Поклонение волхвов. В. Отмар. 1897 г. Мозаика храма Воскресения Христова Спаса на Крови СПб

ქრისტეს შობის საკითხავი

მათეს სახარება, თავი 2

  1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:
  2. სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
  3. ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
  4. და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?
  5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ:
  6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.
  7. მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ.
  8. და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას.
  9. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.
  10. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
  11. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
  12. და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.

წმინდა ინოკენტი (ბორისოვი)

იესო ქრისტეს შობას წინ  ბევრი ბუნებრივი და ზებუნებრივი მოვლენა უსწრებდა. მოგვთა თაყვანისცემა თავისი როგორც გარეგანი, ისე არსობრივი დანიშნულებით ზებუნებრივს მიეკუთვნება. ეს ბრძენი მოგვები მიეახლნენ თაყვანისსაცემად ახალშობილ იუდეის მეფეს, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი უწყოდნენ. თავიანი მოსვლით მათ იერუსალიმს სიმშვიდე დაურღვიეს. შეშფოთებულმა იროდი მეფემ სინედრიონი შეკრიბა. მოგვებმა ყრმა იესოს მიუძღვნეს ყველაზე საუკეთესო რაც-კი გააჩნდათ. ეს იყო მოგვთა თაყვანისცემის ხილული მნიშვნელობა, ხოლო არსობრივად კი ამ მოქმედებით იესოს თაყვანი სცა მთელმა სამყარომ: ქრისტემდე არსებულმა ზოგადსაკაცობრიო სიბრძნემ და კერპთაყვანისმცემლობამ.

სახარების ავტორს დაზუსტებული აქვს ამ მოვლენის დრო, ხომ შეიძლებოდა, რომ შორეული ქვეყნებიდან მომავალი მოგვები ნაადრევად, ან ბევრად გვიან მოსულიყვნენ, მაგრამ მათი მოსვლა სწორედ ღვთის შობას დაემთხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა იერუსალიმისთვის კიდევ დიდხანს იქნებოდა დაფარული. მესიის მოვლინების და მოგვთა მოსვლის დროში თანხვედრა იმის მაუწყებელი ხომ არ არის, რომ ეს მოვლენა უფლის მიერ წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ცხადია ეს მოგზაურობა შობამდე გარკვეული დროით ადრე დაიწყო-იქნებ სწორედ მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ საშობაო მარხვას? მაშინ ეს მარხვა ჩვენთვისაც ერთგვარი სულიერი მოგზაურობაა ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე.

მაინც ვინ არიან სახარებაში მოხსენიებული მოგვები? თანამედროვე განმარტებით  ისინი იდუმალი, აკრძალული ცოდნის მქონე, ან იქნებ ბნელ ძალებთან წილნაყარი ადამიანებიც კი არიან. დღევანდელი გაგებით მათ ჯადოქრებთანაც კი აიგივებენ. ყრმა იესოს თაყვანისსაცემად მოსული მოგვების მიმართ ასეთი დამოკიდებულება უსამართლობა იქნებოდა. სახარებაში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „მაგი“, აღნიშნავს იმ სწავლულ ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას უძღვნიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, როგორიცაა ასტრონომია, მედიცინა, ბოტანიკა, ფიზიკა და სხვ. ამ ადამიანთა მსგავსნი იყვნენ სახარებისეული მოგვებიც: გადმოცემის თანახმად ერკვეოდნენ ვარსკვლავთმრიცხველობაში, ეკუთვნოდნენ წარჩინებულთა კლასს, იყვნენ შეძლებული მიწათმფლობელები, ბელადები. სწორედ ამის გამო, ხატწერაში მატ გვირგვინებით გამოსახავენ.   რაღა ვარსკვლავისგან მიიღეს მინიშნება? უეჭველია, იმიტომ რომ მოგვები თვითონ იყვნენ ვარსკვლავთმცოდნეები; ხელობიდან გამომდინარე ისინი გაწაფულნი იყვნენ ციური სხეულების მოძრაობაში. სწორედ ამ განსაკუთრებული ვარსკვლავის უჩვეულო მოძრაობამ, სხვა დანარეჩენ მნათობთაგან განსხვავებულმა არაკანონზომიერმა მიმართულებამ უნებურად განაწყო ისინი კვალში ჩასდგომოდნენ ბრწყინვალე მაუწყებელს და მის მოძრაობაში გონიერი ძალა ამოეცნოთ. ღვთის ნებით ამ გონიერმა ძალამ ამჯერად ციური მნათობის სახე მიიღო, რათა აღმოსავლელი ბრძენებისთვის ბეთლემის გზა ეჩვენებინა. სინამდვილეში შეხედეთ რა ხდება, როგორ მოქმედებს ეს საოცარი ვარსკვლავი! ის ეჩვენა ჯერ კიდევ სახლში მყოფ აღმოსავლელ მოგვებს, იერუსალიმამდე მიუძღვა მათ და გაქრა. ამ მოვლენას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოგვები იროდისთან ამ ფაქტზე ლაპარაკობენ როგორ წარსულში მომხდარზე; მაგრამ როგორც კი იერუსალიმი დატოვეს, იგი მათ კვლავ ეჩვენა და ბეთლემისკენ წარუძღვა. ვარსკვვლავები, რომლებიც ფიზიკურ კანონებს ემორჩილებიან ასე არ იქცევიან. ხოლო როცა მიუახლოვდნენ ვარსკვლავი „დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაი იგი“(მთ. 2:9). ეს სასწაული: ახალშობილი მესიის სამყოფელის მინიშნება მხოლოდ უზენაეს გონიერ ძალას ან მის მიერ მართულ პატარა მნათობს შეუძლია და არა რომელიმე ჩვეულებრივ, უბრალო ვარსკვლავს. ალბათ იკითხავთ, რატომ გამოეცხადათ ვარსკვლავის ფორმით და არა-ადამიანის, ან ანგელოზის სახით, როგორც მოხდა ეს ტობითთან? უეჭველია იმიტომ, რომ მოგვები ასეთი გამოცხადებისთვის მზად არ იყვნენ; მათთვის ვარსკვლავის წინამძღოლობა უფრო გასაგები იყო, ხოლო ადამიანის ან ანგელოზის დამგზავრება იქნებ სასიკეთოდ არც დამთავრებულიყო!

როგორ მიხვდნენ რომ იშვა არა რომელიმე სხვა სამეფოს, არამედ იუდეის მეფე? უნდა ვიფიქროთ, რომ მათ ამისი მოლოდინი უკვე ჰქონდათ და მნათობიც უჩვეულო ზომისა იყო, თუმცა ის სიტყვებით ვერაფერს მოუყვებოდა! ჩემი აზრით ამ სწავლულებს ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებსა და ტერიტორიებზე ვარსკვლავთა განლაგების ცოდნა, ხოლო ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა უჩვეულო დროს და მისი მოძრაობის ტრაექტორიაც არ ემორჩილებოდა კანონზომიერებას. სწორედ ამ ნიშნებით მიხვდნენ, რომ იუდეაში ახლა იბადება წინასწარმეტყველთა მიერ ნახსენები მესია. სხვა დანარჩენი-კი, ანუ მოგვებმა რომ ეს მოვლენა დაიჯერეს, მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს, ყველა საქმე მიატოვეს და ღვთაებრივი ყრმის თაყვანისაცემად გაემართნენ-ეს უკვე სულიწმინდის მიერ იყო ნაკარნახევი.     ვარსკვლავის კვალდაკვალ მავალი მოგვები რომ პირდაპირ ბეთლემში მისულიყვნენ, ამით იროდისაგან საკუთარ თავსაც და ღვთაებრივ ყრმასაც ბევრ საფრთხეს ააცილებდნენ. მაგრამ, მაშინ იერუსალიმი ვისგან შეიტყობდა რომ უკვე იშვა მათი მეფე? ამის ცოდნა კი აუცილებლად ესაჭიროებოდათ, რათა მომავალში თავი ვერ გაემართლებინათ: „აბა მე რა ვიცოდი, მე არაფერი გამიგია, ჩემთვის არავის უთქვამს…“ეს ცოდნა მოგვებმა მათ იმგვარად მიაწოდეს, რომ არ გაამჟღავნეს ბეთლემის საიდუმლო. სწორედ ეს იყო იერუსალიმში მათი მისვლის დანიშნულება.

იროდის აუცილებლად შეაშფოთებდა მოგვების მიერ დასმული კითხვა, თუ სად იშვა იუდეის მეფე. მართალია, თავად მას ამ ტიტულით უკვე იხსენებდნენ, მაგრამ თვითონაც იცოდა, რომ უცხო ტომელი თვითმარქვია და უკანონო მეფე იყო, რომელიც რომაელების ხელშეწყობით გამეფდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამის გამო სინდისი სულაც არ ქენჯნიდა. წინასწარმეტყველ დავითის შთამომავლის გამოჩენამ შეაშინა ეს ტირანი. იფიქრა, რომ მესია ხილული სახით გამოეცხადებოდა, ტახტიდან ჩამოაგდებდა და ჩადენილი უსამართლობისა და სისატიკისათვის პასუხს აგებინებდა.   იერუსალიმის მცხოვრებლებს მესიაზე სწორი წარმოდგენა რომ ჰქონოდათ, მისი მოლოდინს და სიყვარულის გამო ეს დაბადება გაახარებდათ; ახდებოდა მათი საუკუნეობრივი მოლოდინი; დედამიწაზე ღმერთის სუფევისა და ისრაელის დიდების ეპოქა დაიწყებოდა. მაგრამ, მათ ეს განცდა არ ჰქონდათ, ხოლო ზოგიერთისთვის უფლის შობა იროდის მხრიდან ახალი დევნა-შევიწროების მომასწავებელი იქნებოდა, რაც აშფოთებდათ. სხვებს, კერპთაყვანისმცემლებთან კავშირის გამო სინდისი ჰქონდათ დამძიმებული. ბევრს კი ამძიმებდა ისრაელი ერისთვის შეუფერებელი წესი. ვინ გაბედავდა ასეთი შებღალული შეხვედროდა მესიას?-არ იყვნენ მისი სამეფოს ღირსნი. ასეა თუ ისე, განგებამ ინება და იერუსალიმსა და იუდეას მოგვების პირით გამოუცხადა, რომ დადგა წინაწარმეტყველების შესრულების დრო. დამთავრდა ძველი აღთქმა და ახალი იწყება.

ძველ წინასწამეტყველებათა გულმოდგინე შეჯერების ნიადაგზე ყველა მღვდელმთავარი და მწიგნობარი მიხვდებოდა, რომ იუდეის ბეთლემში ქრისტესშობის ჟამი დადგა. მოხდა ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო-სხვაგვარად შეუძლებელია ამ გარდაუვალი ჭეშმარიტების უფრო ზუსტი დასაბუთება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ვალში“ ვართ იროდის წინაშეც, უფრო სწორად, მისი ცბიერებისა და ვერაგობის წინაშე, რომელიც აშკარად განგების ნებით მოხდა.   იუდეველთა სიტყვები შორს იყო მათი საქმეებისაგან. ეხლაც-კი შეიძლება მოხდეს ისე, რომ მღვდელმთავარმა ბეთლემის გზა მიგასწავლოს, თვითონ კი იერუსალიმში დარჩეს. იმ გზის მაჩნებელი ისრების მსგავსად, რომელნიც მგზავრს მიმართულებას მიუთითებენ, თვითონ კი ადგილიდან არ იძვრიან.

მოგვები იერუსალიმიდან უვნებლად და პატივისცემით გაისტუმრეს. მათ აქ შეიტყვეს თუ სად იშვებოდა ქრისტე, ოღონდ აჩქარება იყო საჭირო. ბეთლემში ბევრი სახლია, სად ეძებონ? ისევე როგორც იერუსალიმში, აქაც ძიება და გამოკითხვაა საჭირო. მაგრამ, იერუსალიმში ისე უნდა ეთქვათ, რომ იქ ინფორმაცია გავცელებულიო, ბეთლემელებს კი შობის ცოდნა არაფერში სჭირდებათ; თან, ყოველი წუთი ძვირფასია. ხომ შეიძლება იროდიმ მანამდე დაიწყოს სასტიკი რბევა და ძიება, სანამ იშვება ღვთაებრივი ყრმა და ასრულდება სამყაროს გადარჩენის სანუკვარი მოლოდინი. დიდი გამოცდილების მქონე მოგვებს მოთმინება არ ღალატობთ. მათს რწმენასა და სიდინჯეს დრო უხვად დააჯილდოვებს. განგების მიერ ყველაფერი გაანგარიშებულია. ის ღვთაებრივი ბელადივით მიუძღვის მოგვებს „და აჰა, ვარსკვლავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა უძღოდა მათ“(მთ. 2:9). წარმოვიდგინოთ ამ სამი მოგზაურის სიხარული, როცა მათ კვლავ იხილეს გზის მაჩვენებელი, თანაც უფრო გასაგები და კონკრეტული სახით „მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმა იგი“(მთ.2:9), ანუ იმდენად დაბლა დაეშვა, რომ შობის ადგილს სხივები მიანათა.   გაუხარდებოდათ, მათი შორეული მგზავრობა წარმატებით რომ დაგვირგვინდა; გაუხარდებოდათ-რომ მათი ხელები უფლის ღვთაებრივ ხელს შეეხო, ზეციურ ძალას შეერწყნენ. იერუსალიმელები მოგვებთან პირფერობდნენ, თაღლითობდნენ და ამ სამი ბრძენის კეთილი, ღვთის სიყვარულით სავსე გულები მიხვდნენ-ეს ის ადგილი არ არის საითკენაც ისინი მიისწრაფიან. აქ არ არის თავისუფლება და ღვთაებრივი ნიშანი. ხოლო ბეთლემშიისევ გამოუჩნდათ ეს სანუკვარი ვარსკვლავი! მისი შემწეობით გზა სწრაფად გაილია; იროდი ვერ მოასწრებს ვერაგული ჩანაფიქრის შესრულებას. დასრულდა ბრძენთა გზა, ახდა მათი სურვილი!

იქნებ წმნიდა მარიამმა და იოსებ დამწინდველმა გამოქვაბული მიატოვეს და ბეთლემის რომელიმე სახლში მშვიდი თავშესაფარი მოძებნეს? იოსებს ამაზე ზრუნვა არ დაავიწყდებოდა. ან იქნებ გამოქვაბულში დარჩნენ და ღვთაებრივი ყრმა საქონლისთვის მოწყობილ ბაგაში მიაწვინეს. უფალი სადაც არუნდა შობილიყო ერთი რამ მაინც არ შეიცვლებოდა: ისინი იყვნენ ღარიბები, უბრალონი, მარტონი, მშვიდნი…დიდგვაროვანი და განსწავლული მოგვები ალბათ გარეგნულადაც დიდებულად გამოიყურებოდნენ, ასეთ შემთხვევაში ისრაელის ახალშობილი მეფის ამჟამინდელი სამყოფელი მათთვის დიდი საცდური იქნებოდა-გავიხსენოთ, რა მდგომარეობაში იპოვეს ყრმა?-დედასთან ერთად, გამოქვაბულში, „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“-სულ ეს იყო საუკუნეების მანძილზე წინასწარმეტყველთა და იდუმალი ვარსკვლავის დახმარებით მიგნებული, დიდებული მეფის „ამალა“; იოსებ დამწინდველიც კი არ ახლდათ, იქნებ აუცილებელი ნივთების საშოვნელად წავიდა, ან იქნებ საღმრთო განგებულებამ ისურვა, რომ ის ყრმის მამის „როლში“ არ შეხვედროდა მოგვებს. უეჭველია ბრძენი ადამიანები ამ ყველაფერზე მაღლა იდგნენ. ისინი ვერ შეაკრთო ირგვლივ გამეფებულმა სიღატაკემ. შეხედეს თუ არა „მივიდნენ და თაყვანი სცეს მას“ ანუ ღვთის საკადრისი პატივით შეხვდნენ. რატომ მოხდა ასე? თვალი აეხილათ და გონება გაუნათდათ ღვთაებრივი საიდუმლოს შესაცნობად? ასეთი რამ თვით მოციქულებსაც არ განუცდიათ და სხვათა შორის-არც ყველა წინასწარმეტყველს. მაშ პირქვე რა ძალამ დაამხო ისინი? აშკარაა, რომ ამ სამი ბრძენის გული განწმენდილი იყო, ამიტომ შეიცნეს უფალი. გულით იგრძნეს, რომ ხორცშესხმული ღვთის სიტყვის წინაშე იდგნენ. ჯერ კიდევ დედის წიაღში მყოფმა იოანე ნათლისმცემელმაც ეს იგრძნო, ამიტომ კრთებოდა ასევე დედის წიაღში მყოფი ღვთაებრივი ყრმის წინაშე.   „და აღაღეს საუნჯეთა მათთა. და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროი, გუნდრუკი და მური“. სამი საჩუქარი, სამპიროვანი ღმერთის სიმბოლოდ და ღმრთისმსახურების სამი თვისების შესაბამისად: ოქრო-ნიშნად ადამიანთა მოდგმის წინამძღოლობის და მეფობისა; გუნდრუკი-ნიშნად მოძღვრობისა და მღვდელმთავრობისა; მური-ნიშნად შუამავალი ღმერთკაცისა, რომელმაც სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა. ამ სამი საუკეთესო ძღვენით იყო განთქმული         ბრძენ მოგვთა სამშობლო-აღმოსავლეთის ქვეყნები. ებრაელთა სისხლიანი მსხვერპლშეწირვისაგან განსხვავებით ეს სამი უსისხლო და ამიტომ უფრო წმინდა და ამაღლებული შესაწირი, ამავე დროს ძვირადაც ფასობდა. იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ ეს იყო ახალი აღთქმის ღვთისმსახურებაში ჩვენი სულიერი მსხვერპლის სიმბოლო. ამიტომ წმინდა მამა მოგვებს ეკლესიის პირმშოებად ანუ სიყრმის შვილებად მოიხსენებს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სახარებაში მრავალი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ ხვდებოდნენ, რომ იესუ არის ის ქრისტე, რომელიც ნაწინასწარმეტყველები იყო. ხშირად გვითქვამს, რომ ადამიანები გარკვეული გულისმიერი საიდულმლოებით ხედავენ და ცნობენ იესუ ქრისტეს.

ჩვენ ვიცით, რომ მწყემსებმა იცნეს, მოგვებმაც იცნეს. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს ღამის გასათევი არავინ მისცა, საერთოდ არავინ. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, ფაქტია, რომ დღე დღეზე უნგა გაეჩინა შვილი, ამას ყველა ხედავდა, მაგრამ ის მაინც ქუჩაში რჩებოდა. თანაც ზაფხული ხომ არ იყო, ციოდა და ზოგიერთი განმმარტებელი ამბობს, რომ ამ მწყემსებს შეებრალათ ის და ეს სადგომი დაუთმეს. მათ გულმოწყალება გამოხატეს და სწორედ ამ უანგარობის გამო მათ  ჩვილ ბავშვში ღმერთი დაინახეს.

 გასაგებია, რომ ანგელოზების, გამოცხადებით მიხვდნენ მწყემსები, რომ ის არ არის ჩვეულებრივი ჩვილი. მაგრამ ეს გამოცხადება  რამ განაპირობა? ერთ-ერთი ის ვიცით, რომ მათ გულმოწყალება გამოავლნეს, რადგან სავარაუდოდ ის სახლიც, სადაც მერე მოგვებმა ინახულეს, რომელიმე მწყემსთანგანმა დაუთმო.

მოგვები? მოგვებთან ეს გულმოწყალება არ ჩანს, მაგრამ შეუძლებელია ისინი გულბოროტნი ყოფილიყვნენ. მათ შემთხვევაში ერთი საინტერესო ნიუანსია: როგორც განმმარტებლები ამბობენ, მათ დაახლოებით ორ წლიანი სახიფათო მოგზაურობის გავლა მოუწიათ და რის გამო?  – ჭეშმარიტების გამო. ფატობრივად, ეს ადამიანები არიან თავშეწირულები, სრულად წირავენ თავს, ოღონდ ჭეშმარიტება იპოვონ. ისინი ჭეშმარიტების მაძიებელნი არიან. ისინი ჰგვანან იმ მდიდარ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გაყიდა,  რათა წავიდეს და ძვირფასი მარგალიტი მოიძოს.


წყარო: http://bible.optina.ru/

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან: http://biblia-zhivopis.ru

Share