სკვნილზე ლოცვა

”მკაცრი ტირანის მსგავსად ვუკრძალავდი ჩემს გონებას იესუს ლოცვის სიტყვებიდან გამოსვლას”

დეკანოზი იგორ რიაბკო

არქიმანდრიტ ხარლამპე დიონისიელის (გალანოულოსი) 1910-2001), წმ. იოსებ ისიქასტის სულიერი მემკვიდრის,  სწავლება ლოცვის შესახებ საკმაოდ მარტივი, მაგრამ დიდი გამოცდილებითა და ღრმა სულიერებით განსმჭვალული გახლდათ.

mama xarlampi 1 1აღსანიშნავია, რომ ბერძნულ ტრადიციაში იესუს ლოცვის დაჩქარებული წარმოთქმის მეთოდი გვხვდება, რაც განსხვავებულია რუსული ტრადიციისგან. არც ის დაგვავიწყდეს, რომ  სულიერად გამოცდილი მასწავლებლის მიდგომა თოთოეულ სულთან საკმაოდ ინდივიდუალურია. გონიერი ლოცვის პრაქტიკოსი ბერი ხარლამპე, თავისი ღვაწლის დასაწყისსშივე მთელ ღამეს ფეხზე მდგომი ატარებდა,  ყურადღების მოკრებას მამაცურად აიძულებდა საკუთარ თავს: ”მკაცრი ტირანის მსგავსად ვუკრძალავდი ჩემს გონებას იესუს ლოცვის სიტყვებიდან გამოსვლას”. მადლმოსილი მასწავლებლის, წმ. იოსებ ისიქასტის სკოლის გავლის შემდეგ, თავად იქცა იესუს ლოცვის მასწავლებლად.

ეს გახლავთ ნაწყვეტი მისი სწავლებებიდან:

”წარმოვიდგონოთ, რომ რომელიღაც ადამიანის სახლი ავაზაკებმა მოაქციეს ალყაში – რას იზამს ის? ის იძულებული იქნება, რომ მთელი ძალებით იყვიროს: ”მიშველეთ! ყაჩაღები…! საფრთხეში ვარ!”. ასევე იქცევა სულიერ ცხოვრებაში ახალდამწყები. ის მოუკლებლად უნდა ღაღადებდეს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!”.  მტრის თავდასხმები – ბრძოლის ნამდვილი სკოლაა. ხშირად დემონი მლოცველს უამრავი ამაო და ბილწი აზრებით უტევს და ისიც იძულებულია, რომ მაქსიმალური ძალისხმევით, თავისი ძალების უკიდურესი დაძაბვით ილოცოს. სწორედ ეს ხდება სუფთა ლოცვის მოხვეჭის სტიმული.

მოღვაწეები რეალურ უხორცო ავაზაკთა თავდასხმებში გამოცდილნი არიან და ”ზოგი, ღვთის დაშვებით ცხადშიც ხედავს მრისხანებითა და ბოროტებით აღსავსე ეშმაკს. მისი გარეგნობა საშინელია, ის იმუქრება და ზოგჯერ ყელშიც კი სწვდება ხოლმე გამოცდილ მლოცველს, რომ ლოცვა შეაწყვეტინოს, რადგანაც ის ქრისტეს სახელის ხსენებაზეც კი კანკალებს ”. ამდენი შრომის, ტკივილისა და ბრძოლის შედეგად ლოცვა ისეთი წმინდა ხდება, რომ გონება ქრისტეში სრულიად იძირება. ერთხელაც ერთმა მონაზონმა (ეს მონაზონი თავად მამა ხარლაპმე გახლდათ) ლოცვისას იგრძნო, თუ როგორ დაუმძიმა ეშმაკმა გული ისე, რომ გეგონებოდა მთლიანი კლდე დაადეს მკერდზე. უფალმა ამ მოღვაწეს ჩააგონა, რომ თავით გამოესახა ჯვარი და მტერმაც იმ წამსზე გაათავისუფლა და გაქრა. იმ წუთიდანვე ამ ძმამ წმინდა გონიერი ლოცვა მოიხვეჭა. ასე თავისდაუნებურად და ღვთის დაშვებით ”ასწავლის”  ეშმაკი ადამიანს ლოცვას. სხვა საქმეა, უკვე, ამ სულიერი მდგომარეობის შენარჩუნება… გონიერი ლოცვის შემდეგი საფეხური გულისმიერი ლოცვაა. თუმცა, ბაგეებით წარმოთქმული ლოცვაც, თუკი ის სუფთაა, შეიძლება, რომ გულისხმიერი გახდეს. ამ დროს გონება მთლიანად შთაინთქმება გულის მიერ და ამ კურთხეულ წუთებში, ბომბებიც რომ ცვიოდეს, სახლიც რომ დაიწვას და ცოცხლად დაწვის საფრთხე ემუქრებოდეს, ადამიანი მშვიდად რჩება ადგილზე.

ამის მაგალითს წმინდა ირინეს ცხოვრებაში ვხედავთ: ერთხელაც ლოცვისას, ეშმაკის ბოროტებითა და მისი მანქანებით, ამ წმინდა ქალწულს ცეცხლი მოეკიდა, ის კი სანთელივით გაუნძრევლად იდგა ფეხზე! სწორედ ეს არის ნამდვილი ლოცვა, რომელიც ზეცაში, ღვთის საყდრამდე ელვასავით სწრაფად აღწევს.

ზოგიერთი იმდენად მოუთმენელია, რომ სურთ მალევე მიაღწიონ სრულყოფილ გონიერ ლოცვას და არ იციან, რომ ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იშრომონ და ყველაზე მარტივით დაიწყონ: პირველი სავარჯიშო იმაში მდგომარეობს, რომ ლოცვა ბაგეებით, ჩვენთვის გასაგონად წარმოვთქვათ. აქ, ვაწყდებით პირველ დაბრკოლებას: ახალდამწყები ჯერ არ არის მტკიცე და მტერი ცდილობს, რომ მრავალგვარი წარმოსახვებით დაუბნელოს მას გონება. მაგრამ თუკი იესუს ლოცვას მოუკლებლად, ერთმანეთის მიყოლებით წარმოთქვამ, ეს აზრები და წარმოსახვები ვერ ახერხებენ გონებაში შეღწევას. ამიტომაც, აუცილებლად გავითვალისწინოთ: მთელი ძალებით განვაგდოთ ნებისმიერი წარმოსახვა, რამდენად კეთილი და კარგიც არ უნდა მოგვეჩვენოს ის. მთელი ძალისხმევა ყურადღების ლოცვის სიტყვებში მოქცევისკენ მივმართოთ. ჩვენი გონება ხშირად იფანტება, თუმცა ყურებს უნდათ თუ არა, ესმით ის, რასაც ბაგეები წარმოთქვამენ. ამიტომაც, რამდენად ხშირადაც გვესმის დღის განმავლობაში იესუს ლოცვა, მით უფრო ადვილი ხდება ღამე ლოცვა და ნაკლები ძალისხმევა გვჭირდება, რომ ყურდღება მის სიტყვებს მივაპყროთ.

ამრიგად, ბაგეებით წარმოთქმისას, აიძულე შენს გონებას, რომ ლოცვის სიტყვებს ჩაუღრმავდეს. მაგრამ მალევე აღმოაჩენ, რომ ეს არც ისე ადვილია. ღვთის შიშის განცდა ყველაზე მეტად გვეხმარება ყურადღების მოკრებაში, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ თავად სამყაროს შემოქმედ ღმერთს ვესაუბრებით, რომლის წინაშეც ვდგავართ და რომელიც გვისმენს. რამდენადაც ჩვენს ძალებშია, აზრობრივად და ღვთის შიშით დაემხე ჩვენი მხსნელის წინაშე. ძირითადი სირთულე გონების ლოცვის სიტყვებში მოქცევაა. სწორედ აქ მიდის სისხლისმღვრელი ბრძოლა. მაგრამ უფალიც არ აყოვნებს, რომ ამ ბრძოლაში პირველი ცხადი დახმარება გაგვიწიოს და ჩვენს გულში მისი მყოფობა განგვაცდევინოს. გარკვეული დროის შემდეგ, ლოცვის წარმოთქმის ჩვევა მყარდება და შემდეგ უკვე გვიჩნდება სურვილი, რომ დავხუროთ ბაგეები და გონებით, შინაგანად ვილოცოთ. ეს გარკვეული წარმატების ნიშანია… ნელ-ნელა ლოცვა გულში შედის. ადამიანი თანდათანობით უფრო და უფრო ღრმავდება საკუთარ შინაგან სამყაროში და მაშინ ვეცადოთ, რომ მთელი ძალებით მოვიკრიბოთ გონება და რაც შეიძლება ხშირად წარმოვთქვათ იესუს ლოცვა”.

ათეულობით წლების განმავლობაში განმარტოება, საღამოდან დილამდე მრავალსაათიან, ყურადღებიან ლოცვაზე ფეხზე დგომა, ოთხი-ხუთი საათი ძილი, მუდმივი მარხვა, ყოველდღიური ლიტურგიები – სწორედ ეს იყო ამ ისიქასტი მამის მკაცრი ცხოვრების წესი.  მისი ლოცვა ხშირად ჭვრეტაში გადადიოდა და ამ დიდი მადლის მოქმედების ”ტყვეობაში” ცოტა ხნით თვალის მოხუჭვასაც ვერ ახერხებდა. ამ დროს ვინმეს რომ დაეკაკუნებინა კარებზე, ვერ უპასუხებდა. ვერ შეწყვეტდა ჭვრეტას. ეს მდგომარეობა იქამდე გრძელდებოდა, სადამდეც უფალი ინებებდა.

წყარო: pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.