ძისა და სულიწმინდის სიყვარულში. მნიშვნელოვანია, რომ უფალთან ჩვენი ურთიერთობა გავამყაროთ, რადგან თუკი ის მტკიცეა, თუკი ჩვენ მუდმივად მისი დაბრუნების მოლოდინით ვცხოვრობთ, მისი სახელის მადლითა და სუფევით ვსუნთქავთ, მაშინ როდესაც ჩვენკენ მომავალს დავინახავთ, აღფრთოვანებითა და სიხარულით შევძახებთ: „მოვიდოდე, უფალო იესუ!“ (გამოცხ. 22:20)
კითხვა: როგორ დავძლიოთ ერთმანეთის შიში ამ კრიზისში?
პასუხი: კვლავ ღვთის სიტყვა გვეხმარება. „ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან – ამათ ნუგეშინის-მცეს მე“ (ფს. 22:4). მოდით ყველამ გავაკეთოთ ის, რასაც ხელისუფლება გვთხოვს საერთო სიკეთისათვის და მივენდოთ ქრისტეს. თუ ჩვენ მუდმივად შევღაღადებთ მას, მის სახელს მოვუხმობთ და მის სიტყვას ერთადერთ და უტყუარ ჭეშმარიტებად მივიღებთ, მაშინ შიშისათვის ადგილი აღარ დაგვრჩება. თუ მისი ერთგულნი ვიქნებით, ისიც ჩვენი ერთგული იქნება, რადგან უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც (2 ტიმ. 2:13). უფალი ერთგულად დაგვიცავს და დაგვიფარავს საფარველსა პირისა მისისა (შდრ. ფს. 30:21), საკუთარი ძლევამოსილებით ყოველგვარ ბოროტებას აგვარიდებს. მისი მყოფობა საზარელი იქნება მხოლოდ ბოროტისა და მისი მიმდევართათვის, მაგრამ მათთვის, ვისაც მისი სწამს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს: „უფალო, ჩვენ მხოლოდ მაშინ გადავრჩებით, თუ შენ გვიხსნი. დიდება შენდა“.
წყარო: http://pemptousia.com
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©