აღდგომა

როგორ შევიგრძნოთ ქრისტეს აღდგომა საკუთარ გულში? – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

,,აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა, უფლისა პასქა!’’

ქრისტემ წელსაც გაგვხადა ღირსი, ამ დიდებული და ნათელმოსილი დღესასწაულის აღნიშვნისა: ,,პასქა, უფლისა პასქა!’’

კაცობრიობამ მიიღო მადლი, რათა მიწიდან ზეცაში გადაენაცვლა და დროებითი სიკვდილის გზით მარადიულ სიცოცხლეში გადასულიყო. ქრისტემ თავისი უსასრულო გულმოწყალება გამოავლინა, შეგვიბრალა და ჩვენთან მოვიდა, რათა ყველანი ზეცად აღვეყვანეთ.

ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ აღდგომას და მის მოსვლას ყველანი მოუთმენლად ველით, რათა როგორმე საკუთარ სულში ქრისტეს აღდგომის განსაკუთრებული სიხარული და ნათელი განვიცადოთ, მარადიული პასექის დაუსრულებელი სიხარულის წვეთი მაინც ვიგემოთ, იმ ნათლის სხივი ვიხილოთ, რომელიც ზეციურ სამყაროს ანათებს, შევიგრძნოთ იმ მარადიული ბედნიერების მცირედი ნაწილი, რომელსაც ცხონებულთა სულები ზეცაში განიცდიან და ახლა უკვე დღესასწაულობენ მარადიულ ზეციურ პასექს, რომელსაც დასასრული არ აქვს.

იმისათვის, რომ ქრისტეს აღდგომა საკუთარ გულში შევიგრძნოთ და ჭეშმარიტად ვიხილოთ ნათელი აღდგომისა, აუცილებელია ყოველგვარი ვნებისმიერი მოქმედებისგან განწმენდა.

თუ გული არ განიწმინდა და განთავისუფლდა საზიზღარი ეგოიზმისა და თავმაღლობისგან და თუ მასში ქრისტეს სიმდაბლე არ დამკვიდრდა, მაშინ სულის თვალი აღდგომის ნათელს ვერ იხილავს და ადამიანის გული მას ვერ განიცდის. ქრისტემ ხომ გვასწავლა განწმენდის გზა: ,,ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ’’. თუ არ დავამდაბლებთ საკუთარ გულისსიტყვებს, აზრებს, თუ ქედს არ მოვიდრეკთ და არ ვირწმუნებთ, რომ არაფერს წარმოვადგენთ და ჯოჯოხეთისთვის განწირული უკანასკნელი ცოდვილები ვართ, მაშინ ვერ განვიცდით აღდგომის სიხარულს და საკუთარი გულის სიღრმეში საიდუმლოებრივად ვერ ვიდღესასწაულებთ ქრისტეს აღდგომას.  

ქრისტე მდაბალი ადამიანის ლოცვას შეიწყნარებს. მხოლოდ სიმდაბლის მიერ განიწმინდება ადამიანის გულის სიღრმეები. ყველა სათნოებისა და სულიერი ძალისხმევის მთავარი მიზანი გულის განწმენდაა, თუმცა სიმდაბლე – ყველაზე მოქმედი წამალია. ქრისტემ მოსდრიკა ცანი და გარდამოხდა. მოვიდა ჩვენთან, თითქოს მხოლოდ ადამიანი ყოფილიყო, არადა ის ღმერთკაცია – სრული ღმერთი და სრული კაცი!

ჩვენ კი ადამიანები და პირველ რიგში მე, არ ვიმდაბლებთ საკუთარ თავს, რადგან ჩვენში ჯერ კიდევ სიამაყე ცხოვრობს. კი ვცდილობთ ამ ვნებისმიერი მდგომარეობის გადალახვას, მაგრამ როგორც კი მოგვეჩვენება, რომ აი, უკვე სიმდაბლეს შევიგრძნობთ, იქვე თავს წამოყოფს სიამაყე. ეს ხან იმის გამო ხდება, რომ ლოცვისას რაღაც შევიგრძენით, ან რაღაც კარგი ვთქვით, ანდაც რამეს მივაღწიეთ, არ აქვს მნიშვნელობა. ამ დროს სიამაყის ნესტარი გვერჭობა და გვეჩვენება, რომ რაღაცას წარმოვდგენთ.

ერთი ძმა სიამაყის გულისსიტყვით იტანჯებოდა. რომელიღაც დიდ სულიერ მოძღვართან მივიდა და უთხრა:

– მამაო, სიამაყეს ვგრძნობ იმის გამო, რომ ღვაწლი მაქვს. ვერაფერს ვუხერხებ, ვერ ვამარცხებ მას და რა გავაკეთო?

ამ ძმას მართლა ჰქონდა ღვაწლი. მოძღვარმა ასე უპასუხა:

– შვილო, შენ შექმენი ეს სამყარო?

– არა, მამაო. რას ამბობთ!

– ვინც ეს ხილული და უხილავი სამყარო შექმნა და არარსებობისგან არსებობაში მოიყვანა, საკუთარ თავს მშვიდი და მდაბალი უწოდა. შენ რითი ამაყობ? შენ ცოდვილი, ვნებიანი და მიწიერი ადამიანი ხარ და გგონია, რომ რამე მნიშვნელოვანი გააკეთე?!  მან თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და უამრავი დაცინვა და შეურაცხყოფა დაითმინა ხალხისგან! მას წამისყოფაში შეეძლო ყოველივეს კვლავ არარსებობაში დაბრუნება, ის კი ჩვენი სიყვარულისთვის ჯვარს ეცვა და მოკვდა. სიმდაბლის გამო, მას სიტყვაც კი არ დაუძრავს, ჩვენ კი, ადამიანები თავს ვიმაღლებთ და გვგონია, რომ რაღაცას წარმოვადგენთ!

ამ ძმამ შეისმინა ეს ბრძნული დარიგება, დამდაბლდა და დიდი სულიერი სარგებელი მიიღო და თავის კელიაში დაბრუნდა.

ადამიანის გონება მარტივად ბინძურდება და მარტივადვე განიწმინდება. ხოლო გული, პირიქით, ძნელად განიწმინდება და ასევე ძნელად იბილწება. ადამიანის გული ვნებების ფესვებითაა მთლიანად მოცული. სწორედ გულში იყრის თავს თითოეული ვნების ფესვი! ამიტომაც, როცა ჩვენი გადარჩენის მსურველი ღმერთი, რომელიც ვერ იტანს რა ჩვენი სულის სიკვდილს, დრო და დრო იღებს ხოლმე ერთგვარ სულიერ პინცეტს და ჩვენი გულიდან ამ ვნებათა ფესვების ამოძირკვას ცდილობს, რათა მათგან გათავისუფლებულებმა სიხარული შევიგრძნოთ და გულის თვალით ქრისტეს აღდგომის ნათელი ვიხილოთ.

ადამიანებისგან თუ დემონებისგან მომდინარე განსაცდელები, მწუხარებები და ტკივილები ღმრთის განგებულებით დაშვებული წამლებია, რათა როგორმე სულის უწინდელი ჯანმრთელობა დავიბრუნოთ. ხოლო, გულის ჯანმრთელობა ნიშნავს უვნებო მდგომარეობას და სიწმინდეს, რომელიც მარადიულ სიცოცხლეშიც გადაგვყვება.

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენში ეგოიზმია? როცა რომელიმე ძმა რაღაცას ცუდად გვეტყვის, ანდაც როცა შენიშვნას მოგვცემს სულიერი მამა, რომელიც ღმერთმა იმისთვის დაგვიდგინა, რომ უვნებობისკენ წაგვიძღვეს და ამ დროს, აღშფოთებას, სიმძიმეს, სიმწარეს და გაღიზიანებს ვიგრძნობთ, მაშინ შევიცნობთ ჩვენში მცხოვრები ეგოიზმის მასშტაბებს, მის სიღრმეს, სიდიდესა და სიფართოვეს. მდაბალი ადამიანი შენიშვნასაც და მხილებასაც ერთნაირად იღებს. თუ იმის ძალა არ აქვს, რომ შინაგანად გაიხაროს, რათა წამლის მიღების ღირსი გახდა, ან უკეთ რომ ვთქვათ, მიეცა შესაძლებლობა მასში მცხოვრები ეგოიზმის აღმოჩენისა, მაშინ ისწრაფოს მაინც ამ მდგომარეობისკენ და ამ გზაზე შედგეს.

მონაზვნობის აღორძინების დიდებულ ეპოქაში მცხოვრებმა მამებმა ამბა მოსეს გამოცდა გადაწყვიტეს, რათა შეემოწმებინათ, აქვს თუ არა მას სიმდაბლე და სიმშვიდე. ცნობილია, რომ ამბა მოსე მღვდელი იყო. ერთხელაც, როცა ის საკურთხეველში შევიდა და შემოსვა დაიწყო, მამებმა უთხრეს:

– აქ რას აკეთებ! აბა გადი აქედან! არა ხარ აქ შემოსვილის ღირსი!

ამბა მოსეც დადუმდა და საკურთხევლიდან გამოვიდა. რამდენიმე დღის შემდეგაც იგივე განმეორდა. პირველად დადუმდა და შინაგანი აღშფოთება ჩაახშო. ხოლო მეორედ უკვე თავისუფლად იგრძნო თავი და საკუთარი თავიც კი განიკითხა:

– მართალია! ჩემი სული მთლიანად შავია! არც მღვდლობის ღირსი ვარ და არც საკურთხეველში შესვლისა! მართალი თქვეს მამებმა.

ძმებმა ჰკითხეს:

– მამაო, არ გეწყინა ასე რომ გითხარით?

– პირველად ნამდვილად დავმწუხრდი, მაგრამ ჩავახშე ჩემში ეს აღშფოთება. მეორედ აღარ მქონია იგივე შეგრძნება – ღმერთი შემეწია: შინაგან მყუდროებას ვგრძნობდი და საკუთარ თავს ვაყვედრე; დავრწმუნდი, რომ სრული სიმართლე მითხარით.

წმინდა მამები ამბობენ, რომ პირველ მდგომარეობას ურისხველობა ეწოდება, ხოლო მეორეს – სიმშვიდე. თუ ასეთი რამ შეგვემთხვა და ვიგრძნობთ, რომ ჩვენი გული აღშფოთდა, მაშინ უნდა მივხვდეთ, რომ ეგოიზმი ბუდობს ჩვენში და გაძლიერებული ლოცვით მოვუხმოთ ქრისტეს სახელს, რათა ეს ურჩხული დაამარცხოს. როცა გულში ეგოიზმის ქარიშხალს და უჯერო გულისსიტყვებს დავინახავთ, მყისვე საკუთარი თავის ბრალობას მივმართოთ. რატომ აღვშფოთდეთ? რატომ შევიწყნაროთ ეს გულისსიტყვები? რაზე მეტყველებენ მრისხანება, გაღიზიანება და გულისსიტყვები? მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენში ეგოიზმია!

ჩემში დაბუდებულო საძაგელო მხეცო! როდის მოგიღებ ბოლოს?! როდისღა შეგებრძოლები და ხელთ ვიპყრობ სულიერ მახვილს, რომ საბოლოოდ მოგკლა?! როცა გარდაცვალების წამები დაგვიდგება, ეს საზარელი ურჩხული აუცილებლად წარსდგება ჩვენს წინაშე და სინდისის ხმით დაიწყებს ჩვენს მხილებას, რომ არ ვშრომობდით და არ ვიყენებდით მოცემულ დროს, რათა მასთან გვებრძოლა და გაგვემარჯვა. ჩვენს ცხოვრებაში ყოველგვარი ბოროტების წყარო, ეს საზარელი ეგოიზმია.

ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და დავინახავთ, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი ნაბიჯის, სურვილების და მიდრეკილებების უკან ყოველთვის ეგოიზმია. განვიკითხოთ საკუთარი თავი და შევიცნობთ, რომ უბრალო მოკვდავნი ვართ და მეტი არაფერი! ღმერთმა კი საკუთარი თავი დაიმდაბლა! ჩვენ კი ბუნებით არაფერს წარმოვადგენთ და ამ დროს, ვბედავთ და თავს ვიმაღლებთ! საკმარისია, რაიმეში მაინც არ ვიგრძნოთ უპირატესობა, რომ ჩვენში დაბუდებული მხეცი მყისვე აღშფოთდება და იწყება გაუთავებელი ,,რატომ’’: ,,რატომ მე არა?’’. სწორედ ეს ,,მე’’ უნდა დავამდაბლოთ როგორმე.

ქრისტეს ეკლესია ეგოიზმის დათრგუნვის ძალას გვაძლევს. საჭიროა ამ ძალის შეწყნარება და ქრისტეს შეწევნით გავიმარჯვებთ. მხოლოდ მდაბალნი იხილავენ ქრისტეს! ამაყ ადამიანს უფალი ჰკითხავს, ხედავდა თუ არა საკუთარ თავში ეგოიზმს და იბრძოდა თუ არა მის წინააღმდეგ. შეიძლება ვხედავთ ამ საზარელ ურჩხულს, მაგრამ არ გვინდა, რომ მივახრჩოთ. ხშირად საკუთარი ნებითაც ვხუჭავთ თვალებს და ვთვალთმაქცობთ, რომ ვერ ვხედავთ მას. აი, ეს არის ეგოიზმი.

შვილებო, რატომ არ იბრძვით? ეს სიცოცხლე ჩვენ არ გვეკუთვნის და ნებისმიერ წამს შეიძლება დავკარგოთ; ხორციელი თვალები დაგვეხუჭება და მაშინ მივხვდებით, რა დღეში ჩაგვყარა ამ ეგოიზმმა, მაგრამ გამოსწორების საშუალება უკვე აღარ გვექნება. მთელი არსებით დავიწყენთ თხოვნას, რომ ერთი წუთით მაინც დაგვაბრუნონ უკან, მაგრამ ვაი, რომ ვერ მივიღებთ ამას. აი, მაშინ მოგვიცავს შეძრწუნება!

ლოცვისას რამდენჯერმე მქონდა მსგავსი შეგრძნება. ერთხელაც, შუა ღამეს გამეღვიძა და აღმოვაჩინე, რომ ჩემი გონება უჩვეულოდ ფხიზელი იყო. როცა ადამიანს უცებ აღვიძებენ, როგორც წესი, მისი გონება დაბინდულია. მაგრამ იმ დღეს ჩემთან ასე არ იყო. გონებით და გულით ცხადად ვგრძნობდი, რომ თითქოს უკვე მარადისობაში გავდიოდი. ძალიან ძლიერმა გაურკვევლობამ მომიცვა. ვფიქრობდი: ,,ახლა რა მელის? როგორ შევხვდები ქრისტეს?’’ იმ წამებში უცხადესად ვიგრძენი, რომ გავდიოდი და ვგრძნობდი ქრისტეს მყოფობას, ჯოჯოხეთის რეალურობას და მარადისობას; სიტყვებით ვერ აღვწერ ამ მდგომარეობას. მეორე დღეს ვფიქრობდი: ,,აი თურმე რა დაემართება ჩემს სულს, როცა თვალები დამეხუჭება. თუ ახლა რეალობის ასეთი შემზარავი განცდა მქონდა, როცა ღმრთის განგებულებით ამქვეყნიდან გავალ, მერე როგორღა ვიქნები?’’

ამ ყველაფრით ცხადია, რომ ჩვენი სულის თვალები დახუჭულია და ვერაფერს ვგრძნობთ. თეორიულად კი გვესმის ყველაფერი, მაგრამ გული უგრძნობელი რჩება. რატომ? იმიტომ, რომ თუ ის სრულად არ არის განწმენდილი, ვერაფერსაც ვერ ვიგრძნობთ. ჩვენ არ გაგვიწევია შესაბამისი ძალისხმევა და არც ეგოიზმის ფესვების ამოგლეჯა გვტკენია. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შედეგი.

თანდათანობით აუცულებლად უნდა დავიწყოთ საკუთარი ეგოიზმის ხედვა და შეგრძნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წინ აღვუდგეთ და ომი გამოვუცხადოთ მას. როცა გვამხელენ, ან შენიშვნას მოგვცემენ, საკუთარი თავის გაკიცხვა, ყვედრება და განკითხვა დავიწყოთ და ყველაფერი ჩვენს თავს დავაბრალოთ. ხოლო ვინც გვამხელს, გავამართლოთ და მადლიერნი ვიყოთ ქრისტესი, რომელიც ჩვენი განწმენდისთვის ასე ზრუნავს. თუ ასე ვიშრომებთ, ნელ-ნელა გავთავისუფლდებით ვნებებისგან, გული განიწმინდება, ვნებათა ფესვები ამოიძირკვებიან და ბოლოს, ცოცხლად შევიგრძნობთ სხვა სამყაროს რეალურობას და სწორედ მაშინ ვიხილავთ აღდგომის ნათელს!

,,აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ’’ – ყოველი წირვისას ვამბობთ ამ სიტყვებს, მაგრამ განა ნამდვილად ვხედავთ და შევიგრძნობთ ქრისტეს აღდგომას? არა! ყოველ შემთხვევაში მე პირადად – არა! და როდის ვიხილავთ? – როცა ჩვენი გული განიწმინდება!

შევიარაღდეთ იესუს სახელით. დაე ლოცვა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ შეძლებისდაგვარად ღამითაც არ შეწყდეს. უსულო სხეული იხრწნება და სიმყრალის გამოცემას იწყებს. ასე ემართება იმ სულსაც, რომელშიც არ მოქმედებს ლოცვა. მუდამ თვალწინ გვქონდეს საბოლოო მიზანი – ჩვენში დაბუდებლი ეგოიზმის მხეცის განადგურება და მოუკლებლად მოვუხმოთ იესუს სახელს. ჩვენი გულის მცირე ტაძარში ლოცვის საკმეველი დავანთოთ და სულითაც და ხორცითაც განვადიდოთ ჩვენი ღმერთი.

აუცილებელია ღვაწლი! ვიშრომოთ, რათა თითოეულმა ჩვენგანმა იდღესასწაულოს მარადიული და დაუსრულებელი პასექი ზეციურ იერუსალიმის დაუღამებელ ნათელში და მიუწვდომელ საღმრთო სიხარულში, სადაც ანგელოზები მოუკლებლად უგალობენ და განადიდებენ ყოვლადწმიდა სამებას! ამინ.

ქრისტე აღდგა!


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

:

Share