იოსებ ვატოპედელი

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

ჯანმრთელობის გაუარესება

კაფსალას ხარების კელიაში ცხოვრების დროს ბერი ერში საერთოდ არ გადიოდა, აუცილებელი საქმისთვისაც კი. ღმერთისგან სიკვდილის ხსოვნის ნიჭი ჰქონდა მიმადლებული და სულ ამ ქვეყნიდან გასვლის მზადებაში იყო.

1982 წლის ლაზარეს შაბათს წირვაზე დიდი სიმდაბლითა და ცრემლით ლოცულობდა, თითქოს ამ ქვეყანას მოსწყვეტოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა თვალში საცემი არ გამხდარიყო, მისი მადლისმიერი მდგომარეობა ძალიან აშკარა იყო. ჩვეულებრივ, ასე განაგებს ხოლმე ღმერთი თავისი რჩეულების ცხოვრებას: განსაცდელებისა და ჭირის წინ განსაკუთრებულად განამტკიცებს.

რამდენიმე დღის შემდეგ, დიდი პარასკევი რომ დაღამდა და დიდი შაბათის ცისკარს ვგალობდით, უცბად ბერს სახე გაუყვითლდა. როგორც ჩანს, ძალიან სტკიოდა და სტასიდაზე ჩამოჯდა. პატარა ხმაც კი არ გამოუცია, რომ ტკივილი გამოეხატა. ტაძრიდან ისე უხმაუროდ გავიდა, არავინ შეუწუხებია. შიშის ნატამალიც არ ემჩნეოდა. მეორე დღეს საკუთარი მოვალეობების შესრულებას ჩვეულებრივ შეუდგა. ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ თურმე პირველი ინფარქტი მოსვლოდა. მხოლოდ ეს თქვა: „ისეთი ტკივილი ვიგრძენი, რომ მეგონა, მკერდის ძვალი გამიტყდა”.

ამ ტკივილის ნამდვილი მიზეზი მოგვიანებით, კუტლუმუშის მონასტერში შეიტყო, როდესაც ტკივილმა მუცლის არეში ისევ შეაწუხა. არ იცოდა, რომ გული იყო და ამიტომ მ. ათანასესთან ერთად კუჭის გასასინჯად წავიდა. მეუფე გვიამბობს: „მოძღვარი მეუბნება, ექიმთან უნდა წავიდეთო. ვუპოვე ექიმი. როცა მივედით და გასასინჯად უნდა შესულიყო, მითხრა, შენც შემომყევიო. მე, თუმცა მერიდებოდა, მაინც შევყევი. ჰკითხეს, თუ რა სიმპტომები ჰქონდა. ბერმა მიუგო: „მუცლის არეში სიმძიმეს ვგრძნობ, საჭმელს ძნელად ვინელებ, ზოგჯერ ძალიან მაწუხებს. ერთი სიტყვით, კუჭი მტკივა”. ექიმი მიხვდა, რომ კუჭის ბრალი არ იყო. რენტგენზე შეიყვანეს. ექიმი ეკითხება: „მამაო, კუჭის წყლულის ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებია?” ბერმა უპასუხა, რომ არ ჰქონდა გაკეთებული. „კი მაგრამ, აქ შეხორცებულ წყლულს ვხედავ”. ბერმა აუხსნა: „ეგ წმინდა პანტელეიმონის ერთი ძველი სასწაულია“. „რაო, სასწაულიო?!“ მაშინ მე ჩავერიე საუბარში: „მოძღვარს ადრე მართლაც კუჭის წყლული ჰქონდა და წმინდა პანტელეიმონმა განკურნა”. „ააა, გასაგებია“, დასძინა ექიმმა, მაგრამ ალბათ გაიფიქრა, აბა ბერები სხვას რას იტყოდნენო. მართლაც, რენტგენზე შეხორცებული წყლული გამოჩნდა, ექიმს კი ეგონა, რომ ოპერაცია გაიკეთა და გაუ კერეს. მოგვიანებით მოძღვარს მიუბრნდა და უთხრა: „სამწუხაროდ, თქვენი პრობლემა არა კუჭი, არამედ გულია”. წამლები გამოუწერა. ბერი თავდაპირველად არ სვამდა მაგრამ, როდესაც კუტლუმუშში მეორე ინფარქტიც მოუვიდა, მაშინ მიხვდა, რომ წამლების მიღება უკვე აუცილებელი იყო“.[1]

ბერი თვლიდა, რომ სულიერი წარმატების მისაღწევად მორწმუნეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოთმინება. ის ამბობდა: „იმისდა მიხედვით, თუ რამდენ მოთმინებას გამოვიჩენთ მწუხარებებსა და განსაცდელებში, შესაბამის მადლს მივიღებთ. ღმერთისადმი ჩვენს სიყვარულს სწორედ მოთმინებით უნდა ვაჩვენებდეთ. მოთმინებით მჟღავ ნდება ის, თუ რამდენად დიდი სურვილი გვაქვს სულიერი მოღვაწეობისა“.

1982 წლის ხარებას, ჩვენი კელიის ტაძრის დღესასწაულზე, განსაკუთრებით ლმობიერ სულიერ ატმოსფეროში მოხდა დიაკვან ათანასეს დიდ სქემაში აღკვეცა. მიმრქმელი ჩვენი მოძღვარი იყო, ხოლო მღვდელი – კუტლუმუშის წინამძღვარი მ. ქრისტოდულე. ღმრთისმსახურებას, სხვა მომლოცველებთან ერთად, დაესწრნენ განსვენებული ბერი ისააკი (ატალაქი)[2] და მისი მოწაფე, მღვდელმონაზონი ექვთიმე, რომელიც ათენის უნივერსიტეტის საღმრთისმეტყველო ფაკულტეტზე ჩემი თანაკურსელი გახლდათ. იმავე დღეს აღვიკვეცე მეც, ოღონდ არა დიდ სქემაში, არამედ მხოლოდ ანაფორის ლოცვა წამიკითხეს და სახელად ეფრემი დამარქვეს, წმინდა ეფრემ კატუნაკელის პატივსაცემად. ჩვენს საძმოში ეს სახელი ღირს იოსებ ისიქასტის მოძღვრის, ეფრემ „მეკასრის“ წყალობით დამკვიდრდა.

აღდგომის შემდეგ, გაზაფხულზე, კვიპროსელი ახალგაზრდების სტუმრობები გახშირდა. უმეტესობას მინთის ჯვრის მონასტერში ბერთან ერთად გატარებული დღეები ენატრებოდა. აღსანიშნავია, რომ იმხანად კვიპროსიდან თესალონიკში პირდაპირი ფრენები არ არსებობდა და ამ გზის გავლა საკმაო სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

კუტლუმუშის მონასტერში დაბრუნება

კუტლუმუშის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტოდულე, მას მერე, რაც კვიპროსიდან დავბრუნდით, გამოთქვამდა სურვილს, რომ ბერი იოსები და მისი საძმო კუტლუმუშში დაბრუნებულიყო. ჩვენი მოძღვარი ამჯობინებდა კელიური 36 სკიტური წესით ეცხოვრა, მაგრამ ამასთანავე გრძნობდა, რომ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა. ის იმ ასაკში იყო, რომელშიც მისი მოძღვარი გარდაიცვალა და რადგან ყველაფერში მისი მიბაძვის სურვილი ჰქონდა, ფიქრობდა, რომ თვითონაც მალე დატოვებდა წუთისოფელს. ბერი თავისი ახალგაზრდა მოწაფეების მომავალზე ზრუნავდა და არ უნდოდა, რომ „უპატრონოდ” დავრჩენილიყავით. ამიტომ, როდესაც მამა ქრისტოდულემ თავისი სურვილი რამდენჯერმე გაუმეორა, ბერმა კუტლუმუშში გადასვლაზე სერიოზულად დაიწყო ფიქრი.

ამგვარ ორჭოფობაში იმყოფებოდა, როდესაც ბერეფრემ კატუნაკელისგან მიიღო შეტყობინება: მინახულე, საქმე მაქვსო. მოძღვარმა თან მ. ათანასეც გაიყოლა. ბერ ეფრემთან შეხვედრა ყოველთვის უხაროდა, რადგან ძალიან ძლიერი სულიერი კავშირი ჰქონდათ. მამა ეფრემმა ურჩია კუტლუმუშში გადასულიყვნენ. ჩვენი მოძღვარი, რომელიც ყოველთვის მორჩილებით გამოირჩეოდა, ბერის რჩევას დასთანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ, ძმების აზრით, ერთ მონასტერში ორი საძმოს თანაარსებობა წარუმატებელი მცდელობა იყო, რადგან მათ თავისთავად განსხვავებული შეხედულებები ექნებოდათ.

მაგრამ ბერს მხოლოდ ღმერთის ნების ასრულება აინტერესებდა და ამ მიზანს სრული თავგანწირვით ემსახურებოდა. ამიტომაც, როდესაც მორჩილებას ადამიანური თვალსაზრისით წარუმატებლობა მოჰყვებოდა ხოლმე, იგი ღმერთის ნების აღსრულების გამო გულში სიხარულს გრძნობდა. მხოლოდ ღმერთმა იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს.


[1] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 11/24 ივლისი.

[2] (1937-1998) ლიბანელი მღვდელმონაზონი, წმინდა პაისის მოწაფე.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share