skit svyatoj anny malyj 2

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მესამე: მთაწმინდა – წმინდა ანას მცირე სკიტში

იერუსალიმის მოლოცვა

სანამ ათონს მიაღწევდა, მამა სოფრონს დიდი სურვილი ჰქონდა ის წმინდა ადგილები მოელოცა, სადაც ჩვენმა სახიერმა უფალმა ადამიანთა გადარჩენის მთელი საქმე აღასრულა. უნდოდა, სანატრელ ათონზე, ღმრთისმშობლის ბაღში, იქაური სიწმინდეების მადლით აღჭურვილი გამგზავრებულიყო. ამგვარად, 1946 წლის აგვისტოში სტავროვუნი დატოვა, კიკუს მონასტრის ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მოილოცა, მშობლიურ სახლში დედა მოინაულა და იქედან იერუსალიმისკენ გაეშურა.

იმხანად წმინდა ქალაქში სულიერებით გამორჩეული  ტყუპი ძმები, მამა ელპიდე და მამა ფილუმენი ცხოვრობდნენ. ეს უკანასკნელი სწორედ ის მღვდელმოწამეა, რომელიც 1979 წლის 29 ნოემბერს იაკობის ჭასთან მოკლეს. ძმებმა თორმეტი წლის ასაკში ამქვეყნიური ცხოვრება საკუთარი ნებით დატოვეს და მამა სოფრონის მონასტერში, სტავროვუნში დამკვიდრდნენ. მერე იმავე წინამძღვარ მამა ბარნაბასგან მიიღეს ლოცვა-კურთხევა, რომ იერუსალიმში გადასახლებულიყვნენ, იქ ესწავლათ და შემდგომ ის გაეკეთებინათ, რაზედაც საღმრთო განგებულება მიუთითებდა. ამ მოკრძალებულმა და ღმრთისმოშიშმა ძმებმა ჩვენი მოძღვრის იერუსალიმში სტუმრობასა და წმინდა ადგილების მოლოცვაზე იზრუნეს.

თავის წიგნში ,,მოგონებები ღირსი მამების შესახებ’’ ბერი იოსები წერს: ,,1937 წელს, მ.ელპიდე დიაკვნად იქნა ხელდასხმული, ხოლო 1940 წელს – მღვდლად. იქვე მიეცა საშუალება მაღალი კლასები დაემთავრებინა. ის იერუსალიმის საპატრიარქოს მრავალმხრივ ემსახურა: იყო ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ ტიბერიადაში განეწესა, მოგვიანებით კი – ნაზარეთის საპატრიარქოს ეგზარქოსი გახდა. ნაზარეთშივე მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და იქვე გავიცანით იგი 1946 წლის შემოდგომაზე, როდესაც პალესტინა მოვინახულეთ. ჩვენში დაუვიწყარია ის კეთილშობილება, ზრდილობა და სითბო, რომელსაც ის წმინდა ადგილების მოლოცვისას ჩვენდამი იჩენდა. ყველაზე გულისშემძვრელი კი ჩვენი თაბორის მთაზე ასვლა გახდა, როდესაც ძალიან ტკბილად და მელოდიურად იგალობა შესაფერისი საგალობლები’’.

მ. სოფრონი მთელი მოგზაურობის განმავლობაში იმ ზეციური ფიქრებით იყო გატაცებული, რაც უფლის ამქვეყნად ცხოვრებას უკავშირდება. ფაქტობრივად მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი გონება ამით იყო დაკავებული. მთელი მისი არსება განკვირვებასა და აღფრთოვანებას მოეცვა, – თუ რაოდენ გამოუთქმელია ღმერთის სიკეთე, რომელმაც ნებაყოფლობით გაუტოლა თავი ადამიანებს. ბეთლემში, რაც ებრაულად ,,პურის სახლს’’ ნიშნავს, შობის გამოქვაბულში, მან შეძლებისდაგვარად განიცადა ის მიუწვდომელი საიდუმლო, თუ როგორ წარმოაცალიერა თავი უსასრულო, დაუსაბამო და ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა და ბეთლემში შობილი ჩვილი ჩვენი ცხოვრების პური გახდა. ბერი ამბობდა, რომ ღმერთის სიტყვის წარმოაცალიერების საიდუმლო მომავალ ცხოვრებაშიც კი მიუწვდომელი დარჩება.

დიდი ლმობიერებით მოილოცა აგრეთვე იორდანეს მდინარე, სადაც ძლიერად იგრძნობოდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მადლი. იმ ადგილას წინასწარმეტყველთა შორის უდიდესი თავის მოწაფეებს თითით უჩვენებდა: ,,აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი’’. შემდეგ უფლის ცხოველსმყოფელ საფლავი მოილოცა, საიდანაც მსოფლიოს აღდგომა აღმოუბრწყინდა, საიდანაც მთელი სამყარო ნათლით აივსო.

მიუხედავად იმისა, რომ მამა სოფრონის სული მხოლოდ საყვარელი უფლის ცხოვრებით იყო დაკავებული, მისი იქ ყოფნა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იერუსალიმის მაშინდელმა პატრიარქმა ტიმოთემ (1935-1955) იგი თავისთან მიიწვია და გამოჰკითხა, თუ ვინ იყო და რა მიზნით იყო ჩასული პალესტინაში. ბოლოს კი სთხოვა, იერუსალიმში დარჩენილიყო და რომელიმე მონასტერი ჩაებარებინა, სადაც მდუმარებით ცხოვრებას შეძლებდა. აგრეთვე, ერთმა მდიდარმა ოჯახმა ალექსანდრიიდან სთხოვა, ღირსი თეოდოსი კინობიარქის უძველესი მონასტრის განახლება და პატრონობა ეკისრა.

მამა სოფრონს ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ სულიერ ცხოვრებაში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, გვყავს თუ არა გამოცდილი სულიერი მოძღვარი. პალესტინის სიწმინდეების მოლოცვისას მან ვერ იპოვა ის, რასაც ეძებდა და ამიტომაც ღმრთისმშობლის წილხვედრი ათონის სურვილმა გადასძლია. იერუსალიმიდან დაბრუნებისას კიდევ ერთხელ შეიარა სახლში. მისი ზოგიერთი ახალგაზრდა ნათესავი შეეცადა დაეყოლიებინა, რომ მას მონაზვნობაზე უარი ეთქვა; სხვადასხვა მატერიალურ სიკეთეებსაც კი სთავაზობდნენ. მხოლოდ დედამ დაუჭირა მხარი. ქრისტეს ახალგაზრდა მეომარმა თავის მიზანს არ უღალატა და მთაწმინდაზე გამგზავრებისთვის მზადება გააგრძელა, თუმცა რამდენიმე პრაქტიკული სახის სირთულე ჯერ კიდევ უღობავდა გზას.

იმხანად კვიპროსს, როგორც უკვე ვთქვით, ინგლისის კოლონიის სტატუსი ჰქონდა. თუ ვინმეს კუნძულის დატოვება სურდა, აუცილებლად უნდა მიეღო საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი მოსაწვევი. ღმრთისადმი ლოცვისა და დაჟინებული ძიების შემდეგ მამა სოფრონმა შეიტყო, რომ წმინდა ანას სკიტში მისი ნაცნობი თანამემამულეები მოღვაწეობდნენ: ამაღლების სახელობის კალივის მოძღვარი მ. ნიკოდიმე ბერის მეზობელი სოფლიდან იყო. ამგვარად, მოსაწვევის და სხვა საჭირო საბუთების საკითხიც მოგვარდა. დადგა ის სანატრელი წუთი, როდესაც მ. სოფრონი ფამაგუსტას ნავსადგურში ათენის პორტისკენ გამგზავრებას ელოდა. იქიდან სხვა გემს გაჰყვებოდა ჯერ თესალონიკამდე, შემდეგ კი დაფნიმდე, ათონის მთავარ ნავსადგურამდე.

მთაწმინდაზე  –  საოცარი გადარჩენა

ჩვენმა ბერმა, მოემზადა რა გასამგზავრებლად, თავის მამას შეატყობინა, რომ სამუდამოდ მიმგზავრებოდა წმინდა მთაზე. ახალგაზრდა მოღვაწემ მთელი სულით შეიწყნარა მამის უკანასკნელი რჩევა: ,,შვილო, იქ იმაზე იზრუნე, რომ ის საქმე აღასრულო, რომელსაც, როგორც მონაზონმა, ხელი მოჰკიდე“. ამ სიტყვების შემდეგ მთელი გულით დალოცა შვილი:  ჩემგანაც დალოცვილი იყავი და ღმერთის კურთხევაც მთელი ცხოვრება გაგყვესო.

მზისგან გახუნებული და გლეხური აღნაგობის ბაბუა პანტელეიმონი ვაჟკაცურად იდგა ნავსადგურში. მაგრამ ბოლოს მაინც მოდრკა მამის გული და ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო. შრომითა და მზით გაყავისფერებულ ხელს მანამ უქნევდა შვილს, სანამ გემი ზღვაში არ გაუჩინარდა. მამა სოფრონთან ერთად მისი სტავროვუნელი ძმა, მამა ქრიზოსტომეც იყო, რომელსაც აგრეთვე ათონზე დამკვიდრების ლოცვა-კურთხევა აეღო.

1946 წლის დეკემბერში პირეას ნავსადგურში ჩავიდნენ და მაშინვე თესალონიკისკენ მიმავალი გემი მოიძეს. კაპიტანმა კი, მათდა გასაოცრად, უარით გაისტუმრა. მგზავრობის ფულიც შესთავაზეს, ისიც აუხსნეს, რომ კვიპროსიდან ათონზე მიმავალი მონაზვნები იყვნენ, მაგრამ ამაოდ. მიუხედავად ბევრი ხვეწნა მუდარისა, მაინც ვერ დაიყოლიეს: ადგილები აღარ არისო. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რამეთუ სხვა, უფრო გვიან მოსული მგზავრები მან გემზე აუშვა. ერთი სიტყვით, მამები  იმედგაცრუებულები გამობრუნდნენ.

მათ შეეძლოთ პორტის დირექციასთან შეეჩივლათ, მაგრამ საღმრთო განგებას დაემორჩილნენ და მომდევნო გემს დაელოდნენ, ამასობაში გემი თესალონიკისკენ გაემართა. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ შუა გზაში გემი ჩაძირულიყო და მგზავრთაგან  მრავალი დაღუპულიყო. მამებმა ღმერთს მადლობა შესწირეს იმისთვის, რომ კაპიტნის უხეში პასუხის მეშვეობითაც კი თავისი მამობრივი მზრუნველობა გამოამჟღავნა მათ მიმართ. ამიტომ ბერი ხშირად გვიმეორებდა: ,,თქვენი ცხოვრება ღმერთის ხელს მიაბარეთ.ნუ აიძულებთ მოვლენებს ასე ან ისე მოხდეს. თუ კარი დაკეტილი დაგხვდებათ, ნუ შეამტვრევთ. ადამიანთა ბოროტებისა და ცუდი საქციელის უკანაც კი საიდუმლოდ ღმერთის განგებულება იმალება“.

საბოლოოდ, მომდევნო გემით თესალონიკს მიაღწიეს. მაგრამ იქ მათ ახალი სირთულეები ელოდათ: სამოქალაქო ომი არა ნაკლებ საშიში იყო სიცოცხლისათვის. შეპყრობისა და სიკვდილის შიში მთელი გზა თან სდევდათ მანამ, სანამ ღმერთის შემწეობით დილით გემზე არ დასხდნენ დ დაფნიში არ ჩავიდნენ. 1946 წლის 17/30 დეკემბერი იყო. პირველად გრიგორიუსს ეწვივნენ. სწორედ იმ საღამოს პირველად მიიღეს მონაწილეობა ათონურ ღამისთევაში.

მეორე დღეს ჩვენი ბერი ათონის უდაბნოში მდებარე წმინდა ანას სკიტისკენ გაემართა. სახიერი უფლისადმი მადლიერების გრძნობით გაატარა პირველი დღეები: იმ ადგილას მოხვდა, რომელზედაც ოცნებობდა. რამდენი რამ ჰქონდა გაგონილი მთაწმინდელების სულიერი ცხოვრების შესახებ! სტავროვუნელი მამები მას ბერ კალინიკეს ზებუნებრივი მოღვაწეობის, მარხვის, მღვიძარების, მარტოდცხოვრების, გონებისმიერი ლოცვისა და  საღმრთო განთლების შესახებ უამბობდნენ. სულმოუთქმელად ელოდა, როდის იხილავდა უდაბნოს დუმილით მოცულ სალ კლდეებს. სმენოდა არეთვე მამა საბას მოძღვრის[1],  ბერ ილარიონის[2],  ბერ გერასიმეს და სხვათა  შესახებ, რომელთაც გაიარეს რა სათნოებების მოხვეჭის ეტაპი, ზებუნებრივი ნიჭების სფეროში გადავიდნენ: ჰქონდათ წინასწარხედვის, წინასწარმეტყველების, სნეულთა კურნებისა და ღმრთისმეტყველების ნიჭები. მამა სოფრონი გულში ღრმად იყო დაჯერებული, რომ ერთ-ერთ ამგვარ ბერს აუცილებლად შეხვდებოდა,  სურდა, წმინდა მამების სწავლების თანახმად, ასეთ მოძღვარს დამორჩილებოდა და მისთვის მიებაძა. საღმრთო მადლის მოქმედება მან უკვე თავის გამოცდილებით შეიგრძნო თავის სულში, რადგან ღმერთი იმათ მოხედავს, ვინც მორჩილების, სიმდაბლისა და შრომისმოყვარეობის მეშვეობით ბავშვივით უზაკველი ხდება.

მოგვიანებით ბერი წერდა: ,, ყველა ეს ადამიანი საღმრთო მოშურნეობით, მადლითა და წინასწარხედვის ნიჭით იყო სავსე; იყვნენ შრომისმოყვარეები, ნამდვილი მოღვაწეები, შინაგანი ცხოვრებისკენ მიბრუნებულები, სულიერად ფხიზელნი და მღვიძარენი. როდესაც მათ შესახებ ცოცხალი მონათხრობის მარცვალი ჩვენი მაშინდელი ახალგაზრდული მოშურნეობის ნიადაგზე დავარდა, ამ წმინდა ადგილის მონახულების დაუოკებელი სურვილი აღგვიძრა….  გვსურდა მათი წმინდა ნეშტებისთვის მოწიწებით ამბორისყოფა, გვინდოდა მათი სამოღვაწეო ასპარეზი -მათი სენაკები – საკუთარი თვალით გვეხილა; ხოლო მათი მემკვიდრეებისგან  რაც შეიძლება მეტი შეგვეტყო მათი გასაოცარი და ზებუნებრივი ცხოვრების შესახებ. ღმრთის მადლით, სწორედ ამგვარი შემართებით ჩამოვედი უწმინდეს ათონზე“.

მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდაზე ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან თავმდაბალი და ამა სოფლისთვის უცნობი მოღვაწე ღირსი მამები, იმხანად ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ათონზე სულიერი ცხოვრება თითქოს ჩამკვდარი იყო. ეს პირველი შთაბეჭდილება დიდი დარტყმა იყო მ. სოფრონის გამოუცდელი და ჭაბუკი სულისთვის. თითქოს იმედგაცრუების ტალღამ გადაუარა, რადგან იმდროინდელი სამოქალაქო ომის პერიოდში სრული სულიერი ინდეფერენტულობა უფრო იგრძნობოდა, ვიდრე სულიერი გულმოდგინება. სტავროვუნის მსგავს ასკეზასა და შრომისმოყვარეობას ვერსად შეხვდა. ხოლო როდესაც დაინახა, რომ ზოგიერთი არა თუ მარხულობდა, არამედ მონაზონთათვის აკრძალულ ხორცსაც კი ჭამდა, იფიქრა, ჯობს სტავროვუნიში ან იერუსალიმში დავბრუნდეო. მამა სოფრონი გაიზარდა ბერ კვიპრიანეს მაგალითსა და პრინციპებზე, ის კი არა მხოლოდ არასოდეს არღვევდა მარხვას, ზეთითა და რძის ნაწარმით შაბათ-კვირასაც კი არ იხსნილებდა. საბოლოოდ ბერი მაინც უფლის შინაგან ხმას დამორჩილდა,  რომელიც ურჩევდა, უმაღლესი სულიერი ცხოვრების ძიება გაეგრძელებინა და ათონის მთაზე რწმენით დარჩენილიყო.

დროებით წმინდა ანას სკიტის კირიაკონის ახლომდებარე ამაღლების კალივაში ბერ ნიკოდიმეს ექვსკაციან საძმოსთან დაბინავდა.  ეს ბერი, როგორც უკვე ვახსენეთ, მისი მეზობელი სოფლიდან იყო და სწორედ მან გაუგზავნა ათონზე გამგზავრებისთვის აუცილებელი  მოსაწვევი. მამას სოფრონის სულმა ფრთები შეისხა: მდუმარების, ლოცვის, ძმათ მსახურების, სიყვარულის, საღმრთო სიტყვების ძიების გარემოში მოხვდა. მაგრამ, იმავდროულად, დაუოკებელი წადილი ჰქონდა, შეხვედროდა და შეერთებოდა ისეთ ღმერთშემოსილ ბერს, რომლის მსგავსებაზეც, სვინაქსარებში წაეკითხა.

ბერი თავისი მოძღვრის,  წმინდა იოსებ ისიქასტის ეპისტოლარულ ბიოგრაფიაში 1962 წელს წერდა: ,,როდესაც მოზარდი ვიყავი და ჩემი მონასტრის მამებისგან მესმოდა, რომ ათონზე ისეთი მონაზვნები არსებობენ, რომლებიც გონებისმიერი ლოცვით არიანო დაკავებული, გული სიხარულით მევსებოდა და ჩემს ცხონებულ მოძღვარს, მ. კვიპრიანეს ვთხოვდი, უფრო დაწვრილებით მოეთხრო ამის შესახებ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1920-1922 წლებში ეს უკანასკნელი მთაწმინდაზე ცხოვრობდა და სამშობლოში დაბრუნებულს, უკვე კარგად ჰქონდა შესწავლილი ათონური სულიერი ცხოვრება. გვიამბობდა მარადსახსენებელ   ბერ კალინიკეს შესახებ, რომელთან ერთადაც მან თითქმის ერთი წელი იცხოვრა. ამ ბერს [კალინიკეს} წმინდა მთისა და ზოგადად თანამედროვე  მონაზვნობის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, ის განსაკუთრებით წარემატა გონების მღვიძარებისა და სიფხიზლის ღვაწლში. მამა კვიპრიანე ბერ გერასიმეს შესახებაც გვიამბობდა, რომელიც ბერ კალინიკეს მახლობლად ცხოვრობდა და იყო ცათა სასუფევლისთვის თავის მაიძულებელი, დიდი მმარხველი და სულიერად უპოვარი. ამ ცხონებულ ბერს სულიერი გლოვა მთელი სიცოცხლის მანძილზე ჰქონდა. როდესაც ვინმე ეტყოდა, მეც მინდა მდუმარებით ვიცხოვროო, პასუხობდა: ,,შვილო თუ გლოვა არ გაქვს, ხელს ნუ მოჰკიდებ ამ საქმეს;  გლოვის გარეშე დაყუდებული ვერაფერს მიაღწევს“.  სანამ მამა კალინიკეს სიახლოვეს, კატუნაკებში ჩავიდოდი, კარმელის მიდამოებში, ილია წინასწარმეტყველის ეკვდერთან მოღვაწეობდა ( არ მახსოვს რამდენი წელი)  და იმ გაუსაძლის ყინვას ითმენდა, რომელიც იმ ადგილებში მძვინვარებს. ზამთარში შეუძლებელია იქ კაცმა იცხოვროს.  ამას და კიდევ სხვა ამბებს მოგვითხრობდა ხოლმე  მ. კვიპრიანე, რომელსაც აქ აღარ მოგიყვები.

მამა სოფრონი თავის ყოველდღიურ ლოცვებში ათონის მფარველ დედა ღმრთისმშობელს სთხოვდა, მისთვის ჭეშმარიტად სულიერი და წმინდა მოღვაწე ბერი ეჩვენებინა.

,,ხმობდნეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი“.

ზემოთხსენებული ეპისტოლარული ბიოგრაფიის შესავალში ჩვენი ბერი თავის შესახებ ასე წერს: ,,ამ ყველაფერმა ჩემში ათონის მონახულების სურვილი აანთო. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ერთ ადგილას არ ვჩერდებოდით, არამედ მოღვაწე და სათნოებამოსილ ადამიანებს ვეძებდით, რაღა მათ დავმოწაფებოდით. დიდება ღმერთს იმისათვის, რომ 1946 წელს, მრავალი თავგადასავლის შემდეგ, ათონს ჩავაღწიეთ. ერთ ჩემს თანამემამულესთან ერთად, რომელსაც იგივე მიზანი ჰქონდა, წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთ კალივაში გავჩერდით. ათონური ცხოვრების წესის თანახმად, ახალგაზრდა მონაზვნები შეზღუდულები ვიყავით მიმოსვლაში, მაგრამ სხვებისგან გვესმოდა, რომ არსებობდნენ მეუდაბნოე და დაყუდებული ბერები. ხოლო როდესაც ჩემი მასპინძლებისაგან ბერ იოსებ ისიქასტის შესახებ შევიტყვე, მისი პიროვნებით უზომოდ დავინტერესდი და მის გაცნობაზე ვოცნებობდი. ეს ოცნება 1947 წლის აგვისტოში ამისრულდა“.  


[1]. წმინდა ილარიონ ქართველის მოწაფე. გამოირჩეოდა დიდი სულიერი გამოცდილებით, აგრეთვე, გარჩევისა და ნუგეშინისცემის ნიჭებით.

[2] იგულისხმება ღირსი ილარიონ ქართველი (ყანჩეველი) (1776-1864)

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: წმინდა ანას მცირე სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru