SKM C25820092612131

როგორ მოვემზადოთ ქრისტესთან საუბრისთვის? – არქიმანდრიტი ნიკონი (ლაზარუ)

ყველა სათნოება ჩვენს გულს ქრისტესთან შესაერთებლად ამზადებს. სწორედ ესაა ჩვენი ცხოვრების მიზანი, რომ ღმერთთან ერთობას, ანუ როგორც ღმრთისმეტყველები ამბობენ, განღმრთობას მივაღწიოთ. ამისთვის ჩვენ ყველა სათნოება გვამზადებს, მაგრამ ლოცვით რაღაც სასწაული ხდება! ლოცვა არამხოლოდ ამზადებს ჩვენს გულს, არამედ გვაკავშირებს და გვაერთებს კიდეც ქრისტესთან. ამიტომაც, უნდა ვამზადებდეთ ჩვენს გულს ქრისტესთან შესახვედრად და მივაქციოთ ყურადღება, თუ როგორი შინაგანი მდგომარეობით წარვსდგებით ქრისტეს წინაშე. ეს წვრილმანი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ ლოცვა მხოლოდ სულის საქმეა და მხოლოდ სულს ეხება. არა! ერთხელ, ერთმა განათლებულმა ადამიანმა მითხრა:

– რა მნიშვნელობა აქვს ლოცვაზე როგორ ვიდგები? მთავარი ხომ სულის მდგომარეობაა.

beri nikon atoneli 2
არქიმანდრიტი ნიკონი (ლაზარუ)

დიახ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელიც ეკლესიის ერთმა წმინდა მამამ განგვიცხადა: სული სხეულის მიერ მოდელირდება. რას ნიშნავს ეს? სული სხეულის მდგომარეობას, ფორმას იღებს. ჩვენ არ შეგვიძლია ბუდისტებივით დავსხდეთ და ისე ვილოცოთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. არა. ჩვენ ჯვარი უნდა გამოვისახოთ, სანთელივით ვიდგეთ და ისე ვესაუბროთ ქრისტეს[1].

ლოცვა არამხოლოდ სულმა, სხეულმაც უნდა ისწავლოს. კარგად დავიმახსოვროთ ეს, რომ პრაქტიკაშიც განვახორციელოთ. მაგალითად, თავს ყოველთვის კარგად ვერ ვგრძნობთ და ყოველთვის არ არის ჩვენში ლოცვის სურვილი; შეიძლება დავიღალეთ, ან ლოცვის მიმართ გულგრილობამ შეგვიპყრო, ან შეიძლება ეშმაკის ბრძოლაა, რომელსაც ჩვენში მოწყენილობა, მწუხარება და სულიერი სიმშრალე შემოაქვს. რა გავაკეთოთ თუკი ჩვენში არ არის ლოცვის სურვილი?

ჯვარი გამოვისახოთ და მოუკლებლად, საკუთარი თავის იძულებით დავიწყოთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!’’ – მუხლდრეკა, ავდგეთ. ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ – ისევ მუხლდრეკა და ისევ ავდგეთ. ასეთი შრომით სხეული სულს თან წაიყოლებს და აამუშავებს. სულიც დაიწყებს მუხლდრეკას. სულიც სხეულთან ერთად მოიდრეკს მუხლს და სხეულთან ერთად აღდგება. ეს პირველი გზაა. ახლა კი მეორე ასპექტს მივაქციოთ ყურადღება.

სანამ ლოცვას დავიწყებთ, აუცილებელია, რომ დავივიწყოთ ყოვლეგვარი ბოროტება, რაც მოყვასისგან მივიღეთ. თუ ლოცვისას გავიხსენებთ იმას, რომ ვიღაცამ დაგვამწუხრა და ამაზე ვიფიქრებთ, მაშინ ჩვენი ლოცვა არაფრის მომცემი იქნება. დავივიწყოთ ბოროტება! მთელი ცხოვრება, ყოველდღე ვებრძოლოთ ამას და განსაკუთრებით კი ლოცვისას. იცით რას ამბობენ წმინდა მამები? ვისაც ბოროტება ახსოვს თვითმკვლელიაო! ამიტომაც, დავივიწყოთ ყოველგვარი ბოროტება და წყენა.

ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ვინც ლოცულობს და თან წყენა ახსოვს, ის იმ ადამიანს ემსგავსება, რომელიც კლდოვან ადგილას თესავს. რამხელა ფესვიც ექნება კლდოვან ადგილას დათესილ მცენარეს, ისეთივე ნაყოფი ექნება იმ ადამიანის ლოცვას, რომელიც წყენას გულში იტოვებსო.

რას ვამბობთ ,,მამაო ჩვენოში’’? ,,მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა’’. გვესმის რასაც ვამბობთ? ჩვენ ხომ ზეციურ მამას იმას ვთხოვთ, რომ იმ საზომით მოგვიტევოს, რა საზომითაც ჩვენ მივუტევებთ სხვას! დავფიქრდეთ, რას ვითხოვთ!

ამიტომაც, მომზადების პირველი საფეხურის, ანუ სწორად დგომის შემდეგ, ვცდილობთ დავივიწყოთ და მივუტევოთ ყოველგვარი წყენა. ამის შემდეგ ვიწყებთ ლოცვას.

როგორ ვიწყებთ ლოცვას? ლოცვა ყოველთვის მადლიერებით დავიწყოთ. სანამ მასთან საუბარს დავიწყებდეთ და რამეს ვითხოვდეთ, პირველ რიგში გამოვხტოთ მის წინაშე მადლიერება!

რისთვის? ყველაფრისთვის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება? ყველაფრისთვის, რისი გადატანაც მოგვიწია? ყველა სნეულებისთვის? რისთვის? დაფიქრდით! ზოგადად, ჩვენ იმაზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, რაც გვაკლია. ეს ცუდი არც არის, რადგან ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ ვიბრძოლოთ ამისთვის და აღმოვივსოთ ეს დანაკლისი. მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენი რამ გვაქვს უკვე? მაგალითად, რისთვის მოგვცა ღმერთმა თვალები? განა ის ვალდებული იყო? განა მადლიერნი ვართ იმისთვის, რომ ვხედავთ? განა რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს ნიჭი მიგვეღო? აბსოლუტურად არაფერი!

პავლე მოციქულიც გვასწავლის, რომ ყველაფრისთვის მადლიერნი ვიყოთ. ეს გულისხმობს იმ უსიამოვნებებსა და მწუხარებებსაც, რომლებიც ცხოვრების გზაზე გვხვდებიან. ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ!

ვისაც აქვს მადლიერება და მიეჩვია, რომ რაც არ უნდა მოხდეს ამბობს: ,,დიდება შენდა, უფალო!’’, ქრისტე ასეთ ადამიანს თავისი სიყვარულით მიიზიდავს და ყველა სათხოვარს აღუსრულებს. ქრისტე მადლიერის ლოცვას მალევე შეისმენს, რადგან მან იცის, რომ ეს ადამიანი მას არ განშორდება. უმადურის სათხოვარის აღსრულებას კი აყოვნებს.  ისიც ლოცულობს, ლოცულობს, მაგრამ უფალი აყოვნებს. ის ამას განზრახ აკეთებს, რათა ეს ადამიანი რაც შეიძლება მეტი ხნით იყოს ლოცვით მდგომარებაში, რაც შეიძლება მეტი ილოცოს და ეძებოს და რაც შეიძლება დიდხანს გააჩეროს თავის სიახლოვეში.

გვინდა, რომ ქრისტესთან ვიყოთ? მაშინ დავიწყოთ ასე, ჩვენი სიტყვებით: ,, გმადლობ შენ, უფალო, რომ ვხედავ, მესმის, ვლაპარაკობ, რომ მაქვს სახლი, ტანსაცმელი, საწოლი და მეგობრები!’’. შემდეგი ეტაპი არის – აღსარება. ვაღიაროთ ქრისტეს წინაშე ჩვენი ცოდვები. მან კი იცის ყველაფერი, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენ განვიცდიდეთ და ვაცნობიერებდეთ.  ჩვენ ხშირად ვივიწყებთ საკუთარ ბოროტ საქმეებს და თავი იმაზე უკეთესი გვგონია, ვიდრე ვართ და ამიტომაც სხვებისგან კრიტიკას ვერ ვიღებთ ხოლმე.

ამის შემდეგ დავიწყოთ ქრისტესთან საუბარი და არ დაგვავიწყდეს, რომ თავად გვეუბნება: ,,ითხოვეთ და მოგეცეს თქვენ’’(მთ.7:7).


[1] ისიქასტური ლოცვისას მოღვაწე დაბალ სკამზე მკერდზე ნიკაპმიყრდნობილი ზის, რაც მას ეხმარება მრავალსაათიანი ლოცვისას გონების გულისკენ მიმართვასა და იქ ქრისტეს ძიებაში. ამასთან ერთად, დაბალი სკამი სხეულს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. წმ. მამები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს არის დამხმარე საშუალება ცოცხალი, პიროვნული ღმერთის ძიებაში. შენიშვნის სახით ვიტყვით, რომ აქ ავტორი არ უარყოფს ლოცვისას ჯდომის პრაქტიკას, აქ საუბარია პრაქტიკის განსხვავებულობაზე, როდესაც ბუდიზმის მიზანი არა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობაა, არამედ მხოლოდ თვითჩაღრმავება და უპიროვნო აბსოლუტის ძიება.

ამასთანავე, როდესაც ავტორი საუბრობს გამართულად დგომაზე, აქ იგულისხმება ლიტურგიაში თანამონაწილეობაც. როდესაც  საუბარია ადამიანის სანთელივით გამართულად დგომაზე, აქ იგულისხმება ის დამოკიდებულება, რაც ქრისტეს წინაშე წარდგომისას უნდა გვქონდეს. ლიტურღიაზე ვდგავართ, რადგან შვილობისთვის მოგვიწოდა ღმერთმა და არა მონობისთვის.ასე დგომა გვეხმარება იმაში, რომ შევინარჩუნოთ კრძალვითი დამოკიდებულება; გავაცნობიეროთ ის, რომ ჩვენ ცოცხალი ქრისტეს წინაშე წარვსდგებით; ასევე – იმაშიც, რომ ღვთისმსახურებისას ქრისტეს ძიების საქმეში ყურადღება მაქსიმალურად მოკრებილი და ჩართული იყოს.

წყარო: https://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share