დედის მონაზვნად აღკვეცა
1962 წლის თებერვალში ჩვენი მოძღვრის უმცროსმა სულიერმა ძმამ, მამა ეფრემმა, თავისი დედა მონაზვნად აღკვეცა. ამან ჩვენი მამა იმისკენ წააქეზა, რომ მასაც დედა მონაზვნად აღეკვეცა. დიდმა ბერმაც ხომ საკუთარი დედა ანგელოზებრივი სქემით შემოსა და სახელად აგათანგელი დაარქვა. გასული იყო 16 წელი, რაც ბერი ათონზე ცხოვრობდა. ის თავის წერილში წერდა: ,,ეფრემმა დედა მონაზვნად აღკვეცა და თეოფანო დაარქვა… მეც მინდოდა დედაჩემი გარდაცვალებამდე მონაზვნად მეხილა. სულ ამას მთხოვს და თანაც უკვე საკმაოდ ხნიერია. დიდად მოვალე ვარ დედაჩემისა, რადგან მონაზონი მან გამხადა და ათონზეც მან გამომიშვა. რაც ვარ და რა გზაზეც ვდგავარ, მისი ლოცვა-კურთხევის წყალობითაა. ღმერთის ნება იყოს!“.
1963 წლის თომას კვირას ბერების – არსენისა და ეფრემ კატუნაკელისგან კურთხევა აიღო, რომ დედა უკანასკნელად მოენახულებინა. იმავე წლის ივნისში მონაზვნად აღკვეცა, ოღონდ სახელი არ შეუცვლია. შემოდგომაზე, წმინდა დიმიტრის ხსენების დღეს მონაზონი ევგენია გარდაიცვალა. მოძღვარი მ. პანტელეიმონს წერდა: ,,უკვე მოგწერე რას ვფიქრობდი დედაჩემზე. ვკითხე მოძღვარს (მ. არსენს) და მითხრა, წადი, იქნებ მონაზვნად აღკვეცოო. გადაწყვეტილება მივიღე და აღდგომის მერე უკვე წავიდოდი კიდევაც, მაგრამ მ. ეფრემის დაბრუნებას ველოდები. კარგია, რომ ბერმა თქვა, მონაზვნად აღკვეცეო, რადგან, როცა ამას დედაჩემს ვეუბნებოდი, ყოველთვის თანახმა იყო. ახლა მოხუცდა კიდევაც, სახლში დარჩება. მამა ეფრემმაც ასე მითხრა: ჯობს შინ დატოვო, ვიდრე სხვა ადგილასო… მამა გიორგი, სერბი, ახლა აქაა. ვუთხარი მის თანამემამულეზე, რომლის შესახებაც მომწერე. ვიცნობო, მითხრა. ჩვენთან ერთად უნდა დარჩენა და ამიტომ სულთმოფენობის შემდეგ იქნებ კალივა ავუშენოთ, – დაზგა რომ ინახება, სადღაც იქ“.
სიყვარული და თავგანწირვა
მოძღვარი არა მარტო სკიტისთვის საჭირო სახსრების მოპოვებაზე ზრუნავდა, როგორიც, მაგალითად, წყალგაყვანილობა იყო, არამდე, მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, საერთო ფიზიკურ საქმეებშიც იღებდა მონაწილეობას. ის წერდა: ,,წახვედით თუ არა, მეორე დღესვე სკიტის საერთო სამუშაო დავიწყეთ, მთაში მილებს ვამაგრებთ. მოვკვდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ძალიან დავიღალე. დღეს და ხვალ კიდევ წავალთ, რომ ვნახოთ, კიდევ არის რამე გასაკეთებელი, თუ არა“.
1962 წლის სექტემბერში ბერი წმინდა უვეცხლოთა კალივაში ცხოვრობდა და ამიტომ ჯერ კიდევ ვალდებული იყო, სკიტის საერთო სამუშაოებში მიეღო მონაწილეობა, ძალიან კი ღლიდა მამებს შორის განუწყვეტელი კამათი.
ძალიან უყვარდა და ესრაფოდა მდუმარებას. წერილში წერდა: ,,ჩემი აქაური განაწესი აღარ მაკმაყოფილებს. იქნებ გაზაფხულზე ძველ კალივაში დავბრუნდე. მოძღვარს შევუთანხმდი, რომ უფრო მაღლა გადავა: უჭირს ხოლმე ეკლესიაში ასვლა, განსაკუთრებით, ღამე. ამგვარად, ჩემთვისაც კარი იხსნება“.
როგორც უკვე ვახსენეთ, ამ დროისთვის დიდი ბერის პირველი ბიოგრაფია უკვე დაწერილი ჰქონდა, მ. პანტელეიმონს კი ამერიკაში იმ პირობით გაუგზავნა, რომ მანამ არ გამოაქვეყნებდა, სანამ თვით ბერისგან არ მიიღებდნენ რამე ნიშანს. ამის შესახებ თავად ასე გვიამბობს: ,,როდესაც მოძღვრის ცხოვრებას ვწერდი და დაახლოებით შუა ნაწილს მივაღწიე, რაღაც უიმედობამ შემიპყრო და წერა სრულიად შევწყვიტე. მრავალი დღის შემდეგ, თანაც ისე, რომ არავინ იცოდა რა მოხდა, ერთ მშვენიერ დილას მ. თეოფილაქტე მხიარული სახით მეუბნება: ,,დღეს ჩვენი ბერი იოსები ვნახე და ორი ბეჭედი მომცა შენთვის. ერთი მზად იყო, ასოები ამოტვიფრული ჰქონდა, ხოლო მეორე – დაუმთავრებელი. რა ვუთხრა, რა უქნას ამ ბეჭდებს-მეთქი, ვკითხე. მითხრა: ,,შენ მიეცი და თავად იცის“. მაშინ მივხვდი, რა აზრი ჰქონდა ამ ჩვენებას: მისი შუაზე გაწყვეტილი ბიოგრაფია უნდა გამეგრძელებინა და დამესრულებინა. მართლაც, ამ ამბის შემდეგ შემართება მომეცა და ადვილად დავასრულე დაწყებული საქმე“.
1963 წლის ნოემბერში ბერი ისევ თავის ძველ სოხასტერში იყო, სკიტის გარეთ. მას სურდა სათნოებათა ის დიდი სიტკბოება ეგემა, რაც სრულ მდუმარებას მოაქვს. ადგილსამყოფელს საკუთარი ფიზიკური შრომით აწესრიგებდა: ,,ვიფიქრე რაღაცას შევაკეთებ კალივაში-მეთქი და ძალიან დავიღალე. კუჭი ძველებურად ამტკივდა, ხოლო ყელი სრულიად გადამეკეტა – მღვდელს ასამაღლებლებზეც კი ვერ ვცემ პასუხს“. მოღვაწეობა დიდი ბერის მიერ ნასწავლი განაწესით გააგრძელა, წირვაზე კი მამა ხარლამპის კალივაში ადიოდა. ,,მე და მამა ხარლამპი ყოველდღე წირვას ვატარებთ მარტონი და ღმრთისმშობლის პარაკლისსაც ვიხდით თქვენთვის“.
იმხანად კუჭმა ბერი ძალიან შეაწუხა. მხოლოდ ცომეულის ჭამაღა შეეძლო. როდესაც ტიპიკონი უზეთო მარხვას ითვალისწინებდა, თავს ნებას არ აძლევდა სნეულების გამო ზეთიანი საჭმელი ეხმია. მხოლოდ ცომეულს ჭამდა, ზეთით ან უზეთოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა ჰქონდა და უკვე აღარც იყო ვალდებული, რომ სკიტის საერთო სამუშაოებში მიეღო მონაწილეობა, სხვებთან ერთად მაინც მზადყოფნითა და გულმოდგინებით ირჯებოდა. საქმე ის არის, რომ ის მამები, ვინც სკიტის კოშკის გაღმა უეკლესიო კალივებში ცხოვრობენ, სკიტის მკვიდრებად აღარ ითვლებიან და პირდაპირ წმინდა პავლეს მონასტერზე არიან დამოკიდებულები. შესაბამისად, საერთო საქმეებისგან თავისუფლდებიან.
ბერის თავგანწირვის შესახებ სკიტის ერთ-ერთი ცხონებული ბინადარი, მამა კონსტანტინე, დიდი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ხოლმე. ერთხელ ჩვენი მოძღვარი სხვა მამებთან ერთად მთაში წასულა, რათა სკიტის მომმარაგებელი წყლის წყაროები გაეწმინდათ. ყოველ წელს უამინდობის შემდეგ წყაროები იმღვრეოდა. მრავალი საათის განმავლობაში ნიჩბებით უნდა გაეწმინდათ მიწისგან, ტოტებისგან, ფოთლებისგან და ა.შ. ასეთ შემთხვევებში მამებს თავთავიანთი საჭმელები მიჰქონდათ ხოლმე. ზოგიერთი, დიდი დაღლის გამო, ცოტა ღვინოსაც იხმევდა. ბერმა იოსებმა კი სადილის წინ ბოდიში მოიხადა, რომ ავადმყოფობის გამო მათთან ერთად ვერ შეჭამდა. მას ცომეული ჰქონდა წამოღებული. მაშინ მ. კონსტანტინეს ცრემლები წამოუვიდა და ბერის თავგანწირვით გაკვირვებულმა, მას უთხრა: ,,მამაო, შენს ადგილზე ნებისმიერი სხვა მონაზონი, ასეთი ჯანმრთელობითა და თანაც სკიტის გარეთ მცხოვრები, არც კი დაინტერესდებოდა, თუ რატომ დაირეკა საერთო საქმის ზარი. და თუ წამოვიდოდა, შენსავით ამდენს მაინც არ იმუშავებდა. შენ ხომ ამის გამო შეიძლება კუჭი გაგეხსნას“!
მართლაც, ბერს კუჭი მუდმივად აწუხებდა. სხვა ადამიანური გამოსავალი, გარდა ოპერაციისა, აღარ არსებობდა. ამიტომაც, სულიერი ძმების რჩევით, ოპერაციაზე დათანხმდა. მაგრამ, როგორც ბერი იოსებ ისიქასტი ამბობდა: ,,სწორედ ძალის გამომცლელი მოთმინების ბოლოს გამოჩნდება ხოლმე აშკარად საღმრთო მადლი“. ზუსტად იმ დღეებში ბერმა თეოფილაქტემ წმინდა უვეცხლოთა დასი იხილა. მათ წინ წმინდა პანტელეიმონი მიუძღოდა, რომელმაც მას უთხრა: ,,გადაეცი, დედა ღმრთისმშობელს მიენდოს და კარგად გახდება“. მ. თეოფილაქტე ამბობდა, რომ წმინდა პანტელეიმონი იმ ხატზე გამოსახულს ჰგავდა, რომელიც მისი სახელობის კუტლუმუშის სკიტშია. ჩვენმა მოძღვარმა ეს სიტყვა იწამა და მართლაც, დღითი დღე გამომჯობინება დაიწყო. საბოლოოდ, სრულიად გამოჯანმრთელდა და კუჭი გარდაცვალებამდე აღარ ასტკივებია. ერთადერთი, რაც დარჩა, იყო ის, რომ ცოტა გვიან ინელებდა საჭმელს.
მოგვიანებით ის წერდა: ,,მწვავე ფორმის წყლული მქონდა. აღარც დიეტა მშველოდა, აღარც წამალი. ორი წელი ყველაფრისგან თავს ვიკავებდი, რაც კი მავნებდა, მაგრამ მაინც ამოჭრა გახდა საჭირო. მაშინ საქმეში ქრისტეს დიდმოწამე, გულმოწყალე პანტელეიმონი ჩაერია და ბერ თეოფილაქტეს უბრძანა: გადაეცი, ოპერაცია არ გაიკეთოს და ყოვლადწმინდა ქალწულის მზრუნველობას მიენდოსო. იმწუთას სრულიად განვიკურნე. ხოლო რათა საქმითაც დავრწმუნებულიყავი, მკურნალი ექიმები მოვინახულე და ვკითხე, ახლა რა მდგომარეობაში ვარ-მეთქი. გამომიკვლიეს და ერთი ნაიარევის მეტი ვერაფერი მიპოვეს“.
წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020
მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com