დაე შენი მუდმივი საქმე იყოს გონიერი ლოცვა, იშრომე იქამდე, სანამ შენი გული ლოცვად არ იქცევა, ისევე როგორც რკინა იქცევა ცეცხლად გამოჭედვისას. როდესაც ქრისტეს მადლით ამ სულიერ მდგომარეობას მიაღწევ, მაშინ იდუმალი გზით იგემებ უფლის სიტკბოსა და სიკეთეს, როგორც დავითი ამბობს: ”განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი” მლოცველი ცხადად გრძნობს და აცნობიერებს იმას, რომ მისი ძიების მიზანი – იესუ ქრისტე, ყველანაირ სიტკბოებას აღემატება.
იმ მცირე მადლით, რაც შენ იგემე, დარწმუნდი, რომ უფალი ჩვენი იესუ ქრისტე იმდენად ტკბილია შენი გულისთვის, გონებისთვის, მთელი შენი შინაგანი სამყაროსთვის, რომ სულ მცირედითაც კი არ შეგიძლია ამ ყველაფრის გამოთქმა. წარმოიდგინე, რამდენად იხარებს და დატკბება ის სული, რომელიც სხეულთან გაყრის შემდეგ თავის შემოქმედს შეხვდება და იხილავს იმას, რაც მიწიერ თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და არც მის გულს შეხებია.
როგორც კი შენი გული, მისკენ მიმავალს თავის მხსნელ იესუს, იდუმალი სახით იხილავს, მაშინვე იკარგება და ქრება ყველა ბოროტი და მზაკვარი გულისთქმა, ხოლო ყველაზე მეტად წყეული მზვაობრობა. მაშინ მშვიდი იესუს მუნ ყოფნით იგი ისე მირბის და ქრება, ვითარცა განთიადზე მზის ამოსვლისას დნება ღამის წყვდიადი. და როდესაც შენი გულიდან ეს ბოროტი და უმოწყალო ტირანები გაქრებიან, მასში მშვიდი მეფე იმეფებს – უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტი მასწავლებელი და ხელმძღვანელი გახდება.
ასევე შენი გულიც ჭეშმარიტი მიმდევარი და მოწაფე გახდება ქრისტესი. რამეთუ მისგან სწავლობს მშვიდი, ზომიერი, კეთილგონიერი, ლმობიერი, თანამგრძნობი და მდაბალი იყოს, ვითარცა თქმულ-არს: ”ისწავეთ ჩემან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა” (მთ. 11:29).
გამოკრებილია წიგნიდან: ”უცნობი ათონელი ისიქასტი”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©