მამა პაისი ველიჩკოველი

წმინდა პაისი ველიჩკოვსკი

წმინდა პაისი დაიბადა 1722 წელს მღვდლის ოჯახში. წარმოშობისა და საქმიანობის თვალსაზრისით, იგი ორ ადგილობრივ ეკლესიას ეკუთვნის: რუსეთისას და მოლდოვეთისას. ბერი მალოროსიაში დაიბადა, მთელი სიყმაწვილე – სკოლის პერიოდი, სიჭაბუკის პირველი წლები – რუსეთში გაატარა. წმინდა მამა კიევის აკადემიაში სწავლობდა. სულიერი მოძღვრის ძიებაში უკრაინის მრავალი მონასტერი მოიარა. ოცი წლის ასაკში ვლახეთში გადავიდა, ოთხი წლის შემდეგ კი ათონზე გაემგზავრა, სადაც 17 წელი ჯერ სრულ მარტოობაში, შემდეგ კი მზარდი საძმოს სათავეში გაატარა.

მოგვიანებით ამ ძმობასთან ერთად მოლდოვეთში ჩავიდა, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა და სულ უფრო ფართო საქმიანობას ეწეოდა. თანდათანობით იზრდებოდა მისი გავლენა და სახელი არა მარტო მართლმადიდებელ, არამედ არამართლმადიდებელ სამყაროშიც. მას სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვუწუდოთ მოლდო-ვლახეთისა და რუსეთის მონაზვნობის სულიერი ცხოვრების განმაახლებელი. მან მოგვცა მონაზვნური ცხოვრების მიზნის ნათელი განსაზღვრება, გვიჩვენა მისი მიღწევის საშუალებები და მოამზადა ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ წარმატებული სულიერი ცხოვრება. თავისი მაგალითით, მოღვაწეობითა და თარგმანებით წმ.პაისიმ უდიდესი ისიქასტური მოძრაობა გაშალა მართლმადიდებლურ მონაზვნობას შორის, რომელმაც არა მარტო სასულიერო, არამედ საერო საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა.

დრაგომირნას საძმოში წმ. პაისიმ დანერგა წმ. ბასილი დიდის, წმ. თეოდოსი დიდის, წმ. თეოდორე სტუდიელისა და ათონის წმინდა მთის ტიპიკონების მიხედვით შემუშავებული წესდება. ამ წეს-განგების მთავარი დებულებები გახლდათ: უპოვარება, საკუთარი ნების მოკვეთა, მორჩილება, გონიერი ლოცვა, წმინდა მამათა ლიტერატურის კითხვა და ხელსაქმე. ნიამეცის მონასტერში გადასვლის შემდეგ მისი საძმო კიდევ უფრო იზრდებოდა (მასში 10-ზე მეტი ეროვნების მონაზონი შედიოდა). 1790 წლისთვის მამა პაისის მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველაზე მრავარიცხოვანი საძმო ჰყავდა.

სამოძღვრო მსახურების განმავლობაში მოლდოვურ მონასტრებში წმ.პაისი საძმოს ისიქასტურ პრაქტიკას, ანუ გონიერ ლოცვას ასწავლიდა და ‘’სათნოებათმოყვარეობის’’ მამების (წმ. გრიგოლ პალამა, წმ. გრიგოლ სინელი, წმ. ნილოს სორელი) ერთიან ტრადიციას მიჰყვებოდა. წმინდა მამების შრომებზე დაყრდნობით, მან უამრავი მოწმობა და არგუმენტი მოიყვანა იესუს ლოცვის მაღალი სულიერი ღირსების შესახებ, რომელსაც ლოცვასთან ერთად, სარწმუნოების აღმსარებლობასაც უწოდებდა.

დეკანოზი სერგი ჩეტვერკოვი წერს: ‘’მისი [მამა პაისის] და მისი მოწაფეების ღვაწლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია, სწორად წარმოვიდგონოთ მე-18 და მე-19 საუკუნეების რუსული მონაზვნობისა და რუსი ხალხის სულიერი მდგომარეობა. ბერის 200-ზე მეტი მოწაფე და მათი მემკვიდრეები მოღვაწეობდნენ რუსეთის 35 ეპარქიის ასზე მეტ მონასტერში. პაისის გავლენით შეიცვალა რუსული მონაზვნობის სახე, გაიზარდა შინაგანი მოღვაწეობის (გონიერი ლოცვის) მნიშვნელობა, რომლის ხასიათზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ოპტინის უდაბნოს სულიერი მოძღვრობის მიხედვითაც. ეს მოვლენა აისახა რუსულ ლიტერატურაშიც (‘’ძმები კარამაზოვები’’). ცნობილმა რუსმა მწერლებმა (გოგოლი, კირეევსკი, დოსტოევსკი, სოლოვიოვი, ლეონტიევი და სხვ.) რუსულ მონაზვნურ ცხოვრებაში ეს სულიერი მოძრაობა შენიშნეს, შეისწავლეს და მისი ზეგავლენა საკუთარ თავზე გამოსცადეს’’.

1794 წლის 28 ნოემბერს, 72 წლის ასაკში, მისი ნეტარი მიწიერი ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა. ღირსი პაისი დაკრძალულია ნიამეცის მონასტრის უფლის ამაღლების მთავარ ტაძარში.

იესუს ლოცვის შესახებ

‘’უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’! – თუ ადამიანი ამ ლოცვაში მოუკლებლად, სიმდაბლითა და დიდი მოშურნეობით იშრომებს, მოვა დრო და მისი გული ყოვლადწმიდა სამების სამკვიდროდ იქცევა. საბოლოოდ ლოცვა შთანთქავს ადამიანის გულს, ხოლო გული- ლოცვას. ეს ლოცვა დღედაღამ მის მთავარ საქმიანობად იქცევა და ეშმაკის ყოველგვარი მახისგან გათავისუფლდება.

რასაც არ უნდა აკეთებდე – დადიხარ, ზიხარ, ჭამ, მოგზაურობ თუ სხვა, – მოუკლებლად იმეორე ეს ლოცვა, გულმოდგინედ, უკანდაუხევლად აიძულე საკუთარი თავი! ის, შუბოსანი მეომრის მსგავსად, შენს უხილავ მტრებს შემუსრავს. შენი გონება, აზრები ქრისტეს სახელით განმსჭვალე! როდესაც ბაგეებით წარმოთქმისას ენა დაგეღლება, გონებით ილოცე! წმინდა მამათა სწავლებით, ხმამაღლა ლოცვაში მოუკლებელ, ხანგრძლივ და სიმდაბლით შრომას მოაქვს გონიერი ლოცვა, ხოლო გონიერ ლოცვას კი – გულისმიერი ლოცვა. როდესაც გონება ლოცვაში ვარჯიშით დაძაბულობისგან დაიღლება, დასასვენებლად შეგიძლია იგალობო ან წაიკითხო!

რასაც არ უნდა აკეთებდე – დადიხარ, ზიხარ, ჭამ, მოგზაურობ თუ სხვა, – მოუკლებლად იმეორე ეს ლოცვა, გულმოდგინედ, უკანდაუხევლად აიძულე საკუთარი თავი!

რაც შეეხება იესუს ბაგისმიერ ლოცვას, წარმოთქვი ისე, რომ გესმოდეს, – არც ხმამაღლა და არც ძალიან ჩუმად! ეცადე, რომ განდევნო ლოცვისას მოსული ნებისმიერი აზრი და გულმოდგინედ ეცადე, მხოლოდ ლოცვის სიტყვებს მიალურსმნო შენი ყურადღება! ლოცვა ხომ სხვა არაფერია, თუ არა ხილული სამყაროსგან გაუცხოვება და ამიტომაც, გონებით მხოლოდ მასში ჩაიძირე! წმ. მამები ამბობენ: ‘’ვინც ბაგეებით ლოცულობს, ხოლო გონებით ზარმაცობს, ტყუილად შრომობს, რადგან ქრისტე ადამიანის გულსა და გონებას უყურებს და არა მრავალსიტყვაობას. ამიტომაც, გონიერი ლოცვისას დაუშვებელია, რომ გონებაში რაიმე წარმოსახვა ან გარეშე აზრი გავაჩეროთ’’. ის, ვინც არ ივარჯიშებს იესუს გონიერ ლოცვაში, ვერც მოუკლებელ ლოცვას მოიხვეჭს. ხოლო, თუ ადამიანი გულმოდგინედ გაიწვრთნება ამ კურთხეულ საქმიანობაში, იესუს ლოცვა მის გულს სრულად შეერწყმება და ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისემიერი საქმიანობისას მის გულში წყაროსავით იდინებს. ასეთი კაცის გულში ძილის დროსაც მოუკლებელი ლოცვა არ წყდება და მისი მჩქეფარება ზოგჯერ გამოაღვიძებს ხოლმე მას.

ამიტომაც დიადია ეს საქმიაობა. როდესაც რაიმე გადაუდებელ, აუცილებელ საქმეს აღვასრულებთ, ან გონებაში გულისსიტყვების შემოტევას განვიცდით, ან, როდესაც ლოცვისას ძილი გვერევა, მაშინ ვეცადოთ, რომ ბაგეებით, გულმოდგინედ წარმოვთქვათ იესუს ლოცვა, რათა გონებამ ჩვენს ხმას მიაქციოს ყურადღება. ასეთი ლოცვითი ღვაწლი გაცილებით უფრო ნაყოფიერია და ადრე გამოაქვს სულის სასარგებლო შედეგი, ვიდრე მარტო ფსალმუნების, კანონების, დაუჯდომლებისა და სხვა ლოცვების კითხვას.

იმისათვის, რომ გონება მუდამ ქრისტეს სახელის მოხმობით იყოს დაკავებული, სამი სათნოება გვჭირდება: ღვთისა და მოყვასის სიყვარული, თავშეკავება და იესუს ლოცვა. სიყვარული აცხრობს მრისხანებას, თავშეკავება – გულისთქმებს, ხოლო ლოცვა გონებიდან განდევნის ყოველგვარ გულისსიტყვას და მასთან ერთად – სიძულვილს და დიდებისმოყვარეობას. მუდამ ეძებე ღმერთი და ის ყველაფერს გასწავლის!

დიდი შრომის და ღვაწლის შედეგად მოვიხვეჭთ გულისმიერ, გონიერ და სულიერ სიწმინდეს. სწორედ მწუხარებებითა და ისეთ სათნოებებში ვარჯიშით, როგორიცაა მგლოვარება, ღამისთევა და ლოცვა, განიწმინდება გული. გულის სიწმიდით და მარხვასთან შერწმული ლოცვით კი გონება სხვადასხვა ბილწი წარმოსახვისა და ზრახვისგან თავისუფლდება, გონების სიწმინდით კი სული – ვნებებისგან და ღვთის მადლი განანათლებს მას. სულის სიწმინდეს მოაქვს მჭვრეტელობა. რადგან მხოლოდ წმინდა გულის, გონებისა და სულის მქონე ადამიანს შეუძლია, რომ დაინახოს გონიერი მზე ანუ უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. განსაკუთრებით უნდა ვივარჯიშოთ მოუკლებელ ლოცვაში, რათა მან როგორმე გულის სიღრმეში ჩააღწიოს, განწმინდოს სულიერი და ხორციელი ვნებებისგან, გამოუთქმელად დაატკბოს, გააფაქიზოს, გაამხიარულოს და განდევნოს ყოველგვარი წარმოსახვა. ასეთი შრომის შედეგად განიწმინდება ადამიანის გული და მასში ღვთის მადლი იმკვიდრებს. ამით კი ეშმაკს და ვნებებს გულისკენ მიმავალი გზა ეხერგებათ და ადამიანი სულიერი სიტკბოების განცდას იწყებს. მოღვაწე ვერ იგრძნობს მადლისმიერ სიტკბოებას მანამ, სანამ მასში არ შეწყდება ვნებების მოძრაობა, რომელიც მის გულში ცოდვისმიერ სიტკოებას წარმოშობს, არ განიწმინდება მისი გრძნობები, ხოლო გონება ბილწი წარმოსახვებისგან არ გათავისუფლდება. სიწმიდის დასაწყისი ცოდვისმიერი ზრახვის ჩანასახშივე უარყოფაა, ხოლო ნაყოფი ცოდვისთვის სიკვდილია.

გულის უწმინდურობა სიძვის ვნების ცოდვისმიერ სიმხურვალეში მდგომარეობს, სხეულის უწმინდურობას უკვე ამ ცოდვაში დაცემა იწვევს. გონების უწმინდურობა ბილწ ზრახვებსა და წარმოსახვებში, ხოლო სულის უწმინდურება სხვადასხვა სულიერ ვნებაში ვლინდება, როდესაც სულს რაღაც ზომაზე მეტად უყვარს და მისით ტკბება.

სხეულებრივი შრომა შინაგანი ყურადღებისა და ლოცვის გარეშე უნაყოფი ხის მსგავსია.

თუ ვინმე სხეულით შრომობს და გარკვეულ სათნოებებს აღასრულებს, მაგრამ გულის მდგომარეობაზე არ ზრუნავს და არც რუდუნებით შრომობს გონიერ ლოცვაში ყურადღებითა და სულის სიფხიზლით, იმ ადამიანს ჰგავს, ვინც ერთი ხელით აგროვებს, ხოლო მეორე ხელით ფანტავს. სხეულებრივი შრომა შინაგანი ყურადღებისა და ლოცვის გარეშე უნაყოფი ხის მსგავსია. სწორედ იმიტომ ვერ ვიღებთ მადლს, რომ არ ვიცით, თუ რა უნდა იყოს ჩვენი სულიერი ცხოვრების ფუნდამენტი და რა არის არსი და საფუძველი სათნოებებისა. სანამ ეს არ ვიცით, იქამდე ერთდროულად თან ვშრომობთ და თან ნაშრომს ვანადგურებთ.

ლოცვა ადამიანებისა და ზეციურ დასთა საერთო საქმეა და მისით მალევე მივეახლებით ანგელოზებრივ ცხოვრებას. სწორედ ის არის ყველა კეთილი საქმისა და სათნოების წყარო, სწორედ ის არის ვნებების წყვიადის განმდევნელი. მოიხვეჭე იესუს ლოცვა და შენი სული, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, ანგელოზს დაემსგავსება. ლოცვა საღმრთო მხიარულებაა. ისაა უძვირფასესი მახვილი, რომელიც ყველაზე მეტად ანადგურებს ეშმაკს. ლოცვა ადამიანის გულში ცეცხლს აღანთებს და გამოუთქმელი, არამიწიერი სიხარული და მხიარულება მოაქვს.

ზომიერი ღამისთევა ანუ მღვიძარება გონებას გაფანტულობისგან ათავისუფლებს, ამსუბუქებს და ლოცვაში ეხმარება.დაუღლელი ყურადღება და მღვიძარება ადამიანს სულიერ მხედველობას ანიჭებს და ახსენებს იმ გამოუთქმელ სიკეთეებს, რომლებიც უფალმა თავის მოყვარულებს განუმზადა. ასეთი ადამიანი ყოველთვის გაოცებულია თავისი შემოქმედით, ფიქრობს, თუ როგორ ცვლის დღეს ღამე, როგორ ანათებს მზე, მთვარე და ვარსკვლავები; როგორ მონაცვლეობს ყინვა, თოვლი, ქუხილი, წვიმა… ეს ყველაფერი მას ამქვეყნიურ წარმავალ ცხოვრებას და სიკვდილს ახსენებს, მის თვალთაგან ცრემლი იწყებს დენას და, როგორც შემაღლებულ ადგილას მდგარი გუშაგი, სულიერი თვალით ხედავს თავისი გულის მდგომარეობას. ასე რომ, ზომიერი ღამისთევა ამხიარულებს ადამიანის გულს.

მოიხვეჭე იესუს ლოცვა და შენი სული, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, ანგელოზს დაემსგავსება.

სადაც მადლი, სიცოცხლის წყაროა, იქ მოედინება კეთილი საქმეები. როდესაც ადამიანს სულიწმიდა ეწვევა, ნებისნიერი შრომა უმსუბუქდება და მის გულში მოუკლებელი ლოცვა იწყებს მოქმედებას. ხოლო მას, ვინც ვნებებს ეძლევა, მზაკვარი სული ეუფლება და სულში მუდამ სიბნელეს, წყვიადს და სიმძიმეს განიცდის.

ის, ვისაც შიში აწუხებს, დაე, არ შეძრწუნდეს, იყოს მამაცი, სრულად ღმერთს მიენდოს და ამ შიშს საერთოდ არ მიაქცოს ყურადღება! არ მისცე უფლება, რომ შენში ეს ბავშვური მდგომარეობა გამეფდეს, არაფრად არ ჩააგდო ეს და ჩათვალე, რომ ეშმაკისგანაა! ღვთის მონას მხოლოდ თავისი ბატონის ეშინია, – მისი, ვინც შექმნა, სული შთაბერა და სიცოცხლე მიანიჭა. ეშმაკები კი ღვთის დაშვების გარეშე ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში გვაშინებენ და გვემუქრებიან. მას, ვინც მამაცი გული მოიპოვა და სრულიად მიენდო ქრისტეს, მათი არ ეშინია, რადგან მისი ერთადერთი იმედი და დამხმარე ქრისტეა. ვინ დაგვიშავებს რამეს ღვთის დაშვების გარეშე?! ადამიანი თავისი გულისსიტყვების მიერ ან მტკიცდება ან სუსტდება, რადგან მათი საშუალებით იბადება ჩვენში ყველანაირი სიკეთე ან პირიქით, – ბოროტება. ხოლო დროთა განმავლობაში ეს სიკეთე ან ბოროტება ადამიანის ბუნების ნაწილი ხდება. შენ კი მამაცი იყავი და, დაე, განმტკიცდეს შენი გული! გამოისახე ჯვარი, როდესაც შიში მოგეახლება! თუ ეშმაკები დაინახევენ, რომ ჩვენ ქრისტეთი განმტკიცებულნი ვართ, მაშინ ვეღარ შეგვაძრწუნებენ. მუდამ იმაზე ვიფიქროთ, რომ ქრისტეს ხელთ ვართ. უფალმა თქვა: ‘’აჰა, მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს’’(ლკ. 10:19). კარგად გავიაზროთ ისიც, რომ მის გარეშე ჩვენი თავიდან ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოვარდება(ლკ.21:18).
ასეთი აზრებით საკუთარ თავში თავადვე აღვძრავთ არაჯასაღ შიშს: ‘’იქნებ ეშმაკი მოვიდეს და შემაშინოს’’! – არ ვიფიქროთ ასეთ რაღაცებზე, არ ველოდოთ, რომ ეს აუცილებლად დაგვემართება და არ ვიყოთ საკუთარი თავის მტრები, რომ მუდამ რაღაც მოულოდნელ საფრთხეზე ვშიშობდეთ. ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი მფარველი ქრისტეა. დაიმახსოვრეთ, რომ ღვთის შიში განდევნის ამ დემონურ აზრებს.

ეშმაკებს ყველაზე მეტად ეშინიათ მგლოვარების, სიმდაბლის, იესუს ლოცვის, ჯვრის, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ხშირი ზიარების და ღვთის შეურყეველი იმედის. ამ ყველაფერზე ძლიერი იარაღი არ არსებობს.

გულისმიერი სიმდაბლე უშრომელად აცხოვნებს ნებისმიერ ადამიანს: მოხუცსაც, ახალგაზრდასაც, სნეულსაც, ღარიბსაც, გაუნათლებელსაც. მისით მოგვეტევება ყველა უკეთურობა და მას ცოდვის ყველაზე ღრმა უფსკრულიდანაც კი ამოჰყავს ადამიანი. სიმდაბლის საშუალებით მტრის ყოველგვარი მზაკვრული ჩანაფიქრი და მახე ირღვევა და სულიერი ცხოვრება მტკიცდება.

წყარო: ბიოგრაფია – www.pravoslavie.ru და დეკანოზი სერგი ჩეტვერკოვის ‘’მოლდოველი ბერი პაისი ველიჩკოვსკი’’;

სიტყვა ლოცვის შესახებ გამოკრებილია წმ. პაისი ველიჩკოვსკის: ‘’ Крины сельные или цветы прекрасные, собранные вкратце от Божественного Писания’’-დან www.azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული მთავარი ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©