ერთ ქალს, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, სამი და ოთხი წლისანი. ერთხელ, იგი უმცროს ქალიშვილთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, მისი ყურადღება რაღაცაზე გადაერთო, გოგონა კი უყურადღებოდ დარჩა, ამ დროს, ქუჩაში მოტოციკლით მიმავალი ახალგაზრდა ყმაწვილი გოგონას ისე დაეჯახა, რომ საბრალო რამოდენიმე მეტრით მიწიდან აისროლა. წარმოიდგინეთ, რაოდენ მძიმე დარტყმა იქნებოდა ეს მშობლებისათვის! უბედურება, რომელზე უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია! დედ-მამა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ: უიმედობისაგან თავს კედელს სცემდნენ და კინაღამ თვითმკვლელობამდე მივიდნენ. თუმცა კი, დიადი მკურნალის მიერ გამოგზავნილი ამ მწარე გამოცდის მეშვეობით, მათ იპოვეს ხსნის გზა. მწუხარებამ, ნუგეშის ძიებისაკენ და სასულიერო პირთან მისვლისაკენ უბიძგა მათ. ამ ქალმა დამირეკა და ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. მე მას ვუთხარი შემდეგი: “შვილო ჩემო, ღმერთმა ეს ყოველივე, თავისი დიადი და უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე დაუშვა შენზედ, რამეთუ, თუკი ყოველივედან გამომდინარე ვიმსჯელებთ, შენც და შენი მეუღლეც, მცადარ გზას იყავით შედგომილნი. ღმერთმა, რომელიც ზრუნავს თქვენს გადარჩენაზე, დაუშვა, რომ ეს მომხდარიყო. გაჰყევი მას, მიიღე მისი წამალი – ვიცი, რომ ის მწარეა, – მაგრამ დიდი სარგებლის მომტანია შენთვის!” ქალი ჩემს სიტყვებს დაეთანხმა: “ მამაო, სინამდვილეში, ყოველივე მართლაც ისეა, როგორც თქვენ ამბობთ. ჩვენ დაღმა ვეშვებოდით და არ ვიცოდით ეს სადამდე მიგვიყვანდა, არ ვიცნობდით ღმერთს და არ გვქონდა მისი რწმენა. მომხდარმა შეგვარყია და იმდენად შეგვზარა, რომ მთელი ჩვენი წინა ცხოვრება ჩამოანგრია”. – “ახლა, უფალი თქვენთვის ახალ, მშვენიერ და ურყევ სახლს აშენებს, თქვენ კვლავ შეგიძლიათ შვილის ყოლა, თუმცა, სხვაგვარად ხსნის გზაზე თქვენი გამოყვანა შეუძლებელი ყოფილა. თქვენი წინა სახლი ძველი და უვარგისი იყო და ის უნდა დანგრეულიყო”. ახლა ისინი ჭეშმარიტების გზაზე დგანან და ღვთისნიერად ცხოვრობენ, იღვწიან, მოექცნენ და სინანულის ნათელ გზას მიჰყვებიან. აი, როგორი ნაყოფი გამოიღო მწუხარებამ და განსაცდელმა!
ამიტომაც, განსაცდელი არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე მწარე და ყველაზე მოქმედი წამალი მათთვის, ვისაც ღვთისაკენ მოქცევისა და სინანულის გზა არ შეუცვნია.
დედამიწაზე არაფერია შემთხვევითი. არაფერი ხდება უფლის განგებულების გარეშე. ჩვენ ვეწინააღმდეგებით უფლის ჩანაფიქრს და ხშირად ვწუწუნებთ. ასევე იქცევა ურჩი და გაუგონარი ბავშვი, როდესაც დედა ან მამა მის სურვილებს არ აღასრულებენ: ის არავის უსმენს და თავისას ითხოვს, და თუკი არ მიიღებს, შეიძლება სახლიდანაც კი წავიდეს ან მშობლებს უყვიროს. თუმცა, გონიერი და მორჩილი შვილი ასე არ იქცევა: მას ესმის, რომ თუკი მშობლები რაიმეს გაკეთების ნებას არ რთავენ, აქ არც ისე მარტივად არის საქმე, ისინი ხომ უფროსები არიან და მეტიც გაეგებათ, ანაც, შესაძლოა, მათ ახლა არ გააჩნდეთ ამის გაკეთების სახსრები, თუმცა, იგი შეიძლება გამოჩნდეს ხვალ. შესაძლოა, მათ ახლა არა ჰქონდეთ ფული, ქირით უწევდეთ ცხოვრება, მამა ავადმყოფობდეს და ა.შ და ა.შ. მაგრამ, ყოველივე ეს, აუცილებლად ჩაივლის, დადგება უკეთესი დრო და მაშინ, მშობლები შეასრულებენ მის თხოვნას. აი, ასე მსჯელობს გონიერი შვილი. ან, მაგალითად, მშობლები შვილებს ღამე სეირნობას ტყუილ-უბრალოდ კი არ უკრძალავენ, მათ ალბათ უკეთ იციან, თუ როგორი დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ღამე სეირნობა. თუკი ბავშვი გონიერია, გაიგებს, რომ მშობლები სიყვარულით უკრძალავენ ამას. ხოლო ურჩი, დაიწყებს დავას და საკუთარი აზრის ჯიუტად დაცვას, შედეგად კი, დაუმორჩილებლობის მწარე შედეგებს იწვნევს.
ასე ვართ ჩვენც: თუკი უფლის მიერ ჩვენი ბოროტი ნების მოსაკვეთად მოვლენილ განსაცდელებს ვეწინააღმდეგებით, სარგებლის ნაცვლად, რომელიც უფლის ნების დამორჩილებას უნდა მოყჰოლოდა, მხოლოდ და მხოლოდ ვზარალდებით. გმობა, მრისხანება უფლის მიმართ და წყევლა – უდიდესი დანაშაულია! უფალი ჩვენ გვაძლევს წამალს. როდესაც ექიმი ოპერაციას აკეთებს და იმის გამო, რომ ტკივილები აწუხებს, პაციენტი იწყებს სახვევების მოხსნას, ეჩხუბება და კბენს ექიმს, რისი გაკეთება დარჩენია ექიმს?! ექიმს არ სურს მისთვის ტკივილის მიყენება, მას მხოლოდ პაციენტის გადარჩენა სურს და ყველაფერს აკეთებს მის გამოსაჯანმრთელებლად. ავადმყოფი კი, თავისი უგუნურებით ვნებს საკუთარ თავს.
ასევე ვიქცევით ჩვენც, როდესაც ჩვენი სულისათვის სასარგებლოდ აღრულებულ უფლის განგებულებას ვეწინააღმდეგებით. მაშ, დაე მივიღოთ ტკივილი, მწუხარება და განსაცდელები, როგორც უფლისაგან გამოგზავნილი წამალი. დავითმინოთ უბედურებანი და სირთულენი. ვმადლობდეთ უფალს იმის გააზრებით, რომ ჩვენი ზეციური მამა არასოდეს ცდება. მოსიყვარულე დედა და მამა, არასოდეს უსურვებენ ავს საკუთარ შვილს. ასევე მივიღოთ უფლის სიყვარული ჩვენც, რომლის ნაყოფებსაც საქმეში ვხედავთ.
დავტოვოთ ის საიდუმლოება, რაც მიუწვდომელია ჩვენთვის და მზერა მივაპყროთ ხორცში მყოფ ქრისტეს, მისი ღმრთაებრივი ჯვარცმის ჟამს. დავინახოთ მხსნელი, რომელიც ჩვენთვის საკუთარ სიცოცხლეს სწირავს მსხვერპლად. განა ეს მისი სიყვარულის უდავო მტკიცებულება არ არის? ამიტომაც, განვეშოროთ ამის შესახებ ყოველგვარ ეჭვს! ასეთი მსხვერპლი, ჩვენი სიყვარულისათვის არავის არასოდეს გაუღია. ერთმა მხოლოდ ღმერთმა, გაიღო მხსვერპლად საკუთარი თავი ჩვენს გადასარჩენად!
დავითმინოთ ტკივილები და მწუხარებანი და ვილოცოთ ყოველთა ტანჯულთათვის. დაფიქრდით, რამდენი ადამიანი იტანჯება საავადმყოფოებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რამდენი იტანჯება სულიერი სენით. თუკი თქვენ გამოგიცდიათ ფსიქიკური პრობლემები და დაავადებანი, მაშინ თქვენ იცით, თუ რაოდენ მძიმეა ისინი. შეხედეთ ადამიანებს, რომლებიც დემონური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, – როგორ იტანჯებიან ისინი! მათი ცხოვრება – ერთი დიდი ტანჯვაა. მკაცრად ესაუბრები მათ – და ხედავ, როგორ ატრიალებს მათ ეშმაკი, როგორ ღრიალებს ამ დროს!…როგორი მძიმეა მათი ტანჯვა!
ნუ გამოვიძიებთ, თუ რატომ დაემართა ეს ამ ადამიანს, ვიხილოთ მხოლოდ ტანჯვა და ტკივილი, ვიფიქროთ იმაზე, თუ რაოდენ რთულია სულისათვის დემონური ზემოქმედებისაგან გათავისუფლება. ნახეთ, როგორ იტანჯებიან ადამიანები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში!
ჩვენ, რომლებიც ჯანმრთელებად მოვიაზრებით, არ უნდა ვივიწყებდეთ ასეთ ადამიანებს, არ უნდა დაგვავიწყდეს მათი მოხსნება ლოცვებში და არ უნდა დავტოვოთ ისინი ჩვენი მზრუნველობის გარეშე. ვევედროთ უფალს, რომ მიჰმადლოს მათ მოთმინება, ნუგეში მწუხარების წილ და კურნება; ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ ჩვენი ძმების ტკივილს. თუკი ჩვენ ამას არ ვაკეთებთ – გამოდის, რომ არ გაგვაჩნია სიყვარული! თუკი დავივიწყებთ მათ – მაშინ ჩვენ ღმრთის სიყვარულის მიღმა აღმოვჩნდებით! უფალი გამოცდის მათ აქ, რათა ცათა სასუფეველში შეიყვანოს.
დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, რამდენი ადამიანი იმყოფება სიკვდილის პირას და წყდება მათი ბედი, მათი სინდისი კი შფოთავს და ტანჯავთ ფიქრი: “რა იქნება ახლა?” მათი ტანჯვა ჩვენად უნდა იქცეს და მაშინ, უფალი, “მჭვრეტელი ჩვენი გულისა და არსებისა, იცის რა, თუ რა არის სიყვარული, დაიხსომებს ჩვენს სიკეთეს და თავს “ჩვენს მოვალედ” ჩათვლის. და არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში მოგვაგებს ამისათვის, არამედ ამა სოფელშიც, როდესაც დადგება დრო და ჩვენც დაგვჭირდება შველა. მას შეუძლია სხვა ადამიანებიც განანათლოს, რათა მათ ჩვენთვის ილოცონ, ისე, როგორც ოდესღაც ჩვენ ვლოცულობდით სხვათათვის!
რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. მიწათმოქმედი თესავს ხორბალს და ხორბალსავე იმკის. ღვარძლის მთესავი კი მოიმკის ეკლებს. მიწა იმას აძლევს მიწათმოქმედს, რასაც ეს უკანასკნელი მასში თესავს. მით უმეტეს ღმერთი, ცოცხალი ღმერთი, მჭვრეტელი ადამიანთა არსებაში დაფარულისა, სამართლიანად მიაგებს თითოეულს.
ამიტომაც, ახილული სულიერი თვალებით, სიმართლეს დავინახავთ. ნათლად ვიხილავთ ჭეშმარიტებას. თუკი ჭეშმარიტებასა შინა ვართ, არაფრის არ უნდა გვეშონოდეს. პილატე ეკითხება ქრისტეს: “ვინ არის, სადაურია და ა.შ., ის ამბობდა, რომ მის ხელში იყო ქრისტეს გათავისუფლებისა თუ ჯვარცმის ძალაუფლება. რაზეც ქრისტემ უპასუხა: “არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო”; “ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი”. მაშინ პილატემ იკითხა: “რა არის ჭეშმარიტება?” – მაგრამ აქ, ის შეცდა, რადგან არ იყო ღირსი სმენად ჭეშმარიტებისა. რამეთუ, რომ შეიმეცნო იგი, ღირსეული უნდა იყო, ჭეშმარიტება ათავისუფლებს ადამიანს სიცრუისა და განკითხვისაგან. რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება? იმაში, რომ სწორად გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი: არა მეოცნების დარად, არა ავადმყოფურად, არა პარაზიტულად და არა სარგებლის მისაღების მიზნით.
დღესდღეობით, კაცობრიობას ნამდვილი, ჭეშმარიტი მართლმადიდებლურ-ქრიტიანული სიყვარული სჭირდება. ჩვენ არ ვიცით სწორად სიყვარული, რადგან, ისე რომ გვყვარებოდა, როგორც საჭიროა, შესაბამის საქმეებსაც აღვასრულებდით. ჩვენი ქმედებანი, ჩვენს არასწორ ცხოვრებასა და უწმინდურ აზრებზე მეტყველებენ. ამიტომაც, ჩვენი ფარული ღვაწლი (ქრისტიანი უნდა აღასრულებდეს ფარულ სულიერ საქმეებს), ვერ შეისხამს ხორცს უმთავრესი ელემენტის – როგორც ამქვეყნად მყოფი, ისე გარდაცვლილი ძმების უანგარო და გულწრფელი სიყვარულის გარეშე. ტანჯვაში მყოფი და სასოწარკვეთას მიცემული ადამიანის ტკივილი და ტკივილი ღვთის სამსჯავროს შიშით მომლოდინე ადამიანისა, უნდა იქცეს ჩვენს ტკივილად. როდესაც იგი იქცევა ჩვენს ტკივილად, მაშინ უფალი განგვკუნავს ჩვენც.
დაფარე სხვისი ნაკლოვანებები, რათა შენი ნაკლოვანებები დაფაროს უფალმა. მიიღე საკუთარი თავის მიმართ უსამართლობა, მაგრამ თავად, ნურასოდეს მოიქცევი უსამართლოდ. სიკეთით სძლიე ბოროტებას, რამეთუ ამაში მდგომარეობა სახარების კანონი.
ნუ ვიძიებთ შურს ჩვენთვის ავის მქმნელზე. რა არის გასაკვირი იმაში, რომ გვიყვარდეს ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. მებაჟენი და ცოდვილნიც ასე იქცევიან. როდესაც გავცემთ სესხს და ვითხოვთ მის დაბრუნებას, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის – ყველა ასე იქცევა საკუთარი სარგებლობისათვის. შენ კი, უნდა დაეხმარო ისე, ყოველგვარი გათვლების გარეშე, ჯილდოს მიღებაზე ფიქრისაგან შორს. უბრალოდ მიეცი – და ნუღარ იფიქრებ მოწყალებაზე! გაეცი სიყვარული და ნუღარ იფიქრებ მიიღო იგი უკან. თუკი საკუთარი სიყვარულისათვის ჯიდლოს ელოდები, უმჯობესია სულაც არ გასცე. ესწრაფე უკან დაუბრუნებლად გაცემას – ამ შემთხვევაში, შენ ნამდვილად გასცემ მოწყალებას! ქრისტემ თავისი სიყვარული გასცა, სანაცვლოდ კი, ადამინთა ბოროტება მიიღო.
ერთმა ხუცესმა, ახალგაზრდა ბერს ჰკითხა: “შვილო, მითხარი, ვინ აცვა ჯვარს ქრისტე?” – “ებრაელებმა, მამაო”. – “არა, ებრაელებმა არა, არამედ ადამიანთა შურმა და ბოროტებამ აცვეს იგი ჯვარს”.
ქრისტემ სიყვარული გასცა, სანაცვლოდ კი შური და ბოროტება მიიღო. მისცა მანანა და მიიღო ნაღველი. მაგრამ, მას არ გაუპროტესტებია. მან თქვა: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. შესაბამისად, მან მიიღო უსამართლობა, თუმცა თავად უსამართლოდ აღარ მოიქცა. მისცა სიყვარული – მიიღო სიძულვილი, გასცა ქება – დიდება – მიიღო ცილისწამება.
ამაში მდგომარეობს სახარებისეული სული, ჭეშმარიტება ქრისტესი – თავის გაწირვა ძმისთვის და საკუთარი მტრისთვისაც! მაშინ, გვირგვინით შემკული, შენ გაუყვები ქრიტესთან, მსხვერპლისა და სიყვარულის დიად ღმერთთან შესახვედრად მიმავალ განწმენდის გზას.
ქრისტემ მორჩილების უდიდესი მაგალითი გვიჩვენა: “დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა. ამინ”. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე უდიდესი მორჩილია, რომელმაც შესწირა საკუთარი თავი და რომელსაც ღმერთმა მისცა სახელი, უმაღლესი ყოველთა სახელთა. როდესაც იგი კვლავ მოვა სამყაროს განსასჯელად, მის წინაშე ყოველი სულიერი, ყოველი ადამიანი მოიდრეკს ქედს. მორწმუნენი მის წინაშე თავს მოიდრეკენ სადიდებლად, ისინი კი, ვისაც არ სწამდა ჭეშმარიტი ღმერთი და სატანის ტყვეობაში იმყოფებოდა – განსასჯელად.
ამიტომაც ჩვენ, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ სწორ რწმენაში განსწავლულებმა, უნდა შევიყვაროთ ჩვენი ძმები, ჩვენი მონათესავე სულები, ისე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ. თუკი ქრისტეს სიყვარულს მივბაძავთ, ქრისტესთან აღმოვჩნდებით, მის მარადიულ, ზეციურ დიდებაში შევალთ, მასთან ერთად ვიზეიმებთ მარადიულ აღდგომას, რომელიც აღარ დასრულდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©