img 2 1 1000x667 1

მოდით, ეს განსაცდელი ისიქაზმის ზეიმად ვაქციოთ – არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ

დღეს მრავალი ადამიანი შეძრწუნებული, და ზოგიც კი პანიკაშია, მთელ მსოფლიოში გავრცელებული კორონა ვირუსის გამო.

ის ღმერთი, რომელიც ჩვენ გვწამს, კეთილი, მოწყალე და კაცთმოყვარეა. ის ღმერთია, რომელმაც თავისი უსაზღვრო სიკეთით შეგვქმნა, რათა თავისი დიდება და სიცოცხლე ჩვენთვის გაეზიარებინა. როდესაც ცოდვით დავეცით, მან დაუშვა, რომ ჩვენს ცხოვრებაში სიკვდილი შემოსულიყო სწორედ იმიტომ, რომ უსასრულოდ არ დავრჩენილიყავით ამ დაცემულობაში და ხსნის გზა გვეძებნა. მიუხედავად იმისა, რომ დავეცით, მას ჩვენზე ზრუნვა არ შეუწყვეტია და არა მხოლოდ მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფდა კაცობრიობას, არამედ მოავლინა წინასწარმეტყველნი და მართლები, რომლებსაც მისი გზა უნდა განემზადებინათ, რომ ჩვენთან ადამიანად მოსულიყო, ჩვენი ტრაგედიისგან გავეთავისუფლებინეთ და ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით მარადიული გამოხსნა მოენიჭებინა.

zacharias
ფოტო N1 – არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ

ის მოვიდა და თავის თავზე აიღო ცოდვის წყევლა და ბოლომდე გვაჩვენა თავისი სიყვარული: ”შეიყუარნა თჳსნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი”(ინ.13:1). ყველაფერი თავისი უსაზღვრო სიკეთიდან გამომდინარე აღასრულა – სამყარო მატერიალური საშუალებებით უზრუნველყო, თავისი მოსვლისთვის განამზადა და საბოლოოდ თავად გამოჩნდა და კეთილკრძალული შიშის მომგვრელი გზით გამოგვიხსნა ჩვენ. მისი სიკეთე უსაზღვროა და გველოდება, რომ შევიცნოთ ჭეშმარიტება და დავიწყოთ ჭეშმარიტი სინანული, რათა მარადიულად მასთან ვიყოთ.

ადამიანთან ურთიერთობის ყველა სტადიაში ღმერთი მხოლოდ თავის სიკეთესა და მოწყალებას ავლენს. ის, თავისი ბუნებით, კეთილია და ყველაფერს ჩვენი სარგებელისა და გადარჩენისთვის აკეთებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ის სამყაროს განსასჯელად დაბრუნდება, განა სხვანაირი ღმერთი იქნება? განა არ იქნება ისეთივე კეთილი, მოწყალე და კაცთმოყვარე? სწორედ ამიტომ, არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში და შევირყეთ, რადგან სწორედ ესეთი ღმერთი მიგვიღებს ჩვენ მარადიულ სიცოცხლეში და ასეთივე სიკეთითა და თანაგრძნობით განგვსჯის.

ჩვენ შეგვიძლია ეს პერიოდი ღმერთთან შეხვედრის მცდელობისთვის გამოვიყენოთ, გადავხედოთ აზრობრივად მთელ ჩვენს ცხოვრებას და ამგვარად, მადლიერებით აღსავსენი წარვსგეთ ლოცვით მის წინაშე. როდესაც ასეთ ღმერთთან ერთად ვართ, ვერაფერი გვავნებს, რადგანაც ის თავისი სიკეთიდან გამომდინარე უშვებს ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში ჩვენსავე სასარგებლოდ. ამიტომაც, საჭიროა, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ მადლიერება და სინანულის ლოცვა.

პირადად მე, ეს ეპიდემია მეხმარება. მწყუროდა, რომ ისეთივე ლოცვა მქონოდა, როგორიც ადრე, რომლითაც მთელი ჩემი ცხოვრება იყო გამსჭვალული და რომ ღვთის წინაშე მადლიერება და სინანული გამომეხატა.

შესაძლოა, რომ უფალი იყენებს ამ ვირუსს იმისთვის, რომ გამოაფხიზლოს მრავალი ადამიანი და სინანულით თავისთან მიიყვანოს. ის, ვინც საღმრთო განგებულებას სრულიად ანდობს საკუთარ თავს, ყველაფერი კეთილად წარემართება. ”ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად”(რომ.8:28)

ასეთ შემთხვევაში, არაჯანსაღი შიშისთვის ადგილი აღარ რჩება. ასევე, არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებს შევეწინააღმდეგოთ. არ არის ეს კეთილგონივრული საქციელი. ჩვენ არ გვთხოვენ რწმენის უარყოფას, არამედ გარკვეული ზომების მიღებას, რომლის მიზანი ამ განსაცდელის გადალახვაა.

სახელმწიფოს ადექვატურ განკარგულებებს აუცილებლად უნდა დავემორჩლოთ. რადგანაც თუკი დავსნეულდებით სახელმწიფო საავადმყოფოებში მოგვიწევს წასვლა და ჩვენი მკურნალობაზე ზრუნვას მთავრობა იღებს თავის თავზე. ეს ხომ მოციქულის მიერ მოცემული მცნებაა ” მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ”(ტიტ. 3:1).

დღევანდელი გარემო პირობები ისიქასტური ცხოვრებისკენ გვიბიძგებენ, რომ მეტად ჩავუღრმავდეთ ლოცვას. მოდით ეს განსაცდელი ისიქაზმის ზეიმად ვაქციოთ!

ნებისმიერ შემთხვევაში, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდება და ღმერთი არასდროს ავნებს თავის ქმნილებას. თუკი რაღაც პერიოდით, ობიექტური მიზეზით ლიტურგიას მოკლებულნი ვართ, არ უნდა დავნებდეთ. რას ვიღებთ ლიტურგიაზე? ყველაზე დიდ სიკეთეს – ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ეს უდიდესი ღირსება და სარგებელია ჩვენთვის. არსებობს მადლის მოხვეჭის სხვა საშუალებებიც, რომელთანაგაც უძლიერესი – ლოცვაა. ისიქასტური ლოცვით, როდესაც გონებით გულში ქრისტეს მოვუხმობთ, თანდათანობით ცოცხალი ღმერთის განცდა იბადება. ქრისტეს უწმინდესი სახელი საღმრთო მადლს იზიდავს, რადგანაც ის მისი პიროვნებისგან განუყოფელია. ჩვენში შემოსული ქრისტე განგვწმენდს, განაახლებს და განანათლებს ჩვენს გულს. გვახსოვდეს, რომ ქრისტესთან თითოეული შეხვედრა აღდგომაა. სწორედ იმიტომ ვიღებთ ლიტურგიაზე საღმრთო მადლს, რომ ქრისტე მყოფობს იქ და მას ვეზიარებით. როდესაც ლოცვისას მის სახელს მოვუხმობთ გვაქვს საშუალება, რომ შევხვდეთ მას და ვიგრძნოთ მისი მყოფობა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ლიტურგიას მოკლებული ვართ, მისი სახელი ყოველთვის გვაქვს და შეგვიძლია მადლის მოხვეჭა. ამასთან ერთად, გვაქვს მისი სიტყვა – სახარება. თუკი მისი სიტყვა მუდამ ჩვენს გულშია, ვუღრმავდებით და ვფიქრობთ მასზე, თუკი ჩვენთვის ის ღმერთთან სასაუბრო ენად იქცევა, მაშინ სულიწმინდის მადლი ჩვენთან იქნება. ”სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ”(ინ.6:68).

წყარო: https://afonit.info

სტატიაში გამოყენებული მთავარი ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

ფოტო N1 გადმოწერილია საიტიდან https://arhimandritulzaharia.wordpress.com/