novyj skit gde svyatoj iosif isihast prozhil poslednyuyu chast svoej zhizni

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

ინუსეს კუნძულზე

საღმრთო მადლი მუდმივად მკვიდრობდა ბერის სუფთა და ვნებებისგან თავისუფალ სულში. ხორციელი გულისთქმისთვის ბავშვობიდან აზრის დონეზეც კი არასდროს დაუთმია, ამიტომაც უწმინდური სულები ძილშიც ვეღარ აწუხებდნენ. ხოლო მორჩილებაში გაწეული დიდი შრომის, განუწყვეტელი მარხვის, მღვიძარებისა და სხვებისთვის უანგარო მსახურების წყალობით, ყველა სათნოებით შეიმკო, განსაკუთრებით კი, სიმდაბლითა და სიყვარულით. მისი ცოცხალი სიტყვა, ,,ძლიერ და უმკუეთელეს უფროის ყოვლისა მახვილისა ორპირისა“, – იყო ღრმად ღმრთისმეტყველური, საღმრთო საიდუმლოებების ცოდნით სავსე, მაგრამ ამასთანავე გონიერი. მას მსმენელი სინანულისა და სულიერი კურნებისკენ მიჰყავდა.

როდესაც ერში გასვლა დაიწყო, რისი ძირითადი მიზეზიც პატერას ოჯახისადმი მადლიერების გამოხატვის სურვილი იყო (ისინი მთელ სკიტსაც დაეხმარნენ და ხარების კელიის გაფართოებაშიც შეეწივნენ), მაშინ ზოგიერთმა მისი სიტყვა ეჭვქვეშ დააყენა. მაშინ მოძღვარმა გადაწყვიტა აღარ ელაპარაკა, თავის თავს კი ეუბნებოდა: ,,ვინ ვარ და რას წარმოვადგენ? ერთი უწიგნური ბერიკაცი ვარ, რისთვის ვილაპარაკო?“ ,,ამის გაფიქრება იყო“, ამბობდა ბერი, ,,და ისეთი წინააღმდეგობის ცეცხლი ვიგრძენი ჩემ შიგნით, რომ თითქოს ღმერთმა იმწუთას დამსაჯა ამ გულისსიტყვისთვის“. ეს შეგრძნება მან იერემია წინასწარმეტყველის ნათქვამს შეადარა: ,,და ვთქუ: არა სახელ-ვსდვა სახელსა ღმრთისასა და არა ვიტყოდი მერმე სახელსა ზედა მისსა. და იქმნა გულსა შინა ჩემსა ვითარცა ცეცხლი მგზებარე და მოტყინარე და შემყენებელი შორის ძუალთა ჩემთა, და შეუცავ ყოველგნით და ვერ ძალ-მიც თავს-დებაი“. ბერი ამბობდა: ,,მივხვდი, რომ ღმერთს არ უნდოდა გავჩუმებულიყავი, რადგან ის [ნიჭი], რაც მქონდა, ჩემი არ იყო, არამედ ადამიანთა კურნებისთვის უნდა გამომეყენებინა“.

ირინე-მირტიდიოტისას გარდაცვალების შემდეგ, პატერას ოჯახმა ქალიშვილის მზითვი ინუსეზე მონასტრის ასაშენებლად გაიღო. ხოლო რადგან ჩვენმა მოძღვარმა ასკეტურიცა და კინობიალური ცხოვრებაც იცოდა, სწორედ იგი მიიწვიეს იმ მონასტრის კინობიალურად წარმართვის მიზნით. ბერი თავდაპირველად მონასტრის გარეთ, ზღვის ნაპირთან ახლოს, ერთ მყუდრო შენობაში ცხოვრობდა. იქ ახლოს არის ვენახი, ზეთისხილის ბაღი და ბოსტანი. თავისი დიდი გამოცდილების წყალობით ბერმა მუშებს მიწათმოქმედებისა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის შესახებ ბევრი რამ ასწავლა, ხოლო მონასტრის დედებს, რომლებიც მაშინ ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ, სხვადასხვა ხელსაქმესაც ასწავლიდა. მონასტრის ყველა საქმესა და სახელოსნოს თვითონ ბერი ზედამხედველობდა. მან აგრეთვე დედებს შეასწავლა ღმრთისმსახურების ტიპიკონი და ხმების მიხედვით გალობის ძირითადი წესები, ხოლო მოგვიანებით, ცხონებული მ. დოსითეოზ კატუნაკელი ჩამოიყვანა, რომელმაც დედებს ბიზანტიური გალობა უკვე საფუძვლიანად ასწავლა.

ამ პერიოდში ბერი იოსები დედებისთვის კვირაში ერთხელ კრებებს ატარებდა და მათ ესაუბრებოდა სულიერ ცხოვრებაზე და მონაზვნურ მოქალაქეობაზე. მოგვიანებით საცხოვრებლად მონასტრის ერთ-ერთ კორპუსში გადავიდა, სადაც, ჩვეულებრივ, სტუმარი მღვდლები რჩებოდნენ ხოლმე. წესის თანახმად, დედებს მზარეულობა, ბაღის მოვლა და ხელსაქმეები უნდა ესწავლათ. სავანეს მაშინ არ უჭირდა, რადგან თავად მთავარი შემომწირველი, ქალბატონი კატინგო პატერა, მონაზონი გახდა მარიამის სახელით და წინამძღვრობა ჩაიბარა. ყველაფერი ,,თავზე საყრელად“ ჰქონდათ, ამიტომ ნარჩენ საჭმელს არ ჭამდნენ. მაგრამ დიდი ბერის, იოსებ ისიქასტის ასკეტური სული, რომელიც მის უმცროს სეხნიაში მკვიდრობდა, ამას ვერ ეგუებოდა და ამ საკითხის სახარებისეულ გადაჭრას მოითხოვდა, რომ ,,ნუმცა რაი წარწყმდების“. დედებისთვის საჭმელ-სანოვაგის დაზოგვა და არგაფლანგვა რომ ესწავლებინა, თავის თავს წესად დაუდო, მხოლოდ ნარჩენი საჭმელი ეჭამა და ორ თვეზე მეტი მხოლოდ ძველ საჭმელს ჭამდა, სანამ მონაზვნებსაც არ მოერიდათ და ნელ-ნელა საჭმლის ნარჩენების გაფრთხილება არ დაიწყეს.

მონასტრის უფროსი დედები დღემდე მისი მადლიერები არიან, რადგან მისი ამოუწურავი გამოცდილების წყალობით უამრავი რამ ისწავლეს. პირველ ხანებში ზოგიერთი დამწყები მონაზვნის მშობლებისგან ბერს განსაცდელები ჰქონდა. ბავშვების გადაბირების ბრალდებით სასამართლოში უჩივლეს. იქ ცოტა გააწვალეს, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გაამართლეს. ბერი ამ სავანეს დაახლოებით ორი წელი ეხმარებოდა, 1968 წლამდე. როდესაც ათონზე დაბრუნებას აპირებდა, იფიქრა, დედებისთვის სანუგეშოდ პანტანასას ხატი დაეტოვებინა. მაგრამ მალე წინამძღვარმა თვითონ სთხოვა უკან წაეღო, რადგან რაღაც გაურკვეველმა შიშმა მოიცვა, გრძნობდა, რომ ხატი ბერთან უნდა ყოფილიყო.

აი, რას გვიამბობს ათონის წმინდა დიონისეს მონასტრის მკვიდრი მონაზონი იოსები, რომელიც 1965 წელს მოვიდა ათონზე და მ. ხარლამპის მოწაფე გახდა ნეა სკიტში: ,,აქ რომ ჩამოვედი, წელი-წელიწადნახევარი მ. იოსების მეზობლობით დავტკბი. მასზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თანამოღვაწე იყო, უბრალოდ სხვაგან ცხოვრობდა, ხოლო წირვებზე, მსახურებებზე, ნებისმიერ ღონისძიებაზე ჩვენთან ერთად იყო. ერთადაც ვჭამდით, ზოგჯერ მის კალივაში მიგვქონდა საჭმელი. თვითონაც ლუკუმა-ფუნთუშებს და რაც კი რამ სხვა გააჩნდა, გვიგზავნიდა. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მეორე მოძღვრად ვთვლიდით. მასწავლებლობის ნიჭი ჰქონდა. ძალიან ბევრი ფუნდამენტური მონაზვნური რამ ვისწავლე მისგან, დამწყებ მონაზვნებს ძალიან დაგვეხმარა. ზოგჯერ ხედავდა, რომ ჩვენი მოძღვარი საჭიროზე მეტად რბილი იყო ჩვენდამი და ეჩხუბებოდა ხოლმე: ასეთ შეღავათებს რატომ უკეთებო, საყვედურობდა. გამოცდილი მონაზონი იყო, თავისი დიდი მასწავლებლის მიერ სრულად განსწავლული. სტავროვუნიშიც მორჩილებით ცხოვრობდა. ამგვარად, რასაც ამბობდა, გამოცდილებით ამბობდა.

ასეთი მორჩილების გზა დაგვისახა ჩვენც. გვასწავლა, არასდროს დავუტევოთ ჩვენი ლოცვითი კანონი და, ზოგადად, სულიერი მოვალეობები; ვცხოვრობდეთ და ვიქცეოდეთ, როგორც ნამდვილი მონაზვნები. კონკრეტულ რჩევებს მაინცდამაინც არ გვაძლევდა, რადგან იცოდა, რომ ამას ჩვენი მოძღვარი გააკეთებდა. ფიქრობდა, სულიერი მამის წინ ხომ არ წავალო, მაგრამ, თუ დაინახავდა, რომ ჩვენი მოძღვარი რაღაცაზე თვალს ხუჭავდა, მაშინ აღარ გვინდობდა. მ. ხარლამპი ჩვენს ბერს უგონებდა და ანგარიშს უწევდა. ამიტომ, თუ ვეტყოდით, მ. იოსებმა ასე დაგვიყვავაო, ის გვეტყოდა, მეტის ღირსებიც იყავითო. მამა იოსები სულ სხვა სულის კაცი იყო: უფრო კონტაქტურიც, თანაც, დიდსულოვანი და გონებაგახსნილი ადამიანი.

ბერს დიდი მიწერ-მოწერა ჰქონდა. ათონის გარეთაც გადიოდა და ბევრ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. ძირითადად მათთან, ვისაც წერილობით მიმართავდა. ძალიან ბევრს ეხმარებოდა, მიდიოდნენ და რჩევას, დახმარებას სთხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი მონაზონიც გახდა მისი სიტყვის, სწავლებისა და მოგვიანებით – წიგნების წყალობით. ეხმარებოდა მონაზვნებსა და ზოგადად, მორწმუნე ერს. ათონს გარეთ რომ გავიდოდა, ხალხი სულმოუთქმელად ელოდა, როდის მივიდოდა მათთან სასაუბროდ.

,,ჩვენი ბერი ხვდებოდა (და ამას მ. ეფრემ კატუნაკელიც ამბობდა), რომ მონაზვნობის ცენტრები მონასტრები გახდებოდა. კალივები დაიშლებაო. მონასტრები ათონის სახეა და ამიტომ მონასტრებში წადითო“.

შინაგანი სულიერი ცხოვრება

ჩვენმა მოძღვარმა მონაზვნური ცხოვრების პირველი წლები სტავროვუნის მონასტრის შრომისმოყვარე მამებთან ერთად გაატარა. როგორც ითქვა, იქ მან პრაქტიკული მონაზვნური სათნოებები შეიძინა, ხოლო ე.წ. ,,ჭვრეტით“, ანუ გონებისმიერ სულიერ მოღვაწეობაში გაწაფული არ იყო. როდესაც დიდ ბერს დაემოწაფა, იმ დროისთვის უკვე ნებისმიერი შრომისა და მორჩილებისთვის იყო მზად, ამიტომაც დიდი ბერი დაუღალავად ასწავლიდა მას მონაზვნობის, ,,ჭვრეტითი“ ცხოვრებისა და მდუმარების წესს. ის სხვათა მსახურებისთვის მუდმივ მზადყოფნაში იყო, მომწიფებული – თავგანწირვასა და თავის ბრალობაში. განსაკუთრებულად მოღვაწეობდა გონებისმიერ ლოცვაში, თავისი მოძღვრის სწავლების მიხედვით და იმავდროულად, თავისი, პირადი გზით. ლოცვას ცოცხალ ღმერთთან პირად საუბრად თვლიდა. მოწაფეებსაც ურჩევდა, იესოს ლოცვა მშრალად არ დაეწყოთ, არამედ ჯერ საკუთარი სიტყვებით ქრისტესთვის გული გაეხსნათ. ასეთი ლოცვა ბიბლიისა და წმინდა მამების სიტყვებს შეიცავს ხოლმე, და შეიძლება იყოს სამადლობელი, სადიდებელი, აღსარებითი და თხოვნითი ხასიათისა. ასეთი ლოცვის უპირატესობა ისაა, რომ, რადგანაც ეს სიტყვები ჩვენი გონების ნაყოფია და სინანულის სულითაა გამსჭვალული, გული მათ ადვილად ეხმიანება, თბება და გონებას უერთდება. ამგვარად, უფლის სახელის მოხმობა განსაკუთრებული ნაყოფიერებით წარემართება. ჩვენი მოძღვარი ,,ჭვრეტითი“ საქმიანობის ოსტატიც გახდა, რის გამოც წმინდა პაისი ათონელი მას დიდად აფასებდა. თვლიდა, რომ მ. იოსები გონებისმიერი ლოცვის არა უბრალო მასწავლებელი, არამედ ,,დოქტორი“ იყო.

მოძღვარს აგრეთვე სურდა, ჩვენი ყურადღება სულიერი კითხვის სარგებელზე გაემახვილებინა. გვეუბნებოდა, რომ კითხვის დროს წმინდანები არა მარტო თავიანთი სიტყვებითა და დარიგებებით გვეხმარებიან, არამედ თავიანთი ლოცვითაც. გვირჩევდა, როდესაც რომელიმე წმინდანის წიგნს ვკითხულობთ, კითხვასთან ერთად მას ლოცვითაც მოვუხმოთ ხოლმე. ერთხელ, როდესაც ნეა სკიტში ცხოვრობდა, წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ნაშრომის კითხვისას იმავდროულად გულით წმინდანისადმი ლოცულობდა. უეცრად ისე აშკარა გახდა ღირსი მამის იქ ყოფნა, რომ ბერმა უხერხულადაც კი იგრძნო თავი. ,,მომერიდა, არ შევეხო-მეთქი“, ამბობდა.

წმ. მამების სწავლებებს კითხულობდა არა უბრალოდ, დროის გასაყვანად, არამედ გულმოდგინებით, სისტემატურად, და იკვლევდა სიღრმისეულად. ყოველთვის ძველ ბერძნულ ორიგინალს ამჯობინებდა, ახალბერძნულზე გადმოტანილი თარგმანები არ მოსწონდა. წმინდა გრიგოლ პალამასა და ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ტექსტები, რაც უმრავლესობისთვის ენის სირთულისა და სიღრმის გამო მიუწვდომელია, არათუ თავისუფლად ესმოდა, არამედ მისი ძირითადი სულიერი საზრდო იყო, მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი კლასების განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული. იმ წმინდანებთან, ვის ნაშრომებსაც კითხულობდა, პირადი ურთიერთობა ჰქონდა. ერთხელ საიდუმლოდ გამანდო, რომ წმინდა მაქსიმეს ერთი რთული მონაკვეთი არ ესმოდა. მაშინ თვითონ წმინდანი გამოეცხადა და აუხსნა. ზოგჯერ საღმრთო მადლი ტექსტების არა მარტო რთულ აზრებს, არამედ სიტყვებსაც კი განუმარტავდა. ოდესღაც, ერთ საკითხზე მსჯელობისას, ერთი სიტყვა ახსენა (სამწუხაროდ, დამავიწყდა რომელი), რომელიც იოანე დამასკელის ერთ-ერთ იამბიკურ კანონშიცაა ნახსენები. ,,ვახსენე თუ არა სიტყვა“, ამბობდა ბერი, ,,მადლმა განმიმარტა, რას ნიშნავს“. ყოველი შემთხვევისთვის, განმარტება ლექსიკონში მოვიძიეთ და მართლაც, ზუსტად ის იყო, რაც მოძღვარმა თქვა.

 მორწმუნეთა უმრავლესობისთვის მარხვების პერიოდი მეტ დაღლასთან და სირთულეებთანაა ასოცირებული. ხოლო ვისაც სულიერი ცოდნა აქვს, მათში სიხარული უფრო მეტია, უფლის სიტყვების თანახმად: ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. ღმერთი ჯვრის ,,მძიმე ტვირთს“ მსუბუქად გადააქცევს. მოძღვარი წერდა: ,,ამჯერად მინდა გავიგო დიდმარხვაში როგორ ხარ. მართლაც, თუ კაცი ამ პერიოდში ბევრი ურთიერთობისგან თავს იზღუდავს, დიდ სულიერ სიხარულს გრძნობს. ყველაფერი როგორ ღმრთივშთაგონებით გაითვალისწინეს და დააწესეს წმინდა მამებმა! ის არის, რომ ჭამის რეჟიმის შეცვლის გამო ცოტა უქეიფოდ ვგრძნობთ თავს, მაგრამ სულიერი სიხარული ყველა დანაკლისს ავსებს“.

სულიერებისკენ სწრაფვა, ლოცვა, მორჩილება, ბავშვობიდანვე მცნებების უზაკველი აღსრულება, უფლის ხილვა სიყმაწვილეში – ამ ყველაფერმა ბერს ,,გული შემუსრვილი და სული დამდაბლებული“ მისცა. სწორედ ასეთი გული ხდება ღმერთის ნიჭებისა და ნუგეშის მიმღებელი, რადგან ,,გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. მაშინ სულიერი ნუგეშის ცრემლები უშრომელად და განუწყვეტლივ იღვრება, რამეთუ: ,,ნეტარ იყვნენ მგლოვარენი [გულითა], რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“.

თუმცა ბერი იოსები კაცთა თვალს ემალებოდა, მაგრამ ,,ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა“. მისი სულიერი სიფხიზლე და სწავლება დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა იმ მომლოცველებზე, რომლებიც სულიერი საზრდოსა და გამტკიცებისათვის ათონის მთას მოინახულებდნენ ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი იყო დღესდღეობით უგზო-უკვლოდ დაკარგული სირიის ქალაქ ალეპოს მიტროპოლიტი პავლე. ის გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენს მონასტერში ყოფნისას, საძმოს ესაუბრა და სხვათა შორის, ესეც გვიამბო: ,,ათონის შესახებ ბევრი მსმენოდა. ასევე გამეგო, რომ არსებობენ დაყუდებული მამები, რომელთაც ლმობიერებისა და სინანულის ცრემლების ნიჭი აქვთ. როდესაც ჯერ კიდევ დიაკვანი ვიყავი და თესალონიკის უნივერსიტეტის საღმრთისმეტყველო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მთაწმინდაზე ერთ-ერთი ყოფნის დროს, წმინდა პავლეს მონასტრის მთავარ ტაძარში კმევისას შევამჩნიე, რომ ერთი მონაზონი მთელი მსახურება განუწყვეტლად ტიროდა. პირველად ვნახე ასეთი რამ, თანაც ასეთი ნათელი სახე. ვიკითხე, ეს მონაზონი ვინაა-მეთქი. მიპასუხეს: ეს ბერი იოსებია ნეა სკიტიდანო. არასდროს დამავიწყდება ის ზებუნებრივი სახე, ცრემლებითა და ლოცვით, ყურადღებით სავსე. იგრძნობოდა, რომ ეს კაცი არა მარტო ჩემს, არამედ თვით ღმერთის გულსაც შეძრავდა“.

მსგავსი გამოცდილება ჰქონდა იმხანად თხუთმეტი წლის ანდრეას, ამჟამად კი ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს: ,,ბერი იოსების შესახებ პირველად ჩემი ერთ-ერთი კვიპროსელი ნაცნობისგან გავიგე, რომელიც ინგლისში ცხოვრობს. სანამ კვიპროსზე ჩამოვიდოდა, ჯერ ათონი მოილოცა და ამბობდა: ,,ნეა სკიტში მლოცველი და მღვიძარე მონაზვნები ცხოვრობენ. ერთს ვიცნობ, რომელიც მთელი ღამე ტირის“. ჩვენი მოძღვარი, მართლაც, არასდროს ზიარებულა ცრემლების გარეშე ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს. არასდროს, არც ერთხელ. ასეთი სულიერი ნიჭი მხოლოდ ორ კაცში ვნახე: ჩვენს ბერ იოსებსა და მამა თეოკლიტე დიონისიელში. ორივეს აგრეთვე ღმრთისმეტყველების ნიჭიც ჰქონდა. ორივენი იშვიათი გონების პატრონები იყვნენ“.

ზოგადად, ღმრთისმეტყველების ნიჭსა და ხსენებულ მამებზე სიტყვას მეუფე ასე განაგრძობს: ,,წმინდა მამებიც ამბობენ, რომ ეს უდიდესი ნიჭია. [ამ მამებს ეს ნიჭი ჰქონდათ, რადგან მათ თავის თავში] გულის უბიწოება, ღმერთისადმი დიდი სიყვარული და სიტყვის ძალა შეათავსეს. მიუწვდომელ საღმრთო აზრებს სწვდებოდნენ, რომლებიც სულიწმინდის მიერ მათი ქრისტესმოყვარე გულებიდან აღმოცენდებოდა. ასეთი აზრების გადმოცემა შეეძლოთ იმის წყალობით, რომ ჰქონდათ სიტყვის ძალა, ანუ გონებრივი ძალა. წმინდა დიადოხე ფოტიკელი ამბობს, რომ ღმერთი იმას აძლევს სიტყვას, ვისაც სიტყვის წინაპირობები აქვს. ხოლო ვისაც არ აქვს ეს წინაპირობები, იმას არ მისცემს. ბერ იოსებს ჰქონდა სიტყვის ძალა. შეეძლო გაეგო, ჩასწვდომოდა და აღეწერა საღმრთო აზრები. [ასევე] ჰქონდა ქრისტესადმი დიდი სიყვარული. რა თქმა უნდა, ბევრ მამას ჰქონია საღმრთო სიყვარული, იქნებ უფრო ძლიერიც, მაგრამ, იმავდროულად, არ ჰქონიათ ასეთი ძალა, ჩასწვდომოდნენ და დაემუშავებინათ საღმრთო აზრები. ხედავთ, მ. სოფრონი რას ამბობს: ,,ათ მონაზონს ვიცნობდი, ვისაც ხელთუქმნელი ნათელი უხილავს. მათგან სამ-ოთხს – არც კი ესმოდა, რა ხდებოდა მათ თავს, დანარჩენებს კი – აღწერა არ შეეძლოთ“. ჩვენს მოძღვარს ამ ნათლის გამოცდილებაც ჰქონდა და მისი აღწერაც შეეძლო. სიტყვის ასეთი ძალა გააჩნდა“.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com