სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
სახარებაში არაერთხელ ვკითხულობთ ხმამაღალ აღსარებას ადამიანისა, რომელმაც ქრისტეში თავისი უფალი და ღმერთი იცნო. პირველად – უფლის ამქვეყნიური გზის დასაწყისში. ნათლობის შემდგომ, როდესაც ქრისტე თავისი ჯვარცმისაკენ მიმავალ გზას დაადგა, ის შეხვდა ნათანაელს; ქრისტე სხვათა წინაშე ამოწმებს, რომ ის სუფთა, მართალი გულის მქონე ადამიანია: და ნათანაელი მას ეკითხება: საიდან მიცნობ მე? მაცხოვარი მას საიდუმლო სიტყვებით პასუხობს: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე… და ნათანაელი, თაყვანს სცემს მას და ამბობს: “ შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე!…” მოციქულ ნათანაელის ცხოვრებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ იგი იმ დროს, უფლის წინაშე იმყოფებოდა ლოცვით და ქრისტეს სიტყვებმა: “ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე”, თითქოს მის წინაშე არსებული საფარველი გააპო და მიხვდა, რომ ის იდგა იმ ღმერთის წინაშე, ვის მიმართაც იგი აღავლენდა ლოცვას.
შემდგომ, ეს გამოცხადებითი მტკიცებულება თითქოსდა იყინება: მოციქულები, როგორც ჩვენ ყველანი, დაბრმავებულნი ვართ ხილულით და ძალიან ნელა ვიწყებთ უხილავის ჭვრეტას. სამ წელზე მეტი დროის განმავლობაში, ქრისტე თანდათან ცხადჰყობდა მათთვის თავის ჭეშმარიტ ბუნებას: დიახ, ის ჭეშმარიტად, ნამდვილად ადამიანია, მაგრამ ამავდროულად ის – ღმერთია, ხორციელად მოსული კაცობრიობის გადასარჩენად. და ეს თანდათან მზარდი ცნობიერება, თავის გამოხატულებას უკვე იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე, თვით ქრისტეს სიკვდილამდე ჰპოვებს, პეტრე მოციქულის დამოწმებით: “შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა…”
თავის ჯვარცმამდე ქრისტე, თანდათანობით ისხნებოდა და წარდგებოდა მოციქულთა წინაშე როგორც ღმერთი; თავისი ჯვარცმის შემდგომ, დაჟინებით, კვლავაც და კვლავაც, მრავალჯერ ეცხადებოდა იგი მათ როგორც ადამიანი, აღმდგარი ხორციელად. ქრისტეს აღდგომის შესახებ არსებული ყოველი მონათხრობი, სწორედ ამ ფაქტის წინაშე გვაყენებს: ეს არ არის სული, ეს არ არის ხილვა; მოციქულებს არა მხოლოდ ესმით მისი ხმა, არამედ ეხებიან კიდევაც მის სხეულს, ხედავენ, როგორ იხმევს მათთან ერთან საკვებს; მათი ხილული მოწმობის შემდგომ, მოგვიანებით, სამართლიანად წერს იოანე მოციქული: ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც ჩვენი თვალები ხედავდნენ, რაც ჩვენს ყურებს ესმოდა, რასაც ჩვენი ხელები ეხებოდა… ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა ხორციელად: განწმენდილი სხეულით, გარდაქმნილი სხეულით, სხეული, რომელიც მთლიანად სულად იქცა, ისე, რომ არ შეუწყვეტია სხეულად ყოფნა. და ჩვენ, თომა მოციქულთან ერთად ვეთაყვანებით აღმდგარ ქრისტეს, გვწამს იგი და ვიცნობთ რა მას, როგორც ჩვენს ღმერთს და როგორც მკვდრეთით აღმდგარ იესო ნაზარეველს, შევღაღადებთ: “ უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!…”
ამაზეა აგებული ეკლესიის მთელი ცხოვრება, მთელი ქრისტიანული მსოფლმხედველობა, ადამიანის მთელი დიდებულება, მთელი უსაზღვრო სიმდაბლე ღმრთისა. ქრისტეში ჩვენთვის ერთიც არის განცხადებული და მეორეც; და ჩვენ ვხარობთ არა მხოლოდ იმით, რომ ჩვენი ღმერთი სიყვარულის ღმერთია, რომ ღმერთი ჩვენი მხსნელია, არამედ იმითაც, რაც მასში განცხადდა ჩვენთვის, თუ რაოდენ დიადია ადამიანი. ადამიანი იმდენად დიადია, რომ მასში შესაძლებელია დამკვიდრდეს ღმერთი, ადამიანი იმდენად დიადია, რომ ქრისტეს შეუძლია სიმდაბლის კარიბჭის გავლით მარადიულ სიცოცხლეში შევიდეს და დინების მსგავსად, ჩვენც თან, მარადისობაში წაგვიყვანოს. ადამიანი იმდენად დიდია, რომ ქრისტე, რომელიც ცოდვის გარდა ყველაფერში გახდა ჩვენი თანაზიარი, სრულიად თანაზიარს გვყოფს თავისი ღმრთაობრიობისა, თუკი ჩვენ მას გულს გავუღებთ. რაოდენ მშვენიერია ეს!
მომდევნო ორმოცი დღის განმავლობაში, ქრისტე გამუდმებით ეცხადებოდა თავის მოციქულებს და ღვთის სამეფოს საიდუმლოებებს განუცხადებდა მათ, ის სიყვარულად სახელდებს ღმერთს და ეკლესიის მნიშვნელობას განუმარტავს, როგორც სიყვარულით ურთიერთდაკავშირებულ ადამიანთა ერთობას; ის უცხადებს მათ, რომ ამქვეყნიერი ცხოვრება წარმავალია და მას მალე დავკარგავთ, მათთვის ბოძებული მარადიული სიცოცხლე კი, რომელიც სიცოცხლეა ღმერთში და სძლევს ყოველივეს, უკვე აქვე სახლობს და მოქმედებს მათში.
მომდევნო კვირებში საკითხავი ყოველი სახარება, სიცოცხლის ამ ზეიმზე მოგვითხრობს, სიცოცხლის გამარჯვებაზე და ყოველივეს ძლევაზე სიყვარულით. დაე, ვიხარებდეთ და ვზეიმობდეთ იმას, რომ ქრისტემ არა მხოლოდ თავისით და თავის თავში სძლია სიკვდილს, – არამედ ვიხარებდეთ, რომ მან ჩვენში და ჩვენთვისაც სძლია მას. სძლია სიკვდილს, ცოდვას, შიშს, – ყველაფერს, და ჩვენ გავხდით მისიანნი, ნათესავნი ცოცხალი ღმრთისა. ამინ.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©