ioseb vatopedeli 3

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

,,ბერი იოსები წმინდა ნექტართან ერთად ვიხილე“

ერთ-ერთი მორჩილი, ელენე, მღვდლის – აწ უკვე გარდაცვლილი მამა მიქაელის შვილი იყო. მამა მიქაელი სულიერი მოღვაწე და მრავალი ადამიანის მოძღვარი გახლდათ. დიდ პატივს სცემდა ჩვენს ბერს. სანამ დიდი განსაცდელი დაიწყებოდა, ის ლარნაკადან მინთში ჩავიდა და მოძღვარს ასეთი რამ უთხრა (საუბარს მ. ათანასე შეესწრო): ,,მამაო, ერთი საშინელი სიზმარი ვნახე და აუცილებლად მინდა მოგიყვე. მესიზმრა, რომ წმინდა ნექტართან ერთად გვერდიგვერდ იდექი. დაგინახეთ თუ არა, თქვენთან გამოვიქეცი ლოცვა-კურთხევის ასაღებად. უცბად წმინდა ნექტარი მაჩერებს და მკაცრად მეუბნება, უკან გაბრუნდიო, თანაც ხელით მიმანიშნა. არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს ასეთი სიზმარი“. ეს ყველაფერი განსაცდელის დაწყებამდე 10-15 დღით ადრე მოხდა. ბერმა მიუგო: ,,არაფერია, ნუ აქცევ ყურადღებას, სიზმარია, მეტი არაფერი“. როგორც ჩანს, მამა მიქაელს ბერის წინააღმდეგ გულისსიტყვების მიღება უკვე დაწყებული ჰქონდა“[1].

მალე იღუმენიამ ბერი მონასტერს სრულიად ჩამოაშორა. თანაც, არა მარტო თავად არ უგონებდა, არამედ მონაზვნებსა და მონასტრის ნაცნობებთანაც აუგადაც მოიხსენებდა. 1981 წლის სულთმოფენობას მან მოძღვრის მიერ მიცემული მცნება გამომწვევად დაარღვია, რამაც ბერი დაარწმუნა იმაში, რომ გამოსწორების შესაძლებლობა უკვე აღარ არსებობდა. ამგვარად, ბერმა გადაწყვიტა, მეორე დღეს ქრისტეფორასთვის ეთქვა, რომ მონასტერი უნდა დაეტოვებინა. თუმცა, სადაც წავიდოდა, ბერი დახმარებას ჰპირდებოდა. აპირებდა შეეთავაზებინა, რომ ის მონაზვნები წაეყვანა თან, ვისაც მასთან ერთად მოღვაწეობის სურვილი ექნებოდა. ყოველივე ამის შემდეგ ბერმა გადაწყვიტა დედათა მონასტრებით აღარ დაკავებულიყო.

აი, რას წერდა თავის დღიურში:

,,ხუთშაბათი, 2 ივლისი. ჩვენი დედოფლის, ღმრთისმშობლის სამოსლის დაბრძანება. მოძღვარი (წერდა თავის თავზე) წმინდა უვეცხლოთა მონასტერს ეწვია და პირველად დაებადა აზრი, სავანე მამათა მონასტრის დაქვემდებარებაში აღარ იყოს.

ორშაბათი, 3 აგვისტო. წირვისა და ძმობის ჩვეული სამუშაოების შემდეგ ხატების ქაღალდზე დამუშავება და ხეზე დაკვრა დავიწყეთ. ჩვენი შაბათ-კვირის სტუმრები წავიდნენ. მონასტერში მორჩილ ევდოკიას მამა მოვიდა, რომელმაც მთხოვა, მისი ქალიშვილი დამერწმუნებინა, რომ წმინდა უვეცხლოთა მონასტერი დაეტოვებინა და სწავლა გაეგრძელებინა (ის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო). ჩვენ პირიქით, მშობელი დავარწმუნეთ იმაში, რომ თავისი კი არ უნდა დაიჟინოს, არამედ ღმერთს მიანდოს ყველაფერი“[2].

იღუმენიამ თავისი ურჩობისთვის შენდობა არ ითხოვა. მეტიც, ბერის ცილისწამება დაიწყო, თითქოს ის უზნეოდ იქცეოდა. ლიმასოლელი მიტროპოლიტი ათანასე გვიამბობს: ,,რაც შეეხება ზნეობრივ მხარეს, მოძღვარი უაღრესად უბიწო ადამიანი იყო: ასეთი იყო ბუნებითაც, დიდი მოღვაწეობის გამოც და გენეტიკურადაც. მისი დედ-მამაც და და-ძმაც უმწიკვლო ადამიანები იყვნენ. არ ვიცი, მოესწარით თუ არა მის დებს – ევრისთენისა და სტავრულას – უმწიკვლო, უბრალო, უბოროტო, უმანკო ადამიანები იყვნენ. თვალითაც რომ დაენახათ ცუდი რამ, გონებაში ბოროტი აზრი არ გაუვლიდათ, სპეტაკი ადამიანები იყვნენ. მთელი ოჯახი ასეთი იყო. ბერს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ხორციელ ვნებას იგი არასდროს შეუწუხებია“[3].

მამა მიქაელმა მიუხედავად იმისა, რომ ბერის უდანაშაულობა ჩვენებით ეუწყა, თავდაპირველად დაიჯერა ის ცილისწამება, რაც იღუმენია ქრისტეფორამ გაავრცელა, რომ თითქოს ბერი იოსები მონაზვნებს ხორციელად აწუხებდა, განსაკუთრებით კი მის ქალიშვილს. მაშინ მ. მიქაელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ბერის დევნაში (მოგვიანებით შენდობა ითხოვა), ხოლო ჩვენი მოძღვარი ყოველგვარ განსაცდელს ყოველთვის თავის ბრალობით, მოთმინებითა და ლოცვით პასუხობდა. კონკრეტულ შემთხვევაში თვლიდა, რომ იღუმენიას ამგვარ ქცევას დროებითი ხასიათი ჰქონდა, ეს იყო მისი ხასიათის თავისებურება და ამიტომაც უნდა მოეთმინა მანამ, სანამ იგი გამოსწორდებოდა.

რაც უფრო საგრძნობია ადამიანში სულიწმიდის მოქმედება, მით დიდ და ძლიერ განსაცდელებს აწყდება ის ცხოვრებაში. ამასთან, რა თქმა უნდა, საღმრთო მადლი მას შეწევნის გარეშე არ ტოვებს, თანახმად პავლე მოციქულის სიტყვისა: ,,სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა“[4]. მაგრამ იმისთვის, რომ პავლე მოციქულის ეს სიტყვები აღსრულდეს, ადამიანი განსაცდელში შესაფერისად უნდა იქცეოდეს: არ უნდა დრტვინავდეს, არ განიკითხოს, გულში წყენა არ ჩაიდოს, არანაირად არ იძიოს შური იმათზე, ვინც განსაცდელისა და ჭირის მიზეზი გახდა. ხოლო თუ ადამიანი ბოროტებაზე ბოროტებით მიაგებს, ან რამენაირად (თუნდაც გულისსიტყვით) შურს იძიებს, მაშინ საღმრთო მადლისგან გაშიშვლდება.

განსაცდელებში უფრო დიდ სათნოებებს იძენდა

ბერი თავის მოწაფეებს ეუბნებოდა: ,,ჭორებს ნუ აჰყვებით. ვინმეზე რამე ბოროტება გულში არ გამივლია. მთელი ძალისხმევა იქით მქონდა მიმართული, რომ გულში შურისძიება არ შემპარვოდა“. როდესაც განსაცდელი და უსამართლო მწუხარება კონკრეტული ადამიანებისგან შეემთხვეოდა ხოლმე, თავის ბრალობით, მოთმინებით, ლოცვითა და მტრებისადმი სიყვარულით აღიჭურვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო სხვანაირადაც მოქცეულიყო: თავისი ცილისმწამებლებისთვის სერიოზული და მასშტაბური პრობლემები შეექმნა, მაგრამ, რადგანაც სულიერი კანონისა და ქრისტეს მცნებების მცოდნე იყო, ამიტომ განსაცდელების ჟამს ღრმა სულიერი შემეცნებით, ლოცვითა და ღვაწლით, სათნოებებსა და სულიერ სიმდიდრეს იხვეჭდა. ის განსაცდელებს სულიერი მოღვაწეობისა და მკის ჟამად მიიჩნევდა.

როგორი იყო მისი ლოცვა და რა დიდი სარგებელი მოჰქონდა მას იმ პერიოდში (და არა მარტო მაშინ), ეს ყველაზე უკეთ იციან მისმა მოწაფეებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს კეთილი ზეგავლენა იმ მამობრივი სიყვარულისა, რომელიც მზადაა ნებისმიერი სისუსტე და შეცდომა მოითმინოს იმისთვის, რომ მათი სულები აცხოვნოს. ვისაც მის გვერდით უცხოვრია და ვინც მის შინაგან სამყაროს იცნობდა, იცოდა, რომ ბერის მამობრივი სიყვარული არასდროს შეაქცევდა მას ზურგს, რამდენად ტრაგიკული შეცდომაც არ უნდა დაეშვა.

როდესაც ბერს დიდი განსაცდელები ჰქონდა, ეკლესიაში ყოფნის დროს ყველაფერი ავიწყდებოდა. ლოცულობდა ისე, რომ მისი გონება არაამქვეყნიურ რეალობას ჭვრეტდა. ღმრთისმსახურება ისე მთავრდებოდა, რომ ბერი ამას ვერ გრძნობდა – ლოცვაში იყო ჩაძირული. ვინც ბერს იცნობდა, იცოდა, რომ ასეთ წუთებში, მართლაც, ღმერთთან საუბრობდა. ზოგჯერ ბეგეები გაეხსნებოდა ხოლმე უხმოდ, ზოგჯერ კი შეუმჩნევლად ხელით მცირე მოძრაობებსაც აკეთებდა – მაგრამ ჩანდა, რომ ,,გულის სიღრმეში“[5] იყო ჩაძირული.

მინთის მონასტერში, სადაც მონაზონთა რიცხვი მცირე იყო, ძველი ტრადიციების თანახმად, მსახურების დამთავრების შემდეგ ეკლესიიდან პირველი წინამძღვარი უნდა გასულიყო და შემდეგ – ძმობა. ხშირად ღმრთისმსახურება დამთავრებული იყო, ბერი კი ლოცვას აგრძელებდა. მაშინ ძმები ეტყოდნენ ხოლმე: ,,მამაო, დავამთავრეთ, ჩამოილოცეს“. მოძღვარიც თითქოს გამოფხიზლდებოდა: ,,ა, მოვრჩით? წავედით“. უფრო მეტად გარემოს აღქმას კარგავდა სენაკში ლოცვისას, როდესაც საღამოობით დიდი ბერის განაწესის მიხედვით ასრულებდა პირად კანონს.

ამასობაში დიაკვანმა ათანასემ საღმრთისმეტყველო ფაკულტეტი დაამთავრა და 1980 წლის ოქტომბრიდან მინთის მონასტერში უკვე სამუდამოდ დასახლდა და სხვა მოწაფეებთან ერთად, ბერის სულიერი ღვაწლისა და განსაკუთრებული მდგომარეობების მოწმე გახდა.

მ. ათანასე გვიამბობს: ,,ბერი 1976 წელს კუტლუმუშში გავიცანი, მაშინაც ასეთივე იყო. მინთის მონასტერშიც ვუკაკუნებდით, ვუკაკუნებდით, მაგრამ კარს არ გვიღებდა, არც გვპასუხობდა. მეც ვუკაკუნებდი და ვუკაკუნებდი იმიტომ, რომ ამ დროს მასთან გულისსიტყვების აღიარებისთვის მივდიოდით. საღამოს ათი საათი იყო: ათიდან თორმეტამდე გვიღებდა. მე ყოველ საღამოს მივდიოდი. ერთხელაც წავედი და რამდენჯერმე დავაკაკუნე. პასუხი არ გამცა. რა ვქნა-მეთქი, ვიფიქრე. კარის გაღება მერიდებოდა. მ. ქრიზოსტომეს დავუძახე. ერთად შევედით. ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ“[6].  ბერი თავის პატარა ხალიჩაზე იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ,,რა არის? აქ რა გინდათ?“ ,,მამაო, ვაკაკუნებთ და პასუხს არ გვცემთ“. ,,როდის აკაკუნებდი?“ ,,დიდი ხანია ვაკაკუნებდით და ცოტა შეგვეშინდა კიდევაც“. ,,რა უნდა მომსვლოდა?“ – ეს იყო და ეს, არც კომენტარი გაუკეთებია, არც ის სულიერი მდგომარეობები უხსენებია, რაც ზეგარდმო მიეცემოდა ხოლმე“[7].

მეუფე აგრძელებს: ,,ერთხელ კი ისეთი რამ გააკეთა, რაც მის ხასიათს არ შეეფერებოდა. რაღაც პერიოდი პაფოსში სიარული ხშირად უწევდა და თითქმის ყოველთვის მეც თან მივყავდი. მართალია გზები მასზე ცოტა უკეთ ვიცოდი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რატომ მივყავდი: თანამგზავრი სჭირდებოდა? სურდა მე დამხმარებოდა? არ ვიცი. მეტყოდა, აბა, დიაკო, წავედითო, ეს იყო და ეს. ზედმიწევნით პუნქტუალური გახლდათ, არასდროს დააგვიანებდა. ერთხელ მის სენაკთან მივედი, დილის რვა საათი ან ცხრის ნახევარი იქნებოდა. არ გამოვიდა. გახდა თერთმეტი. არ ჩანდა. ვიცადე, ვიცადე და ბოლოს სენაკში ავაკითხე. ერთ პატარა სკამზე მჯდომარე დამხვდა, ხელში სკვნილი ეჭირა და ლოცულობდა. ვეკითხები, არ წავალთ-მეთქი? მიპასუხა: ,,არ ვიცი, შვილო, შესაძლოა არ წავიდეთ“. ,,კი მაგრამ, ხომ ვთქვით, წავიდეთო? საქმეები გვაქვს მოსაგვარებელი“. ,,ვლოცულობ“. მომიგო, ,,და ვფიქრობ, წავიდეთ თუ არ წავიდეთ“. ლოცულობდა, რათა გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა. მოგვიანებით კი დარწმუნებით თქვა: ,,არა, არ წავალთ“.

განსაცდელების დროს განსაკუთრებით ბევრს ლოცულობდა. მარხულობდა და ლოცულობდა. მინთის მონასტერში მოწაფეებს ისეთ მარხვას ასწავლიდა, როგორსაც თვითონ იცავდა. დაწესებული მარხვების გარდა, ჯვართამაღლების წინაც მარხულობდა. ღმრთისმშობლის მიძინების წარგზავნიდან[8] დაწყებული, უზეთოდ მარხულობდა ერთ თვეზე მეტი. ამბობდა: ,,იმისთვის, რომ პატიოსანი ჯვრის დღე ღირსეულად აღვნიშნოთ, ჯერ უნდა ვიმარხულოთ“. სხვა შემთხვევებში ასეთი რამაც უთქვამს: ,,ერთი კვირა ვიმარხულოთ, რათა ღმერთი დაგვეხმაროს“. ასეთ მარხვებს ნებაყოფლობითი და დაუგეგმავი ხასიათი ჰქონდა“[9]. თუ რა ძალა აქვს მოღვაწეობის ამ სახეს და როგორ გვეხმარება სასურველი შედეგების მიღწევაში, ეს თავისი ბერისგან იცოდა. მოგვიანებით, როდესაც ვატოპედის მონასტერში მიიწვიეს, იგივე ღვაწლი იტვირთა და გრძნობდა რა ამ ახალი საქმის სიმძიმეს, ერთი წელი უზეთოდ მარხულობდა (მხოლოდ თვითონ).


[1] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 11/24 ივლისი.

[2] 1981 წლის 2 ივლისისა და 3 აგვისტოს ჩანაწერები.

[3] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 11/24 ივლისი.

[4] 1 კორ. 10,13.  

[5] იხ. ფს. 63,7 (,,წარდგეს კაცი სიღრმითა გულისათა“).

[6] ამ ლოცვას ამბობენ მონაზვნები, როდესაც სხვის სენაკზე აკაკუნებენ. თუ შიგნიდან ,,ამინ“ არ მოისმინეს, კარებს არ აღებენ.

[7]  ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 11/24 ივლისი.

[8]  23 აგვისტო/5 სექტემბერი.

[9]  იქვე.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share