ioseb vatopedeli 3

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეორე: მონაზვნური მოწოდება სტავროვუნის მონასტერში

სულიერი ბრძოლები სტავროვუნის მონასტერში და მადლის გამოცდილება

ამ სავანესა და ამ სულიერი, ნამდვილი ასკეტური ტრადიციების მქონე მონაზვნების გარემოში მოუწოდა ღმერთმა სოკრატეს. მონასტრის ტიპიკონი, როგორც ავღნიშნეთ, ათონური იყო, რადგან მამების უმეტესობა თავის დროზე იქ მოღვაწეობდა. დასვენებისთვის ოთხიოდე საათი თუ რჩებოდა, რადგან ღმრთისმსახურებაც გრძელი იყო და საველე სამუშაოებზეც ბევრი დრო იხარჯებოდა.  იმ ხანებში ბერ კვიპრიანეს ინიციატივით მონასტერმა სასიცოცხლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებას აქტიურად მიჰყო ხელი, რათა თავი აერიდებინათ შემოწირულობების შეგრობისთვის, რაც ზედმეტ ვალდებულებებსაც ბადებს და ძმების მყუდროებასაც არღვევს.

   სოფელში გაზრდილი სოკრატე, ბავშვობიდან მიწასთან და პირუტყვთან მუშაობას მიჩვეული, ბუნებით ენერგიული და იმ ახალგაზრდული მოშურნეობით სავსე, რომელსაც ღმერთი დამწყებ მონაზვნებს აძლევს, თავდაუზოგავად და თავდადებით მიეცა მონაზვნურ შრომისმოყვარეობას.

  სავანის მომავალი წინამძღვარი გერმანე მაშინ ჯერ კიდევ დიაკვანი იყო, ამიტომაც მორჩილის სულიერი ზედამხედველობა ბერ კვიპრიანეს ჰქონდა დავალებული. მომავალი იღუმენი სხვა მამებთან ერთად მრავალი საათის განმავლობაში შრომობდა მინდვრებში როგორც უბრალო მონაზონი. დიაკვან გერმანესგან სწავლობდა სოკრატე სულიერ მოღვაწეობაში სიზუსტის დაცვასა და კინობიის წესებს. არასოდეს შეჭამდნენ ტრაპეზის გარდა. ერთხელ, მკის დროს, ძმები ძალიან დაიღალნენ და ერთმა ძმამ ითხოვა, რამე ტკბილეული ეყიდათ სანუგეშოდ.  დიაკვანმა გერმანემ თქვა: ,,არა. დღეს მონასტრის ტრაპეზზე ტკბილეული არ იყო და  ამიტომ ჩვენც ნუ შევჭამთ“.

    მორჩილი სოკრატე ყველას თავდაუზოგავად და სიყვარულით ემსახურებოდა. ბერი იხსენებდა: ,,სტავროვუნისში რომ დავიწყე მონაზვნური ცხოვრება, ღმერთის მადლით, ვერ ვგრძნობდი, მქონდა სხეული თუ არა,  სხეულის სიმძიმის შეგრძნება არ მქონდა. სადაა ახლა ის მოშურნეობა?! სადაა ახლა ის მადლი?! სადაა ის შემართება, რომლის წყალობითაც ერთ საქმეს მოვრჩებოდი თუ არა, მეორეზე გავრბოდი. მეორეს დავასრულებდი და მაშინვე მესამის დასახმარებლად მივეშურებოდი. თექვსმეტი წლისა ვიყავი და მთელი დღე ვთოხნიდი და მოსავალს ვიღებდი. ერთხელ, საქმის შემდეგ მეცხრე ჟამნისა და მწუხრისათვის მონასტერში რომ ვბრუნდებოდი, დაღლილობისგან უნაგირზე მჯდომს ჩამეძინა და გადმოვვარდი. წმინდა ბარბარეს ეკლესიაში რომ მივდიოდი, მნათეც ვიყავი, მედავითნეცა და კანონარქიც.[1] მე თვითონ ვთავაზობდი მამებს, ამ ყველაფერს მე გავაკეთებ – მეთქი, არავინ მაძალებდა. ჩემთვის ვამბობდი: სირცხვილია უფროსმა მამა სტეფანემ იაროს კანდელის ასანთებად-მეთქი…“[2]

   რადგანაც სოკრატე გამორჩეულად ხელმარჯვე იყო, ძალიან მალე მონასტრის მთელი სამწყსო ჩააბარეს. ეს ძალიან შრომატევადი საქმე იყო, რადგან თითქმის ყველაფერს თვითონ აკეთებდა: პირუტყვზე და მის თავშესაფარზე ზრუნვით დაწყებული, რძის პროდუქტების დამზადებით დამთავრებული. მაგრამ იგი ამასაც არ სჯერდებოდა და წელებზე ფეხს იდგამდა მუშაობაში. ამბობდა: ,,იყო დრო, როცა 90 დღე-ღამის განმავლობაში ოფლიანი ვიყავი. ფიცრებზე მეძინა და მეგონა ლეიბზე ვარ წამოგორებული- მეთქი. აი, რა შეუძლია მოშურნეობას“[3]. თანაც, ამგვარი უკიდურესი შრომისმოყვარება არა თუ არ ამწუხრებდა, არამედ პირიქით, როგორც თავად ამბობდა, მისი სული შინაგანად ისეთი სიხარულით იყო სავსე, რომ ეგონა სამოთხეში იყო.

   იმხანად მონასტრის საძმოს რიცხვი გაიზარდა და ამიტომ იძულებულები გახდნენ გამოსაცდელი მორჩილები და ზოგიერთი მონაზონიც კი წმინდა ბარბარეს სახელობის მეტოქში გადეყვანათ. თვითონ სავანე მთის მწვერვალზეა, ხოლო მეტოქი-მთის ძირში. მარტო მორჩილების რიცხვი თვრამეტს აღწევდა. ხოლო, რადგან ამდენი სენაკი არ არსებობდა, თითო კელიაში სამ-სამი კაცი ცხოვრობდა: ერთი ასაკოვანი და ორი ახალგაზრდა.

   სოკრატემ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ სამი ზამთარი იარა სკოლაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწავლის დიდი წყურვილით, საკუთარი გარჯით, დაუღალავი ახალგაზრდული გონებით და სულიწმიდის განათლებით, რომელმაც ასე საოცრად გამოიყვანა იგი საერო ცხოვრებიდან, მცირე დროის განმავლობაში შეძლო არა მარტო უშეცდომოდ ესწავლა წერა-კითხვა, არამედ ყველა იქ არსებული წიგნი წაეკითხა და ღრმადაც შეესწავლა.

 მოგვიანებით, როდესაც უკვე თავისი საძმოც  ჰყავდა, ჩვენი სულიერი სარგებლისათვის ამას გვეუბნებოდა: ,,ჩემს პირველ მონასტერში მინიმუმ თექვსმეტი საათი ვმუშაობდი დღე-ღამეში, მაგრამ მაინც მოვახერხე სამჯერ წამეკითხა მთელი ძველი აღთქმა, ასევე ორჯერ თუ სამჯერ -თოთხმეტივე სვინაქსარი [4]; დანარჩენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ტროპარ-კონდაკები და საგალობლები ხომ სულ ზეპირად ვიცოდი. თავს კი არ ვიქებ, არამედ მინდა გითხრათ, როგორი იყო ჩვენი ცხოვრება, რათა თქვენც სარგებელი მიიღოთ. არასდროს დავმსხდარვართ ამაოდმეტყველებისა და ჭორაობისთვის. დავამთავრებდით თუ არა სამუშაოს, წიგნი გვეჭირა ხელში. მადლობა ღმერთს, წიგნები უხვად გვაქვს. წიგნები თქვენთვის მოშურნეობისა და ძალის წყარო უნდა იყოს. სულიერი წიგნები უბრალო ლიტერატურა კი არ არის, არამედ წმინდა მამების სიტყვებია, ხოლო წმინდანები :,,არა ნებითა თვისითა იტყოდეს, არამედ წუევითა სულისა წმიდისათა იტყოდეს და დაწერეს“[5]. ამას ჩვენთვის სიცოცხლის ფასი აქვს. წმინდა მამებმა მაშინვე იცოდნენ, რომ მომავალში ამგვარი სულიერი გვალვა დადგებოდა, და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თავმდაბლები იყვნენ, ჩვენს სანუგეშოდ დასხდნენ და თავისი გამოცდილება დაგვიწერეს, რათა გვქონოდა ის, რაც ახლა გაგვაჩნია“[6].

  ბერს უყვარდა ახალი აღთქმის, პატერიკის, ,,ევერგეტინოსის“, ტროპარ-კონდაკების და სხვა საგალობლების ზეპირად სწავლა. როგორც თვითონ ამბობდა, მონაზვნურ ცხოვრებაში პირველი კონდაკი, რომელიც ზეპირად ისწავლა,  იყო ხორციელის კვირის: ,,რაჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქვეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდენ ყოველნი დაბადებულნი;  მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე და საშინელად ოხრვიდეს; წიგნნი განეხვნენ და დაფარულნი გამოსცხადნენ. მაშინ მიხსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა და ღირს მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო.“  სულ მალე უკვე შეძლო ზეპირად ეთქვა მთელი მათეს სახარება, ხოლო დანარჩენი სამის – უმეტესი ნაწილი, პატერიკისა და ,, ევერგეტინოსის“ უამრავი ციტატა.

  ის ამბობდა: ,,როდესაც მონასტერში მივედი, კითხვაც კი არ ვიცოდი. ასოებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს. მკითხეს, კითხვა იციო? მეც დამაჯერებლად ვუპასუხე, დიახ-მეთქი. მაგრამ არ დამიჯერეს და სასინჯად რაღაც წამაკითხეს. ასეთ ადვილ დავალებას თავი გავართვი. მაშინ საკითხავად ერთი ადვილი წიგნი მომცეს, რომელსაც ,,სულიერი სარკის შესახებ“ ეწოდებოდა და ეხებოდა სულის თვისებებს. წმინდა ბარბარეს მეტოქის მაშინდელი ბიბლიოთეკა სოფლის აფთიაქისხელა იყო. შეიძლება დღემდეც არსებობს. მასში ინახებოდა: 12 თვის სვინაქსარი, წმინდა ნიკოდიმე მთაწმიდელის ,,უხილავი ბრძოლა“ და ,,სულიერი სავარჯიშოები“, იოანე სინელის ,,კიბე“, ერთი ,,ევერგეტინოსი“, ღირს ეფრემ ასურის ერთი ტომი და საძმო ,,ზოის“ რამდენიმე წიგნი. ეს იყო და ეს. მაშინ სტავროვუნიში  თუ დღე-ღამეში 18 საათს იმუშავებდი, პირველი კაცი იყავი; თუ თექვსმეტს – უფრო ნაკლები.  თორმეტს – საერთოდ ხმა არ გქონდა ამოსაღები. ჩვენ, საწყლები, დასვენებისთვის დროს ვერ ვპოულობდით. უქმე დღე არ არსებობდა. თუ საეკლესიო კალენდარი უქმეს უჩვენებდა, ეს მხოლოდ შუადღემდე იყო ძალაში, შემდეგ კი – ისევ მუშაობა. როდისღა დაგვესვენა, ღმრთისმსახურება ხომ შუადღემდე გრძელდებოდა. ერთი მხრივ, ჟამნში მითითებულ ყველა მსახურებას ვასრულებდით, ხოლო ზეთითა და ღვინით არასდროს ვიხსნილებდით, მიუხედავად იმისა, რომ ტიპიკონი ერთსაც და მეორესაც ითვალისწინებდა. როდისღა უნდა წაგვეკითხა რაიმე? გულახდილად გეუბნებით: ორი წელი არ მქონდა გატარებული მორჩილებაში ( ანაფორის ლოცვა ექვსი – შვიდი წლის შემდეგ წამიკითხეს), რომ ,,ევერგეტინოსის“ ოთხივე ტომი თითქმის ზეპირად ვიცოდი. მეც მიკვირს: კითხვისთვის დროს როგორ ვპოულობდი? სვინაქსარი რამდენჯერმე მქონდა გადაფურცლული!“[7].

    ,,ფილოკალიას“ ორიგინალურ ტექსტში კითხულობდა[8]. ახალ ბერძნულზე გადმოტანილი ტექსტები არ მოსწონდა. რადგან დარწმუნდა, რომ იქ ბევრგან აზრი იცვლებოდა. ,,ევერგეტინოსი“ და    ,,ფილოკალია“ მისი უსაყვარლესი წიგნები იყო, რომლებსაც ცხოვრების ბოლომდე არ განშორებია. მახსოვს, თუ როგორ აქებდა ევერგეტის მონასტრის წინამძღვარ  პავლეს, რომელმაც წმინდა მამათა ბრძნული გამონათქვამები შეკრიბა, თემატურად დაახარისხა და ეკლესიას მზა სულიერი საკვები მიართვა თავისი წიგნის ,,ევერგეტინოსის“ სახით.


[1]  კანონარქი, კანონარხი – ბერძ. ,,კანონის ხელმძღვანელი, დამწყები“. ღმრთისმსახურებაში მონაწილე მონაზონი, რომლის ფუნქციაც არის – მგალობლებს საგალობელი ტექსტი უკარნახოს (ქართული სიტყვა ,,კარნახი“ ეტიმოლოგიურად ამ სიტყვიდან მომდინარეობს).

[2] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წ.

[3] იქვე

[4] თორმეტი თვის, დიდმარხვისა და სულთმოფენობის პერიოდის საკითხავები.

[5] იხ. 1 პეტ. 1,21

[6] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 2000 წლის 4/17 დეკემბერი

[7] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წ.

[8] წმინდა მამების ძველბერძნული ენა დიდად განსხვავდება თანამედროვე, სასაუბრო, გამარტივებული ენისგან. ეს უკანასკნელი ლექსიკითაც და გრამატიკული ფორმებითაც უფრო ღარიბია და ამიტომ ხშირად ვერ ძალუძს ზუსტად გადმოსცეს ის ღრმა, ლაკონური აზრი და ემოციური დატვირთვა, რომელიც ორიგინალურ ტექსტს აქვს.

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020