IMG 8169

ცოდვილი ზაქეს სინანული და ქრისტესთან შეხვედრის წყურვილი – წმინდა ნიკოლოზ სერბი

ვისაც ქრისტეს ხილვა სურს, სულით ამქვეყნიურზე უნდა ამაღლდეს, რადგან ქრისტე ყოველივეზე აღმატებულია. მაღალი მთის დანახვა ბორცვიდან უფრო მარტივია, ვიდრე მდელოდან. ზაქე დაბალი იყო, მაგრამ ქრისტეს ხილვის დაუოკებელი წყურვილით მოცული, მაღალ ხეზე აძვრა.

ვისაც ქრისტესთან შეხვედრა სურს, თავდაპირველად უნდა განიწმინდოს, რადგანაც წმინდათა წმიდასთან შეხვდრა მოუსურვებია. ზაქე ვერცხლისმოყვარეობითა და გულსასტიკებით იყო შესვარული, მაგრამ როგორც კი ქრისტეს შეხვდა, სინანულითა და გულმოწყალებით განწმენდა აღარ დააყოვნა.

სინანული ყოველგვარი სიბილწის დატევებაა, რომლითაც ადამიანის ფეხები, აზრები და სურვილები დადიოდა და ახალ – ქრისტეს გზაზე შედგომაა. მაგრამ როგორ შეინენოს ცოდვით დასნეულებულმა ადამიანმა, თუკი საკუთარ გულში ღმერთს ჯერ არ შეხვედრილა და საკუთარი თავით არ შერცხვენილა? სანამ ტანმორჩილი ზაქე ხორციელი თვალებით იხილავდა ქრისტეს, ის ჯერ საკუთარ გულში შეხვდა მას და შერცხვა თავისი განვლილი გზისა.

სინანული ტკივილის განცდაა იმის გამო, რომ ცოდვილი ადამიანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდა საკუთარ თავს. იქამდე ატყუებდა, სანამ ამ მდგომარეობისგან ტკივილი არ განიცადა. თუმცა თავად ეს ტკივილი სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისკენ გვიბიძგებს, თუკი ღმრთის შიშთან არ არის დაკავშირებული. ტკივილი მხოლოდ ამ შემთხვევაში არ არის დამღუპველი. ღმრთის შიშთან ერთად პირიქით, მაკურნებელია. ნეტარმა ავგუსტინემ თავდაპირველად სწორედ ეს ტკივილი შეიგრძნო. ეს გაუსაძლისი ტკივილი სულიერადაც და ხორციელადაც დაღუპავდა მას, ღმრთის შიში და სირცხვილი რომ არ წამოსწეოდნენ სწრაფად.

სინანული საკუთარი შინაგანი კეთროვანების მოულოდნელი ხილვა და მკურნალისა და წამლის მიღების გულისმიერი ღაღადისია. შეუნანებელი ცოდვილი ბევრს ფიქრობს და ამტკიცებს, რომ მისი სული სრულად ჯანმრთელი და უცოდველია, სანამ ერთხელაც მოულოდნელად არ გაეხსნება სულიერი მხედველობა და არ დაინახავს, რომ მთელი მისი სული დაწყლულებულია. მაგრამ როგორ დავინახავთ სულიერ სნეულებას, თუკი სარკეში არ ჩავიხედავთ? თავად ქრისტეა ის სარკე, რომლის მიერაც თითოეული საკუთარ რეალურ სახეს ხედავს. ეს ერთადერთი სარკე მიეცა კაცობრიობას, რათა ყველა მასში იხედებოდნენ და ხედავდნენ, თუ როგორები არიან. ქრისტეში, როგორც ყოვლადუწმინდეს სარკეში, თავის სნეულებასთან ერთად, იმასაც ხედავს, თუ როგორი იყო დაცემამდე და როგორი უნდა გახდეს. ამრიგად, ცოდვილმა ზაქემ, რომელიც გარეგნულად ერთი შეხედვით ჯანმრთელი იყო, უფალ იესუ ქრისტეს მიერ საკუთარი საზარელი სნეულება აღმოაჩინა და ისეთი საშინელი ტკივილი შეგრძნო, რომ იესუს გარდა, სხვა მკურნალი ვერ უშველიდა.

სინანული თვითნებობისგან განკურნების დასაწყისი და ღმრთის ნების მორჩილების გზაა. საკუთარი ნებით ცხოვრებით, ადამიანი უმალვე კარგავს თავის სამეფო ღირსებას. საკუთარ ნებაზე აყოლით, არასოდეს არც ერთ ადამიანს არ შეუნარჩუნებია ადამიანობა. სახელი ადამიანისა, თვითნებობას არ ნიშნავს; ჭეშმარიტი ადამიანობა ზეციური მამის სრულ მორჩილებას ნიშნავს.

სინანული საკუთარ თავში ცოდვის მატლის აღმოჩენაა. ვაი მე, როცა ჩემში უკვე ამდენმა წურბელამ მოასწრო დაბუდება! ვაი მე, ვინ განმათავისუფლებს ამ საზარელი მატლებისგან?! ასე ღაღადებს შეძრწუნებული ცოდვილი, როცა სულიერი თვალი აეხილება და იხილავს, თუ როგორია სინამდვილეში შინაგანად.

დღევანდელი სახარებისეული საკითხავი ერთ-ერთი მონანული ცოდვილის, ტანმორჩილი ზაქეს ისტორიას აღგვიწერს. ის მაღალ ხეზე ავიდა, რათა უაღმატებულესი ქრისტე ეხილა; ის სინანულით განიწმინდა, რათა ყოვლადწმიდა ქრისტეს შეხვედროდა; ის ყოვლისშემძლე ქრისტეს ძალით ვერცხლისმოყვარეობისა და გულსასტიკების სულიერი სნეულებისგან განიკურნა. უფალმა მრავალი ცოდვილი მოაქცია, მრავალი დაკარგული იპოვა და მრავალი გზააბნეული ჭეშმარიტ გზაზე დააყენა. მაგრამ მან ისურვა, რათა სახარებაში დაწერილიყო სინანულის მხოლოდ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითები, რომლებიც ყველა თაობისთვის ტიპიური და ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა. პეტრე მოციქულის მაგალითი შიშისგან არაერთგზის დაცემისა და ქრისტეს სიყვარულით ნაკვები სინანულის მაგალითს გვიჩვენებს. მეძავი დედაკაცის განკურნება სიძვის სნეულებასა და მისგან კურნების მაგალითს წარმოაჩენს. ზაქეს მაგალითი ვერცხლისმოყვარეობის სნეულებსა და მისგან კურნებას გვიჩვენებს. ჯვარცმული ავაზაკი სინანულის ძლიერებასა და მის მაცხოვნებლობას გვიცხადებს. იმგარი სინანულისა, რომელიც სიკვდილის ჟამს ყველაზე სასტიკ დამნაშავეებსაც კი აცხოვნებს. ეს ყველაფერი სინანულის იმედის მომცემი მაგალითებია. სინანულის ეს სახეები იმისთვისაა მოცემული, რათა ჩვენ ყველამ ცხონების საკუთარი გზა ავირჩიოთ. ისეთი გზა, რომელიც ჩვენს დაცემულ მდგომარეობას შეესაბამება.

 არსებობს დამღუპველი და მომაკვდინებელი სინანულიც, რომელიც უიმედობისა და თვითმკვლელობისკენ მიგვიძღვის. ასეთი იყო იუდას სინანული. ამგვარი სინანული დემონურია და საკუთარ თავისა და მთელი სამყაროს მიმართ დემონური ბოღმის მატარებელია. თუმცა, მოდით ზაქეს მაცხოვნებელი სინანულის მაგალითზე შევჩერდეთ.

ეს მოვლენა მაშინ მოხდა, როცა უფალმა იერიქონში კიდევ ერთი საკვირველი სასწაული აღასრულა და ბრმა ბარტიმეოსს თვალი აუხილა. რაც ზაქეს შემთხვევაში აღესრულა, ბრმის განკურნების სასწაულზე ნაკლები როდია. ბარტიმეოსს ხორციელი თვალები აუხილა, ხოლო ზაქეს – სულიერი. ბარტიმეოსი ხორციელი თვალების სიბრმავისგან გაათავისუფლა, ხოლო ზაქე – სულიერი თვალების. ბარტიმეოსს ხორციელი სარკმელი გაუხსნა, რათა ამ მატერიალურ სამყაროში საკვირველი საღმრთო სასწაულები ეხილა, ხოლო ზაქეს შინაგანი სარკმელი გაუღო, რათა მას ზეციური სამყარო ეხილა. ბარტიმეოსის სასწაული ზაქეზე აღსრულებული სასწაულით განიმარტება. ხორციელი მხედველობის მოხვეჭა სულიერი მხედველობის მოხვეჭას ემსახურება. ქრისტეს მიერ აღსრულებული ყოველ სასწაულს სულიერი მიზანი აქვს და დაბრმავებული კაცობრიობის სულიერი თვალების ახელას ემსახურება, რათა მათ მიერ ცოცხალი ღმერთის მყოფობა, მისი ძლევამოსილება და გულმოწყალება ვიხილოთ. თუმცა ეს მიზანი ადამიანის თავისუფლებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ რეალიზდება, როგორც მაგალითად ათი კეთროვანის განკურნების შემდეგ, როდესაც მხოლოდ ერთმა გამოხატა მადლიერება(ლკ.17:12-20). მაგრამ აი ბარტიმეოსისა და სხვა მრავალ შემთხვევაში ეს მიზანი სრულადაა მიღწეული. როგორც კი უფლის სიტყვებით ხორციელი თვალები აეხილა, ბარტიმეოსს მყისვე აეხილა სულის თვალები და ღმერთის მყოფობა, მისი ყოვლისშემძლეობა და გულმოწყალება შეიცნო. ,,მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა’’(ლკ.18:43). მხოლოდ ბარტიმეოსმა კი არ ,,აღიხილნა’’, არამედ ამ სასწაულის მრავალმა თვითმხილველმაც: ,,და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა’’. სავარაუდოდ, ამ სასწაულმა ზაქეზეც იმოქმედა. უეჭველია, რომ მას იქამდეც სმენოდა იესუ ქრისტეს საკვირველი პიროვნებისა და მისი საკვირველი საქმეების შესახებ. ალბათ, სწორედ ამიტომ აღიძრა მასში ქრისტეს ხილვის ისეთი დაუოკებელი წყურვილი, რომ მისი განხორცილებისთვის მოუწია ტანით მასზე მაღალ, უამრავ ადამიანს შორის გზა გაეკვალა და შემდეგ ხეზე ამძვრალიყო. მეზვერეები ძალიან ცოდვილ და უწმინდურ ადამიანებად ითვლებოდნენ. კრეფდნენ რა ხალხისგან გადასახადებს, დიდი სისასტიკითა და გამომძალველობით გამოირჩეოდნენ. ამიტომაც მეზვერეები წარმართებს უტოლდებოდნენ (მათ. 18:17). თუკი მეზვერეები ასეთი საშინელი რეპუტაციით სარგებლობდნენ, წარმოგიდგენიათ მათ ერთ-ერთ მთავარს როგორი რეპუტაცია ექნებოდა? ის მეზვერეთა მთავარი, მდიდარი ადამიანი იყო, მას მრავალი დასცინოდა და მრავალსაც შურდა მისი. სიძულვილი და შური ორი ერთმანეთთან ახლოს მდგომი კედელია, რომელთა შორისაც მდიდარი ზაქეს სული იწნეხებოდა. თუმცა, ცოდვილ ზაქეში გაიღვიძა ადამიანმა ზაქემ, რომელიც საკუთარ ცოდვილ ,,მეს’’ დაუპირისპირდა და მთელი ძალებით ქრისტეს ხილვისკენ ამაღლდა. მას სურდა ეხილა ადამიანი, რომელსაც ცოდვა არ ჰქონდა. ამრიგად, ზაქე აძვრა ხეზე, რომელთანაც ქრისტეს უნდა ჩაევლო…

,,მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ’’(ლუ.19:5). ისიც მყისვე ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო. ამ სიტყვებით ჩანს, რომ პირველად ზაქემ კი არ დაინახა ქრისტე, არამედ ქრისტემ ზაქე. უფალი მაშინაც კი გვხედავს, როცა არც კი წარმოგვიდგენია და არც გვეფიქრება. იმ წამებში, როცა მთელი არსებით ვცდილობთ მის ძიებას და ხილვას, ის ჩვენს გვერდით დგას და გვიყურებს. ის მუდამ ჩვენს უწინარეს გვხედავს. ჩვენ საკუთარი გონების მზერას მისკენ რომ მივმართავდეთ, მას ვეძებდეთ და მასთან მყოფობა გვწყუროდეს, ის აუცილებლად შეგვხვდებოდა და სახელით მოგვიწოდებდა. ჩვენც უნდა გავშორდეთ ხორციელ ბრძნობას, მოუკლებელი ლოცვით დავაკავოთ გონება და ჩავიდეთ გულში – ჩვენს ჭეშმარიტ სახლში. ამ შემთხვევაში თითოეულ ჩვენგანს ეტყვის უფალი: ,,დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ’’. როდესაც ადამიანის გონება ცრემლით განბანილ გულში ჩავა, ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ძიებას დაიწყებს, მაშინ გული ქრისტეს მირქმის ადგილი ხდება. ეს არის ამ მოვლენის შინაგანი, სულიერი არსი.

როგორ არ მიიღებ მას, ვინც მკვდრებს აცოცხლებს, ქარიშხალს აცხრობს, შეპყრობილებსა და ცოდვილთა გაქვავებულ გულებს კურნავს? როგორ არ შეიგრძნობ გამოუთქმელ სიხარულს, როცა მას შენს სახლში მყოფს იხილავ? სახლში, სადაც ცოდვილის გარდა სხვისი ფეხი არ დადგმულა. უფალი სასოწარკვეთილ მეთევზეებს აურაცხელ თევზს აძლევს, ათასობით მშიერ ადამიანს აპურებს უდაბნოში, სნეულებს სიმრთელეს ანიჭებს და თანაც არამხოლოდ ხორციელს, არამედ სულიერსაც; ცოდვილებს კი ნაწილობრივ კი არ მიუტევებს, არამედ ყველაფერს პატიობს. ყველაფერში მისი მეფური ქმედებები, მეფური მოწყალება და მეფური გულუხვობა ვლინდება! ასეა ამ შემთხვევაშიც: ზაქეს მხოლოდ მისი ხილვა უნდოდა და ის არამხოლოდ ახილვინებს თავს, არამედ პირველი მიმართავს მას და მის სახლშიც შედის! ასეთია უფალი…

ამ ყველაფრის მხილველმა ადამიანებმა დაიწყეს დრტვინვა, ვერ იგებდნენ თუ როგორ შეიძლებოდა ქრისტე ცოდვილი ადამიანი სახლში შესულიყო. ჰოი, გამოუთქმელი უბედურება ადამიანისა – უკონტროლო ენა, რომელიც გონებას უსწრებს! სულით გაბოროტებულნი და გონებით დაუძლურებლნი დასცინიან და საყვედურობენ ქრისტეს, ნაცვლად იმისა, რომ მის მოტივაციას კარგად ჩაუღრმავდნენ და ზაქეს გულში აღსრულებული შესაძლო ცვლილებით გაიხარონ. თავიანთი მოკლე ჭკუით ფიქრობენ, რომ ქრისტე იმიტომ შედის ზაქეს სახლში, რომ არ იცის როგორი ცოდვილია ის. ასე განიკითხავდნენ ფარისევლებიც უფალს, როცა მან მეძავ დედაკაცს თავისი ფეხების დაბანის საშუალება მისცა. ,,ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს’’(ლკ.7:39). ასე მსჯელობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ხორციელი აზროვნებით ხელმძღვანელობენ და სხვებს მხოლოდ გარეგნულად აფასებენ, არ იციან არც ქრისტეს გულმოწყალება და არც ის, თუ რა ხდება სხვის გულში. ქრისტეს არა ერთხელ უთქვამს, რომ ცოდვილებისთვის მოვიდა ამქვეყნად. მკურნალი ჯანმრთელების მონახულებას კი არ იწყებს, არამედ ავადმყოფების. ასევეა ქრისტეც. განა ასე არ არის ექიმიც? როდესაც საავადმყოფიში შედის, ჯერ ყველაზე მძიმე ავადმყოფებთან მიდის. მთელი დედამიწა ერთი დიდი საავადმყოფოა და სავსეა ცოდვით დასნეულებული ადამიანებით. ქრისტესთან შედარებით ყველა ადამიანი სნეულია. ქრისტეს ყოვლისშემძლეობასთან შედარებით ყველა ადამიანი უძლურია; ქრისტეს მშვენიერებასთან შედარებით, ყველა უგვანია. ზეციური მკურნალი იმისთვის შემოვიდა ამ სამყაროში, რათა ტანჯულნი განეკურნა და პირველ რიგში ყველაზე მძიმედ სნეულები მოენახულებინა. ამიტომ ჭამდა და სხვამდა ცოდვილებთან; ამიტომ აძლევდა ცოდვილებს იმის უფლებას, რომ მათ თავიანთი ცრემლით განებანათ მისი ფეხები; ამიტომ შევიდა ზაქეს სახლში. როცა ზაქე ქრისტეს შეხვდა, მისი გული უცებ გარდაიქმნა და იმ წამს ის ჭეშმარიტად მეტად უფრო ჯანმრთელი, ძლიერი და მშვენიერი გახდა, ვიდრე ის მდრტვინავი და დამცინავი ადამიანები. მან ყველა ცოდვა შეინანა და მისმა გულმა უეცრად ფერი იცვალა. მისი გულის ცვლილებაზე მეტყველებენ შემდეგი ნიშნები:

,,აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი’’. ვინმემ თხოვა ან დაავალა ასე გააკეთეო? არავინ! ვინ დაადანაშაულა გამოძალვაში? არავინ. თავად ყოვლადწმიდა და უცოდველი ქრისტეს იქ მყოფობით ზაქემ უსიტყვოდ შეიცნო საკუთარ თავში ყველა დანაშაული და ამან უბიძგა მას აღსარებისა და ამ ნაბიჯების გადადგმისკენ. მონანულ გულს უსიტყვოდ ესმის ქრისტესი. მონანულ გულს უფალი უმალვე უცხადებს, თუ რა ნაბიჯები გადადგას და როგორ მოიქცეს. საკმარისია ადამიანმა ნამდვილად, გულისმიერად შეინანოს და ქრისტე თავისი ძალით მყისვე სინანულის საქმეებისკენ აღძრავს.  ჯერ კიდევ წმინდა იოანე წინამორბედმა უჩვენა კაცობრიობას ჭეშმარიტი სინანულის მთელი მეთოდიკა. თავდაპირველად მან ყველას სინანულისკენ მოუწოდა: ,,შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ’’, და ამის შემდეგ: ,,ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ’’(მთ.3:8). აი ცოდვილი ზაქე, რომელმაც შეისწავლა და აღასრულა ეს მეთოდიკა! როგორც კი ქრისტეს შესახებ გაიგო, ის საკუთარი თავის წინააღმეგ აჯანყდა, ყველაფერი გააკეთა, რათა ეხილა ის და გულწრფელად ეტკინა საკუთარი ცოდვილობა; ახლა კი, როცა ყოვლადკეთილმა მკურნალმა ასეთი ყურადღება მიაქცია და მის სახლში შევიდა, მან სინანულის ნაყოფებიც გამოიღო. მან იცის თავისი მთავარი სნეულება და არ აყოვნებს მთავარი წამლის მიღებას. ზაქეს სნეულება ვერცხლისმოყვარეობაა; მისგან განკურნების საშუალება კი – გულმოწყალება. ჯერ კიდევ ადრე ითქვა: ,,მოყვარე ვეცხლისა ვერ განძღეს ვეცხლითა’’(ეკლ.5:9). ზაქეს უყვარდა ვერცხლი და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ყველანაირი გზით, უმეტესად ცოდვისმიერი საშუალებებით ცდილობდა მის მოხვეჭას. არ არსებობს სამყაროში იმ ოდენობის ფული, რაც ვერცხლისმოყვარეს დააკმაყოფილებს. როგორც ცეცხლი ვერ იტყვის შეშა აღარ შემიკეთოთ, მეყო ამდენი წვაო, ასევე ვერც ვერცხლისმოყვარის ვნება ათქმევინებს ადამიანს: ,,საკმარისია!’’. ამ ვნებისგან ადამიანი მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ დააღწევს თავს. მისი ჩაქრობა მხოლოდ გულში დამკვიდრებულ ქრისტეს შეუძლია, რომელიც ადამიანში სირცხვილს აღძრავს და იმის შემეცნებას ანიჭებს, რომ ის ოქროსა და ვერცხლზე უსასრულოდ აღმატებულია.

მის გულზე ქრისტეს შეხების გარეშე, ზაქე მთელ ცხოვრებას ცოდვაში გაატარებდა, მოკვდებოდა, როგორც უარყოფილი და მოძულებული და მისი ხსენება დავიწყებას მიეცემოდა. მისი სახელი არც სახარებაში ჩაიწერებოდა მიწაზე, და არც ცოცხალთა წიგნში – ზეცაში. თუმცა, ცოცხალ ღმერთთან შეხვედრამ და მისმა შეგრძნებამ გააცოცხლა მისი ვერცხლისმოყვარეობით მომკვდარი სული და ახალ ადამიანად აქცია. ეს არის უკვდავი გაკვეთელი, რომელიც გვასწავლის იმას, რომ ცოდვის სნეულებისგან ვერავინ განიკურნება იესუ ქრისტეს გარეშე.

ნახეთ, როგორ აღიარებს ზაქე თავის ცოდვას, კი არ ამბობს, ჩემი სნეულება ვერცხლისმოყვარეობააო, არც ის უთქვამს, რომ ცოდვილი ვარო. არა, მან სინანულის ნაყოფები მიართვა უფალს და თავად ამ ქმედებით აღიარა საკუთარი ცოდვებიც და სნეულებაც. ,,აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი’’. განა ეს ვერცხლისმოყვარეობის ვნებისა და ცოდვისმიერი გზებით სიმდიდრის მოხვეჭის აღიარება არ არის? არც ის უთქვამს, შევცოდე და შემინდეო, მან საკუთარ გულში მდუმარედ უთხრა ეს ქრისტეს და მანაც უსიტყვოდ მიღო მისი აღსარება და სინანული. მისთვის მეტად მნიშვნელოვანია ადამიანმა გულით აღიაროს თავისი სნეულება და უძლურება, ვიდრე მხოლოდ ენით. ენა შეიძლება ტყუოდეს, ხოლო გული – არა.

 შეხედეთ, როგორ ძალისხმევას მიმართავს ზაქე, რათა წყვდიადიდან სინათლეში შევიდეს და ვერცხლისმოყვარეობის წყეული ვნება განაგდოს! ის უმალვე აღთქმას დებს, რომ თავისი ქონების ნახევარს გლახაკებს მისცემს. ეს ის ზაქეა, რომელიც თავისი თითოეული მონეტით ტკბებოდა და ყველაფერს ადამიანთა თვალისგან მოშორებით მალავდა. მან იქამდე არ იცოდა, თუ რამხელა ნეტარებაა გაცემა! მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ის იმდენად ცდილობს გამოასწოროს თავისი დანაშაული, რომ ოთხმაგად ანაზღაურებას ჰპირდება. მოსეს რჯული გაცილებით მსუბუქად ექცევა ადამიანებს, ვიდრე ზაქე საკუთარ თავს. მოსეს რჯულში ნათქვამია: ,,თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება, აღიარონ თავიანთი ცოდვა, რაც ჩაიდინეს, მთლიანად ზღონ, რაც დააშავეს, მეათედიც დაუმატონ და მისცენ მას, ვის წინაშეც დანაშაული აქვთ’’(რიცხვ. 5:6-7). ასეთი ქმედება განეწესებოდა მათ, ვინც თავის ცოდვას აღიარებდა. ამის მიხედვით, თავისი ცოდვის აღიარების შემდეგ, ზაქეს იმდენი უნდა დაებრუნებინა თოთოეულისთვის, რამდენიც წაართვა და დამატებით ამ რაოდენობის მეათედი მიეცა. მაგრამ ზაქე კიდევ უფრო მკაცრად ექცევა საკუთარ თავს და იმ განჩინებას განიწესებს, რომელიც რჯულის მიხედვით ქურდებსა და თაღლითებს ეკუთვნოდათ. მას სურს, რომ ვინც დააზარალა, ოთხმაგად აუნაზღაუროს(გამ: 22:10). ამრიგად, ჭეშმარიტი მონანული სხვების მიმართ გულმოწყალე ხდება, ხოლო საკუთარი თავის მიმართ – მკაცრი.

,,ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს’’. ასეთი იყო ქრისტეს პასუხი ტანმორჩილი ზაქეს გულისმიერ სინანულზე, სულიერ სიხარულსა და მისი სინანულის ნაყოფებზე.

,,რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა’’. ასეთი იყო უფლის პასუხი მათ მიმართ, ვინც მას ცოდვილი ადამიანის სახლში შესვლის გამო კიცხავდა. როცა ისინი ამის გამო დრტვინავდნენ და აღშფოთებას გამოხატავდნენ, მაცხოვარი დუმდა და იცდიდა. რას ელოდებოდა? ელოდებოდა ზაქეს და ამ გულსასტიკი ადამიანების გულის ბოლომდე გახსნას. მიუშვა დემონი, რათა მათ ბოროტებას ბოლომდე გამოევლინა თავი, რათა ყველასთვის უფრო ნათელი და თვალსაჩინო ყოვილიყო მისი საბოლოო დამარცხება. ასეთია გამარჯვების საღმრთო ,,ტაქტიკა’’. უფალი არ ჩქარობს ბოროტებასთან პირველსავე შეხვედრისას უცებვე გამოავლინოს ეშმაკის სისუსტე და თავისი ძლიერება, არამედ იცდის მანამ, სანამ ბოროტება ბოლომდე არ გამოავლენს თავს, რათა თავისი სიტყვით საბოლოოდ გაანადგუროს ის. გოლოგოთაზე მიწიერ და ჯოჯოხეთურ ძალებს მისცა თავისუფლება და ამის შემდეგ, მკვდრეთით აღდგომის მიერ, მალევე უჩვენა დედამიწასაც და ჯოჯოხეთსაც თავისი გაუგონარი და უსასრულო ძალა.

ასეთ მეთოდს იყენებს უფალი ზაქეს შემთხვევაშიც. ის მშვიდად მიდის ზაქეს სახლისკენ; მდრტვინავები დრტვინავენ, დამცინავები დასცინიან, ხოლო ის დუმს და მიდის. შედის ზაქეს სახლში და ეს თვითმარქვია ,,მართლები’’ ზღურბლს მიღმა რჩებიან იმის შიშით, რომ ცოდვილის სახლში შესვლით არ წაიბილწონ. ისინი კიდევ უფრო დიდი ძალით ყვირიან, დრტვინავენ და დასცინიან. ბოროტების ტრიუმფი აპოგეას აღწევს და ყველა დამცინავი, მდრტვინავი და მყვირალი დარწმუნებულია თავის სიმართლესა და ქრისტეს სიმცდარეში. ჰგონიათ, რომ კარგად იცნობენ ზაქეს, ხოლო ქრისტე საერთოდ არ იცნობს, ისინი მტკიცედ მისდევენ რჯულს, ხოლო ქრისტე არღვევს. ის ხომ ცოდვილის სახლში შევიდა! ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მიდიან მათი აზრით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ქრისტე არც ჭეშმარიტი მასწავლებელია, არც წინასწარმეტყველი და მით უმეტეს, არც მესია; ის აქედან რომელიმე მაინც რომ ყოფილიყო, ეცოდინებოდა ვინცაა ზაქე და მის სახლში არ შევიდოდა. ისინი ფიქრობდნენ: ,,აი ჩვენ, იერიქონელემა ქრისტე გამოვიჭირეთ და ახლა მსოფლიოს გადავარჩენთ იმ დიდი ტყუილისგან, რომ ის თითქოს მესიაა!’’. აი მათი ,,ტრიუმფი’’ და მათი ,,გამარჯვება’’. აი ბოროტების აპოგეა. ამ დროს კი ზაქე იზრდება, უფრო და უფრო კეთილი ხდება და უფრო მეტად იქცევა ახალ ადამიანად. უფალი მეტ ყურადღებას ზაქეს განახლებულ გულს აქცევდა და მშვიდად იცდიდა, სანამ ყველაფერი ბოლომდე არ აღსრულდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ იტყოდა ის თავის სიტყვას. როდესაც ბოროტებამ აპოგეას მიაღწია და ცოდვილი ზაქეს გულში აღმართული მტკიცე კედელი დაინგრა, ამ უკანასკნელმა უეცრად ყველასთვის მოულოდნელი სიტყვები წარმოთქვა: ,,აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი’’. განა ეს შავი ღრუბლის გამფანტველი მეხის გავარდნა არ იყო? ახლა უეცრად რატომ დადუმდით იერიქონელებო? ახლა უფრო მეტად რატომ არ ყვირიხართ, დრტვინავთ და დასცინით? ვინ მოტყუვდა, ქრისტე თუ თქვენ? ვინ უკეთ იცნობდა ზაქეს: თქვენ თუ ქრისტე? ახლა ვინ უფრო არის დიდი მართალი: თქვენ თუ ზაქე?

როგორი მშვიდი და მოწყალეა ქრისტე! უბოროტო კრავის მსგავსად დგას უხულავ მგელთაგან გაბოროტებულ ადამიანთა შორის. როგორი მშვიდი და თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია აქაც, როგორც ყველგან! როგორ მშვიდად ელის თავის ჟამს! როცა მისი დრო მოდის, ის ჯერ სნეულს მიმართავს, რომლის გამოც გზიდან გადაუხვია და მის სახლში შევიდა:  ,,დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს’’. ამ სიტყვებით ზეციურმა ექიმმა სნეულს აცნობა, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა, მზადაა საავადმყოფოდან გაწერისა და ჯანმრთელ ადამიანებთან შეერთებისთვის.

მის თვალებს ჩამოშორდა სიბრძმავე და ახლა უკვე თავისუფლად შეუძლია სიმართლისა და გულმოწყალების გზაზე სვლა. იმისათვის, რომ ქრისტეს სიტყვები ყველასთვის გასაგები ყოფილიყო, ის ბოლოს ამატებს: ,,რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს’’. ის არის აბრაამის მემკვიდრე სულითა და ჭეშმარიტებით და არამხოლოდ სახელითა და სისხლით, რითიც სხვები ტრაბახობდნენ! აბრაამი კაცთმოყვარე, სტუმართმოყვარე, უპოვარი, მშვიდი, მდაბალი, ღმრთის შიშით, ცოცხალი რწმენითა და სიხარულით აღსავსე იყო. აი ასეთი გახდა ზაქეც. აი სწორედ ამ სათნოებების წყალობით გახდა აბრაალი ღირსი, რათა ყოველი მართლის სულიერ მამად წოდებულიყო. ამიტომაც, სინანულის მიერ ზაქე მისი ჭეშმარიტი შთამომავალი და სულიერი შვილი ხდება. ქრისტე ამას ხმამაღლა ადასტურებს ზაქეს სანუგეშოდ და ამავდროულად იქ მყოფი ხალხს განსასწავლად.

ძმებო და დებო, ხომ იცით, რომ ეს სიტყვები ჩვენც გვეხება? ხომ იცით, რომ ჩვენც ის ცოდვილები ვართ, ვის გამოც ღმერთი ადამიანად მოვიდა?
იჩქარეთ, რომ ზაქეს მსგავსად ახვიდეთ სიმაღლეზე და ქრისტე იხილოთ. სხვა დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. ამაღლდით მიწიერი გზიდან, რომელზეც აქამდე დადიხართ, აძვერით ,,მაღალ ხეზე’’: ის აუცილებლად ჩაივლის მახლობლად და შეხვდებით. ჰოი, რაოდენ ყოვლადნეტარია ის, ვისაც ქრისტეს უტკბილესი ხმა მოუხმობს. მისი სიტკბოებით ძღებიან ანგელოზნი!

სინანული ქრისტეს სასუფელვლისკენ აღმავალი კიბის პირველი საფეხურია. არასდროს არავის არ დაუბიჯებია მეორე საფეხურზე, თუკი ჯერ იქამდე პირველზე არ ასულა. სინანულია ზეცის კარზე რეკვაა. რამდენიც გინდათ აკაკუნეთ და მუშტები ურტყით რომელიღაც სახლის კედლებს, თქვენს ხმას მაინც ვერ გაიგებენ და ვერავინ გაგიღებთ. კარებზე დააკაკუნეთ და გაგიღებენ. სინანული კედელზე კაკუნი კი არ არის, არამედ იმ კარზე, რომლის მიღმაც ნათელი და მარადიული სიცოცხლეა. ვინც ჭეშმარიტად შეინანა და ზეციური მამის სახლში შესვლა ინება, მან უკვე დააკაკუნა იმ კარზე, რომლის მიერაც ამ სახლში შესვლა შეიძლება.

ვერცხლისმოყვარეობა აბრმავებს, ხოლო ქრისტე მხედველობას ანიჭებს. ვერცხლისმოყვარობა ადამიანს მარტოსულად აქცევს და მონობის უღელს ადგამს. ქრისტეს კი მარტოობიდან გამოჰყავს ეს მარტოსული და ზეციურ კრებულში შეჰყავს, საკვრელებს ხსნის მონას და ანიჭებს თავისუფლებას. ყველა მონანულს საკუთარ თავს უცხადებს, ხოლო ვისაც უცხადებს, მისთვის ცხადდება ზეციური საიდუმლოებანიც და ის წარუვალი საუნჯეც, რომელიც ღმერთმა სამყაროს შექმნამდე განუმზადა თავის მოყვარულებს.

უფალსა და ღმერთსა ჩვენსა, იესუ ქრისტესა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


წყარო: http://pravoslavie.ru

Share