ნეა სკიტი 6

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

მამა ეფრემისა და მამა ხარლამპის საძმოები მოღვაწეობის ადგილს იცვლიან

1967 წელს ამ ორმა საძმომ ადგილსამყოფელი გამოიცვალა. მ. ეფრემი პროვატაში დასახლდა, ხოლო მ. ხარლამპი ბურაზერის კელიაში გადავიდა. ჩვენმა მოძღვარმა, შეუთანხმდა რა წინასწარ მ. ეფრემს, გადაწყვიტა ნეა სკიტის ხარების კალივაში გადასულიყო, სადაც დიდი ბერის საფლავი იყო.

დაახლოებით 1975 წელს ათონის მაშინდელმა სამოქალაქო მმართველმა ბერ ხარლამპის ქსენოფონტეს მონასტრის აღდგენა შესთავაზა. მ. ხარლამპის იქ გადასვლა არ უნდდოდა, ჩვენს მოძღვარს კი მაშინ საკმარისი მოწაფეები არ ჰყავდა, რომ თავად შეევსო მონასტერი, მაგრამ, რადგან დიდი ბერის წინასწარმეტყველება ახსოვდა, რომ პირველ რიგში დიდი მონასტრები უნდა აღმდგარიყო და კინობიებად გადაკეთებულიყო, ამიტომაც თავის სულიერ ძმას ურჩია, წინადადებას დასთანხმებოდა. მამა ხარლამპიმ რამდენიმე თვე სცადა მონასტერში ცხოვრება, მაგრამ მდუმარების სიყვარულის გამო უკანვე გამობრუნდა. თუმცა მოგვიანებით, 1979 წელს წმინდა დიონისეს მონასტერი აღადგინა.

ჩვენი მოძღვარი მაშინ მამა ეფრემის საძმოს მიერ გაფართოებულ ნეა სკიტის ხარების კალივაში ცხოვრობდა. თუმცა მღვდელი არ იყო, მაგრამ სათნოებებითა და ღმრთისმეტყველების ნიჭით იყო შემკული. საღმრთო განათლება და დიდი ასკეტური გამოცდილება მის პიროვნებას სრულყოფდა. ჩანდა, რომ ბინძურ ვნებებს სძლია და ,,სული მთავრობისა“, სიმდაბლე და გონიერება მის გულში სუფევდა.

ბერი მზად იყო, ახალ სულიერ სიმაღლეებზე ასულიყო. ასეთი სიმაღლეებია: დიდი მოთმინება, თავგანწირვა, სიყვარული და სხვების მსახურება. მან გადაწყვიტა, მიეღო ყველა, ვინც მასთან დარჩენას ისურვებდა. იღებდა მონაზვნებსაც, ანუ იმათ, ვინც სხვაგან აღიკვეცა და სხვანაირ ცხოვრებას იყო მიჩვეული, რასაც დიდი მოთმინება სჭირდებოდა: ეს ადამიანები ცუდები არ იყვნენ, მაგრამ არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა. როდესაც მონაზონი მოღვაწეობას არასწორად დაიწყებს, მოგვიანებით ძალიან უჭირს გაიგოს, თუ რა არის მორჩილება, ნების მოკვეთა, კეთილშობილი თავგანწირვა, თავმდაბლობა, კინობიალური წესის აუცილებლობა. ბერი თავდაუზოგავად მუშაობდა: საჭმელსაც და ხელსაქმესაც (სეფისკვერის ბეჭდებს) თვითონ აკეთებდა, რათა ძმებს უზრუნველად ეცხოვრათ. ბაღსაც თვითონ უვლიდა და ყოველდღიურ ყოფით საქმეებსაც არ უკადრისობდა. რაც კი რამ ძმათა უძლურებით, გამოუცდელობით და უცოდინრობით ხდებოდა, ყველაფერს ითმენდა და ცდილობდა, ისინი სულიერად გაემართა და გაემხნევებინა. არ ირჩევდა მორჩილებს, არამედ ღმერთის განგებულებაზე მინდობითა და მისდამი სიყვარულით ყველა მსურველს იღებდა. ეს დიდი რწმენა და ღმერთის მზრუნველობისადმი ნდობა მისი დამახასიათებელი ნიშანი იყო. ამგვარი რწმენით რეაგირებდა ყველა იმ განსაცდელზე, რასაც ცხოვრების გზაზე შეხვდა. ახსოვდა მონაზვნად აღკვეცის მსახურების დროს მოსმენილი სიტყვებიც: ,,მოგემშიოსცა და მოგეწყუროს და განსცივნე, იგინო და იყუედრო და იდევნო და სხუასა მრავალსა მწუხარებასა და ჭირსა შეხვიდე“.

მისი მორჩილები

ბერს გადაწყვეტილი ჰქონდა ყველა მსურველი მიეღო, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, გრძნობდა, რომ თუ ღმერთი მას იტანდა და ცხონების იმედს აძლევდა, მაშასადამე, ნებისმიერი ადამიანის შეწყალებაც შეეძლო. თავის ბრალობა ,,ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი“. სჯეროდა, რომ ყველა ადამიანზე აურესი და საღმრთო წყალობის უღირსი იყო. თვლიდა, რომ ყველას მოვალე იყო და ამიტომ არასდროს ელოდა სხვებისგან მომსახურებასა თუ პატივისცემას, საკუთარი მორჩილებისგანაც კი. ყველას თვითონ ემსახურებოდა და ყველას უთმენდა. ამიტომ წმინდა პაისი, როდესაც მასთან სულიერად სუსტი ახალგაზრდები მოდიოდნენ, ეუბნებოდა: ბერ იოსებთან წადით, ის ყველას შეიწყნარებსო.

ასეთი განწყობით დაიწყო მან მორჩილთა პირველი ნაკადის მიღება, მიუხედავად მათი ასაკისა და სულიერი მდგომარეობისა. 1963 წელს დედა მონაზვნად რომ აღკვეცა, სტრავროვუნის მონასტერშიც შეიარა. მისი მოწაფე, მ. სილუანე გვიამბობს: ,,მაშინ სტავროვუნიში ვიყავი. ბერი დიდი სიყვარულით გველაპარაკა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. პირველად მაშინ ვნახე. მონასტერს იმხანად ბერი გერმანე წინამძღვრობდა (გარდაცვალებამდე, 1982 წლამდე). როცა ბერი გერმანე დიაკვნად მსახურობდა, ჩვენი მოძღვარი ჯერ კიდევ მორჩილი იყო, დიაკვანი გერმანე მონასტრის გარეთ ცხოვრობდა და რვა გამოსაცდელ მორჩილზე აგებდა პასუხს. ისინი თავდაუზოგავად მუშაობდნენ, მუხლჩაუხრელად. მამა გერმანეცა და ჩვენი მოძღვარიც, ისევე როგორც დანარჩენი მორჩილებიც, დიდი მოღვაწეები იყვნენ. ჩვენს მოძღვართან პირველად მ. იოსები მივიდა 1969 წელს, შემდეგ მ. ნიკოდიმე 1971-ში, მესამე კი მე ვიყავი, იმავე 1971 წელს“. მოგვიანებით საძმოს ხანდაზმული მ. იოაკიმე შეუერთდა, რომელსაც მონაზვნობა ახალგაზრდობიდანვე სურდა, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ ორი მღვდელმონაზონი მივიდა: ჯერ მ. მაქსიმე და ცოტა მოგვიანებით მ. ანასტასი, მათემატიკოსი, რომელიც ათონიადას სკოლაში ასწავლიდა.

მოძღვრის ერთ-ერთი წერილიდან ვიგებთ, თუ როგორი სულიერი განწყობა ჰქონდა თავისი მორჩილების მიმართ. ეპისტოლეს ადრესატი ერთ-ერთი მონაზვნის დედა იყო, რომელიც თავისი შვილის არჩევანს დასტიროდა და ნაცნობების წრეში ბერს აუგად იხსენიებდა: ,,მინდა დაგარწმუნო, რომ ეს 45 წელი, რაც შავები მაცვია, არავინ მომმსახურებია უბრალო რამეშიც კი, არამედ როგორც ყველას მსახური, ისე ვიქცევი. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ხასიათი აქვს, განსაკუთრებული ჩვევები, აღზრდა, – რომ არ ვთქვა ვნებები (ჩვენ ხომ პირველშეცოდებული წინაპრების შთამომავლები ვართ). ეს ყველაფერი ადამიანმა სულიერი ცხოვრების პრაქტიკულ ეტაპზე უნდა მოიშოროს იმისთვის, რომ მადლი მიუახლოვდეს და მასში ახალი ადამიანი აღაშენოს. სხვა გზა არ არის. ამგვარ ბრძოლაში თითოეულს გვერდში მოთმინებით უნდა ამოვუდგე: დარიგებით, დაყვავებით, ნუგეშისცემით, გამხნევებით, თითოეულის სიმძიმის თანატვირთვით, მაშინაც კი, როდესაც ურევენ ან იღლებიან. ესაა ჩემი ნაყოფი და ამაშია ჩემი ,,ხეირი“, უკეთილშობილესო დედიკო; ის, რისთვისაც თქვენგან შეურაცხყოფასა და დაცინვას ვიღებ“.

იმხანად, მრავალი მიზეზის გამო, წმინდა მამებისეული სულიერი ცხოვრება: ქრისტეს მცნებების აღსრულება, გულის განწმენდა შინაგანი გლოვით, სინანულით, მარხვით, გონებისმიერი ლოცვითა და ზოგადად ასკეტური მოღვაწეობით – თითქმის მივიწყებული იყო. ამგვარად, საბერძნეთსა და მართლმადიდებელ ეკლესიაში უცხო სწავლება და მენტალიტეტი შემოიპარა, რაც მორწმუნეთა მხოლოდ ინტელექტუალურ და ზნეობრივ აღზრდას ითვალისწინებდა და მიზნად მხოლოდ საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ჰქონდა. ამგვარი საქმეები, თუმცა საჭიროცაა და აუცილებელიც, ქრისტესმიერი ცხოვრების ხის არა ნაყოფს, არამედ ფოთლებს წარმოადგენს.

ნამდვილი ასკეტური ცხოვრებისა და საღმრთო მადლის გამოცდილების მქონე მონაზვნები ძნელად მოიპოვებოდნენ. სწორედ ამ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა მდგომარეობის სირთულის შეგნება. გრძნობდა პასუხისმგებლობას, წმინდა მამების გადმოცემა საქმითა და საღმრთისმეტყველო სიტყვით აეღორძინებინა. აქვე ის ფაქტიც უნდა გავიხსენოთ, რომ ასკეტური ლიტერატურის გამოცემაც სწორედ მაშინ დაიწყო. მანამდე ამის მიმართ ინდიფერენტული ან მტრული განწყობა სუფევდა.

მ. იოანე რომანიდისის შეხედულებები იმ პერიოდში

ალბათ არ უნდა მოგვეჩვენოს გადაჭარბებულად ის, რასაც მ. იოანე 1958 წლის ივლისში წერდა: ,,ჩემო ძვირფასებო, ბატონო და ქალბატონო პატერა და ირინე! დარწმუნებული ვარ, რომ გაზეთებიდან გაიგებდით ამერიკის მთავარეპისკოპოს მიქაელის გარდაცვალებას. ღმერთმა განუსვენოს და ჩვენ ყველანი შეგვიწყალოს. ძალიან მეწყინა, რომ ტრემპელამ თავისი ხრიკებით შეძლო ჩვენი დაშორება. თეოკლიტე დიონისიელმა მომწერა, რომ ტრემპელა ათონზე ჩასულა და ორი დღე ულაპარაკიათ… ასეთ დღეში ჩავცვივდით. რომის პაპთან უნიაზე უარს ამბობთ, მაგრამ სანაცვლოდ უნია პროტესტანტებთან გვაქვს. მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა გვაქვს, მაგრამ პროტესტანტები გავხდით. ყველაფერში პროტესტანტებს მივდევთ, მართლმადიდებლური მხოლოდ ღმრთისმსახურების გარეგნული ფორმები შევინარჩუნეთ“. სხვა წერილში კი ამას წერდა: ,,იცით ალბათ, რომ ტრემპელა თავის ძმასთან ერთად ათონზე იყო და ორი დღე თეოკლიტე დიონისიელს ესაუბრებოდა. როგორც ჩანს ,,ზოის“ წევრებს შეეშინდათ და შეეცადნენ თბილი, მეგობრული მოპყრობითა და სიყვარულით გაეჩუმებინათ. საიდუმლოდ გეტყვით, რომ მთაწმინდიდან ამასთან დაკავშირებით საინტერესო რამეებს გავიგებთ ახლო მომავალში. ბერები უკვე სერიოზულად უდგებიან საბერძნეთის ეკლესიის მდგომარეობას და ზოგადად უცხო გავლენის მომძლავრებას რელიგიურ ცხოვრებაში“.

ცხონებული მ. იოანე თვლიდა, რომ მონაზვნობა ეკლესიის ხერხემალს წარმოადგენს. მისი აზრით, სწორედ მონაზვნობა ინარჩუნებს მთელი სისავსით სახარებისეულ სულს. მასში ინახება სიწმინდისა და განღმრთობის სულიერი სიმდიდრე. დიდი სურვილი ჰქონდა, მონაზვნობა ამერიკაშიც აყვავებულიყო. 1958 წლის დეკემბერში ხსენებულ ოჯახს ასეთ სიტყვებს წერდა: ,,ამჟამად აქ მონაზონი პანტელეიმონი მყავს ნუგეშად და სულ იმაზე ვლაპარაკობთ, თუ როგორ შეიძლება ამერიკაში მონაზვნობამ ფეხი მოიკიდოს. ღმერთისგან განათლებული ახალგაზრდაა. მისი მოძღვარი ათონზე ცხოვრობს. მას რვა, ერთიმეორეზე უკეთესი, მოწაფე ჰყავს. გონებისმიერი ლოცვის საუკეთსო მოღვაწეა. მის წერილებს მ. პანტელეიმონთან ერთად ვკითხულობ, და რა გითხრათ, როგორ აღვწერო ისინი?! ბერი იოსები დამწყებ მოღვაწეებს ურჩევს ,,მწირის ნაამბობი“ იკითხონ იმ შემთხვევაში, თუ მოძღვარს ვერ იპოვიან. მისი მორჩილები საუკეთესოები არიან და თუ აქ მონასტერი დაარსდა, შეიძლება ერთ-ერთი მათგანი ჩამოვიდეს და საფუძველი ჩაუყაროს… პანტელეიმონს სჯერა, და მეც ვეთანხმები, რომ აქ, ამერიკაში, რადგან სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში არ ერევა, მონაზვნური ცხოვრება საოცარი წარმატებით შეიძლება განვითარდეს. სადაც ცოდვა მრავლდება, იქ, ღმერთის წყალობით, შეიძლება მადლმა სძლიოს. მხოლოდ სწორმა მონაზვნურმა ცხოვრებამ შეიძლება გვიჩვენოს გამოსავალი იმ სავალალო სულიერი მდგომარეობიდან, რომელშიც მართლმადიდებლობა იმყოფება ამერიკაში. ხოლო თუკი მას ათონელები ჩაუყრიან საფუძველს, მაშინ მთაწმინდური ტიპიკონიც გვექნება, ღამისთევებითა და ა.შ. ეს კი მონასტერს ძლიერ მისიონერულ ცენტრად აქცევს და შეძლებს, შემოიჭრას სატანის სამეუფოს შუაგულში, ხოლო ატმოსფერო ეშმაკებისგან მართლმადიდებლური საკმევლითა და სულიერი სიფხიზლით გაწმინდოს.

იცით, რატომ გადიოდნენ ასკეტები უდაბნოში? არა მარტო იმიტომ, რომ უდაბნოში მეტი სიწყნარე იყო, არამედ, რადგან უდაბნო სატანის განსაკუთრებულ საბრძანებლოდ ითვლებოდა. ამიტომაც ქრისტე, პირველ რიგში, უდაბნოში გავიდა და ეშმაკს თავის ყველაზე ძლიერ ციხესიმაგრეში სძლია. აქაც, სადაც ეშმაკი ამდენი წელია ხელმწიფებს, თანაც ისე, რომ არავინ აწუხებს, საჭიროა მას ვინმე შეებრძოლოს. სამწუხაროდ, სატანის საუკეთესო მეომრები… მონაზვნური ცხოვრების დიდი მოწინააღმდეგეები არიან, რადგან [მონაზვნობა] მათ სიმყრალესა და სულიერ სიცარიელეს წარმოაჩენს. თუ ცოცხალი მონაზვნობა იარსებებს, რომელსაც განუწყვეტლად არ შეაწუხებენ საბერძნეთის სახელმწიფო და სახელმწიფოს მონა მეუფეები, თქვენც კარგად იცით, ამან რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს“.

წმინდა მამებისეული სამოღვაწეო სიბრძნის, ,,ფილოსოფიის“ სხვათათვის გადაცემა ღირს იოსებ ისიქასტის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც თავის ეპოქაში ასკეტური ისიქასტური ცხოვრების ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე იყო, თავს იდვეს ათონელმა მამებმა და განსაკუთრებით, მისმა სულიერმა შვილებმა. ჩვენს მოძღვარს კარგად ესმოდა, რამდენად რთული და საპასუხისმგებლო იყო ეს საქმე, ამიტომაც, ის თავისი უდიდესი თავგანწირვისა და სიმდაბლის წყალობით, თავისი სიტყვითა და საქმით ქრისტესმიერი ცხოვრების მაგალითი გახდა. ის წერდა: ,,ნეტავ შეგვეძლოს ამ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, მიმალვა და გაჩუმება. მაგრამ ეს შეუძლებელია… პავლე მოციქული ამბობს: მსახურება გვაქვს ჩაბარებული და ვაი ჩვენ, თუ არ ვქადაგებთ და ვმსახურებთო“.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com