82902624 2527417980879262 7872825175559897088 n

ოჯახი და ბავშვების აღზრდა – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

ქმარი უნდა უფრთხილდებოდეს თავის ცოლს – “უუძლურეს ჭურჭელს”.  ეს გვახსენებს პეტრე მოციქულის სიტყვებს იმაზე, თუ რაოდენ მგრძნობიარე, სათუთი და ნაზია ქალი. იმ დროს, როდესაც ხელში გიჭირავს გული, რომელიც შენთვის ძგერს, უეცრად ხედავ, თუ როგორ იმსხვრევა ნაკუწებად ის შენს ხელსა თუ გულში ჩაკვრისას. ამიტომაც ეუბნება პეტრე მოციქული მეუღლეებს და საერთოდ ყველა მამაკაცს, რომ ქალს დელიკატურად და კეთილშობილურად უნდა მოექცნენ, განსაკუთრებით კი, ყოველმხრივ პატივი სცენ მათ.

სიყვარულის გამოვლენა, მეტწილად, ქალისთვისაა დამახასიათებელი. მამაკაცს კი მისდამი მოწიწება და პატივისცემით მოპყრობა მართებს, ისე, რომ ეს ქალს აღამაღლებდეს. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომლის წყალობითაც მამაკაცს შეეძლება თავის გვერდით შეინარჩუნოს ქალი. თუკი ის მოწიწებასა და პატივისცემას არ ავლენს ქალისადმი, აუცილებლად დაკარგავს მას, რადგან ის თავს გულგატეხილად იგრძნობს და იმ პატივისცემის ძებნას, რომელიც ვერ მიიღო, სხვაგან დაიწყებს. ამიტომაც, მამაკაცი შესაძლოა გახდეს კარგი ქმარი, თუკი შეძლებს, რომ იყოს სათუთი და პატივისცემით მოეპყრას ცოლს.

როდესაც ტობითმა, თავისი ვაჟი, ტობია, ნათესავებთან აუცილებელი საჭიროებისათვის ფულის გამოსართმევლად  გაგაზავნა, ანგელოზმა, რომელიც მეგზურობას უწევდა მას, არა მხოლოდ ფული, არამედ ცოლიც უბოძა. ისეთი, როგორსაც ის ეძებდა და როგორიც მამამისს სურდა. როდესაც ისინი ნათესავების სახლში მივიდნენ და ანგელოზმა უთხრა: “მე თქვენ ოჯახში ქმარი მოგიყვანეთ”, ტობიამ ცოლის მშობლებს თავი დაუკრა, შემდეგ კი უდიდესი დელიკატურობითა და პატივისცემით მიმართა ცოლსაც. მან ის დალოცა, ანუ ყველაზე კეთილი სიტყვები წარმოთქვა, შეაქო და მისდამი თავისი პატივისცემა გამოხატა. ამის შემდგომ, სწორედ მისი ამგვარი საქციელის შედეგად,  ტობიას ცოლი, მთელი ცხოვრების მანძილზე,  ქმრის მონა-მორჩილი გახდა. ასე აქცია ტობიამ ის თავისად და მუდამ თავისთან ამყოფებდა.

როდესაც მამაკაცი იპოვის ცოლს, რომელთანაც სიმშვიდეს გრძნობს, თავად კი, შესწევს უნარი, რომ მოუფრთხილდეს მას, მისი გული ხარობს.

ქორწინება – ადამიანის სულიერი ღვაწლის შესანიშნავი სახეა, ამიტომაც, წმინდა მამები, შედარებისათვის, ხშირად იყენებენ მას. თუკი ადამიანი ქორწინებაში უბედურია, მთელი მისი ცხოვრება წარუმატებელია და ეს მეტად ამძიმებს მას, აქცევს უსიხარულოდ და ერთი ცვლილებიდან მეორისაკენ უბიძგებს. უბედურებიდან უბედურებისაკენ, გულის განშორებიდან, ცხოვრებისეულ განშორებამდე, სანამ ყოველივე უფალთან განშორებით არ დასრულდება. წარუმატებელი და ბედნიერებას მოკლებული ქორწინება, ნიშანია იმისა, რომ სულს უფალთან ცხოვრება და მისი სიყვარული არ შეუძლია.

კარგი იქნება, თუკი ბავშვებს გონების დაცვას, სამი წლის ასაკიდან ვასწავლით. თუკი ბავშვი, სამი წლის ასაკიდან არ დაიწყებს საკუთარ გონებაზე დაკვირვებას, მაშინ ის, ვერასოდეს ისწავლის მის დაცვას  და მეტიც, ის ვერ ისწავლის ლოცვას. მაგრამ, თუკი ის ამაში ყრმობიდან გაიწაფება, ყველაფერი მარტივად წარემართება. მოზრდილ ასაკში, საჭირო გახდება წლები, რომ აითვისოს და შეიძინოს ის უნარები, რომლის დაუფლებაც სამი, ხუთი და შვიდი წლის ასაკში ძალზედ მარტივია.

ურთულეს საგნებსა და მოვლენებში წვდომით, ბავშვს შეუძლია უფროსის მაგალითად იქცეს. ესმოდეს საეკლესიო დოგმატები და ჭვრეტდეს სულიწმინდის სიბრძნეს, რომლის შეცნობა ზრდასრულთათვისაც კი შეუძლებელია ხოლმე. ურთიერთობისას ბავშვს, უფროსის მხრიდან მეტად ბრძნული დამოკიდებულება სჭირდება.  მაგრამ, ჩვენი სულიერი სიცარიელის გამო, რომელიც მოყვასთან ურთიერთობაში ვლინდება, ჩვენ არ გაგვაჩნია ეს სულიერი სიბრძნე, არ ვიცით, როგორ შევიდეთ ურთიერთობაში ბავშვთან ან როგორ ავღზარდოთ იგი, არ ვიცით, თუ როგორ ვაჩვენოთ ჩვენი მათდამი სიყვარული და მხოლოდ გარეგნულად გამოვხატავთ ამას: მოფერებით, გახუმრებითა და სხვა ხერხებით, რომლებიც ბავშვს საჭურისად აქცევენ, აზიანებენ მას და არ აძლევენ თანდათანობით ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას.  აჩვევენ ცრუ ბავშვურ სინაზეს და არ აძლვენ ახალგაზრდა-ბერად გახდომის საშუალებას, რათა მან შეძლოს თავის შესაძლებლობათა გამოვლენა.


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share