მამა იოსებ ვატოპედელი 1 1

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

სულიერი მამა და მასწავლებელი

იმას, თუ როგორ ყალიბდება ადამიანის გულის სიღრმეში ახალი, ღმერთისმიერი კაცი, შეუძლებელია ჩასწვდე ადამიანური გონებით. ამიტომ, რამდენადაც არ უნდა გვაკვირვებდეს ის წმინდა სათნოებები, რომლებიც ბერის კეთილშობილ სულს ამშვენებდა, რამდენადაც არ უნდა გვეგრძნო მისი მამობრივი სიყვარული, რომელიც ნებისმიერ ჩვენს სისუსტეს, გამოუცდელობას და შეცდომებს გვაპატიებდა, შეუძლებელი იყო გაგვეცნობიერებინა მისი ღმერთთან ერთობის სიღრმე, სიგანე, სიმაღლე და ძალა. ამგვარად, მისი ცხოვრების აღწერისას წმინდა ეფრემ კატუნაკელის სიტყვები ჩაგვესმის: „მე გეტყვი ჩემი საზომის მიხედვით, შენ კი შენი საზომის მიხედვით გაიგებ“.

ერთხელ მოძღვარმა ასეთი რამ გვითხრა: „ვერაფრით დავიკვეხი, რადგან მონაზვნურ ცხოვრებაში ზარმაცი ვიყავი, მაგრამ თავისი დიდი მოწყალებით ღმერთმა ცათა სასუფევლის საიდუმლოებები მაგემა – ის, რაზეც თვითონ ბრძანა, ღმერთის სასუფეველი თქვენს შორის არისო“. ეს რომ დამემალა, მატყუარა ვიქნებოდი. ისევე ხელშესახებად და ნათლად განვიცდიდით უხილავი სამყაროს არსებობას, როგორც ხილულ ნივთებს ვხედავთ და ეჭვი არ გვეპარებოდა მათ არსებობაში. სტავროვუნიში წმინდა ადამიანების გვერდით ვიცხოვრე. მოგვიანებით ათონზე იმ დიდი გმირის (წმინდა იოსებს გულისხმობს) ფერხთით გავიზარდე, რომელიც, ჩემი აზრით, აღმოსავლური მონაზვნობის თანამედროვე განმაახლებელია“[1].

ბერი სიჭაბუკიდანვე მონაზვნურ გარემოში მოხვდა და საკმაოდ ბევრი იღვაწა. ამგვარად არა მარტო სულიერი „ვალები გადაიხადა“, არამედ სათნოებები და საღმრთო ნიჭები შეიძინა: ღმრთისმეტყველება, სიყვარული, სიმდაბლე, სიმშვიდე, გარჩევის უნარი, მოძღვრობის ნიჭი, სხვა ადამიანების სულის ცხონების უანგარო წადილი. ერთ-ერთ წერილში, სადაც წერს: „ყოველთა ვექმენ ყოვლად“, ასოები უფერულდება და იშლება. აშკარაა, რომ წერის დროს უნებლიე ცრემლები სდიოდა.

ბერს სულიწმიდისგან ჰქონდა მინიჭებული განსაკუთრებული მადლი ღმრთისმეტყველებისა და სულიერი მოძღვრობისა, ისე, რომ ამას ვერც ხვდებოდა. ის თავისი მოძღვრის სიტყვებს გვიმეორებდა: „როდესაც რომელიმე სული ჩემგან სარგებელს იღებს, მის განსაცდელებსაცა და მდგომარეობასაც საკუთარ თავზე ვგრძნობ“. სხვა დროს კი ასეთი რამ გაგვანდო: „არ ვიცი როგორ ვთქვა… როდესაც შინაგანად ვლოცულობ, იქ, შიგნით ამ კაცის სულია, მოდის და ლოცვას იტაცებს“. ამას ამბობდა ერთ-ერთ სასულიერო პირზე, რომელიც ერში ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ბერთან. „რა გითხრა, შვილო? ხშირად ვგრძნობ, რომ ჩემს სულს, ჩემს ლოცვას იზიდავს, თანაც ისე, რომ ვეღარ ვიძინებ. იძულებული ვხდები, ლოცვა შევამოკლო, რათა საღამოს ცოტა დავისვენო. სხვანაირად არ შემიძლია. ლოცვის მთელ ძალას ისრუტავს. თითქოს ორი, ერთმანეთთან შეერთებული ჭურჭელი იყოს: როდესაც შენ ერთ ჭურჭელში სითხეს ასხამ და მეორე ისრუტავს. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანს სულიერი მამისადმი ასეთი რწმენა და ასეთი განწყობა აქვს. რა თქმა უნდა, ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიერი შობის საიდუმლო“[2].

ამგვარ სულიერ შობას ადამიანი სულიერ სიმწიფემდე მიჰყავს. ჩვეულებრივ, ადამიანი მთლიანად ყალიბდება, სრულყოფილი ხდება მაშინ, როდესაც მოძღვარი „მიდის“. ბერი იოსები ხშირად იმეორებდა: „აჰ, რომ შეიძლებოდეს, ისევ მყავდეს ჩემი მოძღვარი! ახლა, როდესაც გავიგე მისი მნიშვნელობა!“ იმავე სიტყვებს იმეორებდა ღირსი ეფრემ კატუნაკელი. ჩვენი ბერი კი აგრძელებდა: „ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი“, მაშინ აღესრულება ეს საიდუმლო. „რა ჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი“. ამიტომაც ქრისტემ, სანამ თავის მოწაფეებთან იყო, არ მისცა მათ საკუთარი თავის სრულად შემეცნების უნარი. ამიტომ უთხრა, თქვენთვის უმჯობესია წავიდეო. მე წავიდე, ნუგეშინისმცემელი მოვიდეს და იმან გითხრათ ჩემს შესახებ, და არა მე საკუთარი თავის შესახებ. ნუგეშინისმცემელი გეტყვით ჩემზეო. ხოლო როდესაც ნუგეშინისმცემელი მოვიდა, მაშინ მიხვდნენ მოციქულები, თურმე ვინ ყოფილა მათ გვერდით“[3].

მიუხედავად იმისა, რომ ბერი ჩვენსავით მიწაზე ცხოვრობდა. ყველას გვემსახურებოდა და უამრავი საზრუნავი ჰქონდა, მისი გონება მუდამ ზეცაში იყო. როდესაც ლოცულობდა, არანაირი საქმე ან ამქვეყნიური განცხრომა არ აინტერესებდა. საკუთარ თავზე ლაპარაკს გაურბოდა, თუმცა ყველა ჩვენგანს სურდა, მისი შინაგანი სამყაროს შესახებ შეეტყო, რადგან ჩვენც ცათა სასუფეველს ვეძიებდით. მხოლოდ იშვიათად, ჩვენივე სულიერი სარგებლისთვის წამოსცდებოდა ხოლმე თავისი სულიერი მდგომარეობის შესახებ. ხშირად იმასაც ვხვდებოდით, რომ, როდესაც წმინდანების სულიერ განცდებზე ლაპარაკობდა, ირიბად საკუთარ, პირად გამოცდილებას გვანდობდა. ერთხელ საძმოს კრებაზე ასეთი რამ გვითხრა: არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გონება ჯერ კიდევ ტრაპეზის საკითხავს ვერ მოსცილებია: იმ ცამეტ ღირსმოწამეზე ვფიქრობ[4],  რომლებმაც, სინდისის ზედმიწევნით დაცვის გამო, ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებზეც კი თქვეს უარი. სულიერ ცხოვრებაში ამგვარმა სიზუსტემ, ამგვარმა საბრძოლო შემართებამ მოგვიანებით სარწმუნოების აღმსარებლობის ღვაწლისკენ მოუწოდა. ხედავთ, როგორი ღმრთისმოშიში და სულიერად ფრთხილი ადამიანები იყვნენ: როდე საც ხვდებოდნენ, რომ ადგილსამყოფელი მდუმარებისთვის აღარ გამოდგებოდა, იქაურობას ტოვებდნენ და სხვაგან მიდიოდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად უპოვარები იყვნენ საცხოვრებელ ადგილს ისე ადვილად იცვლიდნენ, თითქოს მხოლოდ ერთი ადამიანი გადასახლდა.

ყველაზე მთავარი მათთვის ღმერთისადმი რწმენა იყო, არა მისი არსებობისა (ამაზე ლაპარაკი სასაცილოც კი იქ ნებოდა), არამედ რწმენა იმისა, რომ ღმერთი ზრუნავს მათთვის, უმცირეს წვრილმანშიც კი. აღასრულეს ფსალმუნის სიტყვა: „მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ“, „ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა, ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი“. საღმრთო წერილის ამ სიტყვებს ზედმიწევნით აღასრულებდნენ და ამიტომაც წარემატნენ უპოვარებაში, სინდისის შეუბღალავად დაცვასა და კეთილმსახურებაში.

თანაც დაფიქრდით: როდესაც მოწინააღმდეგეები გამომწვევად ელაპარაკებოდნენ, არ შეეშინდათ, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ ერთგვარ დათმობაზე წასულიყვნენ და ეთქვათ იმ კათოლიკე მონაზვნებისთვის, რომლებსაც ისინი უნდა დაეტანჯათ: „მოგვისმინეთ, მამებო! ჩვენ აქ მდუმარებით ვცხოვრობთ. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, უფუარ პურს გამოვიყენებთ თუ აფუებულს?“[5]  ამ საკითხებისა თქვენ უკეთ გესმით. ჩვენ კი, როგორც მართლმადიდებლები, ამ ყველაფერში არ ვერევით”. ამგვარად შეძლებდნენ, უსიამოვნო საუბრებს გაჰქცეოდნენ. მაგრამ არა! ასე არ მოიქცნენ, არამედ მოშურნეობითა და მოსალოდნელი ტანჯვის სრული შეგნებით აღიარეს: „არა, ბატონებო, არა თუ მართლები არ ხართ, არამედ იმასაც გეტყვით, რომ ვინც ასე იქცევა, სულს წარიწყმედს, დაიღუპება და ღმერთთან ერთად ვერ მოხვდება. ესაა მართლმადიდებლობა, რომელიც აფუებული ცომის გამოყენებას გვასწავლის“.

ასეთი მართლმორწმუნეობა, რომ იცოდეთ, არის სინდისის სუფთად დაცვის შედეგი. მაშასადამე, სინდისის დაცვა ადამიანის გონებას აღვიძებს და სულიერ ხედვას აჯანსაღებს, შედეგად კი ადამიანს შეუძლია იგრძნოს, თუ რა ვნებს და პირიქით, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტეს ჭეშმარიტი მონა. მართლაც, სინდისის დაცვა შობს ქრისტესმიერ გონებას, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „ჩუენ გონება: ქრისტესი გუაქუს“ და „ანგელოზნი განვიკითხნეთ“. წმინდა მამებიც გვასწავლიან, რომ, როდესაც ადამიანის გონება განიწმინდება და ვნებებისგან გათავისუფლდება, მაშინ, საღმრთო მადლის მოქმედების გარეშეც კი (რომელიც მას სრულად განაღმრთობს) აქვს საკუთარი განათლება და შეუძლია დემონებზე შორს დაინახოს. რას ნიშნავს ეს? გრძნობს, თუ როდის უახლოვდებიან ეშმაკები და რა განზრახვა აქვთ – განზრახვა ბოროტებისა და სიავისა[6].

ამ სიტყვების მოსმენისას ჩვენ ვფიქრობდით, რომ იგი თავად იყო ასეთი: როდესაც ღმერთს სურდა, რომ ადგილ-სამყოფელი შეეცვალა, – ყველაფერს ტოვებდა, თუმცა შრომისმოყვარეც იყო, მოქმედიცა და კომუნიკაბელურიც. კვიპროსზეც და ათონის სხვადასხვა ადგილებშიც ძალიან დიდი შრომა გასწია მონასტრების მოსაწყობად, განსაკუთრებით, ნეა სკიტში, მაგრამ, როგორც კი წმინდა ეფრემ კატუნაკელმა უთხრა, ვატოპედში უნდა გადახვიდეთო, მზად იყო უმალვე ყველაფერი თავიდან დაეწყო და საქმისთვის თავი შეეწირა. ბერი ყოველგვარი მიჯაჭვულობისგან, ადამიანებისა თუ საგნებისადმი, სრულიად თავისუფალი იყო.

მისი მამობრივი, ქრისტესმიერი გული თავგანწირვის ახალ-ახალ გზებს ეძებდა, რათა მოწაფეებისთვის სულიერი საზრდო მიეცა. ერთხელ ასეთი რამ დაწერა: „ნეტავ როდის ხდება მოძღვარი ნამდვილი სულიერი მამა? როდესაც უყვარს, როგორც უფალს, და მისგან შეყვარებულ სულიერ შვილს მსხვერპლად ეწირება, თანაც ისე, რომ ხშირად ის ამას ვერც კი ხვდება“[7].

მოძღვრობის საიდუმლო, რასაც ბერი ასე აშკარად გრძნობდა, ჩვენი გონებისთვის მაშინ მიუწვდომელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემას საკმაოდ კარგად განგვიმარტავდა. დიდი ხნის შემდეგ, როდესაც მისი სიტყვები კვლავ ყურადღებით გადავიკითხეთ, გავაცნობიერეთ, რამდენად ღრმა იყო მისი სიყვარული. იმ დროს კი მხოლოდ მის მამობრივ მზრუნველობას ვგრძნობდით. ყველაზე დიდი საიდუმლო ის იყო, რომ მოძღვარი ჩვენი მტრის, ეშმაკის თავდასხმისგან გვიფარავდა, მაშინაც კი, როდესაც სულიერ კანონს ჩვენს საწინააღმდეგოდ უნდა ემოქმედა, ჩვენი უდებების, სიზარმაცის ან, უარეს შემთხვევაში, ჩვენი ცუდი ჩვევების გამო.

როდესაც ნებსით თუ უნებლიე შეცდომებს ვუშვებდით, ბერი მორჩილსა და ღმერთს შორის დგებოდა. ჩვენს სისუსტეებს მოწამეობრივი მოთმინებით, სიმშვიდით, აუღელვებლად, ურისხველად, სიმდაბლით და მამობრივი მზრუნველობით ტვირთულობდა. ღმერთის მიმართ ადამიანის ნამდვილი შუამდგომელი ხდებოდა. უფლის მიმართ ასეთი კადნიერება მრავალწლიანი მონაზვნური მოღვაწეობის შედეგად შეიძინა. როდესაც ადამიანი სულიერად მოწესრიგდება, შემდეგ შეუძლია სხვებსაც გაუწიოს შუამდგომლობა.

ჩვენს ნაკლოვანებებს ყოველთვის ის ავსებდა, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვხვდებოდით. თუ დავფიქრდებით იმაზე, რომ ზოგჯერ უგუნური ადამიანის ერთი სიტყვის მოთმენაც კი რთულია, მივხვდებით, თუ რამდენად უფრო ძნელია არასწორი საქციელი მოითმინო. ბერი კი, უძლური ძმებისგან, სულიერი ბრძოლის მძიმე წუთებში, ხშირად უგუნურ სიტყვას და საქციელსაც ითმენდა. დიდი ინტერესითა და სიყვარულით ელოდა, როდის აეხილებოდათ მოწაფეებს სულიერი თვალები, რათა ქრისტეს ნათლის მეშვეობით გამოსწორებულიყვნენ.

ბერი ამბობდა: „ძალიან ძნელია უწინამძღვრო ადამიანთა სულებს! ერთი მგრძნობიარეა, მეორე უხეში, ერთს უვარგისი ხასიათი აქვს, მეორე ცუდი ჩვევებითაა სავსე. მოთმინება და სიყვარულია საჭირო. ვინმეს გაკიცხავ, დაამცირებ რომ გამოსწორდეს, ის კი წყენას იდებს გულში და მოძღვრის წინააღმდეგ იწყებს ფიქრს. დღეს ერთ-ერთმა უმცროსმა ძმამ ლეღვის ხე მოტეხა, მსუბუქად გავკიცხე. იმწუთასვე ფრთები მოეკვეცა, არაფრის კეთება აღარ შეეძლო. შემდგ სიყვარულით გულში ჩავიკარი და მაშინვე ფრთები შეესხა, მორჩილებას უნინდელი ინტერესითა და მოშურნეობით შეუდგა. ეშმაკი ხშირად მონაზვნის გულს აუხეშებს, ეს ბრძოლაა, ადამიანების ბრალი არაა. მოგვიანებით შეინანებენ ხოლმე, ხოლო ვინც განმარტოებით ცხოვრობს, იმათ უფრო დიდი ბრძოლა აქვთ, რადგან ისინი თავად ეშმაკს ებრძვიან პირისპირ და ისიც მთელი თავისი მანიით ებრძვის მათ, რათა სრულიად მოაუძლუროს.

ამგვარად, არც ვბრაზდები, არც აღვშფოთდები, არამედ კეთილი სიტყვით ვასწავლი. სანამ ასე ვიქცევი, ეშმაკს არაფრის გაკეთება არ შეუძლია მათ წინააღმდეგ. რადგან მივუბრუნდები ხოლმე ღმერთს და ვეუბნები: „პირველი ვინც ითმენს, მე ვარ. პირველი, ვისაც ეყრდნობიან, მე ვარ. მე ვიხდი“. ღმერთს მე ვაიძულებ მოუთმინოს, მე თუ მაქვს მოთმინება, ღმერთს რამდენად მეტი აქვს. ვისაც სულიერი შენიშვნის მიღება არ შეუძლია, აზრი არ აქვს ელაპარაკო და გამოასწორო. აკეთონ რაც უნდათ, მოძღვარი სულიერად არაფერს კარგავს.

დიდი გონიერებაა საჭირო, რათა მონაზონი მორჩილებაში გაწვრთნა. მაგალითად, მივდივარ მორჩილთან, რომელსაც მჭედლობის საქმე აბარია, თანაც კარგად ესმის ეს საქმე და ვეუბნები: „ამა და ამ ფორმის რკინა მჭირდება. ჯერ მოხარშე და მერე დაამზადე“. მაგრამ რკინას არ ხარშავენ… რადგან ამ კაცმა საქმე იცის, ხოლო ჩემთვის საკმარისია მივიღო ის ნივთი, რაც მჭირდება, ვაცლი, როგორც უნდა, ისე გააკეთოს. სხვაგვარად სადაა ადამიანის პიროვნება? ადამიანს ინიციატივა არ უნდა ჩამოართვა. იგივე ეხება სამზარეულოს – ხარისხი, რაოდენობა და ა.შ. როგორც იცის, ისე გააკეთოს, საკმარისია შედეგი იყოს სასურველი“[8].


[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1986 წელი.

[2] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან.

[3] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან.

[4] საუბარია კვიპროსის კანტარის მონასტრის მოწამეებზე, რომლებიც ეწამნენ 1231 წელს. ხსენება 19 მაისს/1 ივნისს.

[5] აქ უფუარი პურით წირვის მსახურება – „კათოლიკობას“, ხოლო აფუებულზე – სწორ სარწმუნოებას ნიშნავს.

[6] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984 წლის 29 დეკემბერი/1985 წლის 11 იანვარი.

[7] წერილი მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1984 წლის 29 თებერვალი/13 მარტი.

[8] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984 წლის 2/15 აგვისტო.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share