შობა

ქრისტეს შობა ჩვენს გულში – არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

დღეს ჩვენს წმინდა ეკლესიას აზრობრივად ბეთლემის ბაგაში გადავყავართ, რათა მწყემსებთან და აღმოსავლეთიდან მოსულ მოგვებთან ერთად თაყვანი ვსცეთ ჩვენთვის განკაცებულ და ჩვენთვის დაგლახაკებულ უფალ იესუ ქრისტეს და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება’’(ლკ.2:14). ჩვენ რეალურად ვიყავით იქ ამ ღამეს და ვიხილეთ ეს უცნაური, გამოითქმელი და დიდებული საიდუმლოება – დაუტევნელი დატევნილი გახდა და ეს ყველაფერი ჩვენი ხსნისთვის აღასრულა!

ჩვენი სული მადლიერებით აღივსო და საკუთარ თავს ვეკითხებოდით: ,,რა გავაკეთო იმისათვის, რათა განკაცებული ღმერთისადმი მადლიერება გამოვხატო?’’ თითქოს თავისთავად გაიჟღერა ჩვენში პასუხმა: ძღვენი, რომელსაც ჩვენგან ყრმად ქცეული ღმერთი ელის მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარ გულში მივიღოთ, შევიწყნაროთ ის და განსასვენებელი მივცეთ მას. რათა თითოეული ჩვენგანის გული გარდაიქმნას, ფერი იცვალოს და წმინდა ბაგად იქცეს. ო, რა მშვენიერი იქნებოდა ჩვენი გული მუდამ იმ ბაგასავით რომ იყოს სადაც უფალი იესუ ქრისტე განისვენებდა!

როგორ გადაიქცეს ჩვენი გული ბაგად, რათა ქრისტეს იქ ყოფნა და განსვენება უყვარდეს?

პირველ რიგში – რწმენის საშუალებით. ცოცხალი რწმენა იზიდავს უფალ იესუ ქრისტეს ჩვენს გულში. სწორედ ის არის  უპირველესი და უმთავრესი საფუძველი იმისა, რომ ქრისტე ჩვენს გულში დამკვიდრდეს და იქ იცხოვროს.

მეორე – სინანული. თუკი ვნებებში ვართ დანთქმულნი, ვცხოვრობთ თვითნებურად, ვარღევთ ქრისტეს მცნებებს და ჩავდივართ უამრავ ცოდვას, მაშინ რწმენაც რომ გვქონდეს, ასეთ გულში ქრისტე როგორ იცხოვრებს? ამიტომაც, საჭიროა სინანულის ცრემლითა და საკუთარი გულის გარდაქმნისთვის ღვაწლით, ცოდვისა და ვნებებისგან საკუთარი თავის განწმენდა. ასეთ შემთხვევაში, ქრისტე იპოვის ჩვენს გულში ადგილს, რათა თავი მიიდრიკოს.

მესამე – ეკლესიის საიდუმლოებები. ეკლესიის საიდუმლოებების მიერ ღმერთკაც ქრისტეს ვუერთდებით და ის ჩვენში იმკვიდრებს. როგორც საღმრთო ლიტურგიის ერთ-ერთ ლოცვაში ვკითხულობთ: ,,დამკვიდრებად ქრისტე გულთა შინა ჩუენთა და ვიქმნეთ ტაძარ ყოვლადწმიდისა სულისა შენისა’’.

მეოთხე და უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელიც ჩამოთვლითაგან არც ერთს არ ჩამოუვარდება არის – მოუკლებელი იესუს ლოცვა. რატომ? იმიტომ, რომ რომც გვწამდეს, სინანული გვქონდეს და ვეზიარებოდეთ, მაგრამ მოუკლებელ ლოცვას არ ვცდილობდეთ და ქრისტე მუდამ გვავიწყდებოდეს, მაშინ როგორ შემოვა ის ჩვენს გულში? ამიტომაც, წმინდა მამებმა ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ პირობად სწორედ მოუკლებელი ლოცვა და ქრისტეს ხსოვნა მიიჩნიეს. მის გარეშე შეუძლებელია, რომ ქრისტემ ჩვენი გული თავის მოუკლებელ სამკვიდრებლად აქციოს. მოდით, განუწყვეტლად მოვუხმოთ ქრისტეს ამ სიტყვებით: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ამიტომაც, იესუს ლოცვისა და ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების წყალობით ქრისტე ჩვენს გულში შემოდის და სამუდამოდ რჩება იქ.

აი, ეს არის ოთხი ძირითადი და აუცილებელი წინაპირობა, რომლის წყალობითაც უფალი იესუ ქრისტე ჩვენს გულში დამკვიდრდება. მოდით, ძმებო, ვიშრომოთ და ჩვენს ცხოვრებში დავნერგოთ ეს პრაქტიკული საშუალებები, ყოველდღიურად ვისწრაფოთ იმისკენ, რომ ქრისტე ჩვენს გულში შემოვიდეს და გვქონდეს მისი მშვიდობა, მადლი, ნათელი და კურთხევა!

დიდებული ადგილია – ბეთლემის წმინდა ქვაბული. ვინც იქ ყოფილა და ამ წმინდა ადგილს მიეახლა, ყველამ დიდი მადლი შეიგრძნო. მაგრამ აი რას გეტყვით: გაცილებით უხვად აქვს მადლი იმ ადამიანის გულს, რომელიც საღმრთო ყრმის – იესუ ქრისტეს ცოცხალ ბაგად იქცა! სწორედ ამას მიაღწია ყველა წმინდანმა. მათ მთლიანად მიუძღვნეს თავი ქრისტეს და ისიც დამკვირდა მათში. ამიტომაც იქცნენ ისინი ქრისტეშემოსილებად, ღმერთშემოსილებად და წმინდა ბეთლების ბაგაზე აღმატებულებად!

ვთხოვთ ღმერთკაც მაცხოვარს, რათა შეგვინდოს ის, რომ ყოველ წამს ვამწუხრებთ მას, რომ არ გვაქვს თავგანწირვა, არ გვაქვს კეთილგონიერება და სწრაფვა ღვაწლისკენ, რათა მის უსაზღვრო და გამოუთქმელ სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ, არამედ პირიქით, უფრო მეტად და მეტად ვავლენთ საკუთარი თავის არაჯანსაღ სიყვარულს და ეგოიზმს.

გახსოვთ ის მშვენიერი ამბავი წმინდა იერონიმეზე? ის წმინდა მოღვაწე და ეკლესიის ძველი მამა გახლდათ. ერთხელაც, როდესაც ბეთლემის ქვაბულში ღამით ლოცულობდა, უფალი გამოეცხადა. წმინდა იერონიმემ ჰკითხა: ,,უფალო, რა გსურს ჩემგან, რომ ძღვნად მოგართვა?’’ უფალმა უპასუხა: ,,შენი ცოდვები, რათა მოგიტევო’’. აი ასეთი ძღვენი ისურვა ღმერთკაცმა ქრისტემ წმინდა იერონიმესგან, რომელიც მისი ერთგული მსახური იყო. სწორედ ეს უნდა მას ჩვენგანაც. მას ჩვენი გული და ახალი ცხოვრების დაწყების მტკიცე გადაწყვეტილება სურს.

ჩვენ შიშითა და ქაოსით აღსავსე სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველგან გაურკვევლობა, შფოთი, მწუხარება და უამრავი საფრთხეა და სადაც ყველაფერი წარმავალი და განქარვებადია. მაგრამ ვისაც გულში ქრისტე ჰყავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა,  საკუთარ თავში გამოუთქმელ შინაგანი სიმშვიდესა და უსაფრთხოებას გრძნობს, რადგან მან ,,საღმრთო აცრა’’ გაიკეთა და უკვე მარადიულ სიცოცხლეში ცხოვრობს.

ამ აზრებით მდაბლად გისურვებთ ჩვენი სავანის მამებსა და ძმებს, ასევე ერიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად აღნიშნეს შობა, რათა უფალმა ყველას მადლი მოგვცეს და დღევანდელი დღიდან და ამ წამიდანვე დავიწყოთ გულმოდგინე შრომა, რათა ჩვენს გულებში ქრისტე დამკვიდრდეს. ამინ!


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share