ლოცვა

ლოცვისა და მღვიძარების შესახებ – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი (ნაწილი 1)

მღვიძარების საქმეში, ზრახვებისადმი, ოცნებებისა და გრძნობისმიერი მოქმედებებისადმი ყურადღება მოიაზრება. ეს სულის ის ძალაა, რომელიც წინ აღუდგება ბოროტს, შორსჭვრეტელობაა, რომლის დროსაც გონება  შორიდანვე ხედავს საცდურს, იღებს უსაფრთხოების ზომებს  და გაურბის მათ; ეს არის უწყვეტი ლოცვა, გონების დაკვირვება გულზე და ყოველივე მასში შემავალ და გამომავალზე. ლოცვა –  დემონების, ვნებების, ცოდვისა და ყოველივე იმის საწინააღმდეგოდ მიმართული კატაპულტია, რაც სულის გადარჩენის გზაზე წინ გვეღობება. ლოცვა –  რისხვაა, რომელიც ნებისმიერ დემონურ ზრახვას ატყდება თავს. ჩვენ კი ზარმაცნი და უსიხარულონი ვართ და დემონიც გვატყუებს, ჩვენ მას ვემორჩიილებით და არ ვიღვწით ლოცვაში ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ რომ სათანადოდ ვიღვწოდეთ ლოცვაში,  ამოდენა ვნებათა და უძლურებათა ჩვენზე გაბატონებას არ დავუშვებდით. ნაცვლად დროის ფუჭად კარგვისა, წარმოთქვი ლოცვა. და როდესაც სიზარმაცე და უსიხარულობა მოგიხილავს, გეშინოდეს ეშმაკსა და უდებ მონაზედ მოწეული უფლის რისხვის. როდესაც ბაგეები ლოცულობენ, ხელები კი მუშაობენ, შრომას ორმაგი მადლი ახლავს – მადლი მორჩილებისა და ლოცვისა. მორჩილება სამუშაოს ხდის ჯილდოს ღირსად, ლოცვა კი ასხივოსნებს მას, ვინაიდან ხელსაქმე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამუშაო, რომლის მეგზური ლოცვაა, განსაკუთრებულ მადლთან ხდება თანაზიარი.

მადლის მრავალფეროვნება

სულიწმინდის მადლი, სხვადასხვა სახითა და განსხვავებული შეგრძნებებით ვლინდება. ლოცვასა და მღვიძარებაში წარმატების გზით, სულიწმინდა გვაძლევს სათნოებას ცრემლისა, სიხარულისა, წინასწარ განჭვრეტისა, დამოძღვრისა, მოციქულებრივი ნიჭისა, სულგრძელებისა, ღმრთაებრივი ნუგეშისა და დიდი იმედისა. თითოეული ადამიანი, ლოცვაში წარმატებისა და მისგან სარგებლის მიღების შესაბამისად, უმკლავდება თავის სულიერ და ფიზიკურ ვნებებს. ვნებათა და უძლურებათაგან განწმენდა აჩვენებს, თუ რაოდენ წარემატა ადამიანი ლოცვაში.

ცული

ზრახვები გვებრძვიან? უმძლავრეს იარაღად მათ წინააღმდეგ ლოცვა ითვლება. ცოდვისადმი ლტოლვა გონებას ბოროტებისაკენ მიიზიდავს. მაგრამ, როდესაც გონება ხელში აიღებს ლოცვის ცულს, შემართავს მას და დაიწყებს ჩეხვას, აღმოფხვრის ყველაზე დაუმორჩილებელ ზრახვებსაც კი. საჭიროა მხოლოდ ადამიანმა სათანადოდ ჩაჭიდოს ხელი ამ ცულს და სწორად გამოიყენოს და მაშინ, ის ჭეშმარიტად გასაოცარ შედგებს მიაღწევს. ამიტომაც აღუდგება წინ ეშმაკი ლოცვას, რათა ჩვენი დამორჩილება გაუადვილდეს. ის ჩვენ გვიგზავნის უსიხარულობას, სხვადასხვა საზრუნავს, აღმართავს ჩვენ წინ ასობით ბარიერს ერთადერთი მიზნით – ხელი შეუშალოს ლოცვას. მამების თქმით, ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნვას, რომელიც  აუცილებელს სცილდება, სულიერი ტუბერკულიოზი ეწოდება.

განუწყვეტლივ იძულება

სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა საკუთარი თავის იძულებისა, იძულებისა განუწყვეტლივ. ყურადღება გავამახვილოთ ლოცვაზე – განუწყვეტლივ: “უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. დილით, გაღვიძებისთანავე დავიწყოთ ლოცვა. და ვიღვაწოთ ქრისტეს სახელით. ამგვარად, ლოცვის დახმარებით, ჩვენ მოვიკვეთთ მრავლისმეტყველებას, ამაოდმეტყველებას, განკითხვას, მრისხნებას და უმადურობას და ყველანი საკუთარ თავში შეინარჩუნებენ მდუმარებას. ვაი ჩვენ, თუკი გვასწავლიან და არ აღვასრულებთ, არ ვაიძულებთ თავს, თუკი გვაქვს საშუალება და ჩვენ უმოქმედონი ვრჩებით. მაშ, მეტი რაღა უნდა ვაკეთოთ ჩვენ, როგორ არ გავკიცხოთ საკუთარი თავი როგორც  მუდამ უღირსებმა, ზარმაცებმა და უღმერთოებმა? თვითგანკითხვისა და სიმდაბლის გზით მაინც ვაიძულოთ თავი ლოცვისათვის, რამეთუ სიმდაბლე და საკუთარი უღირსების განცდა, უფლის მადლს მოიზიდავს. მადლი კი კვლავ გულმოდგინებასა და სიმსუბუქეს გვანიჭებს ლოცვისას. როგორ დასაწყისში ვთქვით, ჩვენ გამუდმებით უნდა ვუმადლოდეთ წმინდა მამებს, პატივს მივაგებდეთ მათ, გვიყვარდეს და განვადიდებდეთ, ვთხოვდეთ ლოცვასა და უფლის წინაშე შუამდგომლობას, ვევედროთ, რათა ჩვენზედაც მოიღონ  მცირეოდენი ნიჭი, მცირეოდენი  მადლი ლოცვისა.

ყოველივე უფლისაგან ბოძებული ნიჭია

სულიერ ცხოვრებაში, რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, ის მიიღებს ნაყოფს, თუკი ამას ისურვებს ღმერთი. ამისათვის საჭიროა, რომ ყოველ სულიერ მისწრაფებას წინ უძღოდეს სიმდაბლე. ადამიანი აცნობიერებს და მიდის იმ აზრამდე, რომ უფლის გარეშე საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მას ეს სწამს და ამბობს: “ჩემი სისხლით ვაწერ ხელს, რომ არანაირი სიკეთის ქმნა არ შემიძლია”. და მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ხელის მოწერა იმაზე, რომ არარაა, მაშინვე ამპარტავნული ზრახვა უჩნდება და ფიქრობს: “მე ხომ ახლახან მოვაწერე ხელი იმაზე, რომ არარაობა ვარ და როგორ მძლია კვლავ ამპარტავნულმა ზრახვამ?” ამ მაგალითზე ჩანს, რომ სიმდაბლეც ღვთისაგან ეძლევა ძღვნად ადამიანს. მთელი ჩვენი ღვაწლის მიუხედავად, რომელსაც ჩვენი არარაობის შესაცნობად ვტვირთულობთ, ამ არარაობის განცდაც უფალმა უნდა მოგვმადლოს. თუკი ყოველივე ასეა, მაშ, რაღა უნდა აკეთოს ადამიანმა? იქნებ, არ არის საჭირო არანაირი კეთილი საქმის აღსრულება, არანაირი იძულება, არამედ მხოლოდ ლოდინი, თუ როდის მოგვმადლებს უფალი სიმდაბლესა და სათნოებებს? არა. ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც მისგან მოითხოვება, ყველანაირი სათნოება და დაელოდოს დიდი სიმდაბლითა და განცდით, რომ იქნებ უფალმა ინებოს. მაშინ კი, სათნოება იზრდება და იღებს ნაყოფს. სხვა შემთხვევაში კი რჩება მხოლოდ ამაო ღვაწლი.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©  

Share