აღდგომა 2

ვიაროთ წინ აღმდგარ მაცხოვართან ერთად – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ქრისტე აღდგა!

მე მსურს კვლავაც და კვლავაც, თქვენთან ერთად გავიხარო და ვთქვა, რომ აღდგა უფალი!

უფლის ამქვეყნად ცხოვრების მოვლენებს შორის, გამოცდილებისეულად აღსაქმელი ჩვენთვის სწორედ აღდგომაა. მასზე დგას მთელი ჩვენი რწმენა, ვინაიდან, როგორც პავლე მოციქული ამბობს, თუკი ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი რწმენა ამაოა და ჩვენ- ყველაზე უბედურნი ვართ ადამიანთა შორის. რამეთუ, თუკი არ აღმდგარა ქრისტე, მაშინ ქრისტე არ ყოფილა ის, ვინც ჩვენ გვეგონა, არ ყოფილა ის, ვისაც ის საკუთარ თავს უწოდებდა, მაშასადამე, ჩვენ გვწამს სიცრუის და ის ცხოვრება, რომელსაც მოველით, ცხოვრება, რომელსაც ეკლესიის წიაღში ყოფნისას, ჩვენს სულსა და სხეულში გამოცდილებისეულად განვიცდით- მოჩვენებაა და სიცრუე!

თუმცა, ჩვენ სწორედ რომ გამოცდილებით ვიცით, რომ ეს ასეა- რადგან ჩვენ, ვიცნობთ აღმდგარ ქრისტეს. ჩვენ არ ვიცნობთ მას ისე, როგორც იცნობდნენ მოციქულები – სხეულში მყოფს. არ ვიცნობთ მას გალილეის სოფლებიდან და წმინდა მიწის ქუჩებიდან. მაგრამ სულით, ჩვენ ვიცნობთ მას აღმდგარს და მისი ამგვარი ცნობით, ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, ვინც ახლა ცოცხალია – აღდგა!

ჩვენ ახლა აღდგომის სიხარულით ვართ გასხივოსნებულნი, მაგრამ დღეები გადიან: როგორ არ დავკარგოთ იგი? მის შენარჩუნებას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, თუკი არ გავიხედებით უკან, არ დავუბრუნდებით გონებით იმ ბრწყინვალე ღამეს, რომელმაც აღდგომის დიდებულება დაგვანახა, არამედ გავაგრძელებთ სვლას და ვივლით წინ; მაგრამ, უკვე არა მარტო, არამედ აღმდგარ მაცხოვართან ერთად.

თქვენ დღეს ისმენდით, როგორ მოუწოდა მოწაფეებს ქრისტემ, დაბრუნებულიყვნენ იმ გალილეაში, სადაც მათი სულიერი ცხოვრების გაზაფხული დაიწყო, სადაც მათ იპოვეს და იცნეს ქრისტე, სადაც მათში დაიბადა სიცოცხლე. მაგრამ ჩვენ, მას ვპოულობთ არა მხოლოდ გალილეაში – ჩვენი სულის იმ სიღრმეებში, სადაც უფალთან ჩვენს პირველ შეხვედრასა და მისდამი პირველ სიყვარულს ვჭვრეტთ, არამედ სხვა გზებზეც. ქრისტე ორ მოწაფეს ემაოსისაკენ მიმავალ გზაზე დაემგზავრა და სხვაგვარად განუცხადა მათ თავი: არა უბრალოდ გამოჩნდა მათ წინაშე, არამედ იმგვარად, რომ მათ არ შეეძლოთ მისი ცნობა და მხოლოდ პურის განტეხისას გამოუცხადა მათ საკუთარი თავი, ღმრთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოს დროს – იმ ძმობის ჟამს, რომელსაც ერთ სუფრასთან მსხდომ ადამიანთა შორის პურის განტეხა ჰქვია. მან წამიერად აჩვენა მათ, რომ ღმერთია და ადამიანი. გახდა რა ადამიანი, მან თავის ტოლად და სწორად აქცია იგი და თავისი აღდგომით უფლის დიდების ტახტზე აღამაღლა ხორციელად.

ჩვენ სხვა გზებზეც ვხვდებით ქრისტეს – არა მხოლოდ გონებისათვის მიუწვდომლად და გაუცნობიერებლად, როგორც ის ორი მოწაფე, არა მხოლოდ იმედისა და მოლოდინის გზებზე, როგორც გალილეაში წასული თერთმეტი მოწაფე, არამედ წინააღმდეგობისა და ბრძოლის გზაზეც, გზაზე უფლის წინააღმდეგ აღდგომისა, როგორც პავლე იპოვა ქრისტემ დამასკოსაკენ მიმავალ გზაზე, ქრისტიანულ თემთა დასარბევად და მათთვის სიკვდილის მოსატანად მიმავალი…საითაც არ უნდა წაგვიყვანოს გზამ – გულმოდგინედ და ყურადღებით უნდა ვუცქიროთ მას, ვინც ჩვენთან ერთად მოდის: ეს შეიძლება იდუმალი გარეგნობით მყოფი ქრისტე იყოს, რომელიც მზადაა ძმობით, სიმდაბლითა და სიყვარულით, ჩვენი ადამიანური მოწოდების დიდებულება განგვიცხადოს. ამიტომაც, ნუღარ გავიხედებით უკან, იმ გასხივოსნებული, სადღესასწაულო, აღმაფრთოვანებელი ღამისაკენ, როდესაც ჩვენ განგვეცხადა ჭეშმარიტება აღდგომისა, – ეს სინამდვილეა და ახლა ის ცხოვრობს ჩვენში. არ ჩამქრალა ის შუქი, არ დაშრეტილა, არამედ მშვიდი ნათლით ანათებს აღდგომის ღამის ბრწყინვალებასთან ერთად. ნათლით, რომელიც ანათლებს ყოველ ადამიანს, მიმავალს ცხონების გზაზე.

დაე, ვიაროთ ჩვენ ამ ნათლით, ვიცხოვროთ ამ ნათელში, გავხდეთ ნათლის შვილები, სანამ ჯერ კიდევ ანათებს იგი ჩვენს დედამიწას, და მაშინ, ქრისტე აღარასოდეს განგვეშორება ჩვენ, აღდგომა იცოცხლებს ჩვენს სულში და ზეიმი მარადიული სიცოცხლისა დაიწყება ჩვენს სხეულში, გულსა და გონებაში. მაშინ კი, ჩვენ ჭეშმარიტად ვიქნებით უკვე თანამონაწილენი მარადიული სამეუფო სიცოცხლისა, რომლისკენაც ვისწრაფვით და რომელსაც მთელი დიდებულებით ვჭვრეტთ ვნების დღეებსა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისას. ამინ.


წყარო: http://www.pravmir.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share