წმინდა და დიდი მარხვა არის დრო ლოცვის, სინანულის, ცრემლის, სულიერი გარდაქმნისა და სულიერ ცხოვრებაში ახალ საფეხურზე აღსვლის. ჩვენმა ეკლესიამ, როგორც თავის შვილებზე მზრუნველმა დედამ, დაადგინა ორმოცდღიანი მარხვა, როგორც პერიოდი განსაკუთრებით დაძაბული სულიერი ბრძოლისა. ის გვეხმარება, გავთავისუფლდეთ მანკიერებებისგან, განვიწმინდოთ და ქრისტეს შევხვდეთ, რათა მისი აღდგომის დიდ და ბრწყინვალე დღესასწაულს ღირსეულად მივეახლოთ.
ოდითგანვე ქრისტიანები ამ სულიერ ეტაპს დიდი ყურადღებით ეკიდებოდნენ და მიაჩნდათ, რომ ეს არის წმინდა დრო სულიერი და ხორციელი ბრძოლისა. ეს არის ბრძოლა საჭმლისგან ზომიერი თავშეკავებისთვის, ღამე ლოცვისთვის, განწმენდისთვის, სულიერი მოვალეობებისთვის, რომლებიც მარხვის პერიოდში უფრო ინტენსიურია, ვიდრე სხვა დროს. ვინც საკუთარი სინდისის ხმას აყურადებს, ცდილობს, რომ სულიერად გარდაიქმნას, გამოასწოროს, რასაც აქამდე ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და სულიერად გაიზარდოს.
ეკლესია არა მხოლოდ გასაოცარი საკითხავებითა და ღმრთისმსახურებით , არამედ თავისი სწავლებებითაც გვეხმარება სულის განწმენდისთვის ბრძოლაში .
ასეთი მშვენიერია პირველშეწირულის ლიტურგია, რომელსაც ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის. ამ მსახურებაში ჩართული ქერუბიმების საგალობელი სულიერებითა და საღმრთისმეტველი სიღრმითაა აღსავსე. ამიტომაც, დიდმარხვის ამ დიდებულ მსახურებებზე კიდევ უფრო მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ ლოცვას, ვიყოთ ყურადღებიანნი , რათა ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებით ჩვენს სულში ღმრთის მადლი შემოვიდეს და ნაყოფი გამოიღოს. უნდა ვიშრომოთ განმარტოებით, ჩვენს ოთახებში პირად ლოცვაში და ღმრთისმსახურებებზეც უნდა დავღვაროთ ცრემლი, რათა განიბანოს ჩვენი სული და წმინდა ზიარებას ამგვარად მომზადებულნი მივეახლოთ. რა თქმა უნდა, ხშირად ეშმაკი გვაკარგვინებს ამ ლმობიერებას. ამ დროს არ გვაქვს ცრემლები და არაჯანსაღი გულისსიტყვებით ვართ აღსავსენი. როგორც კი ისინი ჩვენში ცოდვისმიერ წარმოსახვებთან და გამოსახულებებთან ერთად გაჩნდება, მყისვე უნდა განვაგდოთ. თუკი სულის სიღმეში მოყვასის მიმართ სიძულვილს ვფარავთ, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია სიყვარულის ღმერთთან – ქრისტესთან მიახლება, რომელიც გამოუთქმელად წმინდაა.
მთელი მარხვის განმავლობაში, ყველა მსახურებაზე იკითხება წმ. ეფრემ ასურის ლოცვა: ,,უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა, მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდადმეტყველებისასა ნუ მიმცემ მე. ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა. ჰე უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.’’
ამ სიტყვებით წმინდანი გვასწავლის, რომ ყველა სხვა სათნოებასთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ საკუთარი თავის ხედვას, საკუთარი თავის განსჯას, რაც მოყვასის განკითხვისგან გაკურნების წამალია, რადგან მოყვასის სიყვარულის გარეშე, სულიერ ცხოვრებაში ნაბიჯითაც ვერ წავიწევთ წინ. თუ არ მივაყურადეთ საკუთარ აზრებს, სიტყვებსა და გულს, საჭმლისგან თავშეკავება არაფერს მოგვცემს. საჭმლისგან ზომიერი თავშეკავებას მხოლოდ მაშინ მოაქვს სარგებელი, როდესაც მას თან ახლავს განუკითხველობისა და მოყვასის სიყვარულის მცდელობა. როდესაც ვცდილობთ,სხვები არ გავკიცხოთ, არამედ მხოლოდ საკუთარ თავი განვსაჯოთ, მაშინ ჩვენი სული მოყვასის სიყვარულითა და სულიერ ცხოვრებაში მოშურნეობით აღივსება. თუკი ჩვენს სულიერ ცხოვრებას საფუძვლად არ უდევს ღმრთისა და მოყვასის სიყვარულისკენ სწრაფვა, მაშინ სხვა სათნოებები საფუძვლის გარეშე რჩება. ,,ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.’’(1.ინ.4:16).
ამის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი, მთელი არსებითა და გულმოდგინებით რომ უნდა ვიშრომოთ, ლოცვაა. დროის დაკარგვის გარეშე და უკანდაუხევლად, მოუკლებლად უნდა მოვუხმოთ ქრისტეს სახელს. როდესაც ჩვენს ოთახში ვართ განმარტოებულნი და ღამე ვლოცულობთ, ვეცადოთ, არ დაგვამარცხოს ძილმა, სიზარმაცემ და გულგრილობამ, არამედ მთელი სულიერი მზაობა ჩავდოთ ამ საქმეში. გაღვიძებისთანავე იესუს ლოცვას მივმართოთ, ავიღოთ სკვნილი და ვილოცოთ. ჩავუღრმავდეთ წმინდა წერილსა და ღმრთისმეტყველებას. განსაკუთრებული მზაობითა და განწყობით უნდა მივდიოდეთ მსახურებაზეც, რათა შესაბისი სულიერი ნაყოფი გამოვიღოთ.
მარხვა და ფიზიკური შრომა გვეხმარება განწმენდაში. იღვაწეთ საჭმლისაგან ზომიერ თავშეკავებაში, მუხლდრეკებში და იესუს ლოცვაში, რომელიც არის გულისა და გონების საქმიანობა. ამ შრომისთვის ქრისტე არ მოგვაკლებს თავის წყალობას. ეშმაკებს განსაკუთრებით ეშინიათ მარხვის. ქრისტემ თქვა: ,,ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა’’. (მთ.17:21). სწორედ ამიტომ, წმ. მამები ნებისემიერ მნიშვნელოვან საქმეს მარხვით იწყებდნენ. მათ მტკიცედ სწამდათ მარხვის დიდი ძალისა და იმის, რომ სულიწმიდა იმ ადამიანში არ დამკვიდრდება, რომლის კუჭიც უზომოდ აღსავსეა. ნებისმიერმა ქრისტიანმა, რომელსაც განწმენდა და ქრისტესთან ყოფნა სწყურია, სულიერი ცხოვრებას საფუძვლად სწორედ ეს სამი უმთავრესი საშუალება უნდა დაუდოს: მარხვა, იესუს ლოცვა და მღვიძარება.
ძველად წმინდა მამებს ასეთი კურთხეული ჩვეულება ჰქონდათ: დიდი მარხვის წინ ისინი მონასტრიდან გადიოდნენ და უდაბნოს სიღრმეებში განმარტოვდებოდნენ, სადაც ლაზარეს შაბათამდე გულმოდგინე ასკეზაში იმყოფებოდნენ. აღდგომის დადგომამდე ლავრაში ბრუნდებოდნენ, რათა ეს ბრწყინვალე დღესასწაული ერთად აღენიშნათ. ზოგიერთს მცირედი საკვები მიჰქონდა, ზოგიც ველური ბალახით იკვებებოდა. ვნების შვიდეულში თითქმის მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და გამხმარ პურსა და თხილსმხოლოდ ერთხელ იხმევდნენ. უფალმა ჩვენც გაგვხადა ღირსი, ჭეშმარიტი ასკეტები გვენახა, რომლებიც არა მხოლოდ დიდი მარხვის პერიოდში, არამედ მთელი სიცოცხლე ასე შრომობდნენ.
სწორედ ასეთი იყო ჩვენი ნეტარი სულიერი მასწავლებელი – ბერი იოსებ ისიქასტი, რომელიც მღვიმეებში ცხოვრობდა. სწორედ იქ შევხვდი მეც. ის საკმაოდ მკაცრად მარხულობდა და ჩვენც ასეთ ღვაწლზე გვაკურთხებდა. ეს ყველაფერი მთელი დღის განმავლობაში მძიმე ფიზიკური სამუშაოების, ღამე მრავალსაათიანი იესუს ლოცვისა და მუხლდრეკების თანხლებით ხდებოდა. ამ ყველაფერის მიზანი ჩვენი შინაგანი სამყაროს განწმენდა გახლდათ, რათა ქრისტეს წინაშე მეტი კადნიერება მოგვეპოვებინა და მთელი მსოფლიოსთვის ლოცვა შეგვძლებოდა.
რა თქმა უნდა, მარხვაში ყველამ ჩვენი ძალების შესაბამისად უნდა ვიღვაწოთ, რადგან ყველანი ერთნაირები არ ვართ. ისიც ვიცით, რომ უგუნურად აღსრულებული სათნოება ბოროტებად იქცევა. ეს იმას ნიშნავს, თუკი ესა თუ ის სათნოება შესაბამის დროს, შესაბამისი საშუალებით და შესაძლებლობების გათვალისწინებით არ აღსრულდა, სიკეთის ნაცვლად ბოროტებას მოიტანს. მარხვა, რა თქმა უნდა, სიკეთეა და აუცილებელია, მაგრამ ის უბრალოდ საშუალებაა და არა მიზანი. ამ ყველაფრის მიზანი სიმდაბლეა. ამიტომაც, ჩვენი სულიერი ცხოვრება მოძღვართან ერთად უნდა მოვაწყოთ და შევათანხმოთ. გამოცდილი მოძღვარი გეტყვის, როგორ იმარხულო, ილოცო, დაამარცხო ვნებები და ა.შ. ყველაფერი ზომიერად უნდა აღვასრულოთ, რადგან უზომობა მხოლოდ ზიანს მოგვიტანს. ასე რომ, მარხვა წმინდაა, მაგრამ ის მხოლოდ საშუალებაა. ამიტომაც, მოძღვართან შეთანხმებით, ჩვენ ისეთ მარხვას განვუწესებთ საკუთარ თავს, როგორიც ჩვენს სულიერ და ხორციელ ძალებს შეესაბამება. საკმარისია გულწრფელი დამოკიდებულება და სწორი მოტივაცია.
როგორ იმარხულონ მათ, ვინც სიმსივნითაა დაავადებული, ან დიაბეტი აწუხებს ,ან სხვა მრავალი სნეულებისგან იტანჯება? როგორ განიწმინდებიან? ისინი ამ ყველაფერს მოთმინებითა და მადლიერებით შეძლებენ. რადგან ეს ორი სათნოება მარხვის ტოლფასია, რომელსაც ისინი სნეულების გამო ვერ იცავენ. ისინი ათჯერ უფრო დიდ ღვაწლს იტვირთებენ, ვიდრე საკვებისგან თავშეკავებაა.
მონაზონიც რომ არ იყოს, ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია, რომ შინაგანი სულიერი ცხოვრებით იცხოვრობს, რათა საკუთარი გული განიწმინდოს. როდესაც გული წმინდაა, ის ირგვლიც მშვენიერებასა და კეთილსურნელებას აფრქვევს, როდესაც დაბინძურებულია,ამ სიბინუძურეს გარეთ გადმოღვრის და სხვებს დააზიანებს. ვიბრძოლოთ ჩვენც, რომ ჩვენი შინაგანი ჭურჭელი, გული განვიწმინდოთ.
თუკი ერის ადამიანი ამ შინაგან სულიერ ბრძოლაში ჩაებმება, ღმრთის მადლი მასაც აუცილებლად მოიხილავს. რა გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება ეს სულიერი და ხორციელი ბრძოლა. ჩვენ უნდა გავბატონდეთ ჩვენს ზრახვებზე. როგორც კი ცოდვისმიერი წარმოსახვა გაჩნდება ჩვენს გონებაში, მყისვე განვდევნოთ ლოცვით: ,,უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. თუკი გონება ფხიზლობს და საღმრთო იარაღით – ქრისტეს სახელით შეიარაღებული გულში არაფერს უშვებს, მაშინ იქვე მარცხდება ჩვენი სულის მტერი – ეშმაკი, რომელიც ამ ცოდვისმიერი წარმოსახვის წყალობით ჩვენზე გაბატონებას ცდილობდა. თუ ასე დავიცავთ ჩვენს სულს, გონებასა და გულს, მაშინ ჩვენი შინაგანი სამყარო ღმრთის მადლით განიწმინდება.
ჩავებათ ამ სულიერ ბრძოლაში, ჩემო შვილებო, მთელი ძალებით და დიდ სულიერ სარგებელს მივიღებთ. თუ არ ვიშრომებთ, ვერც მადლს მივიღებთ. ის მიწათმოქმედი, რომელიც არ ამუშავებს თავის მიწას, ნაყოფსაც ვერ გამოიღებს. გულმოდგინე ლოცვა, მარხვის, წმინდა წერილის კითხვის, სიფხიზლის, ღმრთისმსახურებებში მონაწილეობი, აღსარების, წმინდა ზიარებისა და მოწყალების თანხლებით, ჩვენს სულს განამშვენებს და ვნების შვიდეულისთვის ამზადებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ უფრო სიღრმისეულად შევიცნობთ ქრისტეს პატიოსან ვნებებს, ჩენი გული გაფაქიზდება, გარდაიქმნება და შეიცნობს, როგორ უყვარს ქრისტეს თავისი ქმნილება. შედეგად, კიდე უფრო ძლიერად შევიგრძნობთ ჩვენს სულში ქრისტეს აღდგომის სიხარულს და შესაბამისი კრაძლვით აღვნიშნავთ წმინდა ანგელოზებთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამინ.
წყარო: https://afonit.info
მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)