ნეა სკიტი

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

მონაზვნობა – ჯვარის, სიკვდილისა და აღდგომის აღთქმა

მოძღვარი თვლიდა, რომ მონაზვნობა ადამიანის ყველაზე სრულყოფილი ცხოვრების გზაა. მონაზვნობას სულიწიდის ნიჭად მიიჩნევდა. ამბობა: ,,დიდი სქემის მსახურება საიდუმლოა, მეორე ნათლისღებაა“. აღკვეცების დროს მიმრქმელი ყოველთვის თავად იყო. როდესაც აღსაკვეცი საკურთხევლის წინ იყო დაჩოქილი, ხოლო ბერი მის გვერდით იდგა, ყოველთვის ცრემლები სდიოდა. ამბობდა: ,,იმ წუთებში ადამიანის სული ქრისტეს მსხვერპლად შეეწირება, უფალს სრულიად უძღვნის თავს. ეს ფაქტი არა მარტო ჩვენი საძმოსთვისაა გულის შემძვრელი და მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ეკლესიისა და მთელი კაცობრიობისთვის“.

ჩვენს მოძღვარს მონაზვნური მოწოდებისა და ბერული ცხოვრების სრული შეგრძნება ჰქონდა. ქრისტე ადამიანს იმისთვის მოუწოდებს, რომ მის ცხოვრებასა და გზას მიჰბაძოს. მონაზვნების ერთადერთი და ნამდვილი სიქადული არის ჯვარი. ,,ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“. მონაზვნის ცხოვრება მუდმივად არის ჯვარცმასთან დაკავშირებული. ბერი წერდა: ,,სულიერი შრომისმოყვარეობა [წმინდა მამებს] მრავალნაირი შეჭირვებისკენ უძღოდა, რათა მათ ხორციელი აღძვრა დაეძლიათ და ძველი კაცის ვნებები დაემარცხებინათ. რატომღა გადარდებს ასეთი წვრილმანები? უფალი იესო ხომ გოლგოთისკენ მიგვიზიდავს და ზოგჯერ გვტოვებს, რათა, როგორც მისი განსაცდელის თანამონაწილეები, ერთგულებად გამოგვაჩინოს. ქრისტიანობა განუწყვეტელი აღმსარებლობაა და ქრისტიანის ყოველი მოქმედებაც აღმსარებლური უნდა იყოს! მახვილი, ცეცხლი, წინააღმდეგობა, აღმსარებლობა, ჯვარცმა, სიკვდილი, ყურადღება, მღვიძარება, ბრძოლა, გაძლება, სიფხიზლე, შიმშილი, დევნა და ა.შ. – ესაა ჩვენი მემკვიდრეობა, რომლის წყალობითაც გავიგონებთ: ,,გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“.

ჩვენს მოძღვარს დიდი სურვილი ჰქონდა თავისი მოძღვრის, წმინდა იოსებ ისიქასტის ბიოგრაფია დაესრულებინა. ამის მიზეზი არა მარტო დიდი ბერის სულიერი შვილების თხოვნა იყო, არამედ ისიც, რომ იცოდა, თუ რა დიდ სულიერ სარგებელს მოუტანდა ადამიანებს, განსაკუთრებით, ჩვენს თაობას, რომელსაც სათნოებამოსილი ბერებისა და ასკეტების ბევრი მისაბაძი მაგალითი არ ჰყავს.

ბერი წერდა: ,,მამა ეპიფანეს ძალიან ვთხოვ იმ ქალბატონთან გამიწიოს შუამდგომლობა, რომელმაც ჩვენი მოძღვრის რაღაც ნივთები მისცა. მეც მინდა იგი მოვინახულო. იქნებ რამე ისეთი მითხრას ბერზე, რასაც ბიოგრაფიაში ჩავამატებდი. რასაც გწერ, მასაც გადაუწერე, რათა გაახსენდეს და მიპასუხოს“.

სანამ ჩვენი მოძღვარი სკიტში ცხოვრობდა, ბერ ეფრემ კატუნაკელზე დიდი სიყვარულით ზრუნავდა. ბერი ეფრემი, რომელიც მას სულიერად მუდამ გვერდში ედგა, იმდენად უყვარდა, რომ დიდი ბერის გარდაცვალების შემდეგ მამა იოსებმა მას სთხოვა, მორჩილად აეყვანა. ღირსმა ეფრემმა მიუგო: ,,არა, იოსებ, იმიტომ, რომ ჩემი მოძღვარი კარგად არ მოგექცევა და მე ამას ვერ გადავიტან“. მიუხედავად ამისა, ბერი იოსები ყველანაირად ცდილობდა ბერ ეფრემისათვის ჯანმრთელობის პრობლემებიცა და მოხუცი ბერების მოვლის საქმეც შეემსუბუქებინა.

მ. იოსები წერდა: ,,როდესაც შენი წერილი მივიღე, მაშინვე მინდოდა პასუხი მომეწერა, მაგრამ რაღაც ამბავი შეგვემთხვა და იძულებული გავხდი ერთი თვით ათონს გარეთ გავსულიყავი და ერთი ასკეტისთვის მეპატრონა“. ეს ასკეტი სწორედ წმინდა ეფრემი გახლდათ, რომელსაც მაშინ ციანოზი დაემართა და სიკვდილის პირას იყო. ჩვენი მოძღვარი მას თესალონიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჰყვა და მთელი მკურნალობის განმავლობაში ზრუნავდა მასზე.

ზემოხსენებულ წერილს ჩვენი ბერი ასე აგრძელებს: ,,როდესაც დავბრუნდი, მეგონა თქვენგან ახალი წერილი დამხვდებოდა, რომელიც მიმანიშნებდა, თუ სად იმყოფები, რადგან სკოლები იკეტება და არ ვიცი, იმავე ადგილას დარჩებოდით თუ სოფელში წახვიდოდით. ამ საფიქრალში ჩავარდნილი მიპოვეთ. არა, ჩემო კეთილო შვილო, არაფერი მომხდარა ჩვენ შორის, არც ძველი განწყობა შემიცვლია და არც ჩემი პირობები დამვიწყებია. არ იცი, რომ ქრისტესმიერმა სიყვარულმა ,,არად შეჰრაცხის ბოროტი“ და ,,არასადა დავარდების“? მე ჩემში ჩვენი ურთიერთობის მიზანსა და სურვილს მუდამ განვაახლებ, ველი შენს სწრაფ სულიერ წარმატებასა და წინსვლას, რაც ჩემთვისაც სიქადული და სულიერი სიხარულის მიზეზი გახდება. სულმოუთქმელად ველი ამ დღეს. შენ კი საპირისპირო რამ გაივლე გონებაში?! მე სულ იმას ვთხოვ ქრისტეს, რომ თხოვნა ამისრულოს და ჩემი საყვარელი შვილის სრული წარმატება მალე მიჩვენოს. ვგრძნობ, რომ უკვე შეისმინა ჩემი. შენ კი ფიქრობ, რომ შენდამი განწყობა შევიცვალე?“.

ბერი უფლის მიმართ მხურვალე ლოცვებს აღავლენდა, რათა ადამიანებს მონაზვნური ცხოვრების მნიშვნელობა შეეცნოთ. შეეცნოთ ის, რაც თვითონ დიდი ბერისადმი მორჩილებით გამოცადა და რაც უმრავლესობისთვის უცნობია. აი, ერთი ასეთი ლოცვა:

,,უფალო ძალთაო, იესო ქრისტე, შენ გაბარებ ჩემს საყვარელ შვილს, რათა დაიფარო იგი მტრის ყველა მზაკვარებისგან და აქციო იგი ჭურად რჩეულად პირისა შენისა და მისცე მადლი შენი უხვებით; რათა მხოლოდ შენ შეგიყვაროს და მხოლოდ შენ შემოგიდგეს მთელი თავისი ცხოვრებით. ჰე, მეუფეო სულთმოყვარეო, რომელმაც ყველა შენიანი, შენი ნათელთმთავარი მამის ძლიერ ხელს მიანდე, რათა არავინ შეძლოს მათი მისგან წარტაცება, ასევე განამტკიცე ძე ჩემი მანამ, სანამ ჩვენამდე მოუძღვები, რათა შენი მადლით აღვზარდოთ შენს შიშსა და შენდამი მორჩილებასა და გაგონებაში; მეოხებითა უფროსადკურთხეულისა დედისა შენისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ“. ასე ვლოცულობ განუწყვეტლად და ამას ვუსურვებ ჩემს საყვარელ შვილს, მაგრამ მას ჯერ ჩემს მიზნებს არ ვუმხელ, სანამ თვითონაც არ იქნება გულდაჯერებული“.

თუ სულიერი მამისადმი რწმენა მოგემატება, სასწაულებს იხილავ. ჭეშმარიტია სიტყვა, რომ მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ ასე გავიარეთ ცხოვრება და ასე გვწამს და ჩვენმა მამებმა ასე გვასწავლეს, რომელთა ლოცვა კურთხევას მთელი სულით მოვუხმობ შენთვის. მხოლოდ რწმენა იქონიე და არაფრის შეგეშინდეს. რწმენას არა მარტო უმნიშვნელო წინააღმდეგობების გადალახვა შეუძლია, მთებსაც გადადგამს ზღვის შუაგულში“.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com